მოგების გადასახადის რეფორმის დაწყების დრომ ყველა მიმართულებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბიზნესი თვლის, რომ მთავრობა ფეხს განგებ ითრევს, სპეციალისტების კი სხვაგვარად მსჯელობენ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, მოგების გადასახადის რეფორმის ნაჩქარევი დანერგვა ბევრ რისკთანაა დაკავშირებული. ასოციაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმდება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა მოხდეს, მაგრამ იქვე ხაზს უსვამს, რომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.
„სწრაფი, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არასწორია. მე თუ მკითხავთ, როგორც ბიზნესმენს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს ეს რეფორმა და მომხრე ვარ, მოგების გადასახადის რეფორმა დაინერგოს არა მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან, არამედ ახლა, 1-ლი ივლისიდან, მაგრამ, როგორც ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ისე თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ამ კანონის დისკრედიტაცია.
ჩვენ დავინახეთ ძალიან ბევრი რისკი, რომელიც დაკავშირებული იყო რეფორმის ნაჩქარევ დანერგვასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენმა კომიტეტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ვაძლევთ ხელისუფლებას რეკომენდაციას, მოხდეს ამ რეფორმის დანერგვა 2017 წლიდან“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.
სხვათა შორის, იგივეს ამბობენ ამერიკის სავაჭრო პალატაშიც. აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი საგადასახადო რეფორმის ესტონურ მოდელს დიდი ენთუზიაზმით უყურებს და თვლის, რომ ეს პოზიტიური რეფორმაა და სტიმული იქნება კომპანიებისთვის, რათა მოახდინონ რეინვესტირება.
„აღნიშნული რეფორმის წლის შუა პერიოდში გატარება პრობლემების მომტანი იქნებოდა ბიზნესისთვის. ჩვენ გვინდა 2017 წლის იანვრისთვის იყოს გადატანილი ეს რეფორმა და ასევე გვინდა რომ ეს იყოს მოდელი სხვა რეფორმების გასატარებლად“, - აცხადებს ჯორჯ ველტონი.
აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზეც ისაუბრა. მისი აზრით წარსულში ფინანსური პოლიციის ქმედება აგრესიული იყო და თავიდანვე დანაშაულში ედებოდათ კომპანიებს ბრალი. ესტონური მოდელში კი ამ პროცესების გამარტივების გზას ხედავს, ვინაიდან ნაკლებად სავარაუდო გახდება ფართომასშტაბიანი დავები საგადასახადო სტრუქტურებთან.
საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილი საგადასახადო რეფორმის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ კომპონენტს ერთ-ერთ დადებით ფაქტორად აფასებს, რასაც გავლენის მოხდენა შეუძლია ბევრ სხვა საკითხზეც.
„მოგების გადასახადის 2017 წლიდან ამოქმედება ნებისმიერი ბიზნესის ოპერირებიდან გამომდინარე სასურველი თარიღი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში სასურველია, რომ ფისკალური წლის დასაწყისიდან დაიწყოს და არა შუაში იმიტომ, რომ ძირეულ ცვლილებებს იწვევს. სასურველია, რომ მიმდინარე ფისკალურმა წელმა ამოწუროს მთლიანი წელი და შემდეგ დაიწყოს ახალი ცვლილებით მოქმედება“, - განუცხადა „კომერსანტს“ ლექსო ალექსიშვილმა.
მისივე აზრით, აუცილებელი იყო მოგების გადასახადის რეფორმა პირველივე დღიდან შეხებოდა ფინანსურ სექტორსაც, ვინაიდან ფინანსური კომპანიები ისეთივე ძირეული ნაწილია საქართველოს ეკონომიკის, როგორც ნებისმიერი სხვა სექტორი. ამავე აზრს იზიარებს აშშ-ის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი და თვლის, რომ ყველა ბიზნეს სექტორი თანაბარ პირობებში უნდა იყოს და ფინანსურ სექტორზეც ანალოგიურად უნდა გავრცელდეს მოგების გადასახადის რეფორმა.