ფასების კლების ტენდენცია, თუ მოსალოდნელი რევოლუციის შიშით, ხალხის დასამშვიდებელი პროგნოზი?

ფასების კლების ტენდენცია, თუ მოსალოდნელი რევოლუციის შიშით, ხალხის დასამშვიდებელი პროგნოზი?

[გაზეთი „ვერსია“,  მაია მიშელაძე]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, აპრილში ინფლაცია (ფასების მატება) შემცირდა და 0,1% შეადგინა. რაც მთავარია, „საქსტატის“ ინფორმაციით, ამავე პერიოდში 3,1%-ით შემცირდა ფასები კავშირგაბმულობის სფეროში  სატელეფონო, სატელეგრაფო და სატელეფაქსო მომსახურებაზე. ფასები შემცირად ჯანდაცვის სფეროშიც, კონკრეტულად კი წამლები 1,3%-ით გაიაფდა.

როგორც ჩანს, ინფლაციაც ამის გამო შემცირდა, მაგრამ პარალელურად, ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ვანო მთვრალაშვილმა უპრეცედენტო განცხადება გაავრცელა – იმის გამო, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასმა დაიკლო, მიმდინარე კვირაში ბენზინი და დიზელი გაიაფდება.

რა კავშირია ამ ორ განცხადებას შორის? ხელისუფლებამ „საქსტატის“ ოფიციალური განცხადებით, საწვავის გაიაფება წინასწარ ხომ არ „დააანონსა“? მშვიდი, უწყინარი და სოციალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგნოზი პირდაპირპროპორციულ კავშირიში ხომ არ არის მოსალოდნელ საპროტესტო აქციებთან? მოტივი გასაგებია – პოლიტ-ეკონომიკური ელიტა მოსახლეობას წინასაპროტესტო განწყობას ბენზინის გაიაფებით უხშობს.

ამ კითხვებით „ვერსია“ ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, პროფესორ სანდრო თვალჭრელიძეს დაუკავშირდა:      

–  არ მიყვარს, როდესაც ინფლაციას თვეებისა და დღეების მიხედვით ზომავენ. ინფლაციის ნორმალურად გამოსათვლელად, აუცილებელია, ფისკალური წელი დამთავრდეს. დაველოდოთ წლის ბოლოს, თუმცა ისედაც ნათელია, რომ წლიური ინფლაცია მაინც ორნიშნა, 10%-ზე გაცილებით მაღალი იქნება. 2008-2009 წლებში 10%-ზე მეტი იყო ინფლაცია, ახლა კი, იანვარში ნახტომისებური მატება დაფიქსირდა, რაც ვფიქრობ, გამოუცდელობით მოუვიდათ, თორემ ლატენტურად, ნელ-ნელა, მცოცავად რომ გაზრდილიყო თქვენ ვერც კი შეამჩნევდით.

აპრილში ინფლაციის შემცირებაზე კი საუბრობენ, მაგრამ არავინ არ აკეთებს კომენტარს იმაზე, რომ რესტორნებში, ადრე ერთი კაცი დაახლოებით 30 ლარს იხდიდა, ახლა კი მინიმუმ, 60-70 ლარია საჭირო. ეს რა, ინფლაცია არ არის? ამას არ ითვლიან, რატომღაც მხოლოდ სამომხმარებლო პროდუქტებს ვითვლით, რომელიც უღარიბეს ფენებს უყრტყამს. ასე რომ, მოდით ვისუბროთ სულ სხვა რამეზე – მაგალითად, ჯიბეში ახლა რომ 100 ლარი გაქვთ, შარშან რამდენის ყიდვა შეგეძლოთ ამ 100 ლარით და ახლა რამდენის ყიდვა შეგიძლიათ? აი, ეს არის საინტერესო, საშუალოდ, წლევანდელი 100 ლარი, შარშანდელ 60 ლარს უდრის, მაგრამ ვნახოთ, წლის ბოლოს რა იქნება.

ბატონო სანდრო, აპრილის ინფლაცია მარტთან შედარებით იმიტომ შემცირდა, რომ კავშირგაბმულობის ფასები შემცირდა. დიდხანს ვფიქრობდი, რომელი სატელეფონო გადასახადი შემცირდა, მაგრამ ვერ გავიხსენე...

– ვერ გაიხსენეთ, რადგან არ შემცირებულა და არ მგონია, რომ ასე იყოს. სხვათა შორის, არც ამ ციფრების მჯერა. დღეს 9 მაისია და თქვენ როგორ გგონიათ, 9 დღეში შეიძლებოდა აპრილის თვის შედეგები გამოთვლა? მეჩვენება, რომ „საქსტატის“ ინფორმაცია ინფლაციის შემცირებაზე, პოლიტიკური განცხადებაა და არა რეალური, ეკონომიკური პროგნოზი. ამიტომ, ნუ დავეყრდნობით ამ ციფრებს, წლის ბოლომდე თუ არ მოვიცდით, ნახევარი წლის ბოლოს მაინც დაველოდოთ.

პოლიტიკური განცხადება რაღა საჭიროა, თვიდან თვემდე რომ დავმშვიდდეთ?

– შესაძლოა, სწორიცაა ამ ტიპის პოლიტიკური განცხადება, არ ვამტყუენებ ხელისუფლებას, რადგან სოციალური და ეკონომიკური სფერო გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ეკონომიკაზე საკმაოდ მნიშვნელოვნად მოქმედებს ხალხის შინაგანი შფოთი, შიში. ახლა რევოლუციის ეშინიათ და გაჩერებულები არიან, ამიტომ ხალხის დასაწყნარებლად, ასეთი პოლიტიკური განცხადებები ალბათ, საჭიროა. ჩვენ კი ეს განცხადება მივიღოთ, როგორც ტენდენცია და არა, როგორც უტყუარი, რეალური ჭეშმარიტება.

რეალური და უტყუარი ჭეშმარიტება ის არის, რაც უკვე ბრძანეთწლევანდელი 100 ლარი შარშანდელ 60 ლარს უდრის, ყოველდღიურად ძვირდება პროდუქტები, შესაბამისად, ინფლაციის შემცირება, ანუ ფასების კლება ცოტა გაუგებარია ჩემთვის.

– მოდით, გავაანალიზოთ, რატომ ძვირდება პროდუქტები. ჩვენს სამომხმარებლო კალათში ადგილობრივ  პროდუქციაზე დამოკიდებულები ვართ, ალბათ 10%-ით. ყველაფერი შემოგვაქვს უცხოეთიდან, მათ შორის, კვების პროდუქტებიც და თანაც ისეთი ტრადიციული პროდუქტები, როგორიცაა ხორცი, კვერცხი, პომიდორი, კარტოფილი, ყურძენი. აბა, მიბრძანდით «გუდვილში» და სცადეთ ქართული ყურძნის ყიდვა, ვერსად ნახავთ. ეს იმპორტიორები პატრიოტები არ არიან, სტალინის დროს მათ დაიჭერდნენ, როგორც ხალხის მტრებს. ახლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის დროს, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის აღორძინებას, თორემ ასე ორმოში გადავვარდებით.

ფასების ზრდას სამი ძირითადი მიზეზი აქვს, პირველი – ჩვენი მეწარმეები 10%-იან მოგებას არ კმარდებიან და ეს გასაგებიცაა, რადგან როდესაც კრედიტი 20%-ად აქვს აღებული, რა ქნას? იმის გამო, რომ საკუთარი 20% უნდა, მინიმალური მოგება 50% მაინც უნდა იყოს მაშინ, როდესაც უცხოეთში 5-6%-იან მოგებას ჯერდებიან. ეს იმიტომ, რომ 1-2%-იან და ზოგჯერ უპროცენტო სესხებს, ანუ მოკლევადიან კრედიტებსაც იღებენ.

მეორე – ჩვენი მეწარმეები აბსოლუტურად არ იცნობენ ნედლეულის ბაზარს, ისინი მხოლოდ იმას ყიდულობენ, რასაც შოულობენ. ამის გამო ასეთი სიტუაციაა, სუპერმარკეტში დღეს ნახავთ პროდუქტს, რომელიც ხვალ აღარ დაგხვდებათ. ეს არამდგრადობა საცალო ვაჭრობისთვის დამღუპველია, რადგან ადამიანი ეჩვევა რაღაც პროდუქტს და უნდა, რომ სულ ის შეიძინოს.

მესამე გარემოება კი სხვადასხვა ტიპის გარიგებებია და ეს სამი გარემოება ფასებზე მოქმედებს. ყველაზე უფრო კი მოქმედებს იმ ინსტრუმენტების აბსოლუტური გამოუყენებლობა, რომელიც ნედლეულის ბაზარზე არსებობს. მაგალითად, ნებისმიერ ქვეყანაში, იმპორტიორს რომ განეცხადებინა, ვნახავ, როგორი ფასებია საერთაშორისო ბაზარზე და თუ კლების ტენდენციაა, მეც შევამცირებ ფასებს, აუცილებლად ჩამოართმევდნენ ლიცენზიას. მიზეზი მარტივია, ჩვეულებრივ, ასეთ ბაზრებზე ფიუჩერსული კონტრაქტები იდება, როდესაც კონტრაქტს ფიქისრებული ფასით დებ და ნაწარმს 15-20-27 თვის შემდეგ იღებ.

ასეთი ნორმალური ბიზნესის პირობებში, დღეს რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი გაძვირდება, შედეგი 27 თვეში უნდა იგრძნო. ჩვენთან ასე არ ხდება და იცით, რატომ? იმიტომ, რომ იდიოტური კანონი გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ფიუჩერსული ვაჭრობა აკრძალულია, ესაა ძირითადი პრობლემა.

ვფიქრობ, უპრეცედენტო ფაქტის მომსწრენი ვართ, რადგან ამ კვირაში შესაძლოა, ბენზინი და დიზელი გაიაფდეს, დიდი ხანია, ასეთი განცხადება არ მომისმენია და ეს რას ნიშნავს?

– არ არის უპრეცედენტო, ასეთი განცხადება ადრეც მომისმენია და დაწეული ფასებიც მინახავს 2002-2003 წლებში, როდესაც მარტო ვებრძოდი იმპორტიორებს და ვაჩვენებდი, რომ ნედლი ნავთობის ფასი 30%-ს შეადგენს ფასის სტრუქტურაში. როგორც გითხარით, დაწეული ფასები მინახავს, მაგრამ 30 თეთრით გაძვირებული და მხოლოდ 2-3 თეთრით გაიაფებული.

ბატონო სანდრო, საქსტატისა და ვანო მთვრალაშვილის განცხადებები ერთმანეთთან კავშირში ხომ არ არის, ხელისუფლებამ გვარწმუნებს, რომ ინფლაცია შემცირდა და ამის მაგალითი შესაძლოა, გაიაფებული ბენზინი და დიზელი იყოს?

– არ ვიცი, მაგრამ ლოგიკა გვარწმუნებს, რომ დიახ, ჩვენ შეგვიძლია ასეთი შესაძლებლობაც განვიხილოთ. ზუსტად და გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ ასეთი ურთიერთკავშირის ალბათობა მაღალია.

ეკონომისტები ხშირად მეუბნებიან, რომ ინფლაცია ჩვეულებრივი, ეკონომიკური მოვლენაა და ამის პოლიტიზირება არ შეიძლება, მაშინ რატომ არის ჩვენთან ეს თემა პოლიტიზირებული?

– მართალია, პოლიტიზირება არ შეიძლება, მაგრამ გეტყვით, რა ხდება დასავლეთის ქვეყნებში და რატომ არ არის იქ ინფლაცია პოლიტიზირებული. იმიტომ, რომ როგორც კი ინფლაცია ფიქსირდება, მაშინვე მატულობს ხელფასი. იქ პროფკავშირები იმიტომ მართავენ გაფიცევბს, რომ წინა თვის 3-5 ევროს დაბრუნებასაც კი ითხოვენ. მათი ხელფასი სამომხმარებლო კალათზე რამდენჯერმე უფრო მაღალია, ამიტომ სამომხმარებლო ფასების პატარა, 1-2%-იანი ზრდა, როდესაც ინფლაციის დონე მაქსიმუმ 4%-ია წელიწადში, მათ სოციალურ მდგომარეობაზე არავითარ ზეგავლენას არ ახდენს. როდესაც შენი ხელფასი სამომხმარებლო კალათის ქვევით, ან მის ზღვარზეა, ინფლაცია სოციალურად ძალიან მტკივნეულია.

ამიტომ არის ეს თემა პოლიტიზირებული, არსებობს მეორე მიზეზიც – როდესაც ეკონომიკა გამართულია და მართლაც შერწყმულია გლობალურ პროცესებთან, მაშინ ინფლაციას გლობალური პროცესები იწვევს. ინფლაციის გლობალური პოლიტიზირების მესამე მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან არ არსებობს პროფკავშირი. პროფკავშირი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და როდესაც ის აწყობს გაფიცვას და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ის არ მოთხოვს სხვა პოლიტიკური ძალის სათავეში მოსვლას. ვინაიდან ეს ადგილი ცარიელია, ამას ოპოზიციური პარტიები იკავებენ, მერე, როდესაც ისინი მოვლენ ძალაუფლებაში, მათ წინააღმდეგ იგივე აგორდება და ესაა აბსოლუტურად მოჯადოებული წრე.

ზუსტად ამ ლოზუნგებით მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და ამიტომ პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა ამ მთავრობას, თუკი მდგრადობა უნდოდა, ხელი უნდა შეეწყო პროფკავშირების შექმნისთვის.

ბატონო სანდრო, პროფკავშირების გაერთიანება ხომ არსებობს?

– ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ რეიტინგს და იმიჯს მოკლებული ორგანიზაცია. ისინი არსებობენ თავისთვის, პროფკავშირების გაფიცვა გინახავთ სადმე? მთავრობა და პროფკავშირები სინქრონულად მუშაობენ, სინამდვილეში კი ისინი ოპონენტები უნდა იყვნენ.