“ვერსია” აგრძელებს ჟურნალისტური მოკვლევის ციკლს, რომელიც ინგლისის სამეფო სასამართლოს სკანდალურ საქმეს ეხება. მართლმსაჯულების მაღალი სასამართლოს (სამეფო სასამართლოს) კანცლერის განყოფილების მოსამართლე პიტერ სმითმა განიხილა საქმე, რომელიც “ბლუ ტროპიკისა” და “კოპელა ვენჩერს ლიმიტედის” სარჩელს ეხებოდა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ. ინგლისის სასამართლომ ეს კომპანიები დაზარალებულად სცნო, ხოლო ჩხარტიშვილს მატერიალური ზარალის ანაზღაურება დააკისრა. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ინტერესებს ადვოკატები - ლაშა ბირკაია და კობა კვანტალიანი იცავენ. ამჯერად ამ გახმაურებული საქმის მხოლოდ ერთ ეპიზოდზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე უნივერმაღ “თბილისის” გასხვისებას ეხება.
ნუთუ, წლების განმავლობაში არასდროს გაგჩენიათ კითხვა, რა ბედი ეწია ქალაქის ცენტრალური გამზირის შუაგულში მდებარე შენობას, რატომაა ტომრებშემოხვეული და რატომ ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს? Aმ კიტხვაზე პასუხის ძიება 2012 წლის მაისში, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ყოფნის დროს დავიწყეთ. მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო ცვლილებების პროექტი “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ კანონში”, რომელიც თბილისში არსებულ დაუმთავრებელ შენობებს ეხებოდა. “ვერსიამ” ამ სტატიის მომზადებისას, ახალი კანონპროექტი “ცეკავშირისა” და უნივერმაღ “თბილისის” დაუმთავრებელი შენობების ფონზე განიხილა. “ცეკავშირთან” დაკავშირებით, ყველა დეტალი ოპერატიულად და შეუფერხებლად გავარკვიეთ. უნივერმაღ “თბილისის” გასხვისებასთან დაკავშირებით, საჭირო დოკუმენტი კი არა, არცერთ სახელმწიფო უწყებაში ქაღალდის ნაგლეჯიც არ აღმოჩნდა!
კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით მხოლოდ იმის გარკვევა შევძელით, რომ “ცენტრალური უნივერმაღის შენობა ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ ეკა შარაშიძის მინისტრობის დროს გაასხვისა ბრიტანულ კომპანია “უილბრუკზე”. ეს კომპანია ცენტრალური უნივერმაღის ნაცვლად, მრავალფუნქციური კომპლექსის -“თბილისი პლაზას” მშენებლობას გეგმავდა. ცენტრალური უნივერმაღის საერთო ფართი 85 000 კვადრატული მეტრია, “თბილისი პლაზას” შენობის ჭერი და წინა ფასადი კი პროექტის მიხედვით, შემინული უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, აგვისტოს ომის დროს, “თბილისი პლაზას” მშენებლობა შეჩერდა, რომელიც 2010 წელს უნდა განახლებულიყო, მაგრამ ეს შენობა ახლაც დაკონსერვებულია. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამართალდარღვევის საქმის წარმოების სამსახურის უფროსმა, ივანე ყანდაშვილმა “ვერსიას” განუცხადა, რომ ბრიტანულ კომპანია “უილბრუკს” მერიის შესაბამისი სამსახურისგან მშენებლობის ნებართვა ჯერ კიდევ არ აუღია. ბრიტანული კომპანია “უილბრუკის” შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ამ კომპანიის შესახებ არც თბილისის მერიაში ფლობენ ინფორმაციას.” (გაზეთი “ვერსია”, 2012 წლის მაისი) ის, რისი გარკვევაც 2012 წლის მაისში შეუძლებელი იყო, 2016 წელს ინგლისელი მოსამართლის ვრცელი დასკვნით შევძელით.
ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულმა კომპანია “კოპელა ვენჩერს ლიმიტედმა”, მისი წარმომადგენლის, იურისტ გიორგი ქავთარაძის საშუალებით, 2004 წლის 30 დეკემბერს, შპს “გედეონისა” და ფიზიკური პირისგან - ზურაბ ალავიძისგან, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ¹2/4-ში მდებარე უნივერმაღი “თბილისი” და მიმდებარე მიწის ნაკვეთები 900 000 აშშ დოლარად შეიძინა. 2007 წლის 17 აგვისტოს, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საშუალებით, “კოპელამ” უნივერმაღი “თბილისი” 12 275 000 აშშ დოლარად, შპს “მოვატ ჯორჯიას” მიჰყიდა. “მოვატ ჯორჯიამ” ეს ფული “კოპელას” საქართველოს ფილიალის საბანკო ანგარიშზე, კერძოდ, თიბისი ბანკის ანგარიშზე ჩარიცხა. ამ ტრანზაქციიდან 13 დღეში, ანუ 2007 წლის 30 აგვისტოს, უნივერმაღ “თბილისის” რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან, გიორგი ქავთარაძემ 10 მილიონი აშშ დოლარი ჩხარტიშვილის კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა. ჩხარტიშვილის დავალებით, გიორგი ქავთარაძემ “კოპელას” ანგარიშიდან 10 მილიონი აშშ დოლარი მოხსნა და “სონატა ალიანს ინკის” ანგარიშზე ჩარიცხა!
ინგლისის სამეფო სასამართლოში გამართულ პროცესზე გიორგი ქავთარაძე მოწმის სახით დაიკითხა, რომელმაც საკუთარ ჩვენებაში განმარტა, რომ 2004 წლის 30 დეკემბერს, უნივერმაღ “თბილისის” შესაძენი თანხა _ 900 000 აშშ დოლარი, ბადრი პატარკაციშვილმა გადაიხადა. ჩხარტიშვილმა კი საკუთარ ჩვენებაში აღნიშნა, რომ 900 000 აშშ დოლარი მან მოიტანა, რომლის ერთი ნახევარი (450 000 აშშ დოლარი) გიორგი ქავთარაძეს ნაღდი ფულის სახით მისცა, ხოლო მეორე ნახევარი ქავთარაძემ სესხის სახით, ჩხარტიშვილის კუთვნილი “გაერთიანებული ქართული ბანკიდან” აიღო. ამის გამო, ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა, ინვესტიცია აღარ ჩაედო, ჩხარტიშვილმა კი უნივერმაღი გასაყიდად გაიტანა და 12 275 000 აშშ დოლარად, მყიდველიც იპოვა. საინტერესო ის არის, რომ თანხის ნახევარი - 450 000 აშშ დოლარი, რომელიც ჩხარტიშვილმა ნაღდი ფულის სახით, გიორგი ქავთარაძეს მისცა, მისი ოფისის სეიფში ინახებოდა. ჩხარტიშვილმა სეიფი გახსნა, 450 000 აშშ დოლარი გამოიღო და ქავთარაძეს გადასცა, რომელმაც ეს თანხა უნივერმაღ “თბილისის” შესაძენად გამოიყენა.
საკუთარ ჩვენებაში გიორგი ქავთარაძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი არ ახსოვდა! მეტი დამაჯერებლობისთვის, ვანო ჩხარტიშვილმა “დააზუსტა”, რომ სეიფიდან გამოღებული ნაღდი ფული _ 450 000 აშშ დოლარი, ტილოს ტომარაში ჩადო და ქავთარაძეს გადასცა... მოსამართლე პიტერ სმითს არ უკვირს, რომ ბიზნესგარიგებები ნაღდი ფულითაც ხორციელდება, მაგრამ მან ზუსტად იცის, რომ საქართველოში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობა მოქმედებს. ამიტომ ჩხარტიშვილი, როგორც საჯარო პირი, ვალდებული იყო, ეს თანხა ან ამ თანხით შეძენილი უძრავი ქონება, 2004-2005 წლების ქონებრივ დეკლარაციაში აესახა. ცხადია, ჩხარტიშვილმა სეიფში შენახული 450 000 აშშ დოლარი არ დაადეკლარირა, რაც ქართული კანონმდებლობით, აშკარად კანონდარღვევად და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება! ამასთან დაკავშირებით, ვანო ჩხარტიშვილმა ინგლისის სასამართლოში აბსურდული განცხადება გააკეთა: “სეიფში შენახული ნაღდი ფული დეკლარირებას არ ექვემდებარება”(?!), რამაც ინგლისელი მოსამართლე შოკში ჩააგდო. ამის მიუხედავად, მოსამართლე ქართველი პოლიტიკოსის მისამართით დამამცირებელ შენიშვნებს მაინც მოერიდა და საკუთარ დასკვნაში განაცხადა, რომ ჩხარტიშვილმა ეს ჩვენება მოიგონა! სინამდვილეში, მოსამართლე პიტერ სმითს ეჭვი არ შეპარვია, რომ ეს კონკრეტული ქონება და აქტივები ბადრი პატარკაციშვილის სახსრებით შეიძინეს, რაც გიორგი ქავთარაძემაც დაადასტურა!
ჩხარტიშვილის დაკითხვის სკანდალური დეტალები ივანე ჩხარტიშვილი ადვოკატმა ჯოუ სმოუჰამ დაკითხა. სტენოგრამიდან ამონაწერი:
- ბ-ნო ჩხარტიშვილო, გადავიდეთ სუპერმარკეტზე, რომელიც ზოგიერთგან მოხსენიებულია, როგორც “უნივერმაღი”. რეალურად, ჩვენ განვიხილავთ სამ ქონებას, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული და რომლებიც შეძენილ იქნა ერთსა და იმავე თარიღში - 2004 წლის 30 დეკემბერს.
- დიახ.
- უნივერმაღი და პლუს ორი მიწის ნაკვეთი, ხომ?
- დიახ.
- სამივეს ნასყიდობის თანხა ჯამში, 1.2 მილიონი აშშ დოლარი იყო?
- დიახ.
-ეს ქონებები შეძენილ იქნა “კოპელას” მიერ, ხომ?
- დიახ...
- ბ-ნო ჩხარტიშვილო, შეგიძლიათ წაიკითხოთ მე-3 ნაწილის პირველი სამი წინადადება? “ეს ნაწილი აღწერს ფაქტებს, რომლებიც ეხება ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში, “კოპელა ვენჩერს ლიმიტედის სახელზე” რეგისტრირებული უძრავი ქონებების შეძენას, მართვასა და გაყიდვას“. თუ შეიძლება შევხედოთ 3.2-ის პირველ წინადადებას, სადაც წერია, რომ “უნივერმაღთან” დაკავშირებით ამხანაგობის წევრებს შორის შედგა შემდეგი ზეპირი შეთანხმება, რომლითაც ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში, 900 000 აშშ დოლარად შეიძენდნენ უნივერმაღს. ეს არის ის, რაც წერია საქართველოში მიმდინარე პროცესზე თქვენს სარჩელში. უარყოფთ, რომ ეს ასეა?
- არა, მე არ უარვყოფ არაფერს. უბრალოდ, მე ვიყიდე, მე გადავიხადე ფული და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადავიხადე ფული და შევიძინე, შევთავაზე ბადრის.
მოსამართლე პიტერ სმითი: რა თანხა გადაიხადეთ?
- ჩემი კუთვნილი ფული გადავიხადე და შემდეგ დავფარე ეს თანხა 2006 წელს.
ადვოკატი ჯოუ სმოუჰა: ეს არ არის სიმართლე. თქვენ ეს ისტორია გამოიგონეთ იმ მიზეზით, რომ ცდილობთ ამ პროცესზე ამტკიცოთ, რომ უნივერმაღის გარიგება მხოლოდ თქვენ ერთს გეხებოდათ. სინამდვილეში, შეძენა განხორციელებულ იქნა იგივე საფუძვლით, როგორც სხვა გარიგებების შემთხვევაში იყო. ბადრიმ გადაიხადა შეძენის ფასი და მოგება უნდა განაწილებულიყო შეთანხმებული საფუძვლით. ხომ ასეა?
- არა, ეს ასე არაა. მე გადავიხადე ფული ჩემი პირადი რესურსით და არ არსებობს რაიმე წყარო, რაც დაადასტურებდა, რომ ეს ბადრის ფული იყო.
- მეორე ჩვენებაში თქვენ ამტკიცებთ, რომ ანგარიშსწორება მოხდა ნაღდი ფულით.
- ნაწილი გადავიხადე ნაღდი ფულით, მეორე ნაწილისთვის გამოვიყენე ბანკიდან აღებული სესხის თანხა და 2006 წელს დავფარე ეს თანხა ბანკში... არ ყოფილა გამოყენებული ბადრის არცერთი დოლარი ამ საქმეში და ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით.
-მოდით, შევხედოთ თქვენი ნათქვამის ყველა ასპექტს. ამბობთ, რომ გადაიხადეთ 450 000 აშშ დოლარი ნაღდი ფულით, რომელსაც ინახავდით თქვენს სეიფში.
- დიახ, მე ვიჯექი ბანკში და ეს ფული მქონდა ბანკში.
- ბანკში?
- დიახ, მე ვმუშაობდი ბანკში და მქონდა ჩემი ოფისი ბანკში, რადგან ბანკის ერთ-ერთი აქციონერი ვიყავი. სხვადასხვა დროს ვიყავი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და ვმუშაობდი ამ ბანკში.
- ამტკიცებდით, რომ ეს თანხა ინახებოდა თქვენი ოფისის სეიფში.
- დიახ.
- თქვენ ეს ამბავი იმ მიზეზით გამოიგონეთ, რომ არ გაქვთ თანხის გადარიცხვის ქვითარი.
- მე გადავიხადე ეს თანხა. ის გადარიცხულ იქნა ბ-ნი ქავთარაძის ანგარიშზე და შემდეგ დავფარე ეს თანხა. ასე რომ, თუ ეს ბადრის ფული იყო, ან უნდა არსებობდეს რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი რომ ეს თანხა ბადრისგან იყო, ან რომ მან დაფარა ეს თანხა ბანკში ან სადმე სხვაგან, მაგრამ ასეთი დოკუმენტი არ არის.
- თქვენ პირადად აიღეთ ეს ფული სეიფიდან?
- დიახ, ეს ჩემი პირადი სეიფია...
მოსამართლე პიტერ სმითი: უკაცრავად, აქედან თქვენ გადაიხადეთ 450 000 ნაღდი ფულით, რომელიც აიღეთ თქვენი სეიფიდან, სწორია? და ის მიცემულ იქნა ბ-ნ ქავთარაძეზე, რომ მომხდარიყო ბანკში ფულის გადახდა და თქვენ წაყევით მას ფულის გადასახდელად, ასეა?
- არა, მე არ წავყოლილვარ. მე დავრჩი ჩემს ოფისში და ის წავიდა, რომ თვითონ გადაეხადა.
ბ-ნი პიტერ სმითი: თქვენ დარჩით თქვენს ოთახში. მან აიღო ქვითარი, მაგრამ თქვენ არ მიგიღიათ ქვითარი არც მისგან (ქავთარაძისგან) და არც ბანკისგან, სწორია?
- არა, ქავთარაძე ასრულებდა ძალიან ბევრ ოპერაციას და ეს იყო ერთ-ერთი ჩვეულებრივი ოპერაცია.....”
აქვე ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ მან გამოიტანა სესხი, რომელზეც პირადად ჩადგა თავდებში, არ შეუდგენიათ არც სესხის და არც თავდებობის ხელშეკრულება, რადგან ეს თურმე “მიღებული პრაქტიკა იყო. ჩვენ ვიყავით რეალური მესაკუთრეები და ჩვენ ვმართავდით ბანკს. ასე რომ სიტყვიერი ბრძანებებით, მენეჯმენტი გასცემდა ხოლმე ამ სესხებს და ეს არ მომხდარა მხოლოდ ამ შემთხვევაში, ასე ხდებოდა ბევრ სხვა შემთხვევაშიც. ამიტომ ბანკის ფასიც, ბანკის აქციებიც შემცირდა ასეთი პრაქტიკის გამო, მაგრამ რეალურად ასეთი იყო პრაქტიკა იმ დროისთვის და ჩვენ მას ხშირად ვიყენებდით.”