თამაზ მეჭიაური „რესპუბლიკურ პარტიას“ ულტიმატუმს უყენებს - თუ ყველა რესპუბლიკელი თანამდებობას დატოვებს, თავად მხოლოდ, ასეთ შემთხვევაში დატოვებს პარტიას. საპარლამენტო უმარვესლობის წევრი თვლის, რომ კარგი იქნება, თუ თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ. დეპუტატი ამბობს, რომ რესპუბლიკელებს კვლავ „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია ჰგონიათ თავი და მის ავტორიტეტს აყენებენ დარტყმას.
„თუ „ქართული ოცნება“ გაიზიარებს ამ ორი მკვდარი პოლიტიკოსის აზრს და გაემიჯნება იმ ძალებს, რომელსაც უფრო მეტად აქვს ხალხთან შეხება და დაიტოვებს ამ პოლიტიკურ მარგინალებს, მაშინ თავის თავს თავად გაუწევს დისკრედიტაციას. თუ გიორგი კვირიკაშვილი დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებს რესპუბლიკელ პორტფელიან და უპორტფელო მინისტრებს - თინა ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვილს, მაშინ პრემიერს არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება აღარ მოუწევს და მეც თავად წავალ პარტიიდან“, - აცხადებს თამაზ მეჭიაური.
აქვე დეპუტატი ძმებ ბერძენიშვილებსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბერძენიშვილები ვერასოდეს გახდებიან დეპუტატები, თუ „ვიღაცას არ აეკიდნენ“.
თავად ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მეჭიაური იუმორისტულ ფიგურად ყალიბდება და „ვიცინებდით, რომ მისი ნათქვამი სერიოზული არ იყოს“. დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას“ ისევ ისე დაღუპავს, როგორც საკუთარ თავს ღუპავს.
„მაინტერესებს, ამ დაუოკობელ კაცს ვინმე გააჩერებს თუ არა. თვითონ რომ არ გაჩერდება, ეს მესმის. მეჭიაური პირობებს ნუ გვიყენებს, რადგან ჩვენ პარტია ვართ, მეჭიაური კი ადამიანია, რომელთა შორის დიდი განსხავავებაა. ისტორიის მანძილზე, პარტიას მოპოვებული აქვს რაღაც, მეჭიაურმა რა მოიპოვა და რა ავტორიტეტი აქვს, ეს არ მკითხოთ და არ მითხრათ, რომ ნატო-ში მის ბიოგრაფიას სწავლობენ.
მისი პირობები სასაცილოა. საერთოდ, ის იუმორისტულ ფიგურად ყალიბდება და ვიცინებდით, რომ სერიოზული არ იყოს ის, რასაც ამბობს. მან ამერიკასა და ბრიტანეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ეს ქვეყნები გვეხმარებიან და მათ ტექნიკა ჩამოიტანეს. ჩვენ ვამბობთ, არ გვინდა ამერიკისა და ბრიტანეთის პარტნიორობა, მეჭიაურის გვირჩევნია. რაში მადარდებს, მეჭიაური სიაში იქნება თუ არა?ის იმ პარტიას დაღუპავს, ისევე როგორც თავს იღუპავს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
მეჭიაურის ულტიმატუმზე კომენტარს არ აკეთებენ უმარავლესობის წევრები. საკადრო ცვლილებებზე არაფერი სმენია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, თუმცა, აქვე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება ნებისმიერ დროს გავრცელდეს. ნოდარ ჯავახიშვილი თქმით, ხელისუფლება ცოცხალი ორგანიზმია და ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს რაღაცა ცვლილება.
„ხელისუფლებები მიდიან, მოდიან, პიროვნებებიც და ჯგუფებიც. ქვეყანა ვითარდება და მიდის წინ. როგორც კი ნებისმიერი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი წარმოიდგენს, რომ მის გარეშე ქვეყანა დაიქცევა, უკვე დაღუპულია ქვეყანა. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელები ფიქრობენ ასე, ან რესპუბლიკელების გარეთ ხელისუფლების ჯგუფი, ან სხვა ადამიანები“, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ რესპუბლიკელების გადასაწყვეტია, დატოვებენ თუ არა ისინი დაკავებულ თანამდებობებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ რესპუბლიკელი მინისტრებს თანამდებობის დატოვება მოუწევთ. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ რესპუბლიკელებმა ამ საკითხზე უკვე იმსჯელეს პარტიის დახურულ შეხვედრაზე.
მთავრობიდან რესპუბლიკელი მინისტრების წასვლასთან დაკავშირებით განსხვავებულია ანალიტიკოსთა პოზიცია. ნაწილი თვლის, რომ სამთავრობო ცვლილება დაგვიანებულია, ხოლო ნაწილი კი აცხადებს, რომ სამი რესპუბლიკელი მინისტრის ცვლილება მოსახლეობის ფართო ფენას ნაკლებად აინტერესებს.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ფონზე, რესპუბლიკელებს მოუწევთ უფრო აქტიური და გულახდილი ოპონირება „ქართულ ოცნებასთან“.
„სამი რესპუბლიკური მინისტრის პოლიტიკური წონის გაიგივება, ერთი ცალკე აღებული მეჭიაურის წონასთან, შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ რესპუბლიკელებისთვის, არამედ პირველ რიგში - „ქართული ოცნებისთვის“. რამხელა წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზე ბატონ მეჭიაურს, რომ თურმე შეგვაცოდებს თავს თავის გადადგომით, იმ შემთხვევაში თუ სამი მინისტრი გადაგება.
ის თუ დატოვებს პარლამენტს, დიდი ალბათობით არჩევნების დასრულებისთანავე, შესანიშნავ თანამდებობაზე აღმოჩნდება აღამსრულებელ ხელისუფლებაში, რადგან მისი გააქტიურება უკავშირდება მის ახალ ფუნქციას, რასაც ბატონი ივანიშვილის რუპორის როლის შესრულება ჰქვია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ არის რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობიდან განთავისუფლება. მისივე თქმით, შეიძლება ვიღაცეები დაამშვიდოს, მაგრამ საზოგადოება ამ ცვლილებას არ აღიქვმას დიდ გამარჯვებად, რადგან მინისტრების ცვლილება და განსაკუთრებით - ამ სამი მინისტრის, მოსახლეობის ფართო ფენას ნაკლებად აინტერესებს.
„დაიწყება საარჩევნო კამპანია და ისინი საკუთარი განცხადებით დატოვებენ თანამდებობას. მე უბრალოდ ვსვამ კითხვას - თუ პრემიერ-მინისტრი ხვალ, ან ზეგ გადააყენებს ამ მინისტრებს, ამით რა პოლიტიკური სარგებელი ექნება „ქართულ ოცნებას“, როგორ მიაწვდის ამ ცვლილებას მოსახლეობას და რაც მთავარია, მოსახლეობა როგორ აღიქვამს ამ გადაყენებას? თუ „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ეს ცვლილება პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, რა თქმა უნდა, უნდა გადააყენოს, მაგრამ მგონია, რომ არც არაფერს მოუტანს ხელისუფლებას ეს ცვლილება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ასე არ ფიქრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც რესპუბლიკელი მინისტრების ცვლილებას ლოგიკურს და ამავე დროს, დაგვიანებულს უწოდებს. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის არჩევის დღესვე უნდა განეხორციელებინა ადმინისტრაციული რეფორმა, რადგან ამის ობიექტური აუცილებლობა არსებობდა.
„ძალიან გაერთო უბარლოდ კარგი ბიჭის როლის თამაშით, მაგრამ რეალურად არც ერთი პოლიტიკური და ორგანიზაციული ნაბიჯი არ გადაუდგამს. ამან გააძლიერა განცდა, მისი ნომინალური პრემიერობის შესახებ. ამიტომ, ეს საკადრო ცვლილება შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში და რაც მთავარია „რესპუბლიკური პარტიის“ ინტერესებშიც არის. თუ ისინი არჩევნებზე ინდივიდუალურად აპირებენ გასვლას, მაშინ გაუგებარია ბოლო დღემდე რანაირად ინაწილებენ პასუხისმგებლობას. თუ ისინი აპირებენ გაინაწილონ ეს პასუხისმგებლობა, მაშინ ვინ არის მათი ამომრჩეველი?“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისივე თქმით, პროდასავლურ სეგმენტზე საკამოდ მაღლი კონკურენციაა და აქ უკვე რესპუბლიკელების ადგილი არ ჩანს.
„ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელები თვითონ უნდა გარბოდნენ მთავრობიდან, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თან უნდათ მთავრობიდან წასვლა, თან არა. თან უნდათ, რომ კარგი სტარტი შექმნან ოპოზიციაში წავლის მიზეზად და შეიძლება ეს იყოს საგარეო ორიენტაციის შეცვლის მორგი ვირტუალი საფრთხის დახატვასთან დაკავშირებით კარების ძლიერი გაჯახუნება, რაც არაერთხელ გვინახვას ამ ქვეყნაში, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატების“ შესრულებით. ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელების მხრიდან მეჭიაურის განცხადებების განსაკუთრებული დრამატიზებაც, ამ უნიჭო მცდელობას უკავშირდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.