თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა დაკავებული თანამდებობა შესაძლოა, 26 მაისამდე დატოვოს და მას მინისტრის რანგში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებაც არ მიეცეს.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, „რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგ ახალი კამპანიის აგორების მიზანი რესპუბლიკელ მინისტრებზე თავდასხმაა. წყაროს ცნობით, იმის გამო, რომ დაკავებულ პოსტებს თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და პაატა ზაქარეიშვილი საკუთარი ნებით არ ტოვებენ, მათ თამაზ მეჭიაურის საშუალებით, თანამდებობებიდან წასვლას აიძულებენ.
რესპუბლიკელებსა და თამაზ მეჭიაურს შორის არსებული კონფლიქტი შესაძლოა, უმრავლესობის დაშლითა და რესპუბლიკელი მინისტრების პოსტებიდან წასვლით დასრულდეს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მოგებულ ვითარებაში არც „ქართული ოცნება“ აღმოჩნდება, რადგან მას პარლამენტში 76 ხმა აღარ ექნება, რაც აპრიორში იმას ნიშნავს, რომ „ოცნება“ ვერც საკადრო გადაწყვეტილებებს და ვერც ორგანულ კანონებს ვერ მიიღებს.
„ქართული ოცნება“ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ვითარების ნორმალიზებას შეეცდება თუ სიტუაციას გამწვავებას, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ გოგი თოფაძისა და რესპუბლიკელების დაპირისპირება სწორედ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლით დასრულდა.
როგორც თოფაძის, ასევე მეჭიაურის შემთხვევაშიც, რესპუბლიკელების გაღიზიანების მიზეზი ის განცხადებები გახდა, რომელსაც ისინი საგარეო კურსის მიმართულებით აჟღერებენ. „რესპუბლიკური პარტია“ მიიჩნევს, რომ თოფაძე-მეჭიაური-ჯაჭვლიანი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ და ევროატლანტიკურ კურსს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, რასაც პასუხი ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმაც უნდა გასცეს, რადგან რესპუბლიკელების ცნობით, მეჭიაური და თოფაძე სწორედ ივანიშვილის მეგობრები არიან, საზოგადოებას კი განცდა რჩება, რომ ისინი კოალიციის ყოფილი ლიდერის პოზიციებს ახმაურებენ.
რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, „ოცნებაში“ არ ფიქრობენ, რომ მეჭიაურის უკან ივანიშვილი დგას. როგორც კულუარებში აცხადებენ, ყოფილმა პრემიერმა საკუთარი კურსელი - მეჭიაური ორჯერ დაიბარა და თავშეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა, მეჭიაური განცხადებების კეთებას თავს არ ანებებს.
ბიძინა ივანიშვილს ნატოსთან მიმართებაში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილიც ურჩევს, თუმცა, ის რესპუბლიკელი მინისტრების პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, პარტიას მინისტრების თაობაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
მისი თქმით, შეხვედრების და გადაწყვეტილებების ტემპი როგორი იქნება, არ იცის.
„ამ კვირაში საპარლამენტო კენჭისყრებია და გვინდა, რომ საარჩევნო კოდექსზე რაღაცას მივაღწიოთ და არ მგონია, რომ ამ დროს სადმე უნდა გავიდეთ, მაგრამ თუკი ვერსად ვერაფერს ვერ მივაღწევთ, რა თქმა უნდა, საკითხები დადგება, მაგრამ დადგება „რესპუბლიკური პარტიის“ დღის წესრიგით და არა მეჭიაურის მიხედვით. თუკი პრემიერი რიტორიკას გააგრძელებს, რომ თურმე, დამნაშავე რესპუბლიკელები ყოფილან, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას მივიღებთ და ყველას შევახსენებთ, რომ სხვადასხვა ტიპის ლეგიტიმაციაა. პრემიერს ლეგიტიმაცია პარლამენტმა მისცა და არა ქართველმა ხალხმა. ერთხელ მივედით, დაველაპარაკეთ და სიტყვა გვითხრა, რომელიც არ კი არა, ვერ დაიცვა, რადგან პარტიაში სუსტი პოზიციები აქვს. თურმე, პრობლემა რესპუბლიკელებსა და მეჭიაურს შორისაა. პრობლემა საქართველოსა და ნატოს შორისაა და რესპუბლიკელები რა შუაში არიან? ათასი მეჭიაური ჰყავდეთ, ოღონდ, ნაბიჯები სწორად გადადგან“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
კანონმდებელი ყურადღებას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებზეც ამახვილებს და ამბობს, რომ თუ მთავრობის ნდობის საკითხი დადგება, რესპუბლიკელების გარეშე, „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს.
„ნდობაზე ნდობის ლიმიტი გვეწურება. მთლად ამოწურული არ არის, მაგრამ სწორ ნაბიჯებს ველოდებით, რადგან მეჭიაური არ გაჩერდება და ამას სოსო ჯაჭვალინი აჰყვება“,- ამბობს დეპუტატი.
ბერძენიშვილი არ მალავს, რომ ის პრემერის მიმართ ცოტა კრიტიკულია, რაც გარკვეულწილად ბოლოდროინდელ განცხადებებმა გამოიწვია.
„ანუ, პრემიერი სიტუაციას ბოლომდე ვერ ფლობს და ეს არსად არ იმალება. თუ მეჭიაურს არ გააჩერებენ, პრემიერი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, მის გვერდით დადგება. მეჭიაურიზაცია მოხდება და ლიდერი ის გახდება და არა კვირიკაშვილი, რადგან განცხადებებს ის აკეთებს. მან თქვა, რომ ნატო აბსურდია. აბსურდი ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ასეთ ადამიანებს ასეთი განცხადების შემდეგ, თავის რიგებში ტოვებს. მეჭიაურის განცხადება მთელი ხალხის არჩევანს შეურაცხყოფს. გუშინწინ, მეჭიაურმა პრემიერი ფეხებზე დაიკიდა და თქვა, რომ მისი აზრები არ ადარდებს. მანამდე ილაპარაკებს, სანამ არ გარიცხავენ. თუ მეჭიაური ვინმეს რუპორია, ვინც მას ამას კარნახობს, მასავით გონებაშეზღუდული, ბნელი და ქართველი ხალხის ნების მტერია. ვინც არ უნდა იყოს, ის უბრალოდ თამაშობს და თავისი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. თუ საჭირო იქნება, ივანიშვილმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას. არ მგონია, რომ ის რუსეთის აგენტი იყოს, რადგან რუსები გაცლებით კვალიფიციურ აგენტურას არჩევენ“, - ამბობს ბერძენიშვილი, რომელსაც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი ეხმაურება.
for.ge-სთან საუბარში ჯაჭვლიანი აქცენტს როგორც ქვეყნის საგარეო კურსზე, ასევე რესპუბლიკელების შეფასებებზე აკეთებს.
კანონმდებელი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელებს საკუთარ პოლიტიკურ შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენა აქვთ.
დეპუტატის მოსაზრებით, კიდევ კარგი, რესპუბლიკელები ქართულ პოლიტიკაში უმრავლესობით ვერ მოდიან, თორემ, ხალხს თავს გადააჭამენ.
„ყველამ თავის მამიდას მოუაროს. ამ ადამიანებს საკუთარ თავზე რამხელა პოლიტიკური წარმოდგენა აქვთ? ბერძენიშვილები საკუთარ პოზიციას აჟღერებენ, თუ განცხადებებს არასამთავროებთან ათანხმებენ? ძმები ბერძენიშვილები ევროპაში ვინმეს ხომ არ ურჩევენ, რომ პარტიიდან ვიღაც-ვიღაცები გარიცხონ? ჩეხეთში ვიყავი, სადაც პარლამენტში 15 პროცენტს „კომუნისტები“ წარმოადგენენ, ჩვენთან კი, ეს პარტია აკრძალულია და ეს კარგია, მაგრამ იქ, სადაც დემოკრატიის აკვანი ირწევა, კომუნისტებიც არიან. ადამიანები მხვდებიან და მეუბნებიან, ბერძენიშვილები პოლიტიკურ სიმსივნეს დაემსგავსნენო. შეიძლება, ძმები ბერძენიშვილები ზოგიერთ რესპუბლიკელსაც აზიანებდნენ. ამაღამ რა დამაძინებს, არ ვიცი, რადგან ძმები ბერძენიშვილები მაკრიტიკებენ“, - აცხადებს ჯაჭვლიანი.
კანონმდებელი ფიქრობს, რომ დემოკრატია მაშინ ვითარდება, როცა ყველას თავისი აზრი აქვს და ჯაჭვლიანი-მეჭიაურის პარტიიდან გარიცხვის საკითხს ფრაქცია გაარკვევს.
„მონები არც ერთ ფრაქციაში არ უნდა იყვნენ, რადგან ეს ქვეყანა მონობამ დაღუპა და 25 წლის მანძილზე ვერ განვითარდა. საქართველოში განსხვავებული აზრი ეზიზღებათ, აბა, დემოკრატია რა არის? - განსხვავებულია აზრია. ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ტეროტორიის ნაწილი დაკავებული აქვს, მასთან შეერთებაზე ვლაპარაკობთ თუ რა? ევროკავშირი ავირჩიეთ და იქითკენ მივდივართ. ამ საკითხზე ორი აზრი არსებობს? ობამა გამოდის და ამბობს, რომ ნატოში ქართველების ადგილი ჯერჯერობით არ არისო. როცა მერკერი და ოლანდი გამოდიან და იგივეს ამბობენ, ბერძენიშვილები ობამას, ოლანდს და მერკერს ხომ არ გადააყენებენ?“, - ინტერესდება დეპუტატი.
ჯაჭვლიანი ქვეყნის საგარეო კურსსაც ეხება და ამბობს, რომ ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგია, ყველას საქართველოს დაღუპვა უნდა, რადგან მეორე ქვეყანას ვიღაცის საშუალებით რომ ელაპარაკები, საქმე არასოდეს არ ლაგდება.
„თუკი მეორე ქვეყანას რამდენიმე პირის საშუალებით ელაპარაკები, ყველა თავისას ჭედავს. ამიტომ, ყველამ რუსეთს უნდა ველაპარაკოთ და ვინც ამის წინააღმდეგია, მას არ უნდა, რომ საქართველოში სიმშვიდემ დაისადგუროს. რუსეთმა იაპონიას კურილიის კუნძულები წაართვა, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებია, მაგრამ ურთიერთობა აქვთ, რაღაცას ახერხებენ და რაღაცაზე რიგდებიან. ჩინეთს კარელია წაართვა და მთავარი, დიალოგია, სადაც უნდა ეცადო, რომ შენი გამოაწრთო. რუსეთი რას დაგიბრუნებს? -არასოდეს არაფერს არ დაგიბრუნებს და დიალოგით მაქსიმალური უნდა გააკეთო. რუსეთი რამეს იმით დაგიბრუნებს, გინებას რომ დაუწყებ? - პირიქით, „გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკიბლად მოუბარი“. ომი ჩვენ არ შეგვიძლია, ტანკი ჩვენ არ გვაქვს, ეს და ის არ გვაქვს და ქართველი ყოველთვის დიპლომატიით იყო ცნობილი“, - აცხადებს ჯაჭვლიანი, რომლის პოზიციაც - „ტანკი არ გვაქვს, ომი არ შეგვიძლია“ - for.ge-მ გააპროტესტა, ვინაიდან ეს ქართველი სამხედროების შეურაცხყოფაა.
ჩვენი რეპლიკის საპასუხოდ, ჯაჭვლიანი აზუსტებს, რომ საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ მის გამო თავს არავინ არ აიტკიებს.
„სისხლის უკანასკნელ წვეთათადე ვიომებთ, მაგრამ ამას შედეგი უნდა ჰქონდეს. ისე კი არა, რომ საქართველო ბოლომდე დავაქუცმაცოთ და რუკიდან წავშალოთ. დიალოგის წარმართვას უნდა ვეცადოთ. ტანკიც უნდა გყავდეს და იპომო, მაგრამ ეს ყველაფერი გონიერების ფარგლებში უნდა გააკეთო“, - ამბობს ჯაჭვლიანი, რომელიც ფიქრობს, რომ რესპუბლიკელმა მინისტრებმა პოსტები უნდა დატოვონ და წესით, აქამდეც უნდა დაეტოვებინათ.
ჯაჭვლიანის ამ პათოსს ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძეც იზიარებს და for.ge-სთან საუბარში განსაკუთრებულ ყურადღებას ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე ამახვილებს. თოფაძე მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელების განცხადებები საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება. კანონმდებელი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელებს უცხოეთიდან კარნახობენ, საქართველოში რა უნდა გაკეთდეს.
დეპუტატის თქმით, ის რესპუბლიკელებთან სერიოზულ პაექრობას არ აპირებს, რადგან ისინი სულ სხვა პოზიციაზე დგანან, ვიდრე ქართველი პატრიოტის პოზიცია უნდა იყოს.
„ეს ხალხი კოსმოპოლიტები არიან. „მრეწველებს“ რუსოფობიას გვაბრალებენ, თუმცა, საერთო არავისთან არ გვაქვს. ჩვენ მრეწველობის და სოფლის განვითარების მომხრე ვართ. მიგვაჩნია, რომ ყველა ქართველი პოლიტიკოსი საქართველოს ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს. მათ გაუთავებელი, შეუსრულებელი ოცნებები აქვთ. ათი წელია ვლაპარაკობთ, რომ ნატოს საკითხი სრულიად გაუგებარია, რასაც ესენი მხარს უჭერენ. გამოგვიცხადეს, რომ არ მიგიღებთო. ამის მიუხედადავად, ამ პოზიციას ასე უსირცხვოდ აწვებიან. ის პირობა რომ იყოს, რომ ნატოსთან გაერთიანება ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ყველა ამის მომხრე ვიქნებით, მაგრამ კონკრეტულად გვეუბნებიან, რომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიგვიღებენ. გამოგვიცხადეს, რომ არ მიგიღებთო და ამათ თავხედობა ჰყოფნით, რომ საზოგადოება ატყუონ. ამას უსირცხვოდ ლაპარაკობენ, რომ მაპ-ს მიიღებთო. ხალხის მოტყუება სირცხვილია იმის გამო, რომ ვიღაცა რაღაცას გავალებს. ხალხში „რესპუბლიკური პარტიის“ ნდობა დაკარგული და გაშიფრულია“, - ამბობს თოფაძე.
თოფაძე თვლის, რომ რესპუბლიკელმა მინისტრებმა პოსტები უნდა დატოვონ.
„ძალიან კარგი იქნება, თუ თანამდებობებს დატოვებენ. კოალიციიდან გავიდნენ და მთელი საკითხების წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ ეს მთავრობისა და მათი გადასაწყვეტი საკითხია“, - აცხადებს თოფაძე.
რაც შეეხება თამაზ მეჭიაურს, for.ge-სთან საუბარში დეპუტატი ბერძენიშვილებს ირონიულად პასუხობს:
„ცალ-ცალკე დავით და ბერძენიშვილი კარგი გვარ-სახელია. ამ კაცს სახელიც კარგი აქვს და გვარიც, მაგრამ შეერთების შემდეგ, რაღაც გაუგებრობაში ვხვდებით. დავით ბერძენიშვილი გაუგებრობაა, მაგრამ სახელი დავითი და გვარი ბერძენიშვილია, კარგი. ჩემს გარიცხვას, მაგას ვინ ჰკითხავს?“, - აცხადებს მეჭიაური.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განწყობას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნატოს თემით სპეკულირება მიმდინარეობს და დრო რაც უფრო გავა, არჩევნები მოახლოვდება, სპეკულაციები უფრო მეტი იქნება. მისი განცხადებით, ხელისუფლებისთვის ნატოში გაწევრიანება პოლიტიკური კეკლუცობა არ არის.
„ნატოს პოზიცია, რომ ეს დღეს, ახლავე და გადაუდებლად ვერ მოხდება, ეს სწორი ხედვაა და ამიტომ ნიჰილიზმი არ უნდა დაითესოს. ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ხარისხი ძალიან მაღალი, ინტენსიური და პროდუქტიულია. ამის გაფუჭება დამატებითი მიზეზების ძებნით გამართლებული არ არის. ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის პოლიტიკური კეკლუცობა არ არის. საგარეო კურსთან მიმართებაში საპირისპირო მეჭიაურს არასოდეს არ უთქვამს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
კანონმდებელი რესპუბლიკელი მინისტრების პოსტებიდან შესაძლო წასვლასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მინისტრები სახელმწიფო პოლიტიკას უნდა დაექვემდებარონ და პოლიტიკურ გადაძახილებში არ უნდა ჩაერთონ.
„სახელმწიფო მინისტრი გარკვეული დარგის ხელმძღვანელია და არა პოლიტიკური ფიგურა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობს და პოლიტიკური ინტერესების დაცვისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. მინისტრები პოლიტიკურ გარჩევებში პარტიამაც არ უნდა ჩართოს. არც ნიჰილიზმი არ უნდა დავთესოთ და იმის ძახილი არ არის საჭირო, რომ თუკი ეს დღეს არ მოხდა, ეს არის ის, რომ ნატოს საქართველოს გაწევრინება არ უნდა. ეს მართალი არ არის“, - დასძინა ვოლსკიმ.