როგორ არიან დაცული ჩვენი სამხედროები ავღანეთში

როგორ არიან დაცული ჩვენი სამხედროები ავღანეთში

13 მაისს ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილს თალიბები განსხვავებული ტაქტიკით დაესხნენ თავს.

თუკი აქამდე, ძირითადად, ქართული სამხედრო კონტინგენტის ქვეით და საავტომობილო პატრულს ესხმოდნენ თავს, ამჯერად კომბინირებული იერიში უშუალოდ ქართველ სამხედროთა ბაზაზე მიიტანეს. ჯერ ბაზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რამდენიმე ასეული კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით  დატვირთული ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ხუთი თალიბი სროლით შეიჭრა ბაზის ტერიტორიაზე.

თავდასხმის ეს ტაქტიკა თალიბებმა უკვე არაერთხელ გამოიყენეს. ამას ადასტურებს მათ მიერვე ინტერნეტით გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაა გადაღებული.

როგორ არიან დაცული ჩვენი სამხედროები ავღანეთში?

თითოეული სამხედრო მოსამსახურე აღჭურვილია ჯავშანჩაფხუტით და ჯავშანჟილეტით, უკეთიათ სპეციალური დამცველი მუხლებზე და მზისგან დამცავი სათვალე, რომელიც თვალებს იცავს მექანიკური დაზიანებისგანაც.

თუმცა ყველა ეს საშუალება უძლურია, თუკი რამდენიმე ათეულ მეტრში ნახევარი ტონა ტროტილით დატვირთული სატვირთო ავტომობილი აფეთქდება, როგორც ეს 13 მაისს მოხდა.

ის, რომ ქართველმა სამხედროებმა სროლის მიუხედავად, ბაზის შესასვლელამდე თვითმკვლელის სატვირთო ავტომობილის შეჩერება ვერ შეძლეს, გასაკვირი არ არის, რადგან მათ საშტატო შეიარაღებაში არსებული M4 ავტომატური კარაბინისა თუ "ნეგევის" ტიპის ტყვიამფრქვევის 5,56 მმ კალიბრის ტყვიებს არ გააჩნიათ ასეთი შემაჩერებელი ძალა. GRV ტიპის ტყვიამფრქვევებიდან ნასროლ ბევრად მძლავრ 7,62 მმ კალიბრიან ტყვიებს, სავარაუდოდ, შეეძლოთ თვითმკვლელის სატვირთო ავტომობილის ძრავის მწყობრიდან გამოყვანა და მანქანის შეჩერება.

ავღანეთში ISAF -ის ყველა სამხედრო ბაზა თითქმის ერთნაირი, სტანდარტული თავდაცვის ზღუდეებითაა აღჭურვილი. სხვათა შორის, 42-ე ბატალიონის მებრძოლებმა ავღანეთში წასვლამდე სპეციალური მომზადება გაიარეს რუსთავთან, ალგეთის სამხედრო პოლიგონზე, სადაც სამხედრო ბაზა თავდაცვის სწორედ ისეთი ზღუდეებითაა აღჭურვილი, როგორც ავღანეთში, ასე რომ, სამხედრო ბაზის საკონტროლო გამშვები პუნქტისა და პერიმეტრის დაცვას ქართველი სამხედროები ავღანეთში წასვლამდე ალგეთის პოლიგონსა და გერმანიაში ერთთვიან მოსამზადებელ კურსებზე სწავლობენ.

პატრულირებისას ქართველი სამხედროები, ისევე, როგორც ამერიკელები, MRAP-ის ტიპის ჯავშანმანქანებს იყენებენ. ისინი დაცვის ხარისხით ბევრად აღემატება იმ შეჯავშნულ "ჰამვებს", რომლებითაც ქართველი სამხედროები ერაყში გადაადგილდებოდნენ. MRAP-ების უკეთ ასათვისებლად ამერიკულმა მხარემ საქართველოში ორ ათეულზე მეტი ასეთი ჯავშანმანქანა ჩამოიყვანა. ჩვენი სამხედროები ავღანეთში გამგზავრებამდე სწორედ ამ მანქანებით გადიან მომზადებას.

სანამ ქართველი სამხედროები ავღანურ მიწაზე დარჩებიან, საფრთხე ყოველთვის იარსებებს, თუმცა მეტი წინდახედულება, სიფრთხილე, სიტუაციის ანალიზი და რაც მთავარია, ოპერატიული და სანდო ინფორმაციის მოპოვება მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს.