ტაქსების რეგულაციის თემაზე მსჯელობა სულ უფრო და უფრო ხშირად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ამ სატრანსპორტო საკითხის მოგვარების დრო უკვე ძალიან მოახლოვდა. თბილისის მერის განცხადებით, ის დისკომფორტი, რაც მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, ეტაპობრივად უნდა აღმოიფხვრას. მგზავრობა გახდეს უსაფრთხო და კომფორტული, თუმცა საკითხის რეგულირება უნდა მოხდეს ისე, რომ უარყოფითად არ აისახოს ამ დარგში დასაქმებულებზე.
„სხვადასხვა უწყებებთან, ექსპერტებთან ვმჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოწესრიგდეს ტაქსებთან დაკავშირებული საკითხი ქალაქში. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ სოციალურად შეჭირვებულ კონტინგენტზე ეს არ აისახოს უარყოფითად. მეორე მხრივ, ის დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას ეტაპობრივად. ტაქსით მგზავრობა უნდა გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული. პირველად მოსაზრებას, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს, გაეცნობიან ექსპერტები, რათა იმსჯელონ და მათზე დაყრდნობით სრულვყოთ ჩვენი მიდგომა, რაც შემდგომ ტაქსების რეგულირების დოკუმენტს დაედება საფუძვლად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც მსჯელობის და განხილვის შემდეგ ეტაპობრივად საბოლოო სახეს მიიღებს.
„სპეციალისტებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს თბილისში ტაქსის სექტორის რეგულირებას. დოკუმენტი აგებულია რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე. მთავარი ამოსავალი წერტილია უსაფრთხოება, რომელიც იყოფა ორ ნაწილად. ავტომობილის უსაფრთხოება, რომელიც ეფუძნება რამდენიმე პრინციპულ მომენტს. მეორე ნაწილია მძღოლის უსაფრთხოების ნაწილი. ჩამოთვლილი იყო კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მძღოლი. დოკუმენტში აღწერილია სტიმულირების მექანიზმები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს სფეროს განვითარება. თუ რეგულაციებზე იქნება საუბარი, ეს უნდა იყოს ისე, რომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ იქონიოს ამ სფეროში დასაქმებული ადამიანის შემოსავალზე“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „აიპრესთან“ საუბრისას.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი თვლის, რომ დედაქალაქის მთავარი პრობლემა ტაქსები არ არის და ამ მხრივ პრიორიტეტები არასწორადაა დალაგებული. მისი აზრით, აუცილებელია ჯერ ქალაქის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიზარდოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ტაქსების რეგულაციებზე საუბარი.
„პირველ ეტაპზე დედაქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. თბილისში რეალურად არ გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - არის 700 ათასი მგზავრი და 500-მდე ავტობუსი. ამის ფონზე როცა ტაქსების რეგულაციაზე ვსაუბრობთ, რომელიც მათ რაოდენობას ცალსახად შეამცირებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხი ფიზიკურად ერთმანეთს აზის, ამ ეტაპზე რეგულაციით დაწყება მიუღებელია. დღეს დედაქალაქის მთავარი პრობლემა ტაქსები არ არის. ქალაქის პრობლემაა არასაკმარისი ადგილი ტრანსპორტში“, - განაცხადა მესხიშვილმა და აღნიშნა, რომ რეგულაციების შემოღების შემდეგ ტაქსი ფუფუნების საგანი გახდება, ვიდრე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.
„რეგულაციები ალბათ გულისხმობს იმას, რომ ტექნიკურად გამართული ტაქსები იქნება და დიდი ალბათობით შემოიღებენ რაიმე მოსაკრებელსაც, ან დაუბეგრავენ შემოსავალს. შესაბამისად მგზავრობა გაძვირდება, ტაქსების რაოდენობა კი შემცირდება მაშინ, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზრდება“, - აღნიშნა მესხიშვილმა.
დედაქალაქის საკრებულოშიც სატრანსპორტი ცვლილებებს ემხრობიან. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ
პირველ რიგში, ალბათ, უნდა აღირიცხოს რამდენი ტაქსი დადის თბილისში, შემდეგ კი მათი ტექნიკური გამართულობა შემოწმდეს.
„საუბარია რომ 40 ათასი ტაქსია, თუმცა, ფაქტია, ეს დათვლილი არ არის. ავტომანქანა უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, რომ მას შეეძლოს მგზავრის გადაყვანა. დღეს მოქმედი ტაქსების 30-40% ისეთია, რომ ადამიანი ვერ ჩაჯდება, რეგულაციები საჭიროა რომ გადაადგილება სახიფათო არ იყოს.
დადგება დრო, როცა ამ ადამიანებმა, მძღოლებმა რაღაც გადასახადი უნდა გადაიხადონ. თვითონ რომ ახდენენ მომსახურებას და საფასურს იღებენ, რაღაც გადასახადი თავადაც უნდა გადაიხადონ“, - განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.