„გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, თუმცა არა კომპრომისების ხარჯზე“

„გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, თუმცა არა კომპრომისების ხარჯზე“

საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში, რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდეს. შეხვედრის თარიღი უცნობია, თუმცა, პრემიერ-მინისტრის აზრით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის განმტკიცებაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს უნდა ეფუძნებოდეს.

პრემიერის განცხადებით, შეხვედრა გამიზნული უნდა იყოს იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება, დაფუძნებული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩვენ გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, თუმცა არა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში კომპრომისების ხარჯზე.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ამ ჩიხიდან ჩვენ უნდა გამოვიდეთ, მაგრამ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ არა კომპრომისების ხარჯზე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ აქეთკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გაგვაჩნია დღეს“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრაზე მსჯელობა გუნდში გაიმართება და ამ შეხვედრის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.

„ლავროვთან შეხვედრა შეხვედრა-შეხვედრისთვის არ უნდა იყოს. თუ ეს იქნება რაიმე შედეგის მომტანი, შესაძლოა - გაიმართოს. ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. საჭირო იქნება შესაბამისი მომზადება და შემდეგ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი კახი კალაძე.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს ოკუპაციის საკითხზე საუბრის გარეშე ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარება წარმოუდგენელია.

„მე მგონია, რომ გარემოებები თავისით არ შეიქმნება. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგის გაჩენაში ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, უნდა მოვილაპარაკოთ ძალიან მძიმე საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის ოკუპაცია. ამის გარეშე, ბუნებრივია, ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარება წარმოუდგენელია. ჩვენ სწორად ვიქცევით, რომ პრაგმატული ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ეს არ არის სიახლე. სიახლე იქნება ის, როდესაც პოლიტიკურ დღის წესრიგში გაჩნდება ახალი საკითხი, ეს უნდა იყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფორმები და გზები“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის აზრით, ქართულმა მხარემ უარი არ უნდა თქვას ლავროვი-ჯანელიძის შეხვედრაზე, თუკი შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა იარსებებს. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აგრძელებს პროვოკაციულ ნაბიჯებს, ბაქრაძეს ეს შეხვედრა კონტრპოზიტიურად ეჩვენება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთი შეხვედრის შემდეგ რუსეთი შეეცდება დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ არ ჩაერიონ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, რადგან ის ვითარდება.

„ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ასეთი შეხვედრიდან. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, კარგად გაიაზრონ ეს საფრთხე და უბრალოდ უაზრო პიარქულების ჩაწერისთვის ნუ ჩაატარებენ ასეთ შეხვედრას, რადგან ეს ვერ მოიტანს ვერანაირ სარგებელს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საქართველოსა და რუსეთის პირველი დიპლომატის შეხვერის აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, აუცილებელია შეხვედრაზე მთავარ საკითხად დაისვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. თუ რუსეთმა გამორიცხა რაიმე პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოს დაუბრუნდეს თავისი ტერიტორიები, მაშინ რუსეთთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და მასთან საუბარი უნდა დამთავრდეს.

„ხიფათის შემცველი ბევრი რამ არის, მათ შორის დიალოგი რუსეთთან, მაგრამ დიალოგი საჭიროა და ამიტომ მისი შეწყვეტა შიშის გამო სავსებით გაუმართლებელია. ქართული მხარე უნდა შემოვიდეს დიალოგში რუსეთთან, რომ მოისმინოს რა უნდა და როგორ ხედავს რუსული მხარე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს. თუ აღმოჩნდება, რომ რუსული მხარისთვის ყველაფერი უცვლელია და ქართული ინტერესების დაკმაყოფილების არანაირი შანსი არ არის, შეხვედრა დარჩება შეხვედრად და ქართული მხარე დაუბრუნდება თავის საქმეს. რაც იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი რეალურად არ აპირებს საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციების შეცვლას და რამის გაუმჯობესებას“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს. მისივე თქმით, დღევანდელი რუსეთის აგრესიული პოზიციებიდან გამომდინარე, ძალიან მცირეა შანსი იმისა, რომ რამე კონსტრუქციული გარღვევა მოხდეს.

„ერთ-ერთი მთავარი თემა, თუ ასეთი შეხვედრა შედგება, უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია, რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოწესრიგება. ამ თემის წამოწევის გარეშე მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის გამართლებული არ იქნება. პირდაპირ უნდა იქნას გახსნილი ჩვენი მთავარი პრობლემა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის განხილვის გარეშე, ვერ მოხდება ორმხრივი ურთიერთობის გამოსწორება, რადგან ამაზე გადის ჩვენი ურთიერთობის დარეგულირების გზა.

თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს აგრესიული ქმედებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ავიწროვებენ ქართველ მოსახლეობას, როდესაც მშობლიურ ენაზე ლაპარაკის უფლებას ართმევენ. სწორედ, ეს არის თემები, რაზეც პირველ რიგში, უნდა დაიწყოს ლაპარაკი. ამ თემებისა და მისი გადაჭრის პერსპექტივების გარეშე, მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის მიზანშეუწონლად მიმაჩნია“, -აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.