ავტოავარიაში მოყოლილი სამი დეპუტატის საიდუმლო

ავტოავარიაში მოყოლილი სამი დეპუტატის საიდუმლო

ატომ სარგებლობს დეპუტატი ფეიქრიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუთვნილივოლკსვაგენით“, რაში იხარჯება მაჟორიტარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა და როგორ აიძულებს კანონი თვითმმართველობებს მაჟორიტარების შენახვას

18 მარტს უმრავლესობის 3 დეპუტატი - გიორგი (თემურ) ფეიქრიშვილი, თენგიზ ხუბულური და მახირ დარზიევი ზესტაფონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და იმ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც დეპუტატები ისხდნენ. ამ ავტოსაგზაო შემთხვევით ,,ვერსია'' დღეს იმიტომ დაინტერესდა, რომ დაშავებული დეპუტატები გამოჯანმრთელდნენ, საპარლამენტო საქმიანობასაც დაუბრუნდნენ და საფრთხე არც მათ სიცოცხლეს ემუქრება. სამაგიეროდ, საფრთხე ემუქრება მომავალ არჩევნებს, ქვეყნის რეალურ, დემოკრატიულ განვითარებას, ხელისუფლების შტოების დეცენტრალიზაციასა და დამოუკიდებელ თვითმმართველობას, რომლისკენაც დეკლარირებულად მივდივართ. მაშ ასე, რა კავშირშია ავტოსაგზაო შემთხვევა და ეს პოლიტიკურ-პათეტიკური ტექსტი, როგორ არღვევენ და თან არ არღვევენ კანონს მილიონერი დეპუტატები?
ჩვენი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამტვრეული მანქანა, რომელსაც გარდაბნის მაჟორიტარი გიორგი ფეიქრიშვილი მართავდა, მისი პირადი საკუთრება არ ყოფილა. გიორგი ფეიქრიშვილი, დეპუტატობამდე, 2007-2012 წლებში, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ; შესაბამისად, სამსახურეობრივი მანქანა ემსახურებოდა. მას შემდეგ კი, რაც კენჭი პარლამენტის დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყარა, ის ავტომანქანა, რომელიც საკრებულოში ჰყავდა, ადმინისტრაციამ „მზითვში“ გაატანა. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია 60 000 ლარად შეფასებულ ,,ვოლკსვაგენზე'', რომელიც ფეიქრიშვილის პირადი საკუთრება არაა. პირველ რიგში, შევეცადეთ, ჩვენი ინფორმაციის ნამდვილობა გადაგვემოწმებინა და საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციას დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ დეპუტატები ავარიაში საკუთარი მანქანით მოყვნენ (რაც არასწორია!). პარლამენტის ადმინისტრაციაში ისიც გვითხრეს, რომ პარლამენტი მაჟორიტარებისთვის სამსახურეობრივ მანქანას არ გამოყოფს, სამაგიეროდ, თითოეული დეპუტატის მაჟორიტარული ბიუროსთვის, ყოველთვიურად, გამოიყოფა 5 000 ლარი, რომელსაც როგორც უნდათ, ისე განკარგავენ. მაგალითად, შეუძლიათ იყიდონ 5 000 ლარის საწვავი, ან აიღონ მაჟორიტარის ოფისი, გადაიხადონ არენდა და ა.შ. მოკლედ, პარლამენტში არ დაგვიდასტურეს, რომ დამტვრეული მანქანა საკანონმდებლო ორგანოს ბალანსზე ირიცხება. ამის შემდეგ, ,,ვერსია'' გარდაბნის საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსს, ოთარ გავაშელიშვილს დაუკავშირდა. თავდაპირველად, ბატონმა გავაშელიშვილმა განცვიფრებით იკითხა, ეს ინფორმაცია მე საიდან უნდა მქონდესო და საკრებულოს ქონების მართვის სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართა; მოგვიანებით კი, თავად შეგვეხმიანა და დაგვიდასტურა, რომ მანქანა, რომლითაც გიორგი ფეიქრიშვილი სარგებლობს, საკრებულოს ბალანსზეა. 
რა თქმა უნდა, დავუკავშირდით თავად გიორგი ფეიქრიშვილსაც, რომელმაც სიტყვასიტყვით ასე განგვიცხადა:,,გარდაბნის საკრებულოსა და პარლამენტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და უზურფრუქტის წესით ანუ შეუსყიდავად, უფულოდ, გარდაბნის საკრებულომ გადასცა ეს მანქანა პარლამენტს და მერე მანქანა საკრებულოს უკან დაუბრუნდება. დღეს მანქანა გარდაბნის საკრებულოს ბალანსზეა და ის 60 000 კი არა, 38 000 ლარადაა შეფასებული. ჰოდა, დამნაშავე ვინც იქნება, რასაც გამოძიების შედეგად დავადგენთ, სწორედ ის გაიღებს ავტომობილის შეკეთების ხარჯებს. საჭესთან მე ვიჯექი და თუ გამოძიება დაადგენს, რომ დამნაშავე მე ვარ, ხარჯსაც მე გავიღებ, თუ არადა, მეორე მძღოლი აანაზღაურებს სახელმწიფო ზარალს''. 
,,ვერსია'' დანარჩენ ორ დეპუტატსაც ესაუბრა. როგორც მახირ დარზიევი აცხადებს, ფეიქრიშვილს ქუთაისიდან თბილისამდე წამოყვანა სთხოვა და მის მანქანაში ასე აღმოჩნდა, რომელიც, დარზიევის ინფორმაციით, ფეიქრიშვილს ეკუთვნის. 
თენგიზ ხუბულურმა კი განაცხადა: ,,ჩვენებები მიცემულია, მძღოლი სახეზეა. გამოძიება მიმდინარეობს ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევის კვალიფიკაციით. მძღოლმა ჩვენებაში თქვა, ნამგზავრი ვიყავი, დაღლილიო. როგორც ვიცი, ეს იყო გიორგი ფეიქრიშვილის სამსახურის მანქანა, ზუსტად ვერ გეტყვით, მგონი, თემურის სადეპუტატო ოფისს ემსახურება. ეს მძღოლი დაღლილი ყოფილა, წინ მანქანამ დაუმუხრუჭა, მან საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მხარეს გადმოვიდა და შეგვეჯახა. ეს თქვა ჩვენებაშიც. ეს იყო უბრალო საგზაო შემთხვევა, რომელიც ყველა ადამიანს შეიძლება დაემართოს''. 
ყველაფერი ეს გასაგებია და გამოძიებაც, რა თქმა უნდა, თავის სიტყვას იტყვის, მაგრამ როცა სამ დეპუტატს უზარმაზარი სატვირთო მანქანით ეჯახები, ალბათ, ისეთ შიშს ჭამ, ავარიასაც დაიბრალებ და კიდევ ბევრ სხვა რამესაც. არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, ეს წმინდა ადამიანური მომენტია და ამის ცუდი გამოცდილებაც გვაქვს. ისე, ვინმეს ეჩვენება სამართლიანად, რომ ,,ტრაილერის'' მძღოლმა საკუთარ თავზე აიღოს მილიონერი დეპუტატის მანქანის შეკეთების ხარჯი, იმ მანქანისა, რომელიც საკრებულოს ეკუთვნის და რომლის შესანახად, პარლამენტი მაჟორიტარს თვეში ერთხელ 5000 ლარს ჩუქნის?! ან საერთოდ, სამართლიანია კანონი, რომელიც კი არ კრძალავს, არამედ, პირიქით, ახალისებს და ავალდებულებს ადგილობრივ თვითმმართველობებს, თავიანთი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარებს ხარკი უხადონ?! არის თუ არა ხარკის გადახდა ყოფილი თავმჯდომარისთვის მანქანის მზითევში გატანება და გაწევს თუ არა ზედმეტ ხარჯს მუნიციპალიტეტი ახალი თავმჯდომარისთვის ახალი მანქანის ყიდვით? თუ ასეა, მაშინ რატომ არ იცვლება თვითმმართველობის კანონი და რატომ გრძელდება რაიონის ფულით დეპუტატის მომსახურების ტრადიცია?! 
იურიდიულ საკითხებში კონსულტაცია ,,მომავლის ინიციატივების'' დამფუძნებელს, ექსპერტ ლევან ალაფიშვილსვთხოვეთ, რომელმაც ,,უკანონო კანონის'' გარშემო სამი მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო: ,,გიორგი ფეიქრიშვილი პარტიული დეპუტატი რომ იყოს, უფრო თამამად ვიმსჯელებდით. აქ ორი მომენტია: ერთი, ის მახინჯი პრაქტიკა, როცა მუნიციპალიტეტები ყიდულობდნენ სხვა, ცენტრალური ორგანოებისთვის მანქანებს და მათ გადასცემდნენ სარგებლობაში, დღესაც შენარჩუნებულია. სხვა უწყებებს თავი რომ დავანებოთ და მხოლოდ მუნიციპალური პოლიციები ვნახოთ, მსგავს შემთხვევებს იქაც შევხვდებით. სახელმწიფოებრივად, ეს არასწორი პოზიცია და გაუმართლებელი მიდგომაა, რადგან მუნიციპალიტეტი, თვითმმართველობა საკუთარ სახსრებს საკუთარი კომპეტენციის შესრულებას უნდა ახმარდეს. 
მეორე და მთავარი პრობლემა კანონმდებლობაშია. თვითმმართველობებს კანონით დავალებული აქვთ მაჟორიტარების საქმიანობის ხელშეწყობა. აი, ამ ,,ხელშეწყობას'' ვინ როგორ განახორციელებს, ეს უკვე სხვა საქმეა. მაგალითად, შესაძლოა, საჩხერეში ჩათვალონ, ხელშეწყობა იქნება ფართის გამოყოფა, სხვა რაიონში - მანქანის გადაცემა. ამიტომ ეს კონკრეტული შემთხვევაც, რომელიც მანქანის გადაცემას ეხება, მათი მხრიდან, სწორედ ამ კონტექსტში შეიძლება იყოს გამართლებული. წმინდა სამართლებრივ კონტექსტში, ეს მუნიციპალური ქონებაა, რომლის უსასყიდლოდ გადაცემა, თვითმმართველობის კოდექსითა და სახელმწიფო ქონების მართვის კანონმდებლობით, ცენტრალური ორგანოებისთვის შეუძლიათ. ყოველგვარი კონკურსებისა და ტენდერების გარეშე. 
აი, ასე ზრუნავენ ჩვენი სახელმწიფო, ასევე კანონმდებლები და კანონმდებლობა მუნიციპალიტეტებზე. არანაირი ფინანსური შეზღუდვა, ზედა ზღვარი არ არსებობს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხელშეწყობა 1-თეთრიანი იქნება თუ ერთმილიონიანი, თან შესაძლოა, ასეთმა ადამიანებმა აქეთ ჩაგაყენონ უხერხულ მდგომარეობაში და თქვან, მე რა შუაში ვარ, გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, ან აპარატის უფროსმა და გარდაბნის საკრებულომ მიიღესო''. 
სხვათა შორის, ,,ვერსიამ'' არ დაიზარა და უმრავლესობის ზემოხსენებული სამი დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციას ჩახედა. მათ შორის აშკარა ლიდერი გიორგი ფეიქრიშვილია, რომელსაც დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ფლობს 250 კვ.მ საცხოვრებელ ფართს წავკისში, ასევე 55 904 კვ.მ მიწის ნაკვეთს წავკისში. ფლობს 2007 წლის გამოშვება ,,მერსედესის'' მარკის ჯიპს და ანგარიშზე მიმდინარე თანხად 1 031 250 ლარი აქვს მითითებული. 2012 წლამდე იგი გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ხელფასის სახით, წლიურად, 36 365 ლარი აქვს აღებული, 2012 წლის მერე კი, გარდაბნის მაჟორიტარია და მისი წლიურ სახელფასო შემოსავალი 14 727 ლარია. 
მახირ დარზიევი, რომელიც პარლამენტში ,,ოცნების'' პარტიული სიითაა შესული, მარნეულში 1 575 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ფლობს. მის საკუთრებაშია 260 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და 213 კვ.მ საცხოვრებელი ფართები მარნეულში, ასევე რეგისტრირებული აქვს 1 530 კვ.მ მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული 111 800 კვ.მ ნაკვეთი, ხოლო მისი შვილი ფლობს 40 000 კვ.მ ნაკვეთს, ასევე მარნეულში. დეპუტატის საკუთრებაშია 2013 წლის გამოშვება ,,ტოიოტას'' მარკის ლანდკრუიზერ პრადოს ჯიპი. მის მიმდინარე ანგარიშზე 10 000 ლარია დეკლარირებული, მისი წლიური ხელფასი კი 60 201 ლარია. 
რაც შეეხება თენგიზ ხუბულურს, რომელიც პარლამენტში ასევე, ,,ოცნების'' პარტიული სიით მოხვდა, მისი ქონება გაცილებით მოკრძალებულია. ბაზალეთზე. დუშეთში, 725 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. თბილისში, მეუღლის სახელზე 100 კვ.მ ფართობის ბინა აქვს რეგისტრირებული. არ ფლობს მანქანას და მისი წლიური ხელფასი 37 920 ლარია. 
მოკლედ, ახლა თავად განსაჯეთ, დეპუტატებმა ან მინიმუმ, ,,არაგაჭირვებულმა'' სამმა კაცმა, 40 000-იანი მანქანის შეკეთების ხარჯი სატვირთო მანქანის მძღოლს უნდა გადაახდევინოს თუ არა?! კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი: ამ კონკრეტული მაგალითის საფუძველზე, რომელიც ,,ვერსიამ'' გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაასაჯაროვა, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ კანონი და ცენტრალური ხელისუფლება სერიოზულად ახრჩობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და მათ პარლამენტის მიერ ისედაც კარგად დაფინანსებული მაჟორიტარების შენახვას აიძულებს? ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ წინასაარჩევნოდ, ადგილობრივი თვითმმართველობები კიდევ უფრო გულმოდგინედ არ შეეცდებიან ,,მაჟორიტარის საქმიანობის ხელშეწყობას'' და ჩვენი ჯიბიდან აკრეფილი ფულით ახალ მანქანებს, ბინებს, საოფისე ფართებს არ ,,უფეშქაშებენ'' ან წინასაარჩევნო კამპანიას არ დაუფინანსებენ?! ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სხვა არაფერია, თუ არა ეს და მსგავსი მაგალითები და დღეს ხელისუფლება არათუ ამ რესურსის გამოუყენებლობას გვპირდება, პირდაპირ კანონში გვიწერს, რომ თვითმმართველობა მილიონერ მაჟორიტარებს უნდა აფინანსებდეს!