“ლეიბორისტების” მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება, ამერიკელ
“ავანტიურისტ დიპლომატსა და რევოლუციათა სპეციალისტ” მეთიუ ბრაიზასთან ერთად, აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. მშრომელთა პარტია, მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით, ერთის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუწოდებს, მეთიუ ბრაიზას ქვეყნიდან გაწვევა მოითხოვოს და ამით რეგიონში პოლიტიკური დესტაბილიზაცია არ დაუშვას. მეორეს მხრივ კი, ამერიკის სენატს კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ ბრაიზას აზერბაიჯანის ელჩად დანიშვნას მხარი არ დაუჭიროს. ყველაფერი კი რუსეთის ისლამური კომიტეტის თავმჯდომარის, პოლიტოლოგ ჰეიდარ ჯემალის აზერბაიჯანული სააგენტო “სალამნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუს მოჰყვა, სადაც იგი აცხადებს, რომ “არსებული მონაცემებით, საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო გადატრიალების გეგმა მზადდება და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა.”
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ ინფორმაციას მოსალოდნელზე მშვიდად შეხვდა და განაცხადა, ეს დივერსიული ჯგუფების საქმეა, რომლებიც მსგავს საკითხებს იმ მიზნით აყენებენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააფუჭონო. აქვს თუ არა ალიევს პანიკის საფუძველი და მართლა ემუქრება თუ არა ჩამოგდება? “ქართულ სიტყვას” “ლეიბორისტების” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ესაუბრა.
ბატონო სოსო, რის საფუძველზე აცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მეთიუ ბრაიზა აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ?
- ამას პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვაცხადებ - რუსეთის ისლამური კომიტეტის თავმჯდომარემ ჰეიდარ ჯემალმა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ საქართველოში მზადდება სახელმწიფო გადატრიალება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ტახტიდან ჩამოსაგდებად და ამაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან ჩარეულნი.
ჰეიდარ ჯემალმა მოსალოდნელ გადატრიალებაში გიგა ბოკერიას როლზეც ისაუბრა...
- დიახ, ამის ორგანიზატორი, თურმე, გიგა ბოკერია. 2003 წელს ბრაიზამ მოაწყო საქართველოში გადატრიალება. საერთოდ, ბრაიზა ცნობილია, როგორც ავანტურისტი დიპლომატი. ასევე, მან წააქეზა საქართველოს ხელისუფლება, რომ დაეწყო ომი ცხინვალის რეგიონში, რამაც საქართველო დაქუცმაცებამდე მიიყვანა. სწორედ ამაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანში ამერიკის ელჩის, მეთიუ ბრაიზას თბილისში ჩამოსვლა სწორედ ამ გეგმებს უკავშირდება. ეს გეგმები შემუშავებულია მაკკეინისა და სხვა ნეოკონსერვატორების მიერ აშშ-ში, რომელთა ინტერესებშიც შედის ამიერკავკასიაში სიტუაციის არევა ისევე, როგორც მთელ ისლამურ სამყაროშია. მათ, ასევე, აწყობთ ილჰამ ალიევის დამხობა. როგორც ჩანს, ალიევის მსუყე ფეშქაშებმა ვერ გაჭრა სააკაშვილზე.
“მსუყე ფეშქაშებში” რას გულისხმობთ?
- რას და, - ყველა არჩევნებზე ნახევარი მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელის სააკაშვილისთვის განკუთვნილ ხმას. სააკაშვილისთვის მუდმივი მეგობრები არ არსებობენ და თუ დასჭირდა, თავის ყოფილ და ახლანდელ მეგობრებსაც ისევე გაწირავს, როგორც, მაგალითად, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, ან ირაკლი ოქრუაშვილი გასწირა.
მაინც, რაში უნდა აწყობდეს სააკაშვილს იმ ქვეყანაში გადატრიალება, რომლზეც უამრავი რამით ვართ დამოკიდებული?
- თუ აზერბაიჯნაში ხელისუფლება შეიცვლება, სააკაშვილი ახალი ხელისუფლების უფრო მეტი მხარდაჭერით ისარგებლებს. რაც მთავარია, მას უნდა, ასიამოვნოს მაკკეინს და მის დაჯგუფებას, რომელსაც სააკაშვილის “ამერიკელ ნათლიმამას” უწოდებენ.
თუ ეს მართალია, მაშინ, სავარაუდოა, რომ “აზერბაინაული გადატრიალება” ობამას და მისი დმინისტრაციის ზურგს უკან მზადდება...
- სიტუაციის არევა ობამას ინტერესებში ნაკლებად უნდა შედიოდეს იმიტომ, რომ ობამა ალიევის და სააკაშვილის მიმართ თბილი განწყობით არ გამოირჩევა - რაც პრეზიდენტია, ობამა სააკაშვილს ერთხელაც არ შეხვედრია, თუ არ ჩავთვლით იმ 10-წუთიან შეხვედრას, რომელიც ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პანაშვიდზე შედგა. სხვათა შორის, საქართველოს ბიუჯეტს ეს შეხვედრა ძალიან ძვირი დაუჯდა - მილიონები გადაუხადეს ლობისტურ კომპანიებს, რომ ობამას სააკაშვილთან ათიოდე წუთი ესაუბრა და ეს კადრები სააკაშვილს ქართული ტელეარხებით გაევრცელებინა. ასე რომ, გადატრიალება ობამას ინტერესებში ნაკლებად შედის, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ნეოკონსერვატორები და რესპუბლიკელები სერიოზულად უპირისპირდებიან ობამას და ცდილობენ, ის გააკეთონ, რაც მის ინტერესში არ შედის...
მაკკეინი და ნეოკონსერვატორები “აზერბაიჯანული გადატრიალებით” რას იხეირებენ?
- მათ სურთ, მომავალ არჩევნებზე ობამას დაუპირისპირდნენ და თქვან, აი, შეხედეთ, ობამას ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო მშვიდობა ამიერკავკასიაში, აგერ, ალიევი დაამხეს და კონფლიქტი მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორისო... თუ აზერბაიჯანში გადატრიალება წარუმატებლად დამთავრდა, მაშინ აზერბაიჯანის დღეს მოქმედი პრეზიდენტის სახით ჩვენ ნომერ პირველ მტერს მივიღებთ და ამას შეიძლება, სერიოზული გართულება მოჰყვეს. გადატრიალების წარმატების შემთხვევაში კი, აირევა სიტუაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოზე. რუსეთან თბილი დამოკიდებულება სომხებსაც აქვთ, მაგრამ აქ მეორე საშიშროებაცაა - სომხეთი პროირანულ სახელმწიფოდ ითვლება, ირანი ფარულად მფარველობს სომხეთს ისევე, როგორც აზერბაიჯანი მოიაზრება პროთურქულ სახელმწიფოდ პროირანულ სახელმწიფოს ნამდვილად არ სწყალობს აშშ... მოკლედ, აქ რამდენიმე ქვეყნის ინტერესები იკვეთება და სწორედ ესაა საშიში.
ბატონო სოსო, საქართველო როგორი პროსახელმწიფოა?
- აბა, რა გითხრათ? ჩვენი ხელისუფლება ამბობს, პროამერიკული ვარო და, სინამდვილეში, პრორუსია - წყალი, გაზი, ენგურჰესი, ჟინვალჰესი, ფოთის პორტი და ყველაფერი რუსების ხელშია, ანუ ხელისუფლება ეკონომიკურად ყველაფერს რუსეთს უკეთებს, პოლიტიკურად კი, - ამერიკას. ამასობაში, ეს ადამიანი, სინამდვილეში, საკუთარი სკამის ინტერესებს ემსახურება ერის ინტერესების საზიანოდ.
ბატონო სოსო, დიდი ხანია ამერიკაშიც მიხვდნენ, რომ ფერადმა რევოლუციებმა არაა გაამართლა. აქედან გამომდინარე, ცოტა არარეალურია, რომ აზერბაიჯანში ხავერდოვანი გადატრიალება მოხდეს...
- აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებში, მართალია, გადატრიალება არ შედის, მაგრამ, როგორც ვთქვი, ამით მაკკეინი და მისი დაჯგუფებაა დაინტერესებული - ოღონდ ხელახლა მოვიდნენ ხელისუფლებაში და ყველაფერს გააკეთებენ, თუნდაც მესამე მსოფლიო ომისკენაც წაიყვანენ სიტუაციას. ამაში მათ ხელს სააკაშვილი ყველანაირად შეუწყობს, რადგან ობამას ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლით დარჩენა, სააკაშვილის სამუდამო დასამარებას ნიშნავს, მით უფრო იმ დროს, როცა პუტინს დიდი შანსი აქვს, თითქმის 99%-ი, რომ რუსეთის პრეზიდენტი გახდება...
რა ამიის პასუხია და რას უკავშირებთ ვასილ სანოძის მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის მცდელობას?
- ეს პატარა “სახელისუფლებო ბიჭები” ისე არიან გადამტერებულნი, რომ მზად არიან, ერთმანეთი ამოჟლიტონ. ზუსტად ვერ გეტყვით, რა მოხდა, მაგრამ ეს თვითმკვლელობის მცდელობა რომც იყოს, ამ ზომამდეც ამათ მიიყვანეს. თუ მკვლელობა იყო, მაინც ამათ ესროლეს. არაა გამორიცხული, რომ ეს უკავშირდებოდეს გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ამ საქმეში “გაჭედილია” რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომელთაც სააკაშვილის სელისუფლების შეცვლისთანავე ელის სასამართლო, ამიტომ, არაა გამორიცხული, მთავარი მოწმეები მოიცილონ.
პოლიტიკურმა “რვიანმა” ხელისუფლებას 31 მაისამდე მისცა ვადა დათმობებისთვის. “რვიანს” საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის იმედიც აქვს. პალიკო კუბლაშვილმა კი, “რვიანს” ინდივიდუალურ კონსულტაციებზე გადასვლა შესთავაზა. რას მოიტანს ეს ყველაფერი?
- ათასჯერ მაქვს ნათქვამი და ათასმეერთედ გავიმეორებ, რომ ხელისუფლება ნებით არაფერს დათმობს. ეს პარტიები ტყუილად კარგავენ დროს, ნაყავენ წყალს და აყრიან კედელს ცერცვს. “რვიანს” ვურჩევ, დაანებონ თავი მოლაპარაკებას. ზოგადად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის თავმოყვარეობის შემლახველია, თუ როგორ ეხვეწებიან ხელისუფლებას, დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუკი “რვიანს” ერთად არ ელაპარაკება, ძალიან მაინტერესებს, რაზე უნდა დაელაპარაკოს კუბლაშვილი ინდივიდუალურად? ხელისუფლება არაფერს დათმობს!
არსებობს მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყება, ხელისუფლება ანკესად გადმოაგდებს კოდექსში პატარა ცვლილებებს, ან დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს...
- ჩვენც ზუსტად მანდ ვართ. თუკი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყება, სააკაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს და თუ ოპოზიცია ამაზე წამოეგო, სააკაშვილი 30 წელს დარჩება ხელისუფლებაში და მას ვეღარ მოვიშორებთ! მოთხოვნა უნდა იყოს ერთი: სააკაშვილის გადადგომა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.
“ლეიბორისტები” “სახალხო კრების” მიერ 21 მაისს დაგეგმილ აქციას შეუერთდებით თუ მხოლოდ სოლიდარობით შემოიფარგლებით?
- გვიხარია, რომ “სახალხო კრება” უერთდება ჩვენს მიერ 2003 წლის 24 ნოემბერს დაწყებულ ბრძოლას. ბევრი მათგანი მაშინ ხელისუფლების უმაღლესი ჩინოსანი იყო... რაც შეეხება 21 მაისს დანიშნულ აქციას, მას სოლიდარობას ვუცხადებთ და წარმატებას ვუსურვებთ.
ანუ, არ გახვალთ აქციაზე?
- როცა ჩვენ დავიწყეთ აქციები, ისინი იყვნენ ჩინოსნები და როგორ შეიძლება, მათ შევუერთდეთ? ისინი გვიერთდებიან ჩვენ!
“სახალხო კრების” არმომადგენლები აცხადებენ, ჩვენ გვერდით ის პარტიები დადგებიან, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლება რეალურად სურთო...
- ისინი მაშინ დადგნენ ჩვენს გვერდით, როდესაც მიატოვეს მაღალი ჩინები და გადმოვიდნენ ოპოზიციაში, ჩვენ რა გვჭირს მათ გვერდით დასადგომი? ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენი პროგრამა და 15 წელია, ამ გზით მივდივართ. ყველას მადლობას ვუცხადებთ, ვინც იზიარებს ჩვენს წმინდათაწმინდა ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მიატოვონ ეშმაკის სამსახური და დადგნენ ღვთისა და ერის გვერდით.
თქვენ არც „რვიანის“ მოლაპარაკების გჯერათ, არც რევოლუციური ცვლილების მომხრე ხართ. აბა, რაში მდგომარეობს თქვენი პროგრამა?
- რევოლუციური ცვლილებების მომხრე როგორ არ ვართ, მაგრამ წინასწარ დაანონსებული რევოლუციების არ გვჯერა. რევოლუციას ახდენს ხალხი და არა - პოლიტიკური პარტია.
არის რევოლუციური განწყობა ხალხში?
- ჩვენი შეფასებით, არაა, თუმცა ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.
თქვენ რისი მომხრე ხართ?
- ეროვნული დაუმორჩილებლობის, თუმცა ვთვლით, რომ მოსახლეობა საყოველთაო დაუმორჩილებლობისთვის ჯერ მზად არაა!