მერვე მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან ორი წლის განმავლობაში, დეპუტატი თამაზ მეჭიაური პოლიტიკურ ჩრდილში იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, პოლიტიკურ განცხადებებს ეკონომიკურ საკითხებზე ნაკლებად აკეთებს და უფრო მეტად საგარეო კურსზე აქცენტირებს.
პოლიტიკურ საკითხებზე for.ge პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს ესაუბრა.
თქვენს მიმართ ბრალდებები ისმის, რომ თქვენ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს ახმოვანებთ. ეს ასეა?
- ოთხი წლის წინ, როცა ივანიშვილმა წარმადგინა, თვითონვე აღნიშნა, რომ მასაც წითელი დიპლომი აქვს და მეც. ასე რომ, კარნახი არ მჭირდება. იმდენი აზრი მაქვს, სხვისი აზრების წარმოჩენა რომ დამეწყო, ეს ცოტა უხერხული იქნებოდა. ვინც იმას ფიქრობს, რომ მე საკუთარი პოზიციები არ მაქვს, ჩემზე ცუდი წარმოდგენის ყოფილა.
არ ფიქრობთ, რომ ხშირ შემთხვევაში, თქვენი განცხადებებით გუნდს პრობლემებს უქმნით და მათ თუნდაც ნატოს მიმართულებით თავის მართლება უწევთ, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ კურსს არ იცვლის?
- ვერც ხელისუფლებისგან და ვერც ოპოზიციისგან იმის მტკიცებულება ვერ მოვისმინე, ნატოში იმ პირობებში როგორ შევდივართ, როცა ამერიკა და ნატოს ხელმძღვანელობა ცალსახად ადასტურებენ, რომ უახლოეს მომავალში, ნატოს გაფართოება არ იგეგმება და საქართველოსა და უკრაინის მიღებაც არ მოხდება, რადგან ორივე ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებაში იმყოფებიან და მოსკოვს მათი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ალიანსში ჩვენი მიღება ნატოს წევრ ქვეყნებს პრობლემას უქმნის, რადგან მათ ჩვენთან ერთად თავი იმაზე უნდა იტეხონ, ოკუპირებული ტერიტორიები როგორ გაათავისუფლონ. როცა მათ თავიანთი პრობლემები ჰყოფნით, არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნებაზე უახლოეს მომავალში იფიქრონ. ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პლებისციდზე აპელირებენ, რომელიც 2008 წელს ჩატარდა. საკითხავია, თავის დროზე, პლებისციდი რამდენად სამართლიანად ჩატარდა. ცალკე თემაა ის, 2008 წლის არჩევნები შედეგი გაყალბებული რატომ იყო და პლებისციტი არა. თუკი გვინდა, რომ პლებისციდის შედეგებს ამოვეფაროთ, მაშინ ახალი უნდა ჩავატაროთ, სადაც მოსახლეობას ვკითხავთ, სურთ თუ არა, საქართველო ნატოში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შევიდეს. ხელისუფლებამ ხალხის ნება უნდა აღასრულოს და ის განცხადებები არ უნდა აკეთოს, რაც მათი ხელისუფლებაში დარჩენისთვის მომგებიანია და რასაც მათ გარედან ეუბნებიან.
თუ არა ნატო, საქართველოს სხვა რა ალტერნატივა აქვს?
- არ ვამბობ, რომ ნატო არ მინდა. ნატოში ქვეყნის ინტეგრაცია მინდა, მაგრამ არარეალურია.
ნატოში ინტეგრაცია პროცესია და თუ ქვეყანას სწრაფვა არ ექნება, ალიანსში გაწევრიანება როგორ მოხდება?
- პროცესი რა არის? - სადღაც უნდა მიდიოდეს და კონტურები იკვეთებოდეს. კონტურებს სად ვხედავთ, რომ ჩვენ ნატოში შევდივართ? - ამას ბევრი ვერ ხედავს. საქართველომ თავის სასარგებლოდ ყველა შექმნილი სიტუაცია უნდა გამოიყენოს. ჩვენი ქვეყნის მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი შენარჩუნება უნდა იყოს, ხოლო შემდეგ, ეროვნული ტრადიციების დაცვაზე უნდა ვიზრუნოთ. სხვა დანარჩენი ყველაფერი ამ მიზნის მისაღწევად საშუალებაა, მათ შორის, ნატო შესაძლოა, საშუალება იყოს. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრინებას, აქ პრობლემა შედარებით ნაკლებია.
თქვენ ნატოში ინტეგრაცია რთულად წარმოგიდგენიათ, ევროკავშირზე კი ამბობთ, რომ იქ გაწევრიანება უფრო მარტივია. რატომ - ევროკავშირში შესვლას გვთხოვენ და არ შევდივართ?
- ფაქტობრივად, ევროკავშირი გვეუბნება, რომ კარი ღიაა და შემოდითო. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა გვაქვს, რომელსაც ვასრულებთ და სხვა ეტაპზე გადავედით, როცა ვიზალიბერალიზაციაზე თანხმობას ველოდებით. ამის შემდეგ ბოლო ეტაპი წავა, როცა დარჩენილი ბოლო დავალებები შესრულდება და შემდეგ ევროკავშირში შევალთ. არც ერთი ქვეყნის მხრიდან წინააღმდეგობა არ არის, რომ თუ დავალებებს შევასრულებთ, ევროკავშირში არ მიგვიღონ. ნატოს წევრი ქვეყნები კი, ნატოში ჩვენს გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან.
ევროკავშირში შესვლის მომხრე ხართ, თუმცა, გავიწყდებათ, რომ ევროკავშირის კეთილდღეობა ნატოს უსაფრთხოების გარდა, სხვა არაფერია - განსაკუთრებით, ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის...
- უკაცრავად, მაგრამ თეორიულად მსჯელობთ. ვერ გავიგე, ევროკავშირის კეთილდღეობაზეც უარი ვთქვათ? ვიზალიბერალიაციაზეც უარი ვთქვათ, თუ ნატოში არ შევალთ? ეს რა ლოგიკაა?
საქართველომ სვლა ორივე მიმართულებით რომ გააგრძელოს, რა პრობლემაა?
- გეუბნებიან, ამას საფუძველი არ აქვსო. ჩემი მიზანი, ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. ამ მიზნის მისაღწევად ნატო საშუალებაა. თუ ეს საშუალება მიზანს არ ამართლებს, მაშინ რა ხდება? - მე რომ მინდა, ეს არაფერს არ ნიშნავს. ზოგს ვიღაც ქალი მოსწონს, მაგრამ როცა რამდნეიმე ბავშვი სარჩენი ჰყავს, ასეთი პრობლემური ქალი აღარ უნდა. იმ პრობლემებისგან ზედმეტად არ უნდა დავიტვირთოთ, რომელიც რუსეთისგან ისედაც გვაქვს. თუ მათ ცხვირისწინ სამხედრო წვრთნებს დავუწყებთ და ძალის დემონსტრირებას მოვახდენთ, გადმოვა და კიდევ გაგლახავს.
არ ფიქრობთ, რომ თქვენი რიტორიკა რუსეთისას ემთხვევა?
- ბოდიში, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთისას არ დაემთხვას, დედა უნდა ვაგინო და ჩვენს ტერიტორიაზე საომარი სიტუაცია გადმოვიტანო, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის? დაძაბულობის შექმნას მეზობლებიც ტაშის დაკვრით შეხვდებიან, რადგან მათ ის წნეხი მეტ-ნაკლებად მოეხსნებათ, რომლის ქვეშაც ამ საომარი ვითარების პერიოდში იმყოფებიან. მათი კერიდან დაპირისპირება ჩვენთან გადმოინაცვლებს.
ასეთ ხმაურიან განცხადებებს რომ აკეთებთ, ამით რა საფრთხეებს ხსნით?
- ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც ვაჩვენებ, რომ აქ ყველა მზად არ არის, რომ მათთან საომარი სიტუაციაში შევიდეთ. ერთი მხრივ, ჩვენებს ვეუბნები, რომ ეს საფრთხის მატარებელია და ამას ნუ აკეთებენ. ასეთი ქმედებები ყველას არ მოსწონს და მოსახლეობის აზრი არ არის.
საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ჩამოდიან, წვრთნებს ატარებენ და ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებენ. მადლობის ნაცვლად, მათ აკრიტიკებთ. არ ფიქრობთ, რომ თვენი განცხადებებით მათაც შეურაცხყოფას აყენებთ?
- მათთან საპრეტენზიო არაფერი არ მაქვს. ისინი ვიღაცამ მოიწვია. თუ 2008 წელს დახმარება უნდოდათ, მაშინ მხოლოდ წყალი და პამპერესები არ უნდა გამოეგზავნათ. პამპერსები მიშასთვის გამოეგზავნათ, მხოლოდ მას სჭირდებოდა.
თუმცა, დასავლეთისა და ევროპის მხარდაჭერა რომ არა, რუსეთის ჯარი თბილისში შემოვიდოდა...
- ეს ზღაპარია! თუ უნდოდათ, ვინმე გააჩერებდა? მაშინ, რუსეთს რაც უნდოდა, საკუთარ მიზანს მიაღწია. ის ტაშ-ფანდურაც ბლეფია, რომ ვიღაცამ რუსეთი გააჩერა. ჩემს აზრზე ძალიან ბევრია. მოსახლეობაში გაიკითხეთ და ნახავთ, ნატოსთან დაკავშირებით ვის რა განწყობა აქვს.
თქვენს გუნდში რა განწყობაა?
ასეთი ადამიანები ჩემს გუნდშიც არიან, მაგრამ შეიძლება, საკუთარ პოზიციებს გარეთ ვერ ლაპარაკობენ.
რატომ, ეშინიათ?
- ზოგიერთი „ქართული ოცნების“ სიას ელოდება და არ უნდა, პრობლემა შეექმნას. სიაში შეიძლება იმ შემთხვევაში უფრო ჩაგწერონ, თუ სარწმუნოებას გალანძღავ, ვიდრე ნატოს.
ოთხი წლის წინ, როცა ხელისუფლებაში მოდიოდით, ნატოსთან მიმართებაში თქვენს პოზიციებს რატომ არ ახმაურებდით? ეს საკითხი ახლა რატომ გაგახსენდათ?
- ალბათ, ამაზე საუბარი ოთხი წლის წინ საინტერესო არ იქნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ობამამ და მერკელმა განცხადებები 2014 წელს გააკეთეს, ოთხი წლის წინ კი, 2012 წელი იყო. მაშინ გვეგონა, რომ მაპ-ზე უკეთესი გვქონდა, მაგრამ გამოჩნდა, რომ მაპ-ი არ გვქონია. ნატოში ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას ვერ მიიღებენ. მეტი ვინ უნდა გითხრათ? ესენი ამბობენ, რომ ვერ მიგიღებთო, აქ კი გამორბიან, ტანკებს შემოიყვანენ, დააგრიხინებენ და ხალხს ატყუებენ, რომ ნატოში, კინაღამ, შესულები არიან.
ანუ, ხელისუფლება ხალხს ატყუებს?
- სანამ იმის მტკიცებულებას ვერ ვნახავ, რომ ნატოში შესვლის გზა მართლაც არსებობს ისე, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება და თან რუსეთისგან დაცული, მანამდე ეს ხალხის „დაბოლება“ გამოვა.
თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს უპირისპირდებით და ამბობთ, რომ მან პოსტი უნდა დატოვოს. თუ ეს ადამიანი არ მოგწონდათ, მას ნდობა რატომ გამოუცხადეთ?
- მაშინ, მთავრობა მთლიანად დავამტკიცეთ.
თუმცა, შეგეძლოთ პოზიცია გამოგეხატათ, რომ ხიდაშელს მხარს არ უჭერდით...
- სიმართლე რომ გითხრათ, მისი მთავარსარდლობის ნიჭის დიდად არ მჯეროდა, მაგრამ მაშინ, მხარი იმ პრემიერს დავუჭირე, რომელიც გვყავდა. ზოგჯერ, მეც ვცდები ხოლმე. მისი აქტივობა რისკის მატარებელია.
რისკის მატარებელი რა არის - სამხედრო წვრთნების ჩატარება? მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანა ევროატლანტიკური კურსის მიმართულებით სვლას განაგრძობს და პოზიციებს არ იცვლის. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრი ამ კურსის გაძლიერებისთვის მუშაობს. თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, მაშინ, პრემიერი მინისტრს რისკის შემცველ დავალებებს რატომ აძლევს?
- პრემიერს სწორედ ამიტომ მოვუწოდე, რომ ეს ქალბატონი საფრთხის შემცველია და პოსტიდან გაუშვი-თქო. ხიდაშელს სახიფათო პოზიციასთან წვდომა რომ არ ჰქონდეს, მან პოსტი უნდა დატოვოს.
პრემიერი ხიდაშელის პოსტიდან გაშვებისგან თავს რატომ იკავებს?
- ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ, რაღაც ხდება. თუ ხიდაშელი რამეს დააშავებს, პრობლემას პრემიერის იმიჯსაც შეუქმნის.
ხიდაშელი რაც პოსტზეა, რამე დააშავა?
- პოლიტიზირებულია.
სანამ თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი გახდებოდა, პოლიტიკოსი იყო და ეს არ იცოდით?
- პოლიტიკოსია, მაგრამ პოლიტიკურ განცხადებას პრეზიდენტი და პრემიერი უნდა აკეთებდნენ. ყარაბაღის კონფლიქტის დროს, ხიდაშელმა მხარდაჭერა ერთ მხარეს გამოუცხადა, არადა, ორივე მეგობარია. სანამ თოფი გავარდება, მანამდე მეგობრობაა, მაგრამ მეგობრიბიდან მტრობამდე ერთი ნაბიჯია.
რაც შეეხება ივანიშვილისა და თქვენს ურთიერთობას, საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, რომ ყოფილმა პრემიერმა დაგიბარათ და გაჩუმება გირჩიათ. მართალია?
- ბიძინას ჩემთვის ასეთი რაღაც არ უკადრებია. შეიძლება, მას ჩემთვის რაღაც უთხოვია, მაგრამ ასეთი დავალება არ მიმიღია.
შეგიძლიათ, მითხრათ, ივანიშვილს თქვენთვის რა უთხოვია?
- ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მხარდაჭერა გვთხოვა. სხვა მნიშვნელოვანი დავალება არ ყოფილა.
დღეს, მასთან ურთიერთობა გაქვთ?
- რატომაც არა? ყველას რჩევას იმ დოზით ეკითხება, რაც სწორად მიაჩნია.
თქვენ რჩევებს გეკითხებათ?
- ალბათ, სადღაც, რაღაც უკითხავს. ეროვნული ბანკის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საკითხზე ვკითხე. უმრავლესობა მის გარეშე მხარს არ დამიჭერდა და კონსულტაცია მასთანაც გავიარე.
რამდენად მოსალოდნელია, რომ თქვენ „ქართული ოცნება“ დატოვოთ და ირმა ინაშვილის გუნდში გიხილოთ?
- საჭირო რატომ არის - ან აქ, ან იქ?
თქვენს თავს სხვაგან სად ხედავთ, თუ არა პარლამენტში?
- პარლამენტში შესაძლოა, სხვა გზით მოვიდეთ.
რომელი გზით?
- პარლამენტს ერთი კარები არ აქვს!