რომელ მინისტრს, დეპუტატსა და ბიზნესმენს სთხოვენ ფარული კადრების არგამოქვეყნებაში 200 ათასს

რომელ მინისტრს, დეპუტატსა და ბიზნესმენს სთხოვენ ფარული კადრების არგამოქვეყნებაში 200 ათასს

გიგლა ბარამიძე: „მაქვს ურთიერთობები, მყავს წყაროები...“

პარტიული ყრილობა, სავარაუდოდ, ივნისში ექნებათ, ,,მარგი ქმედების კოეფიციენტის'' არმქონე პარტიების ,,აკიდებას'' არ აპირებენ და ჯერ არც ფართომასშტაბიანი საარჩევნო კამპანიის დაწყებას გეგმავენ - ასეთია ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობის უახლოესი გეგმები, რომელთა შესახებაც ,,ვერსიას'' პარტიის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ესაუბრა. ბარამიძე, რომელიც პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა, ფარული ჩანაწერების თემას აგრძელებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ჩანაფიქრზეც გვიამბობს. ,,ვერსიამ'' გიგლა ბარამიძესთან საუბარი კოალიციის დაშლით დაიწყო. ისე, სულაც არ ველოდი, რომ ინტერვიუ სკანდალური გამოვიდოდა.
- იმას, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება, სიურეალიზმში გადასული აბრაკადაბრა ჰქვია. ეს პოლიტიკური ,,წაჯექ-უკუჯექობანას'' გამოცხადებული ქრონიკაა. ქვეყანა ანეკდოტის დონეზეა - კოალიციიდან ერთი პარტია ,,ნახ-ნახევრად'' მიდის, თან მთავრობაში მინისტრების შენარჩუნებას ითხოვს. ეს ამბავი იმ მტირალ ბავშვს მაგონებს, რომელიც იმიტომ ტირის, რომ გასდის! ასეა რესპუბლიკელების საქმეც, რადგან უკვე არაერთხელ გაუვიდათ. ახლა არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილს საწყაული აევსო თუ არა, თუმცა რაც უნდა დროშები აფრიალონ, რესპუბლიკელების თვალები არ ტყუიან - მათ წაშლილ სახეებს შეხედეთ და მიხვდებით, რომ თავადაც არ იციან, სად და როგორ არიან.
- ისე, ძალადშენარჩუნებულ კოალიციაში პირველი პარტიული დაპირისპირება უკვე ვნახეთ. ამ ფორმით არჩევნებამდე მისვლა შესაძლებელია? 
- შეუძლებელიცაა და არასწორიც. ვითარება ასე დიდხანს არ გაგრძელდება. თუ რესპუბლიკელებს თანამდებობიდან ვინმე წიხლისკვრით არ გააგდებს, არსად წამსვლელები არიან. რეალურად, ამ პარტიამ თავისი ყოფნა-არყოფნა ელიავას ბაზრობას დაამსგავსა. მაინც ვფიქრობ, დღევანდელობაც ისევე, როგორც ამ 1%-იანი პარტიის აღზევება, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, თან ,,ოცნებამ'' დაინახა, რომ მისი საქმე ცუდადაა და ამ პარტიების ჩაჩოჩებით, ვითომ სახის შენარჩუნებას ცდილობს. მოკლედ, ეს ძალიან ცუდია თამაშია, რომელიც გაუხმაურდათ. 
- როგორც წესი, გახმაურებული თამაშის მერე, სტრატეგია იცვლება. ბატონო გიგლა, როგორ ფიქრობთ, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? 
- პირველი ნაბიჯი ის იქნება, რომ ივანიშვილი პარტია ,,ოც¬ნების'' შიგნით დარჩენილ ხალხს გაწრიტავს და გაცრის - ეს არჩევნებამდე მოხდება. რაც უნდა იფაფხურონ, რესპუბლიკელ მინისტრებს, მგონია, მაქსიმუმ, 2-3 თვეში გაუშვებენ. ივანიშვი¬ლის თვითმიზანი უმრავლესობით მოსვლა სულაც არაა, თუმცა მაჟორიტარების უმრავლესობასაც ,,ოცნება'' გაიყვანს და მისი ახალი სტრატეგიის მიხედვით, პარლამენტში გასული პარტიები-დან, მგონი, თავად ამოარჩევს ცალკეულ პერსონებს, თითო კაცს მოკრებს და უმრავლესობას მათ შეადგენინებს. ეს მისი სტილია. ვფიქრობ, ამ ხალხს უკვე ისეთი პირობებით წაიყვანს, რომ აღარ დაიშლებიან და ბოლომდე თავისთან ეყოლება. 
- ეს თქვენი მოსაზრებაა თუ შუშის სასახლიდან კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ? 
- ბუნებრივია, ჩემი მოსაზრებები რაღაც ინფორმაციასაც ეყრდნობა. ხომ იცით, სიტყვა შუშასაც არღვევს და ბეტონსაც. 
- ხალხს თქვენი პარტიიდანაც წაიყვანს? 
- ჩვენიდან - არა, სხვებს ვგულისხმობ. 
- რატომ, წასაყვანი უკვე წაიყვანა? - ზაზა სოფრომაძე, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, გოგი ქავთარაძე სწორედ თქვენი გუნდიდან გადანაწილდნენ მთავრობასა და პარლამენტში. ახლა, როცა კოალიცია დაიშალა და ,,ოცნება'' მარტო დარჩა, თქვენს დღის წესრიგს არ გადახედავთ? 
- რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, არც იმას გამოვრიცხავთ, გეგმები შეიცვალოს, თუმცა ამ პარტიაში უკვე 2,5 წელია ვარ და თუ რამე მესმის, როგორც პოლიტიკურ მდივანს, არანაირი ძვრები, ამ ეტაპზე, არ არის, მხოლოდ ამ კი არა, სხვა არც ერთ პარტიასთან. საუბარი ხან ირაკლი ღარიბაშვილზე იყო, ხან ირმა ინაშვილზე, მაგრამ ოფიციალურ დონეზე არც ერთი მიმართულებით ძვრა არ ყოფილა. 
- არაოფიციალურ დონეზე? 
- საქმე შორს არც აქ წასულა... სერიოზული მოლაპარაკებები ჯერ არავისთან გვაქვს; მეტიც - მარტო უფრო კომფორტულად ვართ, რადგან ჩვენი თავის იმედი გვაქვს, ამიტომ ვინმეს ზედმეტად ,,აკიდება'' სულ არ გვჭირდება.
- როცა ამბობთ, არავის ,,აკიდება'' გვინდაო, თქვენს ძველს თანაალიანსელებს - ჯონდი ბაღათურიას, სოსო შატბერაშვილსა და ტრადიციონალისტებსაც გულისხმობთ? როგორც ვიცი, დღეს ეს ალიანსი დაშლილია, მეტიც, საუბარია, რომ მათ ირმა ინაშვილისკენ გადაინაცვლეს. რა ხდება, ოპოზიციის ,,ახალი ბურჯანაძე'' ირმა ინაშვილია? 
- ნინო არანაირად ჩანაცვლდება, მას თავის სტილი აქვს, პარტიას - თავისი მიმართულება. ჩასანაცვლებელი არსად არაფერი გვაქვს. რეალურად, ეს ალიანსი დღეს არც არის და არც დაშლილა. საბოლოო მიმართულება, ვისთან ერთად და როგორ ჩავერთვებით სრულად ამ კამპანიაში, ჯერ არ დაზუსტებულა. რაც შეეხება ,,აკიდებას'', ალიანსი არ მიგულისხმია. ვგულისხმობ ერთკაციან პარტიებს, რომელთაც მარგი ქმედების კოეფიციენტი არ აქვთ. ბევრ ასეთს აქვს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ ჩვენ არ გვინდა. 
- თქვენს ,,ანგარიშზე'' კიდევ ერთი პრობლემაა - ორ ინსტანციაში წაგებული .. ქდმ- საქმე გოჩა ჯოჯუასთან, რომელსაც ფული და ადამიანური რესურსი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე გქონდათ, უკან მიაქვს. რას აპირებთ? 
- ჯერ ერთი, ეს საქმე ახლა უზენაეს სასამართლოში განიხილება; მეორეც - ეს საკითხი რომც გადაწყდეს, ვიღაცას ტყუილად აქვს იმედი, რომ რამე რესურსს წაიღებს. არჩევნებამდე ეს გამორიცხულია. 
- შეიძლება, მაგრამ ჯოჯუა ძალიან მარტივად იტყვის და ეჭვებსაც გააჩენს, რომ ხელისუფლებასა და სასამართლოსთან ხართ გარიგებული და პროცესს არჩევნებამდე ხელოვნურად წელავთ. 
- ასე ყველას ყველაფერი შეუძლია თქვას. კარგი იქნებოდა, ეს ამბავი საერთოდ არ მომხდარიყო, მაგრამ ეს პროცესი ისე ნამდვილად ვერ დაგვაზარალებს, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. რეალურად, მხოლოდ დრო დავკარგეთ.
- კარგავთ რესურსსაც - ფულს, კომისიის დაფინანსებულ წევრებს. 
- არა, არ ვკარგავთ, ყველაფერი ტექნიკურად ისეა გათვლილი, არჩევნებამდე არაფერი გამოვა. 
- ვინ გათვალა? 
- კანონმა. 
- კანონიც თქვენზე მუშაობს? 
- ასე იქნება თუ ისე, არჩევნებამდე ეს საქმე არ ესწრება, თუმცა ამ პროცესისგან დამოუკიდებლად, ფინანსურად ბოლო დროს ძალიან მოვიკოჭლებთ. 
- რატომ, აკი, ბურჯანაძეს ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებსო? 
- ვანო ჩხარტიშვილი ჩემი მეგობარია. რა ვიცი, რამდენჯერაც შემხვდა, ხმა ერთხელაც არ ამოუღია და თუ რამე იცით, მითხარით, დღესვე მივადგები! 
- სამაგიეროდ, თურმე ის იცით, რომ ფარული კადრები კიდევ დაიდება, თანაც ინტიმური ცხოვრების დეტალებს გასცდება და მნიშვნელოვანი შეხვედრები და გარიგებები გასაჯაროვდება. ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ? 
- საერთოდ, მსგავს განცხადებებს ვითარების ანალიზის საფუძველზე ვაკეთებ. მაქვს ურთიერთობები, მყავს წყაროები, უამრავ მასალას ვეცნობი, ამიტომ ჩემი ეს ანალიზი არავის უნდა გაუკვირდეს. პოლიტიკოსის ფასეულობა ისაა, მოვლენები წინმსწრებად დაინახოს. როცა ეს ვთქვი და პროკურატურაში დაკითხვაზე დამიბარეს, იქაც გავიმეორე, კადრები კიდევ იქნება და ვერ დაბლოკავთ-მეთქი. მეორე დღეს მართლაც დაიდო რაღაც კადრები. 
- რატომ ახსენეთ მაინცდამაინც საქმიანი შეხვედრები ან რა შეხვედრებს გულისხმობდით? 
- იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ამ კადრების მხილველმა საკმაოდ დიდმა წრემ - დიპლომატებმა, არასამთავ¬რობოებმა ნახეს, ვიცი, რომ არსებობს არამხოლოდ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრები, არამედ, რაღაც შეხვედრები, მისვლა-მოსვლა, გადაბირება-გადმობირება და სხვა. საერთოდ, რატომ გამოვრიცხავთ, რომ ის, ვინც უკრაინასა და სხვა ქვეყნებ¬შია გაქცეული, ამ მასალებით არ ვაჭრობს? ვთქვათ, რომელიმე მინისტრი, დეპუტატი ან ბიზნესმენი ჰყავს ,,გამოსკვანჩული'' - ხომ შეიძლება, შუამავლის მეშვეობით ამ ადამიანს ევაჭროს, გადაიხადე 200 000 და ჩანაწერს არ დაგიდებო ან, იქნებ, ამ კადრებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ევაჭრებიან, ეუბნებიან, მომეცი მოქალაქეობა, ცხოვრების საშუალება და აი, ბატონო, მოგცემთ ამ კადრებსო? 
- ამ დეტალებზე რის საფუძველზე საუბრობთ? 
- ჰიპოთეტურად ვამბობ, პროკურატურაში რაღაცები მკითხეს და იმას გეტყვით, რაც ვუპასუხე: ჩვენ შეგვიძლია, ვითარების ანალიზი, საფრთხეების შეფასება, გამოძიებისთვის მიმართულების მიცემა, დანარჩენი კი მათ უნდა გააკეთონ. ამდენი ფული, მასალა აქვთ და თავად იმუშაონ. მაშინ კი, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ერთ კვირაში დავალაგებთ ამ სპეცსამსახურებს. როგორც ვხედავ, დღეს უნდათ, კადრების საქმე პოლიტიკოსებისა და ინტერვიუების მეშვეობით გამოიძიონ. 
- მაინც ვერ გავიგე, ბატონო გიგლა, გადაბირება-გადმობირების ამსახველი ფარული შეხვედრები რატომ ახსენეთ? პირველი, რაც ამ განცხადებაზე მახსენდება, ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის მონაყოლია, სააკაშვილ-გაჩეჩილაძის შავნაბადაზე შეხვედრის შესახებ, რომელსაც ბიწაძე ფარდის უკან მდგომი შეესწრო. რეალურად, მან პირველმა გაახმაურა ფარული შეხვედრის დეტალები. შეიძლება, გადაბირება-გადმობირების კადრები ბიწაძემ გამოიტანოს დღის სინათლეზე? 
- როცა საუბარი შეხვედრებზეა, ალბათ, ეს იქნება დაახლოებით 2007-2008 წლების პერიოდი. შეიძლება, ნებისმიერი რამ იყოს. საერთოდ, ეს თემა იმიტომ წამოვჭერი, რომ სარეცლის ამბებმა უფრო დააინტერესა ქართველები. ამ დროს, ამის იქით უამრავი სხვა საკითხია - ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, პოლიტიკური ვაჭრობა, გადაბირება, ფული, ათასი სხვა რამ... ამიტომ ქართული პოლიტიკისა და იმ 9-წლიანი მოქმედებების ანატომია ვიცი და დარწმუნებული ვარ, ასეთი უამრავი შეხვე¬დრაა გადაღებული საქართველოში, უცხოეთში, სასტუმროებში, ოფისებში, რესტორნებში, აეროპორტებში. ვფიქრობ, საჭიროე¬ბის მიხედვით, ალბათ, ესეც დაიდება. საერთოდ, იმდენს ილ¬აპარაკებს პოლიტიკური ბომონდი, კადრებში მე არ ვარ და ჩემზე არაფერი აქვთო, რომ იმან, ვინც ამ ვიდეოებს დებს, შესაძლოა, აწი ისეთი კადრები დადოს, სადაც გარკვევით ჩანს, ვინ ვინაა და ვინ რაზე საუბრობს. ეს ისეთი ცუდი და ბინძური თემაა, ყველას ვურჩევ, ამაზე პირდაპირ თუ ირიბად საუბარს თავი დაანებოს. საზოგადოება ისედაც ძალიან გაღიზიანებულია, ეს მედროშეობა და ბევრი საუბარი კი, ვფიქრობ, უკუშედეგს გამოიწვევს; ასევე არ მესმის, რა უხარიათ ამ ვითარებაში ნაციონალებს - ეგენი არ იყვნენ, ხალხს აბანოში რომ უცვივდებოდნენ და დღეს სხვისი უკვირთ? მოარული ხმაც იყო, რომ ცოლებსა და საყვარლებთან ერთად კოკაინს ყნოსავდნენ და თან ამ კადრებს უყურებდნენ! აგერ, ხომ გამოვიდა ჩემი მოგვარე და განაცხადა, დავით ბაქრაძესა და გიგი უგულავაზეც აქვთ კადრებიო, საკუთარ გუნდზე არ საუბრობდა? ამიტომ, ჩემი აზრით, ეს სიბინძურე ახლა იწყება. ეს პროვინციული ქართული პოლიტიკური ჭაობია, რომლიდანაც ჯერ ვერ ამოვსულვართ.