11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“-ში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა საქართველოშია. M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსები“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები“ ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა და ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა. აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა.
ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. წელს „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა.
ქართულ-ამერიკული სწავლებას პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სერგეი ლავროვის უწყებაში თვლიან, რომ ნატო-ს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ამგვარ თანმიმდევრულ „ათვისება“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მიზანმიმართულ შერყევაზეა მიმართული, რომელსაც რუსეთის დიპლომატიური უწყების განცხადებით, ხელს უწყობს ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ თბილისის რევანშისტული მისწრაფებების წახალისება.
სერგეი ლავროვის უწყებას, საგანგებო განცხადებით უპასუხეს თბილისში. მიხეილ ჯანელიძის უწყებამ რუს დიპლომატს შეახსენა, რომ ნატო-სთან თავსებადობა საქართველოს დიდი ხნის გაცხადებული პოლიტიკაა.
„საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უფლება, თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება. ამასთან, საქართველოს სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ (Noble Partner 2016“) მმართველი გუნდში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა. საფინანსო-საბიუჯეტის კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ცოტა დაფიქრება გვჭირდება, რადგან ქართულ-ამერიკული წვრთნები გარკვეულ ირიბ გამოწვევას გავს, ამიტომაც მეჭუარის განცხადებით, რუსეთის რეაქცია არ უნდა გაგვიკვირდეს. უმრავლესობის წვერი აცხადებს, რომ ნატო არის აბსურდი და უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთთან, რუსეთის გარეშე ტეროტორიებს ვერ დავიბრუნებთ.
„რუსეთი არის მთავარი მოთამაშე რეგიონში. ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა კონფლიქტში ჩართული, ზოგიერთებს უნდათი რომ საომარი მოქმედებები გადმოანაცვლონ საქართველოში. ნატო-ს სურს, რომ კონფლიქტი საქართველოში გადმოიტანოს და აქ დაუპირისპირდეს რუსეთს. ამ ჩანაფიქრს ხელს უწყობს „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც ჩანერგილია ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის მიერ“, - აცხადებს თამაზ მეჭიაური.
მეჭიაურს ლოგიკას უწუნებს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ საკითხებში დავით ბაქრაძე და აცხადებს, რომ საქართველოში დაგეგმილი წვრთნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ქვეყნის ამერიკულ ჯარებთან თავსებადობას ემსახურება. დავით ქარაძის განცხადებით, ეს წვრთნები და მასზე გამოხმაურებები პირდაპირ მიანიშნებს, თუ ვინ ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ვინ ემუქრება მას.
მთავრობის წევრის ამ პოზიციის მიუხედავად, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებებით, მას მეჭიაურის განცხადებაზე მეტად, ამ საკითხზე მთავრობის დუმილი აკვირვებს. ზაქარეიშვილის კრიტიკას არ იზიარებს პრემიერ-მინისტრი და აცხადებს, რომ თუ ზაქარეიშვილს სხვა მოსაზრებები გააჩნია, შეუძლია მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილებები.
„თამაზ მეჭიაურის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს. მეჭიაურის განცხადება აბსოლუტურად აცილებულია იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის წევრის უკმაყოფილებას, პაატა ზაქარეიშვილს აკვირვებს „ქართული ოცნების“ დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დადასტურება არაერთხელ მოხდა არაერთ საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას მისი აზრით, დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება. თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება, რადგან მე ვფიქრობ, მთავრობის წევრის მხრიდან არაობიექტური კრიტიკა მმართველი ძალის, ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო, ამიტომ არ შემეძლო არ გამეკეთებინა ასეთი ვრცელი კომენტარი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, დეპუტატს უფლება აქვს, საკუთარი აზრი ჰქონდეს. თუმცა, აქვე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთიდან საფრთხეები მომდინარეობს და ის, რომ სწორედ რუსეთს აქვს საქართველოს 20% ოკუპირებული, ეს არის ცხადი.
„ის, რომ დეპუტატი ხედავს ამ საფრთხეს და ყველა ხედავს ამ საფრთხეს ეს ფაქტია. მეორეა, რომ ეს წვრთნები არც ერთი სახელმწიფოს და მათ შორის, არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს არის მკაფიო გზავნილი, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს. დეპუტატს უფლება აქვს, თავისი აზრი ჰქონდეს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მანანა კობახიძემ.
კობახიძის განცხადება საკმარისი არგუმენტები არ არის ოპოზიციისთვის. დეპუტატი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ვიქტორ დოლიძე თვლის, რომ უმარვლესობა ან უნდა გაემიჯონს მეჭიაურის განცხადებას, ან დაადასტუროს, რომ იზიარებ მის მოსაზრებას. დოლიძე თვლის, რომ ქვეყნის საფრთხის შემცვლელია არა ქართულ-ამერიკური წვრთნები, არამედ განცხადება, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტის კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს.
„ასეთი განცხადებები ბადებს ეჭვებს. ჭურში არავინ არ ვცხოვრობთ, კარგად ვხედვათ, კარგად გვესმის და კარგად ვაანალიზებთ იმ განცხადებებს, რომელიც გაჟღერდება ხოლმე უმარვლესობის მხრიდან. ან უნდა დაადასტურონ, რომ მხარს უჭერენ მეჭიაურს, ან უნდა უარყონ, რომ ეს განცხადება არ არის უმრავლესობის შეხედულება და ხედვა ამ საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ სწავლებას, ეს არაა პირველი პროცესი, პერიოდულიად მინდინარებს საქართველოში ნატოს სწავლებები.
მაშინ რისთვის გავხსენით ვაზიანში ნატოს სასწავლო ცენტრი, რისთვის შევიმუშავეთ უელსში ასეთი სერიოზული თანამშრომლობის პაკეტი? დიახ, წვრთნებიც უნდა ჩავატაროთ და ჩვენი თავდაცვისუნარიანობაც უნდა განვამტკიცოთ. დამიჯერეთ, ასეთი განცხადება ძალიან ვნებს ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, ბევრი კითხვა იბადება ბრისულეში თუ სხვა დედაქალაქებში, როგორ კეთდება ამგვარი განცხადებები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვიქტორ დოლიძე.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, მას შემდეგ რაც კოლაციიდან გავიდა პროდასავლური ჯგუფი, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე ჩუმად იყვნენ, თუმცა უკვე ცდილობენ, რომ საგარეო კონცეფციის რევიზია მოახდინონ და დაუბრუნდნენ პირველად კონცეფციას - ანუ, საქართველომ არ გააღიზიანოს რუსეთი.
„საზოგადოებრივი ზრის გამოკითხვას თუ შევხედავთ, აშკარაა, რომ საზოგადოება მხარს უჭერს ევრატლანტიკურ ინტეგრაციას. შესაბამისად, მეჭიაურის, თოფაძის და ასეთი ადამიანების განცხადებების მიზანია გაიგონ საზოგადოებრივი აზრი, აკვირდებიან როგორ შეხვდება საზოგადოება ასეთ განცხადებას. ეს შეიძლება იყოს გარკვეული შესამზადებელი პერიოდი, როდესაც ახალი არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ უფრო გაძლიერებული შემადგენლობით შემოვა ქართულ პოლიტიკაში, რომ მოხდეს საგარეო და უსფრთხოების პოლიტიკის კორექცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
მისივე თქმით, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია როგორ დაკომპლექტდება „ქართული ოცნების“ პარტიული სია. თუ უმარველოსობაში რეტროგრადების ჯგუფი აღმოჩნდა, ასეთ შემთხვევაში ამ ტიპის განცხადებები უფრო გაძლიერდება, რამაც შეიძელება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შენარჩუნებას.
„იგივეს ვერ ვიტყვით აღამასრულებელ ხელისუფლებაზე. ხელისუფლებაში არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულად გავლენისთვის იბრძვიან. თუ რეტროგრადების ჯგუფი აღმოჩნდება უმარავლესობაში, მაშინ უფრო გაძლიერდება ასეთი განცხადებები და შესაძლოა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის გადახედვის მცდელობაც ჰქონდეთ“, - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ რუსეთთან ყველაზე ეფექტური პოლიტიკაა არ მოხდეს მისი პროვოცირება, მაგრამ ამავე დროს უნდა დაანახო, რომ შენ დაგიცავენ ამერიკელები.
„იმედია, საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს, რომ თუ ვინმე დაიცავს საქართველოს, ეს არის მხოლოდ ამერიკა. ამიტომაც, ამერიკის მხრიდან ხშირი წრთვნების გამართვა საქართველოს ტერიტორაზე, რეალური შემაკავებელი ფაქტორია რუსეთისთვის, რადგან რუსეთი ვერასოდეს ვერ გაბედავს შეეხოს ამერიკელ ჯარისკაცს.
ამას ძალიან კარგად ხვდებიან ლატვიელები და ესტონელები, ამიტომაც ითხოვენ ამერიკელი ჯარისკაცების შეყავანას, რადგან ეს მათი უსაფრთხოების რეალური გარანტიაა და რასაკვირველია - ჩვენიც. მგონია, რომ ასეთი განცხადება არის თამაშის ნაწილი, როდესაც ერთი მხრივ, თანამშრომლობ ამერიკასთან, მეორე მხრივ მეჭიაურისნაირი ადამიანი ამბობს, რომ ეს ცუდია. საბოლოო ჯამში, ეს განცხადება რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.