ექიმების დეფიციტი თუ სამუშაო ადგილების არარსებობა?!

ექიმების დეფიციტი თუ სამუშაო ადგილების არარსებობა?!

[ეკა ბაქრაძე]

საავადმყოფოების პრივატიზაცია კვალიფიციური ექიმების უმუშევრობას იწვევს, ამ დროს კი ახლადაშენებულ საავადმყოფოებში გამოცდილი მედიკოსების დეფიციტი იქმნება. ეს უცნაური პარალელები ერთ წერტილში იკვეთება - სახელმწიფოს მიახლოებითაც კი არ აქვს განსაზღვრული სამედიცინო სფეროს პრიორიტეტები.

სააქციო საზოგადოება „მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები საპრივატიზაციოდ გავიდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მას 5 868 870 ცალი აქცია აქვს. თითოეულის ნომინალური ღირებულება 1 ლარია. ობიექტი თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N2-6-ში მდებარეობს. მისი დებიტორული დავალიანება 2 616 113, ხოლო კრედიტორული - 1 168 505 ლარია. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 6 000 000 ლარს შეადგენს.

ამ ინფორმაციამ საპარლამენტო ოპოზიციას ჩააგონა, რომ ჰოსპიტალურ სექტორში საქმე ცუდად მიდის და პარლამენტის სხდომაზე საავადმყოფოების პრივატიზების პროცესის ბუნდოვანება დააყენეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ახლო მომავალში მედიკოსების შემცირების ახალი ტალღის დაწყებას ელიან.

„ჰოსპიტალურ სექტორში გამხორციელებული პრივატიზაცია მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ასეთ დროს პრიორიტეტული სახელმწიფოს ფისკალური ინტერესები და ინვესტორი ხდება, რომელიც, თავის მხრივ, დაინტერესებულია, ესა თუ ის სამედიცინო ობიექტი მისთვის მისაღები პირობებით ჩაიგდოს ხელში.

ექიმისა და პაციენტის ინტერესები არასდროსაა გათვალისწინებული. შედეგად სამსახურის გარეშე დარჩენილ ექიმებს, ექთნებსა და სანიტრებს, ასევე პაციენტთა უდიდესი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელ სამედიცინო მომსახურეობას ვიღებთ“, - განაცხადადეპუტატმა მაგდაანიკაშვილმა. 

მისი თქმით, სამედიცინო სექტორში მიმდინარე რეფორმისფარგლებში მხოლოდ ორი შედეგის დანახვა შეიძლება, პირველი - სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მუდმივი ზრდა და მეორე - სამსახურის გარეშე დარჩენილი ასეულობით ექიმი. გამოცდილი ექიმების სამსახურის გარეშე დატოვება მაშინ, როცა რეგიონებში სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევა ვერ ხერხდება, დანაშაულის ტოლფასია.

ამასთან, ანიკაშვილმა ხელისუფლებასა და დედაქალაქის მთავრობას დანაპირები შეახსენა, როდესაც ისინი ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეპირდნენ. „არცერთი პირობა არ შესრულებულა და დღეს ექიმების 80% სამსახურის გარეშეა დარჩენილი“, - აღნიშნა მან.

მოკლედ, საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ გამოცდილი ექიმები სამსახურს კარგავენ, თუმცა ექმიმების გამოცდილება-კვალიფიკაციაზე სხვა წარმოდგენა აქვთ ჰოსპიტალურ სფეროში ახლადფეხადგმულ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს.

ისინი კვალიფიციური სამედიცინო კადრების მოსალოდნელ დეფიციტზე საუბრობენ. მას შემდეგ, რაც სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო სადაზღვევო ტენდერის პირობებით გათვალისწინებული კლინიკების მშენებლობას დაასრულებენ, კომპანიებმა საჭირო სამედიცინო პერსონალი უნდა დაიქირავონ. ეს კი გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

„იმედი ელის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიის ყველა საავადმყოფო ევროსტანდარტების იქნება, რომელიც დღეს არსებული საავადმყოფოებისაგან რადიკალურად განსხვავდება. ასევე რადიკალურად განსხვავებული იქნება ამ საავადმყოფოების მომსახურეობის ხარისხი. თუმცა, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკის გარდა, კვალიფიციური მედპერსონალის არსებობასაც მოითხოვს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩება, ეს კი პირველ რიგში სადაზღვევო კომპანიის იმიჯს დააზარალებს, რაც მომავალში მის შემოსავლებზე აისახება“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

თითქმის იმავეს იმეორებენ „ჯი პი აი ჰოლდინგში“. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, სამედიცინო კადრებთან დაკავშირებით პრობლემა განსაკუთრებით მთიან რეგიონებში დგას. ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ ახლადაშენებულ კლინიკებში ექიმების მიწვევა დედაქალაქიდანაც მოუხდეთ.