განსხვავებამ საყოველთაო აღწერის მონაცემებსა და საარჩევნო სიებს შორის ყველაზე მეტად ოპოზიცია დააფიქრა. ის, რომ იუსტიციის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ერთმანეთს არ დაემთხვა, საარჩევნო მიზნებით მანიპულირებაში დაარწმუნა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე. კაციტაძე მიიჩნევს, რომ ცდომილება შესაძლოა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საბედისწერო გახდეს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ საქსტატმა დაითვალა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მოცემულ დღეს იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. სერვისების განვითარების სააგენტომ კი დაითვალა საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც არჩევნების დღისთვის საარჩევნო ხმის უფლების მქონეა.
საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსმა პაატა შავიშვილმა კი განმარტა, რომ სტატისტიკის სამსახურმა აღწერა მხოლოდ 2014 წლის 5 ნოემბერს საქართველოში ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობა და საყოველთაო აღწერის მონაცემებში არ შესულან ემიგრანტები. მართალია, საქსტატმა აღწერისას ოჯახებისგან მიიღო ინფორმაცია 88 ათასი ემიგრანტის შესახებ, თუმცა, სავარაუდოდ, მათი რეალური რაოდენობა ბევრად მეტია. თუმცა, თავის მხრივ, პაატა შავიშვილიც ირწმუნება, რომ საყოველთო აღწერის შედეგებს საარჩევნო სიის დაზუსტებაზე გავლენა არ ექნება.
2014 წლის ნოემბრის საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონ ადამიანს შეადგენს. აქედან 18 წლის ან მეტის მოსახლეობის დაახლოებით 78%-ია, ეს კი ნიშნავს, რომ 17 წლის ჩათვლით დაახლოებით 800 ათასი ადამიანია, ხოლო სრულწლოვანი და საარჩევნო ხმის უფლების მქონე დაახლოებით 2.9 მილიონია.
იმ სიაში კი, რომელიც 2016 წლის 1-ელ მაისს იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცა, 3,53 მილიონი პოტენციური ამომრჩეველი ფიქსირდება, რაც დაახლოებით 600 ათასით აღემატება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებს.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პრობლემაა, როცა ორი სახელმწიფო უწყება ერთმანეთისგან განსხვავებულ მონაცემებს დებს. თანაც საუბარია ასი ათასობით განსხვავებულ ციფრზე, რაც ნიშნავს, რომ ცდომილება 15%-ის ფარგლებში იქნება.
მამუკა კაციტაძის აზრით, ამ ცდომილების მიზეზი შეიძლება იყოს დაბალკვალიფიციურობა ან ერთ-ერთი ამ სტრუქტურისა, ან ორივესი ერთად, ასევე, -არაკოორდინირებული მოქმედება ორი სახელმწიფო უწყებისა.
„ეს რომ იყოს ორი „ენჯეო“, ორი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვიტყოდი, ისინი არ არიან ერთმანეთთან კომუნიკაციაში და ერთს სხვა მეთოდი აქვს, მეორეს - სხვა, მაგრამ, როცა ორი სახელმწიფო სტრუქტურა ასეთ შედეგებს დებს, ეს მინიმუმ, არაკოორდინირებულობაზე, არაკვალიფიციურობაზე მეტყველებს, ან არის მესამე, სავარაუდო არგუმენტიც, რომ ეს არის შეგნებული მოქმედება, რომლითაც შეიძლება არჩევნების დღეს მანიპულირება 650 ათასი ამომრჩევლის ფარგლებში. 3 მილიონ 500 ათასიან ერთიან სიაში ეს ძალიან დიდი რიცხვია, ფაქტობრივად, 15-16%-ია, რაც მანიპულირების საშუალებას გაძლევს იმ ფონზე, როცა არჩევნებზე ასპროცენტიანი დასწრება არ იქნება. არჩევნებზე მიმსვლელთა მაჩვენებელი დაახლოებით 60-55-50%-ზე ჩამოვა, ასეთ დროს 15-16% არათუ გადამწყვეტი, არამედ, ფაქტობრივად, შედეგების განმსაზღვრელი იქნება. არ მინდა, აპოკალიფსური სიტუაცია დავხატო, მაგრამ საჭიროა სამოქალაქო რეესტრმა საკუთარ მონაცემებში (3 მილიონ 530 ათასში) შეიყვანოს ის 98 ათასი ამომრჩეველიც, რომლებმაც ბინები დაკარგეს, აქედან გამომდინარე, დაკარგეს რეგისტრაციის ადგილები და ახლა მათ აკარგვინებენ კონსტიტუციით მინიჭებული ხმის უფლებასაც, რადგან ბინებდაკარგული ხალხი ყველაზე დიდი საპროტესტო ელექტორატია და ისინი არც ერთ ხელისუფალს არ აწყობს. ამიტომ ეს 98 ათასი ამომრჩეველი, რომელიც აღწერილი ჰყავს სამოქალაქო რეესტრს, უნდა დაბრუნდეს ამომრჩეველთა სიაში და ამას სჭირდება საარჩევნო კოდექსის 185-ე პრიმა-მუხლში კონკრეტული ცვლილების განხორციელება, რაც ადრე იყო და 2014 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა კანონში ცვლილების შეტანით ჩამოართვა ამ ხალხს. გარდა ამისა, დარჩენილი რაოდენობა, ანუ დაახლოებით 550 ათასი ადამიანი უნდა გადამოწმდეს ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით და შევამოწმოთ, ეს ხალხი მოგონილია, გაბერილია ამ ადამიანების სია და ტყუის სამოქალაქო რეესტრი თუ ისინი გამორჩა სტატისტიკის სამსახურს აღწერის დროს. ამ ადამიანთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი ვიცით და უნდა მოხდეს მათი გადამოწმება კონკრეტულ მისამართებზე. და ბოლოს, კითხვის ნიშნები რომ არ დარჩეს, საჭიროა, ამ პროცესში დაინტერესებული მხარეები ჩაერთნენ და პროცესი გამჭვირვალედ ვაწარმოოთ“,-აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
მანვე განმარტა, რომ 650 ათასი ამომრჩევლით მანიპულირება პოლიტიკური საკითხია და არც ყოფილ, არც ყოფილის ყოფილ და არც ახლანდელ ხელისუფლებას არ აქვს უარი ნათქვამი მანიპულირებაზე. ამიტომ მამუკა კაციტაძეს არ ეგულება არც ერთი ხელისუფლება, რომელიც 15-20%-იან რეიტინგზე უარს იტყვის არჩევნების დროს. შესაბამისად, მამუკა კაციტაძის აზრით, როგორც ნაცმოძრაობა და „მოქალაქეთა კავშირი“ მანიპულირებდა, ასევე იმანიპულირებს „ქართული ოცნებაც“, თუკი ეს 650 ათასი ადამიანი დარჩება სამანიპულაციო რეჟიმში.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არჩევნებში ხმის მიმცემთა რაოდენობა ძალიან ადვილი დასათვლელია. მისი თქმით, 3 მილიონ 713 ათასს უნდა გამოაკლდეს 18 წლამდე ასაკის მოსახლეობა (800 ათასი ადამიანი) და რაც დარჩება, სწორედ ის იქნება არჩევნებში ხმის მიმცემი მოსახლეობა.
„საზღვარგარეთ რამდენია წასული, მთლიანად არ ვიცით. ეს ციფრი ჩვენთვის მხოლოდ დაახლოებითაა ცნობილი. მაგალითად, 2002-დან 2014 წლამდე წავიდა დაახლოებით 574 ათასი კაცი, მაგრამ საზღვარგარეთ ვერ დავდგამთ საარჩევნო ყუთებს, შეიძლება, დაიდგას მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში. რაც შეეხება 600-700 ათასი ადამიანის ხმით მანიპულირებას, რასაც ოპოზიცია შიშობს, ეს ნაციონალთა მოგონილია და მიმართულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. წლების განმავლობაში სწორედ ნაცმოძრაობა აყალბებდა მასობრივად არჩევნების მონაცემებს. მანიპულირება არ სჭირდება „ქართულ ოცნებას“. ახლაც ნაციონალები ქმნიან აჟიოტაჟს, თორემ რაღაც დარღვევები ყოველთვის იქნება არჩევნებზე. მასობრივი გაყალბება კი ახლა გამორიცხულია.
ის, რომ ორი სახელმწიფო უწყება ერთმანეთისგან განსხვავებულ მონაცემებს დებს, ძალიან ცუდია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონაცემების ზუსტი დამთხვევა არც მოხდება, რადგან განსხვავებულია აღწერის მონაცემები და საარჩევნო სიების რაოდენობა“,-აღნიშნა ანზორ თოთაძემ.