„საკუთარ სხეულთან ბრძოლა უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა სხეულების დაპყრობა“
„რატომ ბიბლიოთეკა? იმიტომ, რომ წიგნი უდრის განათლებას, განათლება უდრის უკეთ ყოფნას, უფრო საინტერესო ყოფნას, უფრო თავდაჯერებულ ყოფნას.
ანუ უდრის – მეტ უნარს, მოხიბლოთ ვინმე, გქონდეთ მეტი ფული, ესაუბროთ ბევრ ადამიანს, მათ შორის – სხვა ენებზე, ნახოთ მეტი ადგილი, აღმოაჩინოთ საქართველოც, მსოფლიოც, თქვენი მეზობელი, კაცი ჯაკარტაში, ქალი ბოლივიაში თუ საკუთარი თავი. ანუ უდრის ყველა აქამდე აღმოჩენილის გაგებას პლუს საკუთარი აღმოჩენები.
იმიტომ, რომ ინფორმაციის პროფესიულად გადაცემის იმაზე უკეთესი გზა, ვიდრე ბეჭდვური მედიაა, ძნელად თუ მოიძებნება. ბიბლიოთეკა ამ მასალებს სრულად ინახავს – თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სიახლეები წარსულში, სიახლეები აწმყოში, რომ მერე უკეთ დაინახოთ მომავლის სიახლეები“.
გიორგი კეკელიძის აზრით, ასეთი იქნებოდა ბიბლიოთეკის მიერ წარმოთქმული სიტყვა, მას რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.
„იმიტომ, რომ წიგნი ფანტაზიის უნარს ავითარებს. უიმისოდ, ადამიანი ნაკლებად ჰგავს ადამიანს. იყავი ადამიანი. გქონდეს ფანტაზია – თუნდაც აი, ახლა რომ წარმოიდგინო: ბიბლიოთეკა დგას და სიტყვას ამბობს. ეს არის წიგნი! ხმა მიეცი ბიბლიოთეკას!“
მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკა არც მაღალი თანამდებობისთვის იყრის კენჭს და არც პარლამენტში მოხვედრას ცდილობს, მოქალაქეების ხმები, თანადგომა მაინც ძალიან სჭირდება. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სწორედ ამის მიღწევას ცდილობს - წიგნისა და ბიბლიოთეკის პოპულარიზაციას ხალხში.
გთავაზობთ ინტერვიუს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან და ამავდროულად წარმატებულ მწერალსა და პოეტთან, რომლის ყველაზე პოპულარული ნაწარმოების - „გურული დღიურების“ პირველი ორი ნაწილი უახლოეს მომავალში თურქულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და იტალიურ ენებზე ითარგმნება.
- როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში იმყოფებოდი საქმიანი ვიზიტით, რომელიც საკმაოდ შედეგიანი გამოდგა. რა იყო ამ ვიზიტის მიზანი, მოლოდინი?
- ვიზიტი განხორციელდა პრეზიდენტის დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს ელჩის სერიოზული მხარდაჭერითა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით. ვიზიტის მთავარი მიზანი საფრანგეთში ქართული ემიგრაციის მასალების კვლევა, დახარისხება და მისი ნაწილის ჩამოტანა იყო. მხოლოდ ნაწილის, იმიტომ, რომ მეორე ნაწილის იქ დატოვება ძალიან მნიშვნელოვანია, მისი გაციფრულების შემდეგ კი შესაძლებელი იქნება, ციფრული სახით ჩამოვიტანოთ. ზოგადად, ემიგრაციული მასალის კვლევა ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი გულისხმობს საქართველოში ჩამოტანას, როგორც უკვე აღვნიშნე, მეორე კი მათ ადგილზე კვლევას, დახარისხებას და ისე მოწყობას, რომ ის იქცეს ქართული კულტურის ერთგვარ ელჩად სხვა ქვეყანაში. მე ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ მეორე ვარიანტს ვემხრობი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი არქივები უკვე ჩამოვიტანეთ, ზოგი საფრანგეთიდან, ზოგი ამერიკიდან და ზოგიც გერმანიიდან. უცხო ქვეყნებში ქართული კულტურული კუთხეების მოწყობა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს საკუთარი იდენტობის წარმოჩენა საზღვარგარეთ. ამას ბევრი მიზეზი აქვს, თუნდაც საბჭოური ინერცია, რის გამოც იქაური საზოგადოება აღგვიქვამს ახალ კულტურულ წარმონაქმნად ან რუსეთის ერთგვარ განშტოებად.
იმისთვის, რომ ამგვარი სტერეოტიპული აღქმა ჩვენ მიმართ შეიცვალოს, ვმუშაობთ ძალიან აქტიურად - სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში, ლევილში მოვაწყვეთ ქართული ბიბლიოთეკა, ის მოიცავს რამდენიმე თემატურ ოთახს, რომლებიც შედგება, როგორც უშუალოდ ქართველი ემიგრანტების მიერ დაწერილი, ისევე ჩატანილი წიგნებისაგან. არის თანამედროვე ავტორთა შემოქმედებისთვის დათმობილი ოთახიც, რომელიც საშუალებას მისცემს იქაურ ქართველებს, გაეცნონ მიმდინარე ქართულ ლიტერატურულ პროცესს, თვალი ადევნონ თანამედროვე ავტორებს. ვცდილობთ გავითვალისწინოთ უცხოელი მომხმარებლებიც და სწორედ ამ მიზნით ვაპირებთ ქართველი ავტორების თარგმნას უცხოურად.
არ ვემხრობი აგრესიულ პოლიტიკას, როგორიცაა ჩვენი საზოგადო მოღვაწეების გადმოსვენება საქართველოში. აი, მაგალითად, ცოტა ხნის წინ წარმოიშვა მოძრაობა - „გადმოვასვენოთ დავით გურამიშვილი საქართველოში“. ჯერ ერთი, გურამიშვილს არანაკლები ღვაწლი აქვს უკრაინაში. მეორე მხრივ, ის არის ჩვენი კულტურული ელჩი ამ ქვეყანაში და მესამეც, საერთოდ არ არის ცნობილი დავით გურამიშვილის ცხედრის ადგილ-მდებარეობა, უბრალოდ არსებობს სიმბოლური მონუმენტი.
ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ სრულიად უინტერესო და უმნიშვნელო ქვეყანა ვართ. არსებობს ბევრი სოვიეტოლოგი, შუასაუკუნეების თუ ძველი საუკუნეების მკვლევარი, რომელიც რაღაც ეტაპზე აუცილებლად მიადგება საქართველოს კონტექსტს და როდესაც ამ კონტექსტს მიადგება, ის არ უნდა დარჩეს ჰაერში, უნდა ჰქონდეს რაღაც საყრდენი - ციფრული ბიბლიოთეკა, რომელსაც გახსნის. ამგვარი ბიბლიოთეკის მოწყობა კი ჩვენი საზრუნავია.
- ვიცი, რომ დააანონსე წიგნის მუზეუმის გახსნა ჩვენ ქვეყანაში და მას უწოდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი საქართველოში. რა ფორმა და დანიშნულება ექნება წიგნის მუზეუმს ჩვენთან?
- რვა აპრილს დაიწყება უშუალოდ სამუშაოები. რა თქმა უნდა, უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან მასალა წიგნების სახით დიდი ხანია არსებობს, ჩვენ არ შეგვიქმნია და ჩვენ მხოლოდ იმას ვცდილობთ, რომ ამ წიგნების დიდი ნაწილი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომად იქცეს. გამოფენები, რომლებსაც ჩვენ ჩავატარებთ, განკუთვნილი იქნება ერთის მხრივ იმ ქართველებისთვის, რომლებიც ამ ეროვნულ საგანძურს კარგად არ იცნობენ და მეორე მხრივ უცხოელებისთვის, რათა ეს იყოს მესიჯი იმისა, რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი კულტურის მქონე ხალხი.
წიგნიერებას, ბეჭდურ წიგნებს არც ისე გვიან ავუღეთ ალღო. ამ სფეროში მსოფლიოს მაქსიმალურად მივყვებოდით იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მაშინ ვიყავით. სწორედ ამ ნიუანსებს გავაცნობთ საზოგადოებას და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს ერთი თეთრიც არ დაეხარჯება, ის მთლიანად დაფინანსებულია დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მიერ. ვცდილობთ, გადმოვიღოთ პრაქტიკა ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის პრეცედენტზე დაყრდნობით, სადაც სამკითხველო დარბაზებში არსებულ სკამებსა და მაგიდებს აწერია იმ ბიზნესმენებისა თუ უბრალო მოქალაქეების სახელები, რომლებმაც ისინი ბიბლიოთეკას შესწირეს.
- კიდევ რა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელე ეროვნული ბიბლიოთეკის ფარგლებში?
- ეროვნულ ბიბლიოთეკას ორი მთავარი გამოწვევა აქვს: სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურული და წიგნადი, ბეჭდვური თვალსაზრისით. პირველს რაც შეეხება, ჩვენ უკვე ვამაგრებთ პირველი კორპუსის შენობას, რაც მართლა ფუნდამენტური საქმეა ქვეყნის პრესტიჟის კუთხით. მეხუთე კორპუსი გავამაგრეთ და ძალიან მნიშვნელოვან ოთახებს გავხსნით, მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და იქაც ბევრი დარბაზი გავხსენით. ამავდროულად, ქუთაისში კეთდება კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნსაცავი, სადაც თავს მოიყრის კავკასიის მასშტაბით გამოცემული წიგნები, შენობის დიდი ნაწილი უკვე გარემონტებულია. ამერიკელებთან ერთად გავმართეთ ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამა „სიერა“ და ჩვენი ელექტრონული კატალოგები, ციფრული ბიბლიოთეკები მთლიანად იქ გადამისამართდება. ეს ყველაფერი ბიბლიოთეკის ერთგვარი შიდა გამოწვევაა. რაც შეეხება „გარე ამბებს“, აქტიურად ვმუშაობთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნაზე საზღვარგარეთ.
აღსანიშნავია პროექტი „ეკვილიბრიუმი“, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროექტია და ეს არის სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენისა და განახლების მოძრაობა. ჩვენ უკვე 550-მდე სოფლის ბიბლიოთეკა აღვადგინეთ ან განვაახლეთ და უმეტესობაში 500-მდე წიგნის ჩატანა მოვახერხეთ, ამავდროულად დაახლოებით 200 სოფლის ბიბლიოთეკა აღვჭურვეთ კომპიუტერითა და ინტერნეტით.
პროექტის ფინანსური წყარო შემოწირულობებზე და სხვადასხვა გზით მოპოვებულ დაფინანსებებზეა დამოკიდებული, რადგან ჩვენ არც საამისო სახსრები და არც პირდაპირი ვალდებულება გაგვაჩნია, ამიტომ „ეკვილიბრიუმს“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმდინარე გამოწვევად მივიჩნევ, რომელიც დიდ ხანს გაგრძელდება, ვინაიდან საქართველოში ძალიან ბევრი ბიბლიოთეკა არსებობს, რომელიც აღდგენას საჭიროებს.
- იდეალურ შემთხვევაში რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში?
- საინტერესო შეკითხვაა. დღეს ბიბლიოთეკების როლი მსოფლიოშიც და საქართველოშიც არის ძალიან გაზრდილი და გაფართოებული იმ გაგებით, რომ ის ვეღარ დაეყრდნობა მხოლოდ იმ ფუნქციას, იყოს წიგნსაცავი, საიდანაც ადამიანებს დროდადრო საკითხავი წიგნები გამოაქვთ. ეს უნდა იყოს ერთგვარი სოციალური სივრცე, სადაც ხშირად მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, დისკუსია, გამოფენები და ამ კუთხით ის მიიბამს სოციალურ-კულტურულ აქტივობებს, ირიბად მიახედებს ადამიანებს წიგნისაკენ და შემდეგ უკვე მათი გადასაწყვეტია, წაიკითხავენ თუ არა. ანუ ბიბლიოთეკა ფართომასშტაბიანი დაწესებულება უნდა იყოს, ვრცელი ბრძოლის ველით.
- შენ დააარსე პირველი ფართომასშტაბიანი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა - Lიბ.გე. რამდენად შეძლო ამ საიტმა თავისი დანიშნულების შესრულება და დღეს არსებობის რა ეტაპზეა?
- მე მგონი, თავის დროზე შეძლო შეესრულებინა მისია. დღესდღეობით რებრენდინგის ეტაპზეა, მე აღარ ვარ მისი ხელმძღვანელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, განახლდება და ძალიან კარგადაც. თავის დროზე ნამდვილად მოახერხა მიზნის მიღწევა, მიუხედავად იმ უამრავი ტექნიკური სირთულისა, რომელსაც მაშინ განვიცდიდით. ეს იყო პირველი ნაბიჯები ასეთი მასშტაბური ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნისა, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ქართული და უცხოური შემოქმედება, თანამედროვე ნაწარმოებებიც და კლასიკაც. ბევრი მუშაობა დასჭირდა, მით უმეტეს, რომ ადამიანური რესურსები ძალიან ცოტა გვქონდა, სამუშაო კი ფინანსურად აბსოლუტურად არაანაზღაურებადი იყო. ეს გახლდათ ყველაზე პოპულარული ელექტრონული ბიბლიოთეკა საქართველოში წლების განმავლობაში და ეს პოპულარობა ინერციით დღესაც გრძელდება.
- „ადამიანი დაკვირვებებისა და გავლენებისგან ჩამოყალიბებული არსებაა“, - შენი სიტყვებია. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა შეიძლება დაასახელო შენთვის ყველაზე ნეგატიური გამოცდილების წყაროდ?
- ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელზეც აქამდე კონკრეტული პასუხი არ მომიფიქრებია, თუმცა რომ დავფიქრდე, ალბათ ასეთ წყაროდ შეიძლება დავასახელო ის სოციალური სიდუხჭირე, რომელიც 90-იან წლებში დაგვატყდა თავს. მაშინ ჩამოყალიბებული კომპლექსები უკვე შემდგომ იქცა გავლენად და სხვადასხვა სახით იჩინა თავი. მე დღემდე ვცდილობ ვებრძოლო ამ გამოვლინებებს.
- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ ადამიანი „კომპრომისების არსებაა“, ანუ ხშირად მიდის კომპრომისებზე, ეს მისი არსებითი თვისებაა. როდის შეიძლება ამ თვისებამ ყველაზე დიდი ზიანი მოგვაყენოს?
- იქ სადაც გადის შენი პრინციპების საზღვარი, კომპრომისები, ანუ ამ საზღვრის გადმოწევა ძალიან საზიანოა. ვფიქრობ, რომ არსებობს ძირითადი ღირებულებები, რომელიც კულტურულ საზოგადოებას ჩამოუყალიბდა, მაგალითად სიმშვიდისა და სიკეთისკენ მისწრაფება, და როცა ამას აზიანებ, საკუთარ თავთანაც გექმნება პრობლემა. საზიანოა კომპრომისზე წასვლა ისეთ მტერთანაც, რომელსაც შენი განადგურება აქვს მიზნად დასახული.
- ვიცი, რომ ადამიანის ორ მთავარ მიზნად სიკვდილის გადავადებასა და სამყაროს შემეცნებას მიიჩნევ. რამდენად გჯერა იმის, რომ ოდესმე ამ დასახულ მიზნებში მაქსიმალურ შედეგს მივაღწევთ?
- ეს ალბათ არასოდეს მოხდება, მაგრამ წინსვლა გვექნება უფრო სამყაროს შემეცნების თვალსაზრისით, ვიდრე სიკვდილის გადავადების კუთხით, რადგან, როგორც კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, საკუთარ სხეულთან ბრძოლა უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა სხეულების დაპყრობა.
- „გურული დღიურების“ მეორე ნაწილი უკვე დაასრულე, დააანონსე მესამე ნაწილიც, რომელსაც მკითხველი უკვე მოუთმენლად ელოდება. რამ განაპირობა ამ ნაწარმოების ასეთი პოპულარობა?
- ბევრი მიზეზის მოფიქრება შეიძლება. ობიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ეს არ არის საუკეთესო ტექსტი, რომელიც იმ პერიოდში დაწერილა ან მე დამიწერია. თუნდაც მეორე ნაწილის ტექსტი ბევრად უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე „გურული დღიურების“ პირველი ნაწილი. თუმცა, ამავდროულად, არ არის ყველაზე უარესი ტექსტი და, რაც მთავარია, ეხება იმ წლებს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე და დასამახსოვრებელი იყო. მეორე მხრივ, ეს არის პოზიტიური ტექსტი. ადამიანებს მობეზრდათ სკანდალური ტიპისა თუ რთული შინაარსის შემცველი წიგნები და ადვილად მიეძალნენ. მესამე მხრივ კი, მის პოპულარობას კარგად დაგეგმილმა ტელეპიარმაც საკმაოდ შეუწყო ხელი.
- პირველი ორი ნაწილის სხვადასხვა ენაზე (იტალიურად, თურქულად, აზერბაიჯანულად, რუსულად) თარგმნასთან დაკავშირებით, ტექსტის ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენად გასაგები იქნება ის უცხოელი მკითხველებისათვის?
- არ ვიცი როგორ გაიგებენ (იცინის). „ორი თავგადასავლის“ თარგმნა ფრანგულადაა დაგეგმილი და ეს უფრო გასაგებია, რადგან აქ აღწერილი ამბავი ადვილად აღსაქმელი იქნება ყველა ტიპის მკითხველისათვის, ხოლო რაც შეეხება სპეციფიკური ტიპის ტექსტს, ნამდვილად არ ვიცი, რა რეაქცია ექნება უცხოელ მკითხველს.