„იმას ნუ გავაკეთებთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ძალით ჩავითრიოთ“

„იმას ნუ გავაკეთებთ, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ძალით ჩავითრიოთ“

თუკი მიმდინარე წლის დასაწყისში, მრეწველებისა და „რესპუბლიკური პარტიის“ დაპირისპირების მიზეზი გოგი თოფაძე იყო, ამჟამად, „ქართულ ოცნებასა“ და რესპუბლიკელებს შორის კონფლიქტის გაღვივებაში ბრალს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს სდებენ, რომელიც ბოლო პერიოდში, ნატოში ინტეგრაციის კუთხით თანაპარტიელებისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს.

მოხდება თუ არა რესპუბლიკელების რჩევის შესაბამისად, „ოცნების“ რიგებიდან მეჭიაურისა და ჯაჭვლიანის გარიცხვა, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ზვიად კვაჭანტირაძესთან ჩავწერეთ:

ფრაქციარესპუბლიკელებისთავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა თქვენი მისამართით თქვა, რომ თქვენ საგარეო კურსთან დაკავშირებით შეფასებას არ აკეთებთ და სდუმხართ. თქვენს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, რას უპასუხებთ?

- არ ვიცი, ბატონი დავითი რომელ არხებს უყურებს, ან პრესის რომელი საშუალებით დაადგინა, რომ ვდუმვარ. გამოხატვის რამდენიმე საშუალება მაქვს და ჩემი აზრი არაერთხელ დავაფიქსირე, რომელიც არ იცვლება. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მმართველი გუნდის და არც პარტია „ქართული ოცნების“ აზრი არ იცვლება და არ შეიძლება, ცალკეული დეპუტატების გამონათქვამი პარტიის პოზიციად ჩაითვალოს. თამაზ მეჭიაური თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რომ ყოფილიყო და მას ასეთი განცხადება გაეკეთებინა, ეს ჩემთვის შეშფოთების საფუძველი იქნებოდა.

თამაზ მეჭიაური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეა და ის საკუთარ თავს უფლებას რატომ აძლევს, რომ ნატოსა და სამხედრო წვრთებზე შეფასებები აკეთოს და თუ აკეთებს, ქვეყნის კურსის საწინააღმდეგო პოზიციას რატომ აფიქსირებს?

- ასეთი სახის განცხადებებს ერთმნიშვნელოვნად არ მივესალმები, მაგრამ არ მგონია, რომ ეს განცხადება სერიოზული აურზაურის ატეხვის საბაბი უნდა გახდეს. ორივე მხრიდან გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის ფორმატში ჯდება და ყველა ჩვენი კოლეგა, გუნდში თუ გუნდის გარეთ, დამოუკიდებლად თუ არადამოკიდებლად თავის ნიშას ეძებს.

ანუ, თქვენ ირწმუნებით, რომ ქვეყანას საგარეო მიმართულებით პრობლემები არ აქვს და კურსს არ იცვლის?

- ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩრდილო ატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არ შეცვლილა და სამომავლოდაც არ შეიცვლება. ჩვენ ამ კურსის ერთგული ვიყავით, ვართ და დავრჩებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოს რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს.

სწავლებასთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნები და შეშფოთებები იყო გამოწვეული, რაც, ლამის, გარკვეულ სკანდალში გადაიზარდა. ის, რომ ეს სამხედრო სწავლებები საქართველოში ეწყობა, უპირველესად, მმართველი პარტიისა და მთავრობის მუშაობის დამსახურებაა. ამ თემაზე თავის პოზიციას მეჭიაური გამოთქვამს, თუ სხვა პიროვნება, ეს ხელისუფლების პოზიციასთან არანაირ კავშირშია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს სხვა ფუნქციები აქვს და მაინც და მაინც არა ის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პოზიციები გაახმოვანოს. თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, ისეთ შეფასებებს არ ვიზიარებ, რასაც ზოგიერთი ჩემი კოლეგა აფიქსირებს.

დავით ბერძენიშვილი ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ ნატოსთან მიმართებაში საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ თოფაძე და მეჭიაური ივანიშვილის მეგობრები არიან, რომელთა თაობაზეც საზოგადოებაში განწყობაა შექმნილი, რომ ისინი ყოფილი პრემიერის პოზიციებს ახმოვანებენ...

- ეს ტყუილია. თუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ასეთი აზრი უჩნდება, ეს ხელოვნურად შექმნილია. ბატონი ბიძინა, პოლიტიკურ პროცესებს გაემიჯნა და ის „ქართული ოცნების“ აღიარებულ ლიდერად და მხარდამჭერად რჩება, მაგრამ იმას ნუ გავაკეთებთ, რომ ბატონი ბიძინა პოლიტიკურ პროცესებში და პოლიტიკური პროცესების შეფასებაში ძალით ჩავითრიოთ. ჩვენ რა კურსითაც ვმოძრაობთ, ეს ივანიშვილის დროს დაწყებულია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ყველაფერი ივანიშვილთან ერთად დავიწყეთ.

პრობლემები ისევ კურსთან მიმართებაში ჩნდება. „თავისუფალმა დემოკრატებმაკოალიცია დატოვეს და ეჭვობდნენ, რომ ქვეყანა კურსს ხომ არ იცვლიდა, „რესპუბლიკური პარტიაცკურსთან მიმართებაში არსებულ პრობლემებზე მიანიშნებს...

- განცხადებები მოვისმინე იმის თაობაზე, რომ საგარეო კურსთან მიმართებაში პრობლემები ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაჩნდა. ამის გახსენება სამარცხვინოა და ამაზე სპეკულირება კარგს არავის არ მოუტანს. ყველამ კარგად დავინახეთ, რომ კურსის ცვლილება არ მომხდარა და ეს არც მომავალში არ მოხდება. ვინც შეეცდება, რომ „ქართული ოცნების“ ამ პოზიციის მიღმა დარჩეს, ის საზოგადოების მხარდაჭერის მიღმაც დარჩება. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო მარათონის დასაწყისია.

ვისი მხრიდან?

- ყველას მხრიდან. მათ შორის, ჩემი გუნდის წევრების და კოლეგების მხრიდანაც. ჯერ კიდევ გამოუცხადებელ მარათონში ყველა ჩართულია და ყველა სამომავლოდ ინდივიდვალურ, გუნდურ თუ სხვა ადგილს ეძებს.

დავით ბერძენიშვილი გირჩევთ, რომ მეჭიაურები და ჯაჭვლიანები თქვენი რიგებიდან გარიცხოთ. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება?

- დათოს ძალიან დიდ პატივს ვცემ და თუკი მას გარკვეული აზრები აქვს, მას საშუალება აქვს, ეს ყველაფერი პრესის საშუალებით კი არ გვითხრას, არამედ პირდაპირ საუბარში, რადგან უმრავლესობის ფორმატში ჯერ კიდევ ვრჩებით და ვთანამშრომლობთ. თუკი ეს უმრავლესობის რღვევის დასაწყისია და ამ პროცესის დაწყება ასე გვინდა, ეს ჩვენგან არ მოდის და ეს პროცესი არ მომწონს. ვერცერთ პოლიტიკურ პარტნიორს ვერ ვურჩევ, საკუთარ პარტიაში რაიმე გადაადგილება-გადმოადგილება მოახდინოს, ან ვინმე გარიცხოს. ეს ყველა პარტიის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. სხვა საკითხია, რეალურად, „ქართული ოცნება“ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება რამდენად საჩქაროა.

თქვენი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მოლოდინშია, თუმცა, თქვენ საგარეო კურსთან მიმართებაში ისევ თავის მართლება გიწევთ. ეს რაზე მიუთითებს?

- თავის მართლება არ მიწევს, ამას თქვენ მაიძულებთ. თავის გასამართლებელი რა გვჭირს? თუკი განმარტება გჭირდებათ, მზად ვართ, განმარტება 200-ჯერ გავაკეთოთ და საზოგადოებას პასუხები გავცეთ. კურსთან მიმართებაში არაფერი არ შეიცვლება და ეს ყველაფერი სპეკულაციების და დიდი საარჩევნო პროცესის ნაწილია. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ პროდასავლურ კურსზე ექსკლუზივი ვინმეს მიეწებებინა. ეს როგორც ნაციონალებს ეხება, ასევე სხვებს.

პროდასავლურ კურსზე თქვენი ეს რეპლიკა, რესპუბლიკელებსაც ეხებათ?

- პროდასავლურ კურსს ექსკლუზიურად ვერავინ ვერ დაიბრალებს. საქართველო რა კურსითაც მიდის, ეს „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის მიერ დაწყებულია, რომელიც გაგრძელდება.

რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, თქვენ ფიქრობთ, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან დიალოგის დაწყება ღირს?

- თუკი სერიოზული ნაბიჯები არ გადაიდგმება და გარდატეხა არ მოხდება, შეხვედრების გამართვაში აზრს ვერ ვხედავ, გარდა ჟენევის ფორმატისა.