„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „პროცედურული ომის“ მეორე ტალღა წამოიწყო, მათი პოლიტიკური განზრახვის წინაშე კი, „ქართული ოცნება“ უძლური აღმოჩნდა. დაახლოებით ორი წლის წინ, თუკი უმცირესობამ „პროცედურული ომი“ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ დაიწყო და მათი ძალისხმევის შედეგად, ცვლილებათა პაკეტი ჯერ კიდევ თაროზეა შემოდებული, ამჟამად, ნაციონალები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს უპირისპირდებიან, რომელიც ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ არის მომზადებული.
საკანონმდებლო ორგანოში, აღნიშნულ კანონპროექტთა პაკეტზე მსჯელობა დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდა, თუმცა, შვიდი საათი მხოლოდ კითხვების დასმას დაეთმო და ვინაიდან, ინიციატივის განხილვა მეორე მოსმენის რეჟიმში მიმდინარეობს, „ოცნებას“ ცვლილებების მიღება მინიმუმ მიმდინარე სასესიო კვირას გაუჭირდება, რადგან პროექტის მუხლობრივი განხილვა ხდება.
ბესელია-ფოფხაძის მიერ მომზადებული პროექტი გაიზიარებს თუ არა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონპროექტის პოლიტიკურ ბედს, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, რეინტეგრაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის მსგავსად, ეკა ბესელიას ნაციონალების კითხვების მოგერიება და ტრიბუნასთან ყოფნა ხანგძლივი დროის მანძილზე მოუწია. სანამ უმცირესობა ბესელიას ნერვიულ სისტემას ამოწმებდა, მანამდე რიგგარეშე სხდომა რამდენჯერმე შეწყდა - ხან კონსულტაციების და ხან ხმაურის გამო.
პარლამენტში ხმაურიანი განხილვები დღეს დილიდან დაიწყო და პოლიტიკური პროცესების მთავარი გმირები როგორც რიგგარეშე სხდომაზე, ასევე კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია და ჩიორა თაქთაქიშვილი იყვნენ. კერძოდ, დღეს 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის თაობაზე 2015 წლის ანგარიშს წარადგენდა, რა დროსაც, ბესელიას გამოსვლა თაქთაქიშვილს არ მოეწონა, რის გამოც კანონმდებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მათი დამშვიდება მანდატურის სამსახურმაც ვერ შეძლო. თუკი დილით, კომიტეტის სხდომის ჩაშლის იდეით ბესელია გამოვიდა, ის საღამოს, პლენარული სხდომის დარბაზში განვითრებული პროცესების საპასუხოდ, რიგგარეშე სხდომის ჩაშლის წინააღმდეგ წავიდა.
რიგგარეშე სხდომა არ ჩაშლილა, მაგრამ დეპუტატებმა უკვე მეორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში ვერ მოისმინეს. „ვერ“ თუ „არ“ მოისმინეს, ამ საკითხზე დეპუტატებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ.
უმრავლესობა ფიქრობს, რომ ნაციონალების პროცედურული ომის წამოწყების მიზეზი ის იყო, რომ 31 მარტის მსგავსად, ვახტანგ გომელაურის მოსმენა არ მომხდარიყო, უმცირესობა კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონოპროექტის ნაკლოვანებებზე აპელირებს და მმართველ გუნდს პროცედურული ომის ბოლომდე მიყვანას ჰპირდება.
პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური პროცესები თუ როგორ გაგრძელდება, ამის პროგნოზი რთულია, თუმცა, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რომ არა, რიგგარეშე სხდომაც ხმაურის ფონზე ისევ ისე გაგრძელდებოდა, როგორც მანანა კობახიძის ხელმძღვანელობის დროს მიმდინარეობდა. ტრადიციისამებრ, „ნაციონალური მოძრაობა“ მანანა კობახიძეს დღესაც დაუპირისპირდა და მას სხდომის წაყვანისას რეგლამენტის დაცვა მოსთხოვა, უსუფაშვილის მოსვლის შემდეგ კი, ჩიორა თაქთაქიშვილმა მაგიდაზე მუშტების ბრახუნიც შეწყვიტა და კანონპროექტზე მსჯელობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.
ნაციონალების „პროცედურული ომის“ რეალური მიზანი რა არის, ამის გამოცნობა რთულია, თუმცა, შექმნილ ვითრებაში უპირობოდ მოგებულები სწორედ ისინი არიან, რადგან ერთი მხრივ, მათ მთელი დღის მანძილზე, ვახტანგ გომელაური სამუშაო კაბინეტში ალოდინეს და საღამოს ამცნეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი გამოსვლა უკვე მეორედ ვერ შედგებოდა, ხოლო მეორე მხრივ, ნაციონალებმა ჩიორა თაქთაქიშვილის „ჯავრი“ ბესელიაზე იყარეს და საზოგადოებას აჩვენეს, რომ პარლამენტში პოლიტიკურ დღის წესრიგს სწორედ ისინი ქმნიან.
იმისათვის, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში, პოლიტიკურ ამინდს „ნაციონალური მოძრაობა“ არ ქმნიდეს, „ოცნებას“ მეტი დაფიქრება თუნდაც დღის წესრიგის შედგენის დროს მართებს. ასე მაგალითად, უმრავლესობას დღევანდელი დღის წესრიგის შედგენისას განსხილველ პირველ საკითხად ვახტანგ გომელაურის მოსმენა რომ განესაზღვრა, მეტი შანსი იქნებოდა, რომ უწყებაში მისი მოსმენა მომხდარიყო.
როგორც 31 მარტს, ასევე 12 მაისს, ვახტანგ გომელაური ქუთაისს, პარლამენტს ეწვია, თუმცა, ლოდინის შემდეგ, უწყება დატოვა და სინანული გამოთქვა, რომ მისი მოსმენა ვერ მოხდა. პარლამენტში გომელაურის რიგით მესამე სტუმრობა რითი დასრულდება, ამის პროგნოზი ისევ ისე რთულია, როგორც იმის, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობა რამდენი საათი გაგრძელდება და ეკა ბესელიას ტრიბუნასთან დგომა რამდენი ხანი მოუწევს.
რაც შეეხება ცვლილებებს, დაანონსდა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი პროექტს ვეტოს დაადებს, რომლის მიხედვით, საუბარია თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესზე, საქმეთა გადანაწილებაზე და სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხებზე.