საქართველოში ტურიზმი კიდევ უფრო გაძვირდა. ლარის დევალვაციამ თავისი უარყოფითი შედეგები ამ მიმართუელბითაც მოიტანა. მეორე მხრივ კი, ქვეყანამ ტურიზმიდან კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღო. წლევანდელი იანვარ-მარტი ამ თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა.
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2016 წლის მარტში ტურიზმმა საქართველოს, წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით, 38 მილიონ ლარზე მეტი მოუტანა. 2016 წლის სამ თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1 134 436 შეადგინა და 2015 წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტია.
რაც შეეხება გასულ თვეს, 2016 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს 450 875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია (ზრდა წინა წლის ანალოგურ პერიოდთან შედარებით 16,7%-ია). მარტის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათზე მეტი დაჰყვეს საქართველოში, 170 281 შეადგინა.
„ჩვენ შევაჯამეთ 2015 წელი. მართალია, 2015 წლის ვიზიტორების რაოდენობა პირველ იანვარს ცნობილი იყო და ეს იყო 5 900 000 ვიზიტორი, თუმცა ეროვნულმა ბანკმა დაზუსტებით გადათვალა ის შემოსავალი, რომელიც მივიღეთ 2015 წლის მანძილზე ტურიზმიდან და ეს ციფრია 1 935 000 000 დოლარი, რაც არის 148 მილიონი დოლარით უფრო მეტი, ვიდრე ეს 2014 წელს გვქონდა.
სასიხარულოა ისიც, რომ 2016 წლის მარტში გვქონდა 16,7%-იანი ზრდა საერთაშორისო ვიზიტორების მიმართულებით, ხოლო ტურისტების მიმართულებით ეს არის 24,8%-იანი ზრდა. იმ მეთოდოლიგიით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ წინასწარი გათვლებით, მიმდინარე წლის მარტის თვეში ტურიზმმა საქართველოს 38 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა წინა წელთან შედარებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანამ 2016 წლის 3 თვის მონაცემებით, 87 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ლარის დევალვაციამ პიკს მიაღწია. ამ ფონზე მართალია საქართველომ შედარებით მეტი შემოსავალი მიიღო, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ტურიზმი გაძვირდა. სასტუმროებმა მომსახურების ფასი გაზარდეს. დასვენება ადგილობრივებისთვის კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდა.
ლარის დევალვაციის პირობებში დასასვენებელმა კომპლექსების ნაწილმა ფასების შენარჩუნება როგორღაც მოახერხეს, მაგრამ სხვებმა მომსახურება გააძვირეს.
ყვარელში მდებარე სასტუმრო „როიალ ბატონში“ აცხადებენ, რომ კურსის ცვლილება ნომრის ღირებულებაზე აისახა და სასტუმროს მენეჯმენტს ფასების გაზრდა შემოდგომის სეზონიდან მოუწია. დამსვენებლების მესამედს უცხოელები წარმოადგენენ. განსაკუთრებით ტურისტების დიდი რაოდენობაა რუსეთიდან და უკრაინიდან.
წინანდალში სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობას და კონკურენციის ზრდას სასტუმრო „როიალ ბატონი“ მომსახურების დონის გაუმჯობესების კუთხით დადებითად უყურებს. უახლოეს მომავალში სასტუმრო „როიალ ბატონი“ ახალი ნომრებისა და საკონფერენციო დარბაზის დამატებას გეგმავს.
ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას სასტუმრო-კომპლექს „ბაზალეთის ტბის“ ადმინისტრაცია. როგორც დასასვენებელ კომპლექსში აცხადებენ, ორადგილიანი ნომრის ღირებულებაში სამჯერადი კვება შედის.
სასტუმრო მზარდ კონკურენციაზეც ამახვილებს ყურადღებას. „ბაზალეთის ტბა“, ძირითადად, კონფერენციებზეა გათვლილი, თუმცა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი კომპლექსი ტურისტებისთვისაც მიმზიდველი ადგილია.