„ბურჭულაძის ტერმინები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ნაციონალების ამომრჩევლისთვის უნდა იყოს ახლობელი“

„ბურჭულაძის ტერმინები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ნაციონალების ამომრჩევლისთვის უნდა იყოს ახლობელი“

„არ გვინდა, რომ ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ“, - ამ სიტყვების ავტორი პაატა ბურჭულაძეა, რომელმაც პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ საზოგადოებას საგანგებო განცხადებით აცნობა. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

ბურჭულაძეს, თუ IRI-ს კვლევას გავითვალისწინებთ, 75%-იანი რეიტინგი აქვს. ახლა კი  აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ქვეყანა, რომელმაც არ იცის რა უნდა, გარდა იმისა, რომ მედია თურმე უნდა იყოს თავისუფალი და ბიზნესი ხელშეუხებელი.

„ჩვენი პოლიტიკა არ გვეუბნება, როგორი უნდა იყოს ქვეყანა სტრატეგიულად, რა როლი უნდა ითამაშოს მსოფლიო თანამეგობრობაში, რას გვინდა მივაღწიოთ როგორც ევროპელებმა ევროპულ ოჯახში, რა როლი უნდა ვითამაშოთ იქ, რის გამო უნდა გვცენ პატივი ჩვენმა მეზობლებმა და სხვა ქვეყნებმა. და ამიტომ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვერ ვხედავთ, როგორი სამშობლო გვექნება ხვალ.

ეს ეტყობა ჩვენი საქმე არ არის, ეტყობა, ჩვენ ეს არ უნდა ვიცოდეთ. და რატომ გინდათ ხელისუფლებავ, რომ ხალხმა კიდევ 4 წელი გითმინოთ? როგორ მოახერხებთ იმის გაკეთებას, რაც აქამდე ვერ შესძელით? როგორ გააკეთებთ იმას, რაც არ გინდათ გააკეთოთ? რაც არ შეგიძლიათ? ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას, ვინც ქართულ პოლიტიკაში რაიმე პოზიტიურის შექმნას ცდილობდა და გვერდით ვედექით. ჩვენ გვტკიოდა და გვიხაროდა და ბოლოს გასაგები გახდა, რომ არ შეგვიძლია გარედან ყველაფერ ამის ყურება“, - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას მოულოდნელობის ეფექტი ნაკლებად აქვს. ვინაიდან, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანმა შემქნა ფონდი, რეგიონალური ორაგნიაზაციების შექმნა და მხარდამჭერების მობილიზაცია დაიწყო, საზოგადოება ამ ნაბიჯის მოლოდინში იყო.

ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა არც პოლიტიკური პარტიებისთვის. უმრავლესობა თვლის, რომ ბურჭულაძე არ არის პოლიტიკოსი და ვერ შედგება პოლიტიკოსად, რაც უნდა მოინდომოს. მეტიც, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „თავისუფალ დემოკრატებსა“ და პაატა ბურჭულაძეს ნაციონალების სატელიტებად მიიჩნევს.

განსხვავებულია ანალიტიკოსთა პოზიცია. for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ თუკი ბურჭულაძის სტილს გავითვალისწინებთ, ის ცდილობს, რომ რაც შეიძლება გვიან გააკეთოს განაცხადები მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პოლიტიკაში შემოსვლაზეც საკამოდ დიდი ხანი აფიქრა საზოგადოება, ახლა კი, ფიქრის ახალი საგანი იქნება მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა, საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ ბურჭულაძე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

„უნდა იმსჯელოთ განცხადებით, რა განცხადებით შემოდის ადამიანი პოლიტიკაში. „არაფორმალური ბატონობა“ - ბუნებრივია, რომ ამ განცხადების ადრესატი არის ივანიშვილი. განცხადებაში გაკრიტიკებულია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური განუსაზღვრელობა და ამავე დროს, განცხადებაში არანაირი კრიტიკა არ არის იმ ხელისუფლებისა, რომელსაც დაუპირისპირდა „ქართული ოცნება“, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასება საერთოდ არ არის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე განცხადებით, შეფასებების ამ გადანაწილებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ბურჭულაძე იმ ამომრჩეველთან მიდის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა.

„ბურჭულაძე იმავე პოზიციებს იკავებს, რასაც ნაციონალები. კრიტიკულობა ამ ხელისუფლების მიმართ და არაკრიტიკულობა ნაციონალების მიმართ. მოწოდება იმაზე, რომ ვიყოთ ერთიანი და ნახსენებია სიტყვა - ანგარიშწორება. ანუ ის ტერმინი, რასაც ნაციონალები იყენებენ ოცნების წინააღმდეგ. ეს ელემენტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ნაციონალების ამომრჩევლისთვის უნდა იყოს ახლობელი, შესაბამისად, ბურჭულაძე ნაციონალებს ხმებს გაუყოფს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ პარლამენტში დიდი რაოდენობით შესვლის შემთხვევაში, ბურჭულაძის ხმები შეიძლება გახდეს სავაჭრო უმრავლესობის შესაქმნელად. რაც შეეხება შანსებს, კაკაჩია თვლის, რომ მთლიანობაში, შანსები ამ არჩევნებში, ალბათ, ყველა პარტიას აქვს გამომდინარე საზოგადოების განწყობიდან.

„ჩემი აზრით პაატა ბურჭულაძის პარტია წინაასაარჩევნოდ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ შევა ბლოკში, თუ ამის აუცლებლობა უშუალოდ არჩევნების წინ არ დადგა. ბურჭულაძე, ალბათ, ითანამშრომლებს იმ პარტიებთან, რომლებიც მეტ-ნაკლებად მეტ ხმას დააგროვებენ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თვითონ რამდენ ადამიანს შეიყვანენ.

თუ მათ შეძლეს საკამოდ დიდი რაოდენობით შესვლა პარლამენტში, მაშინ შეიძლება მათი ხმები იყოს სავაჭრო ხმები იგივე უმრავლესობისთვის, რომელმაც შეიძლება აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოაგროვოს და პატარა პარტიების ხმები დასჭირდეს ან კოალიციაურ რეჟიმში მოუწიოს მუშაობა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტულ პარტიებზე არჩევანის გაკეთება სწორი არ იქნება“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა საინტერესოა, თუმცა მისი თქმით, მან ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ მისი დაპირებები რეალურია.

„ბურჭულაძეს თეორიულად ადვილად გადასაწყვეტი, თუმცა პრაქტიკულად, რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი. ქვეყანაში სპეციფიური პოლიტიკური ვითარებაა. მთლიანად პოლიტიკური ელიტაა კრიზისში და ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა, სამწუხაროდ, არჩევანის გარეშეა დარჩენილი. ამომრჩეველი ახალ არჩევანს ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ფიგურები შემოდიან, რომლებიც წარსულის ცოდვებით არ არაინ დამძიმებულნი, არ არიან შემჩნეული იმედგაცრუებაში და შესაბამისად, თეორიულად, ამ მხრივ, პააატა ბურჭულაძის შეთავაზება საინტერესოა“, - აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რეალურად შეძლოს კონკურენციის გაწევა მთავარ მოთამაშეებთან, ორ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი, რამდენად მისაღებია ის საზოგადოებისთვის და მთავარი, შეუძლია თუ არა მას ქვეყნის მართვა.

„ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. რთული ამოცანა აქვს მას, თეორიულად ადვილად გადაწყვეტადი, თუმცა, პრაქტიკულად, რამდენად მოახერხებს ამას, ეს დამოკიდებულია, როგორ ჩააბარებს ის ძირითად გამოცდებს. ბურჭულაძემ უნდა დაარწუმონოს საზოგადოება, რომ მისი დაპირებები არ არის ტყუილი და რეალურად შეუძლია შესრულება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.