„ამ ფორმითა და დოზით, გაჭირვების ასეთი ინტენსიური გაშუქება, სოციალური დანაშაულის ტოლფასია!“

„ამ ფორმითა და დოზით, გაჭირვების ასეთი ინტენსიური გაშუქება, სოციალური დანაშაულის ტოლფასია!“

ზურაბ ბიგვავა „ოცნების“ ბრალეულობას ერთ მთავარ საკითხში ხედავს - „ხელისუფლებამ მართვის სისტემა კვალიფიციური კადრებით ვერ უზრუნველყო!“

რიცხვები, კვლევები, თარიღები, მთელი სიმძიმით ნაჩვენები ისედაც მძიმე რეალობა, ნეგატიური სიუჟეტები ნეგატიურ ფონზე - ხშირად, ეს ქართული, პროპაგანდისტული მედიასივრცის თანმდევია, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში. ჰოდა, გვინდა თუ არა, ეს ინფორმაცია ილექება, უარყოფითი განწყობა იზრდება და თუ ამ ყველაფერს პოლიტიკოსების, მთავარი პარტიების სპიკერების ურთიერთბრალდებებზე ორიენტირებულ ლანძღვა-გინებასაც დავურთავთ, კარგს ვერაფერს მივიღებთ. რიგითი ამომრჩეველი ჯერ ძალიან გაბრაზდება, მერე უიმედობა და ნიჰილიზმი შეიპყრობს და ბოლოს, შესაძლოა, არჩევნებზე სულაც უარი თქვას. რაზეა გათვლილი ამომრჩევლის უფრო დაზაფვრა, რას უპირისპირებს ხელისუფლება მოწინააღმდეგე ბანაკის ანტიპიარს, რა მთავარი შეცდომები დაუშვა ,,ოცნებამ'' ხალხთან დიალოგისას და ამ ქაოტურ ფონზე, მივდივართ თუ არა არჩევნების დელეგიტიმაციისკენ - ,,ვერსიისთვის'' ანალიზს პიარტექნოლოგი და ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა აკეთებს.
- ბატონო ზურაბ, ბოლო დროს არაერთი მძიმე სიუჟეტი მომზადდა, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე, პრემიერ კვირიკაშვილის 100-დღიანი მუშაობის შეფასება იყო, ამ ყველაფერს ბოლო პოლიტიკური რეიტინგების კვლევაც დაემატა და უიმედო რიცხვების ტყვეობაში აღმოვჩნდით. რა ფსიქოლოგიური იარაღია ეს ხალხის მასების მართვისთვის და როგორ მუშაობს? 
- ვხვდები, რომელ გადაცემაზეც საუბრობთ, მაგრამ ესეც და ყველა მსგავსი გადაცემაც რეალურად სერიოზულ სტრატეგიაზეა აგებული. მათი მიზანია აჩვენონ, რომ ქვეყანა იღუპება, ხელისუფლება კი უუნარო და არაფრისგამკეთებელია. ვინც უნდა მოვიდეს, მასზეც იგივეს იტყვიან, ათას უბედურებას მოიგონებენ, ოღონდ ნიჭიერად, პროფესიონალურად. იციან, როგორ ისაუბრონ, ვინ ალაპარაკონ, საუბარია ტექნიკურად გამართულ, ჩამოყალიბებულ, ეფექტურ მედიაორგანიზაციაზე, რომელიც უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის პარტიული არხია. ვნახეთ რეიტინგებიც - პარტიული კვლევის ნაწილზე, შესაძლოა, ხალხს ამდენი ეჭვი არც შეეტანა, მაგრამ პიროვნული რეიტინგების დათვლისას, უკვე ყველამ ნახა, რომ არარეალური შედეგები დაიდო. ვნახეთ, რომ თურმე, ყველაზე ეფექტური პოლიტიკოსი საქართველოში დავით ბაქრაძე ყოფილა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელიც ყველა შიდაკვლევის მიხედვით ლიდერობს, ლიდერთა შორის არ აღმოჩნდა. ასეთი რამ ხომ წარმოუდგენელია? სწორედ მსგავსმა შეუთავსებელმა, ალოგიკურმა საკითხებმა წარმოშვა არაერთი კითხვა. ამის მერე, გარკვეული მედიასაშუალებები გამოვიდნენ და ვითომ საიდუმლო შიდაკვლევები გაასაჯაროვეს, რათა NDI-ს შედეგები გაემართლებინათ. რეალურად, ამ ყველაფრის, რიცხვების, სიუჟეტების მიზანია, ყველაფერი მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინონ და განწყობა მოამზადონ. ამას დანაშაულის შეგნებულად ჩადენა ჰქვია, ეს ხალხი ჩვენს საზოგადოებას ავადმყოფად აყალიბებს - მსგავსი სიუჟეტები პირდაპირ სოციალური დანაშაულია, როცა ადამიანებს დასძახიან, ცუდად, ხარ, ცუდად ხარო. შეძახილი ხესაც ახმობს. 
- კარგად ვართ? 
- ჰოდა, კითხვა სხვანაირად უნდა დაისვას - როგორ უნდა იყოს კარგად ომგადახდილი და წაგებული, ტყუილებსა და შიშზე აშენებული ქვეყანა, რომელსაც ათობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი ჰყავდა?! იმასაც დავუკვირდეთ, რა ხდება დღეს და რა გადაწყვიტა ჩვენმა ერმა წლების წინ: 90-იან წლებში ქვეყანა სხვა ფორმაციაზე, კაპიტალისტურ წყობაზე გადავიდა. მაშინ 1990 წელს საზოგადოებრივი კვლევა ჩავატარეთ და ხალხს ვეკითხებოდით: რა გირჩევნია, საბაზრო ეკონომიკა და დასავლეთი თუ აღმოსავლეთი და დაგეგმილი ეკონომიკაო. ყველა ამბობდა, საბაზრო ეკონომიკა გვინდაო, მაგრამ ამავე დროს ამბობდნენ, განათლება, ჯანდაცვა და ყველაფერი უფასო უნდა იყოსო. ე.ი. ხალხს არ ესმოდა საით მიდიოდა, არ ესმოდა, რომ კონკურენციის რეჟიმში ჩადგომა მოუწევდა. კონკურენცია კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველა დასაქმებული ვერ იქნება. ადრე უმუშევარს ქუჩაში რომ დაინახავდნენ, მილიციის ძალით მიჰყავდათ და მუშაობას აწყებინებდნენ. დღეს, კონკურენციის პირობებში, ადამიანები სხედან და ელოდებიან, როდის დაუძახებს ვიღაც. 
- ერთია, რას და რა ფორმით ეკითხებიან მკვლევარი ორგანიზაციები და მეორეა, ესაუბრება თუ არა საკუთარ ხალხს ხელისუფლება. ,,ოცნებას'' გარკვეული აქვს, რა სჭირდებათ ადამიანებს და რას ელიან მისგან? 
- ასეთი გამოკითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს. მეტიც, როცა ხალხს ვეკითხებით, რა არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, უმეტესობა ამბობს, კეთილდღეობაო. ეს, პირველ რიგში, პურს გულისხმობს, მაგრამ დღეს ეს პურიც სხვანაირი გახდა. ადამიანებს შავი პური კი აღარ უნდათ, სურთ კრუასანი, ყველაზე კარგი მანქანა, იაფი საწვავით. იცით, რას ეძახიან კარგ ცხოვრებას - იახტის ყოლას თბილისის ზღვაზე. თუმცა არის ხალხი, ვისაც მართლა უჭირს და მართლა მარტო პური უნდა. ასე დავსვათ საკითხი - ადრე არ კვდებოდა ხალხი, ბავშვები არ იღუპებოდნენ საავადმყოფოებში, არ ხდებოდა კრიმინალი? მაშინ ახლა რა ხდება - საქმე გვაქვს გაჭირვების ინტენსიურ გაშუქებასთან, რაც ამ ფორმითა და ამ დოზით, სოციალური დანაშაულის ტოლფასია! მედიაზე ყოველგვარი კონტროლი მოიხსნა. ტელევიზიებს არ აკონტროლებს სახელმწიფო. ნახეთ, როგორ წავიწიეთ საერთაშორისო რეიტინგებში მედიის თავისუფლების კუთხით?! 
- დიახ და სწორედ ეს არის ხელისუფლების მაღალი ფასი, რომელიც მედიის თავისუფლებისთვის უნდა გადაიხადოს. თუმცა ფაქტია, ამ ტიპის პროპაგანდისტულ გადაცემებს უამრავი ადამიანი უყურებს. გამოდის, დაკვეთა მსგავს სიუჟეტებზე არსებობს?
- იცით, ალბათ, მედიის თავისუფლება, პირველ ეტაპზე, ასეთიც უნდა იყოს. ეს ქაოტური პირველი ტალღაა, რომელიც შემდეგში დალაგდება, დაწყნარდება და იმედია, თვითცენზურის მომენტი გაჩნდება. ფაქტია, ხალხს სკანდალი მოსწონს და ეს დღესაც მუშაობს. ავხსნი, ეს რა მომენტია: რატომ უყურებს ადამიანი საშინელებათა ფილმებს? არა მარტო ადრენალინის, არამედ იმის გამო, რომ იმ საშინელი სიუჟეტის გმირი თავად არ არის და ზუსტად იცის, რომ ფილმში ნაჩვენები საფრთხე არ ემუქრება. ამ ტელევიზიების მაყურებელიც ზის და ფიქრობს, მე ასეთი რამ ხომ არ მჭირს, პური ხომ მაქვს და ეს კარგიაო. მეორე ნაწილი კი როცა ხედავს, რომ მხოლოდ უარყოფითი მხარე შუქდება, დროთა განმავლობაში, თავში უჯდება და ამბობს, ნახე, რამდენი უბედურება ხდებაო?! იმ მაგალითზეც გიამბობთ, რასაც პირადად შევესწარი კახეთის ერთ-ერთ სოფელში. ჩემი მეგობარი მიწის დამბარავს ეძებდა. ,,ბირჟაზე'' გავიდა, სადაც 30-35 კაცი იჯდა და უთხრა, დღეში 30 ლარს ვიხდი და მიწა დამიბარეთო. მათ შორის მუშაობის სურვილი არავინ გამოთქვა, მაგრამ ეს 35 კაცი რომ გამოკითხო, უკლებლივ ყველა იტყვის, ცუდადაა ჩემი საქმე, ვალი მაქვსო და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მთელ სოფელში მხოლოდ ერთი ქალია, ვინც მიწას ბარავს და ამით ცხოვრობს. დანარჩენი, ეს ჯანღონით სავსე მამაკაცები სხედან და ელოდებიან რაღაცას. რას - არ ვიცი. სამაგიეროდ, არჩევენ, რა ცუდი მთავრობა გვყავს და არაფერს გვიკეთებსო. 
- ეს მხოლოდ მედიაპროპაგანდის ბრალი ხომ არაა, იქნებ ხელისუფლება ვერ ახერხებს სწორი სოციალური მესიჯების მიტანას ამომრჩევლამდე? მეც მახსოვს, როგორ აწერინებდა მაშინ ოპოზიციაში მყოფი კოალიცია ხალხს წერილებს, რა არის შენი ოცნებაო და მერე მათ ასრულებას ჰპირდებოდა... 
- მერე მოსახლეობამ და მედიამ ბიძინა ივანიშვილის პირადი ფულიც დაითვალა, მოსახლეობის რაოდენობაზე გაყო და კაცზე 3000 ლარამდე გამოიყვანა. მერე, თავის გონებაში, ამ ხალხმა ეს ფული დახარჯა კიდეც და რეალურად რომ ვერ მიიღო და დახარჯა, ეწყინა და ჩათვალა, ხელისუფლებამ მომატყუაო. დიახ, ამაში არის ხელისუფლების დანაშაულიც. ჯერ ერთი, ეს კამპანია და გუნდი ნაჩქარევად შექმნილი იყო. მერე, კარგად მახსოვს კონკრეტული მაგალითი, რომ ,,ოცნების'' პროპაგანდისტები, მათ შორის პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები დადიოდნენ და ამბობდნენ, ყველა სოფელს მიეცემა 5 მილიონიო. ეს ხომ უპასუხისმგებლო განცხადება იყო?! არავის მიუცია მათთვის ასეთი ინსტრუქცია და დავალება, ეს დაპირება შეთანხმებულიც არავისთან ყოფილა და იმის მომსწრეც პირადად ვარ, როგორ ეწინააღმდეგებოდა ბიძინა ივანიშვილი მსგავს არარეალურ დაპირებებს. ეს იყო პირველი და უდიდესი შეცდომა. ეს ნაჩქარევად შეკრული გუნდი ისე გაიშალა, რომ რეალურად, უშუალოდ ივანიშვილის მიერ ვეღარ კონტროლდება, არც განცხადებები თანხმდებოდა ,,ოცნების'' ძირითად ბირთვთან და ამის ფონზე, უპასუხისმგებლო დაპირებები გაიცა. იმდენად ჭრელი იყო ეს საზოგადოება, რომ უკვე ყველა თავის მოსაზრებას ამბობდა. 
- ეს ყველაფერი გასაგებია, რადგან 2012 წელს ფორსმაჟორული ვითარება იყო. მაგრამ ახლა რით ვერ გაიცხრილნენ სპიკერები, რით ვერ დაიხვეწა ხალხთან სასაუბრო ენა, ბოლოსდაბოლოს, რატომ თქვა ,,ოცნებამ'' უარი პიარზე? 
- ,,ოცნების'' ბრალეულობას ერთ მთავარ საკითხში ვხედავ - ხელისუფლებამ მართვის სისტემა კვალიფიციური კადრებით ვერ უზრუნველყო. რეალურად, ეს იყო ყველაზე რთული პრობლემა, რომელიც ,,ოცნებამ'' ვერ გადაჭრა. ის, რომ სახელისუფლო პარტიამ აიღო გეზი და თქვა, მე გავაკეთებ საქმეს და ბევრს არ ვილაპარაკებ ამაზეო, გარკვეულწილად, სწორიც იყო. რაღაც ეტაპზე, მათ უარი თქვეს აქტიურ, აგრესიულ პიარზე, თუმცა წმინდა პრაგმატულად, მთლად სწორი არც ეს მგონია. შესაძლოა, ,,ოცნება'' მოეშვა და იფიქრა, რომ ვითარება ასე ცალმხრივადაც არ გაშუქდებოდა და ვიღაც რაღაც კარგსაც დაინახავდა. თუმცა ფაქტია, ასე არ მოხდა. ეს ხელისუფლება ერთი მთავარი პრინციპით მოვიდა - მათ თქვეს, რომ ხალხს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ დაიჭერდნენ, ძალისმიერი გზით არ დააშანტაჟებდნენ, ცოლებსა და შვილებს არ დაემუქრებოდნენ და ა.შ. ,,ოცნებამ'' უარი თქვა მართვის ყველაზე ეფექტურ საშუალებაზე - დაშინებაზე. 
- თუმცა ყველას, მათ შორის სახელისუფლო პარტიას, მთავარი სტრატეგია ნეგატიურ მესიჯებზე აქვს აგებული. ფრაზები ,,ის 9 წელი'' და ,,ნაციონალების დრო არ უნდა დაბრუნდეს'' კიდევ მუშაობს, რატომ არსად ჩანს ხელისუფლების გაკეთებული საქმეები? 
- მოდით, ამ ვითარებას ასე შევხედოთ - იქნებ, ვინმე ჭკვიანმა არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო 6 თვე შემოინახა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებზე სასაუბროდ? 
- და ეს დრო საკმარისია? 
- საკმარისიცაა და საკმარისზე მეტიც. 6 თვეში ძალიან ბევრი რამის მოსწრება შეიძლება. ვფიქრობ, დაიდება რეალური კვლევები, სტატისტიკა ,,ოცნების'' მხრიდან, ის გაკეთებული საქმეები, რაზეც 3,5 წლის განმავლობაში დუმდნენ და ახლა უნდა წარმოაჩინონ. არა მგონია, ,,ოცნებამ'' მთელი თავისი წინასაარჩევნო სტრატეგია უარყოფით მესიჯებსა და ოპონენტთან დავაზე ააგოს, თუმცა იქნება შედარება, თუნდაც პრემიების ყბადაღებულ თემაზე - ვინ რამდენი აიღო წინა ხელისუფლების დროს და რამდენი აიღეს ,,ოცნების'' ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ, ფაქტობრივად, გაყიდვის, გასხვისების, დანგრევის შესახებ ყველა ბრძანება სწორედ წინა ხელისუფლების დროს გაიცა და ამჟამინდელს ბრალდება. 
- ახლა მომავალზე ვსაუბრობთ, თუმცა დღევანდელი განწყობით, კვლევებით, ხალხს ფსიქოლოგიურად ხომ არ ამზადებენ - ხომ არ იქმნება ნიადაგი, რათა თუ არჩევნებში კვლევით ნაჩვენები პროცენტი არ დაჯდა, ოპონენტებმა იძახონ, არჩევნები გაყალბდაო და უმართავი პროცესები დაიწყოს? 
- ეს ძალიან ცნობილი სქემაა, რომელმაც არა მგონია, 2016 წლის არჩევნებისთვის იმუშაოს. რა თქმა უნდა, ამის მსურველები იქნებიან, მაგრამ ისინი ხალხის მასებს ვერ აიყოლიებენ. აქ არ იქნება არც ,,ვარდების რევოლუცია 2'', არც ,,მაიდანი 2'' რადგან ამის წინაპირობა არ არსებობს. ჩატარდება წესიერი არჩევნები, პარტიები გადალახავენ ბარიერს, მოხვდებიან პარლამენტში და ეგაა. ხალხი არ აყვება რაღაც ჯგუფებს, რადგან არც ასეთი სიბნელე და გაჭირვებაა ამ ქვეყანაში, არც სახელმწიფო გვექცევა თავზე და არც ისეთი პოლიტიკური ვითარებაა, რომ რევოლუციური მუხტი გაჩნდეს.