საარჩევნო მანიპულირების ახალი მეთოდი - ცესკო-სა და იუსტიციის სამინისტრო საეჭვოდ დუმს
აპრობირებული პრაქტიკაა, რომ შემოგდებული თემებითა და მათ გარშემო ატეხილი სკანდალით რეალური პრობლემები იფარება და ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა საქმე არჩევნებს ეხება. ამ ტრადიციას, როგორც ჩანს, არც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ვღალატობთ და დაუღალავად ვმსჯელობთ არჩევნების თარიღზე: რატომ მაინცდამაინც 8 ოქტომბერს, როდის დაიწყება კამპანია, ვინ ვის გაურიგდება და ასე შემდეგ... ამასობაში კი, აღარავის ახსოვს, რომ საარჩევნო სია არც 2016 არჩევნებისთვის შეიცვლება. არადა, რეალურად არავინ იცის, როგორ გამოიყურება ის მთავარი ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამაზე საუბრით თავს დიდად არც ცესკო იწუხებს, არც - იუსტიციის სამინისტრო და არც - ხელისუფლების სხვადასხვა შტო. პირველივე პრობლემა, რასაც ამ თემით დაინტერესებისას ვაწყდებით, მაგალითად, ასეთია: სიის გარეთ დარჩენილი, ქვეყანაში რეალურად მცხოვრები 200 000 მოქალაქე.
აქედან მცირე ნაწილს, უბრალოდ, პირადობის მოწმობის ვადის ამოწურვის გამო აქვს შეჩერებული ხმის მიცემის უფლება, თუმცა როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, დროული კამპანიის და ახალი აიდიმოწმობების უფასოდ გაცემის შემთხვევაში, ეს პრობლემა მოიხსნება. კი ბატონო, მაგრამ ეს ამ სეგმენტის მხოლოდ მცირე ნაწილია - 200 000 ადამიანიდან უმეტესობას პირადობის მოწმობაში ,,უმისამართო'' უწერია, რაც ნიშნავს, რომ არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, შესაბამისად, კერძო საკუთრება და ამის გამო საარჩევნო სიაში ვერ მოხდება. მართალია, ახალ აიდიბარათებში პირს მისამართი საერთოდ არ უწერია, მაგრამ ძველ მოწმობებში, რომელთაც ჯერ ვადა არ გასვლია, ჩანაწერი ,,უმისამართო'' ისევ არსებობს. ისე, ჩანაწერი საერთოდ რა სახსენებელია, როცა ათიათასობით ადამიანს კერძო საკუთრება არ აქვს და ბინას რეგისტრაციის მისამართის გარეშე ქირაობს ან გირაობს.
საკუთარ მაგალითზე გიამბობთ: ბინა კერძო საკუთრებაში არ მაქვს, ე.წ. ბინის წიგნაკში, რომელიც დღეს დოკუმენტს არ წარმოადგენს, თავის დროზე, ჩემებს არც მიუწერივარ და შესაბამისად, რეგისტრაციის მისამართი არ მაქვს ანუ არც ხმის უფლება მაქვს. ამიტომ ,,სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის'' დამფუძნებელთან, ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად ვარკვევ, რა უნდა ვქნა მე და ასევე იმ 200 000-მა ადამიანმა, რომელიც ჩემსავით ,,უმისამართოა'' და რატომ ნიშნავს უბინაობა ხმის უფლების არქონას: ,,საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი, ყველა მოქალაქეს 18 წლიდან, ყოველგვარი დათქმის გარეშე, უპირობოდ, ანიჭებს აქტიური საარჩევნო ხმის უფლებას, თუმცა ორგანული კანონის, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლში წერია, რომ ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ის ადამიანები უნდა შეიყვანონ, ვისაც სათანადო წესით ექნებათ გავლილი რეგისტრაცია. ეს ჩანაწერი იმას ნიშნავს, რომ სიაში მხოლოდ ის მოქალაქე მოხვდება, ვისაც რეგისტრაციის იურიდიული მისამართი აქვს. ამ მუხლის პირდაპირ მოთხოვნებს კი, დაახლოებით, 200 000 მოქალაქე ვერ აკმაყოფილებს. მათ შორის იგულისხმებიან ის ადამიანებიც, ვისაც პირადობის მოწმობაში სახელმწიფომ თავად ჩაუწერა ,,უმისამართო''. ამის გამო თქვენ ხმის უფლება გერთმევათ''.
რა არის გამოსავალი უმისამართო ადამიანებისთვის? - ამაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ასე გვპასუხობს: ,,უმისამართოებმა'' უნდა მოძებნოთ ვინმე ადამიანი ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც თანახმა იქნება, კუთვნილ ბინაში ჩაგწეროთ. ეს პრობლემა უდგას უდიდეს ჯგუფს, იმ ადამიანებს, ვინც სახლი ბანკში ჩადო, დაკარგა, ან გაყიდა და უბინაოდ დარჩა. შესაბამისად, მათ ბინას ახალი მფლობელი ჰყავს, ასეთი ადამიანები კი რეგისტრაციის მისამართს კარგავენ. კანონმდებლობა ადამიანებს ავალდებულებს, თუ ისინი 1 წლის განმავლობაში შეიცვლიან მისამართს, რეგისტრაცია თავიდან გაიარონ. ასევე, თუ მე ვარ მესაკუთრე და ის, ვინც ბინას ქირაობს, ჩემი ნებით ჩავიწერე მისამართზე, არ მაქვს უფლება, გადასვლის შემდეგ, 6 თვე ამოვწერო ანუ ადამიანს აქვს ნახევარი წელი, სხვა მისამართი მოძებნოს. ამ მხრივ, კანონმდებლობა მოწესრიგებულია, მაგრამ ფაქტია: აქტიური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, 200 000-მდე ადამიანი, ამ და სხვა მიზეზების გამო, ამომრჩეველთა სიაში ვერ მოხვდება''.
ახლა, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, რომელიმე ჩვენგანი, უცხო ადამიანს, რომელიც რამდენიმე თვით ჩვენგან ბინას ქირაობს, საკუთარ მისამართზე მიიწერს? - რა თქმა უნდა, არა, ბინის დაკარგვის, სხვადასხვა მაქინაციის, შანტაჟის და ა.შ. შიშით. ეს სრულიად ბუნებრივია, თან 200 000-დან ბევრს შეიძლება არც ნათესავი ჰყავს, რომ მის მისამართზე გაიაროს რეგისტრაცია. რაღაც გამოსავალი მათთვისაც ხომ უნდა არსებობდეს? სხვათა შორის, ამ რიცხვის ზრდა დენისა და წყლის სულადობრივი გადასახადის შემოღებამაც განაპირობა - ყველას ახსოვს, ადამიანები საკუთარი ოჯახის წევრებს რეგისტრაციის მისამართს უუქმებდნენ, რათა 5-სულიან ოჯახში გადასახადი მხოლოდ ერთ პირს გადაეხადა. ასე დაკარგა ხმის უფლება ერთ ოჯახში 4-მა ადამიანმა და ამ ხერხს, ვინ იცის, რამდენმა მიმართა?!
ვლადიმერ ბოჟაძის განმარტებით, არსებობს პრაქტიკა, როცა ერთ საარჩევნო ოლქში შესაძლებელია, ერთი დიდი უბნის გახსნა, სადაც იმ ოლქის ,,უმისამართოები'' მოიყრიან თავს და ხმას მისცემენ. ვთქვათ, შესაძლებელია, საბურთალოს ან ხაშურის ოლქებში გაიხსნას უბნები, სადაც სიებში მხოლოდ ,,უმისამართოებს'' შეიყვანენ და ამ უბნებზე საბურთალოელი, ან ხაშურელი ,,უმისამართოები'' მოვგროვდებით, მაგრამ ჩვენი თავი ვერც იმ სიებში რომ ვერ ვიპოვოთ?! წესით, ახლა ამ და სხვა პრობლემური კატეგორიის ამომრჩევლებისთვის გახურებული კამპანია უნდა მიდიოდეს ცესკო-ს და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თავი სიაში გადაამოწმეთ, თუ არ ხართ, ამ და ამ ადგილას მიდით და ასე მოიქეცითო, მაგრამ ხმას არავინ იღებს?
სხვათა შორის, ერთმა პარტიამ ბარიერი რომ გადალახოს, 80 000-მდე ხმა სჭირდება და ამ 200 000 ,,უმისამართოს'' პარლამენტში შესვლის შანსს 3 პარტიას მაინც აკარგვინებს?!
კიდევ ერთი პრობლემა უფრო დიდ სეგმენტს, 650 000-ზე მეტ ამომრჩეველს მოიცავს. ეს ის ხალხია, ვისაც რეგისტრაციის მისამართი კი აქვს, მაგრამ მისი ფაქტობრივი მისამართი სხვაა. მაგალითად, რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, რომელთაც ხმის მისცემდა, ტრანსპორტირება და დამატებითი ხარჯის გაღება მოუწევთ. გაჭირვების გამო სოფლებიდან ქალაქებში ვინც წამოვიდა, ფულს იმაში დახარჯავს, რომ უკან დაბრუნდეს და ხმა მისცეს ვიღაცას, დიდწილად, უცნობს, ვისაც პირველად და ბოლოჯერ ნახავს არჩევნების დღეს?! გამოსავალი აქაც არსებობს და მას კვლავ ვლადიმერ ბოჟაძე განმარტავს:
,,650 000-ზე მეტი ამომრჩეველი საკუთარ ქვეყანაში შიდამიგრანტია ანუ იურიდიული მისამართი სხვაგან აქვს და ფაქტობრივი - სხვაგან. ამ ადამიანების მხოლოდ ნაწილი გამოჩნდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, მომდევნო 2 არჩევნებზე კი აღარ გამოჩენილა, რადგან მათთვის ძალიან რთულია, ფინანსების გამო, ქალაქიდან სოფელში მხოლოდ ერთი დღით ჩავიდნენ. მით უმეტეს, როცა არ აქვთ ვალდებულება, ხის მისაცემად დამატებითი ხარჯები გაიღონ. სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება პრაქტიკა, რომ ამომრჩევლებს ეძლევათ უფლება, ხმა მხოლოდ პროპორციულ და არა მაჟორიტარულ არჩევნებზე, ფაქტობრივი მისამართის მიხედვით მისცენ. ამისთვის, ახლო-მახლო საარჩევნო უბნებზე, კომისიამ ისინი სიაში უნდა შეიყვანოს. დაახლოებით, ასეთივე გამოსავალია ,,უმისამართოებისთვის'' - ყველას უწერია კონკრეტული საარჩევნო ოლქი, ადმინისტრაციული ერთეული და მათთვის სპეციალურად გახსნილ უბანზე შეეძლება ხმის მიცემა. რეალურად, არჩევნების დღეს დადგება პრობლემა - ეს 200 000 მოქალაქე შეიძლება მივიდეს საარჩევნო უბანზე და საკუთარი თავი სიაში ვერ იპოვოს. აუცილებლად ვნახავთ ასეთი ადამიანების გრძელ რიგებს საარჩევნო უბანთან და ნებისმიერ პარტიას ექნება მანიპულირების საშუალება, ეს ხალხი ხელისუფლებამ იმიტომ არ შეიყვანა სიაში, რომ ხმას ოპოზიციას აძლევდა ხმასო''.
ისე, პარტიებს მხოლოდ ხმით კი არა, თავად ამ ხალხითაც შეეძლებათ მანიპულირება: რატომაა გამორიცხული, რომელიმე ან სულაც რამდენიმე პარტია ადგეს და საკუთარ წევრებს, ნათესავებს, აქტივისტებს ,,უმისამართოები'' საკუთარ ბინებზე მიაწერინოს, მისთვის ხმის მიცემის გარანტიით?
ამ თემების ტირაჟირება და ამომრჩევლის ინფორმირება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და იუსტიციის სამინისტროს სერვირების განვითარების სააგენტოს ევალებათ. სწორედ სააგენტოა ვალდებული, ცესკო-ს წელიწადში ოთხჯერ ამომრჩეველთა განახლებული სიები გაუგზავნოს. შესაბამისად, ,,ვერსიამ'' კითხვებზე პასუხისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის დირექტორ მამუკა სამხარაძეს მიმართა, თუმცა მისგან ვერ მივიღეთ პასუხები კითხვებზე: რა ბედი ელით უმისამართოებს, რა გამოსავალი არსებობს შიდამიგრანტებისთვის, როგორ უნდა ავცდეთ ამ თემებით პოლიტმანიპულირებას არჩევნების დღეს და ბოლოს როდის მიაწოდა ცესკო-ს ამომრჩეველთა განახლებული სარჩევნო სია? იმედია, შესაბამისი უწყებები მანამ გამოიღვიძებენ, ვიდრე არჩევნები უფრო მოახლოვდება და ,,უმისამართოებს'' ,,უხმოებოდაც'' არ გვაქცევენ.