გაერთიანდებიან თუ არა ინტერპარტიული ჯგუფის წევრები პატრიოტთა ალიანსთან და გაურიგდება თუ არა სხვა პოლიტიკურ ძალებს მამუკა კაციტაძე

გაერთიანდებიან თუ არა ინტერპარტიული ჯგუფის წევრები პატრიოტთა ალიანსთან და გაურიგდება თუ არა სხვა პოლიტიკურ ძალებს მამუკა კაციტაძე

„გაერთიანდებიან თუ არა ინტერპარტიული ჯგუფის წევრები „პატრიოტთა ალიანსთან“ და გაურიგდება თუ არა სხვა პოლიტიკურ ძალებს მამუკა კაციტაძე“-„ახალი თაობა“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

„იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციას ერთი ამბავი აქვს ატეხილი, ხელისუფლება საარჩევნო კოდექსში არაფერს თმობსო, რეალურად ხელისუფლება კონკრეტულად არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდა და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს წაყენებული 5 მოთხოვნიდან 4 დაუკმაყოფილა.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება - ხელისუფლება ხელს უწყობს მცირე პარტიებს, რომ მათ მიიღონ დაფინანსება და ჰქონდეთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია ნორმალურ პირობებში ჩაატარონ.

ინტერპარტიულ ჯგუფთან  შეხვედრა იყო ხელისუფლების კეთილი ნება, ხელი შეეწყო პარტიებისთვის და შეცვლილიყო  ის მოთხოვნები, რაც ამ დროისთვის რეალურად შესაძლებელია. არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნათა 80% გათვალისწინებულია და ხელისუფლება კვლავ კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნას გამოთქვამს.

არასაპარლამენტო ოპოზიციას ჰქონდა წინადადებები, რომლის განხილვასაც ითხოვდა უმრავლესობის ფორმატში. მათ წარმოადგინეს 5-პუნქტიანი წინადადებები, რომელიც ეხებოდა საარჩევნო სისტემას, ბარიერს, სარეკლამო დროს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თემატიკას.

საარჩევნო სისტემის ცვლილება უკვე შეთავაზებულია პარლამენტისთვის, კანონპროექტის განხილვა უახლოეს ხანებში დაიწყება და 2016 წლის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

რაც შეეხება დანარჩენ წინადადებებს, საარჩევნო კომისიების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნა იყო, რომ კვალიფიციურ სუბიექტებს ჰყოლოდათ ერთი წარმომადგენელი. ვინაიდან კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტებიდან  4-ს ჰყავდა კომისიის წევრი, ეს რეალობა შეიცვალა, კოალიცია დაიშალა და ყველა სუბიექტი ცალ-ცალკე აპირებს არჩევნებში კენჭისყრას. დღეს კი  მათი მოთხოვნა, დე-ფაქტო შესრულებულია.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, ეს ეხება ბარიერის 3 %-მდე ჩამოწევას. საპარლამეტნო უმრავლესობას ინიცირებული აქვს 4%-ზე დაწევა. უბრალოდ, დროის სიმცირიდან გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილება ვერ მოესწრება ამ არჩევნებისთვის. თორემ პრინციპული წინააღმდეგობა უმრავლესობისგან ამ საკითხზე არ ყოფილა.

რაც შეეხება იმას, რომ კვალიფიციურად ჩათვლილიყო პარტია, რომელიც 2%-ს გადალახავს, საპარლამენტო უმრავლესობამ ამაზე თანხმობა განაცხადა და ეს მოთხოვნა გაითვალისწინა.

ხუთივე წინდადება ვერ იქნებოდა მიღებული. ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე სიტუაციას წარმოაჩენს ისე, რომ თუ სისტემა არ შეიცვალა, დანარჩენი არ აინტერესებთ.

ეს ცოტა გაუგებარი პოზიციაა. თუ სხვა მოთხოვნები არ აინტერესებთ, მაშინ რატომ წამოაყენეს ეს წინადადება? მათ მიერ წარმოდგენილ მოთხოვნათა 80% გათვალისწინებულია.

ე.წ. გერმანული მოდელის მიღება სახელმწიფოებრივი მმართველობის არსებული მოდელის პირობებში, წარმოუდგენელია, რადგან არჩევნების შემდეგ, შეფერხდება პრემიერის დანიშვნისა და  მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დამტკიცების პროცესი.

და მაინც, რას გულისხმობს ე.წ. „გერმანულ მოდელი“?!

იგი ითვალისწინებს არსებული სისტემის შენარჩუნებას, თუმცა, ამ მოდელის თანახმად, პარტიის მიერ პარლამენტში ადგილების მოპოვება დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ესა თუ ის პარტია პროპორციულ სისტემით არჩევნებში მონაწილეობის შედეგად.

„გერმანული მოდელის“ მიხედვით, ყველა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი პარლამენტში დაიკავებს ადგილს, მიუხედავად იმისა, რა პროცენტული მაჩვენებელი აიღო პარტიამ პარტიული სიით. თუ პროპორციული სისტემით პარტიამ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე ის რაოდენობა, რაც მაჟორიტარების სახით შეიყვანა, პარტია უკვე პარტიული სიიდან შეავსებს ამ ადგილებს.

ასეთი განაწილების შედეგად პარტიის წარმომადენლობა პარლამენტში უფრო ახლოს იქნება პარტიული სიებით მიღებული სიების პროპორციასთან. თუ პარტია პარლამენტში შიეყვანს იმაზე მეტ მაჟორიტარ დეპუტატს, ვიდრე მისი წილია პარტიული სიით მიღებული ხმების მიხედვით, ის შეინარჩუნებს მაჟორიტარი დეპუტატის ყველა ადგილს, თუმცა პარტიული სიით დამატებით ვერც ერთ დეპუტატს ვერ შეიყვანს.

ხელისუფლება მზადაა, კვალიფიციური სუბიექტებისთვის, საარჩევნო ბარიერი 4%-მდე შეამციროს, მაგრამ ეს ინიციატივა მამუკა კაციტაძემ ცოტა ხნის წინ გაახმოვანა და ამიტომ პარლამენტი ვერ შეძლებს შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს კონსტიტუციაში, რაც აუცილებელია ახალი ბარიერის დაწესებისთვის.

ინტერპარტიული ჯგუფი ითხოვდა სარეკლამო დროს, რაც ასევე გათვალისწინებულია კანონით განსაზღვრული  პარტიების დროის შემცირების ხარჯზე. ისინი ითხოვდნენ უფასო სარეკლამო დრო მისცემოდა იმ სუბიექტთა ერთობლიობას, რომლებიც ჯამში შეაგროვებდნენ 2 %-ს.

ამაზე საპარლამენტო უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, ვინაიდან სარეკლამო დრო და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. გასათვალისწინებელია, რომ კოალიციის დაშლის შემდეგ, საარჩევნო კომისიაში თითო პარტიას ერთი წევრი ჰყავს - კვალიფიციურობისა და  დაფინანსების მიხედვით.

ინტერპარტიული ჯგუფის წევრი პარტიების დიდი ნაწილი შესაძლოა გაერთიანდეს ბლოკში „პატრიოტთა ალიანსთან“. ცნობილია, რომ ამ თემაზე  ირმა ინაშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ირმა ინაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ოპოზიცია გადადის გაერთიანების რეჟიმში, ოპოზიცია გადის გარეთ.

ინტერპარტიული ჯგუფის 13 პარტიიდან 10-მა საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბა, 2-მა პარტიამ - "ლეიბორისტებმა" და "დემოკრატიულმა საქართველომ" -თქვა, რომ მხოლოდ დამკვირვებელი იქნება, "ახლები" კი საბჭოს ემიჯნებიან.

ირმა ინაშვილმა არ გამორიცხა ისიც, რომ შესაძლოა, საბჭო საარჩევნო ბლოკადაც გადაიქცეს. ასევე ითქვა, რომ თუ ასეთი ბლოკი ვერ შეიქმნება, იმაზე მაინც მოხდება შეთანხმება, რომ ერთმანეთს მაჟორიტარები არ დაუყენონ და ერთმანეთს ხმები ასე მაინც არ წაართვან.

არსებული ინფორმაციით, ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ აკაკი ბობოხიძესთან შეთანხმებით მოქმედებს. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ყველას კარგად ახსოვს, 2011 წელს მამუკა კაციტაძის განცხადების შედეგად „რვიანის“ დაშლა, შემდეგ კი ცესკოს სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარედ მისი დანიშვნა.

2011 წლის ივნისში, „ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივა, „რვიანის“ წევრი პარტიების მიერ ხელისუფლებასთან ინდივიდუალური კავშირებით მიზნის მიღწევის შესახებ, საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე გაერთიანების წევრი ზოგიერთი პარტიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

15 ივნისს, „რესპუბლიკური პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ბოლომდე ამოწურული არ არის. კაციტაძის ამ განცხადებამ, ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა „რვიანის“ მიერ 7 ივნისს გამოცხადებულ მოქმედების გეგმას, რომელიც საპროტესტო აქციების ჩატარებასა და პლებისციტის გამართვას ითვალისწინებდა.

სწორედ მამუკა კაციტაძის ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა შეკითხვა, იშლება თუ არა ოპოზიციური „რვიანი“. მოგვიანებით გაირკვა, რომ განცხადების შემდეგ 2 დღეში მამუკა კაციტაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პავლე კუბლაშვილს შეხვდა.

"მე მივიღე ერთმნიშვნელოვნად პასუხი, რომ რამდენიმე დღეში ხელისუფლება იქნება მზად კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პასუხები, კონკრეტული შემოთავაზებები გააკეთოს ჩვენს წინადადებებზე, რომელთა საფუძველზეც შესაძლებლად თვლიან ისინი, რომ შედგება შეთანხმება,“ – განაცხადა მაშინ მამუკა კაციტაძემ.

დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა კი აღნიშნა, რომ ორივე მხარე შეეცდება დააახლოვოს პოზიციები იმ შემოთავაზებების საფუძველზე, რომლებიც მხარეებმა უკვე წამოაყენეს. მას მხედველობაში ჰქონდა მმართველი პარტიის მიერ 9 მარტს წარმოდგენილი წინადადებები და ოპოზიციური რვიანის 5 აპრილის შემოთავაზება.

მან ასევე მიანიშნა, რომ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის ფორმატის აღდგენა, რომლის ფარგლებშიც მოლაპარაკებები 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის მარტამდე მიმდინარეობდა, უკვე ნაკლებად სავარაუდო იყო. კუბლაშვილმა განაცხადა, რომ "უფრო ეფექტური“ იქნებოდა  "ინდივიდუალური კონსულტაციების“ გამართვა ცალკეულ პარტიებთან.

მოგვიანებით, გოჩა ჯოჯუამ განაცხადა, რომ „გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე და დავით გამყრელიძე მაშინ სააკაშვილს გაურიგდნენ და „რვიანი“ ამიტომაც დაშალეს.

“ეს იყო ღალატი! სააკაშვილმა ოპოზიციას 1 მილიონ ლარამდე თანხა გამოუყო. თარგამაძე, ვეფხვაძე და გამყრელიძე სააკაშვილს რვა სუბიექტის სახელით ევაჭრნენ და მხოლოდ მათ მიიღეს ის სიკეთე, რომელიც დანარჩენებზე უნდა გადანაწილებულიყო!”, - აცხადებდა ჯოჯუა.

ამ ყველაფრის შემდეგ მამუკა კაციტაძე ცესკოში, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 2012 წლის ივლისში ამომრჩეველთა დაზუსტებული სია ისევ არ არსებობდა. კომისიას ამომრჩევეთა ლიგამ უნდობლობა გამოუცხადა და ალტერნატიული “კარდაკარის” აქცია დაიწყო.

კაციტაძის თქმით, ისინი ხელისუფლებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რამდენიმე მოდელს სთავაზობენ.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ალტერნატიული წინადადებებიც გვაქვს წარდგენილი, ერთი ის რაც 200 ათასი ხელმოწერით დადასტურდა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. მეორე გერმანული მოდელი და მესამე დისბალანსი პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემას შორის. პირველ შეხვედრაზე არცერთი საკითხი დახურულად არ გამოცხადებულა მათ შორის არც საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

საარჩევნო კომისიების პარტიული წევრები (სულ - 7) დაინიშნება არა კვალიფიციური პარტიების მიერ, არამედ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ.

პარლამენტის არჩევნებში მანდატები ერთიანი პროპორციული სიით განაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლებიც გადალახავენ ხმათა 3 %–იან ბარიერს.

კვალიფიციურად ჩაითვლება პარტია, რომელმაც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის ფარგლებში უკანასკნელ საერთო (საპარლამენტო ან ადგილობრივ) არჩევნებზე გადალახა 2%-იანი ბარიერი;

ერთჯერადი ზომები არაკვალიფიციური პარტიების მიმართ (2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის) ასეთია:

სარეკლამო დრო მიეცემა სუბიექტების ერთობლიობას, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნებზე ჯამურად გადალახეს 2%-იანი ბარიერი - თუკი არჩევნებამდე დადგენილ ვადებში შექმნიან საარჩევნო ბლოკს.

საარჩევნო კომისიაში ანაზღაურებადი წარმომადგენლის დანიშვნის უფლება მიეცემათ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთაც:

ა) ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე ცალკე ან ჯამურად გადალახეს 1%-იანი ბარიერი, თუკი არჩევნებამდე დადგენილ ვადებში შექმნიან საარჩევნო ბლოკს;

ბ) რომელთაც მონაწილეობა მიიღეს უკანასკნელ საერთო არჩევნებში და ჰყავთ წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის საკრებულოში;

ამასთან ერთად, დაწესდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აღკვეთის ეფექტური მექანიზმები: სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული სანქციები;

საინტერესოა, როგორ განვითარება მოვლენები, მაშინ, როცა მმართველი ძალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხოლოდ კონსტრუქციული თანამშომლობა სურთ ყველასთან, მათ შორის პატარა პარტიებთანაც და უარს იტყვიან იმ პარტიებთან მოლაპარაკებაზე, რომლებიც ამ ფორმატით ქულების გამოყენების თამაშში მონაწილეობენ“, - წერს ახალი თაობა“.