ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი მსესხებლების დასაცავად ძალიან გააქტიურდნენ. მათი ქმედება უკვე გასცდა ფუჭ მსჯელობას და უკვე საკანონმდებლო ინიციატივებიც მომზადდა. მთავარია, ახლა მათი კანონად ქცევა, რომლის შემდეგაც ყელზე ყულფშებმული მოქალაქეები გარკვეულ შვებას იგრძნობენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც დეპუტატის განმარტებით, ფიზიკურ პირებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკარგული უძრავი ქონების უკან გამოსყიდვის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.
ახალი ინიციატივით, ფინანსური ინსტიტუტი დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან თავისუფლდება, თუკი ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მიღებულ საცხოვრებელ ბინას/სახლს იმავე ფიზიკურ პირს - ყოფილ მესაკუთრეს მიაწოდებს. მოვალეს შესაძლებლობა მიეცემა, კუთვნილი ქონება მის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობით გამოისყიდოს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კრედიტორი შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების საფუძველზე მიღებული ქონების რეალიზაციისას ვალდებულია, მოახდინოს დამატებითი ღირებულების გადახადა ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც თავისთავად, 18%-ით (დღგ) აძვირებს უძრავი ქონების ღირებულებას.
პარალელურად, პარლამენტში დაწყებულია ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის განხილვა, რომელიც იმ ფიზიკურ პირებს ეხება, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ იხდიან და ვერ ემსახურებიან სესხებს, ვერ ასრულებენ ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ბანკსაც მსგავსი სესხები უიმედო სესხების კატეგორიაში აქვს გადატანილი. „თავისუფალი დემოკრატების“ კანონპროექტი ითვალისწინებს, ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფიზიკური პირებისათვის ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებას.
„თუკი დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივები გაერთიანება, გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვასაც შეიძენს, რადგან ეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ ერთობლივი კანონპროექტის შემუშავების პირველი პრეცენდენტი იქნება“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
იმავდროულად კრედიტორების მხირდან მოქალაქეთა შანტაჟზე საუბრობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია. აფბა მიიჩნევს, რომ პრობლემური აქტივების ამოღების მიმართულებით (ე.წ. პრობლემური სესხები) კომპანიების საქმიანობა მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. კომპანიები კლიენტებთან ურთიერთობისას იყენებენ კანონგარეშე მეთოდებს.
ასოციაცია მოუწოდებს პროკურატურას და სხვა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად დაინტერესდენ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიების საქმიანობის კანონიერებით და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით ეს პროცესები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს შანტაჟს, მუქარას, ნათესავებზე ზეწოლას, მომხმარებლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, კლიენტთა მოტყუების გზით კაბალური ხელშეკრულებების გაფორმებას, აგრეთვე სარგებლობენ რა კლიენტების დაბალი ფინანსური განათლებით, ემუქრებიან სისხლის სამართლებრივი დევნით და ა.შ.
აფბა არ მოუწოდებს ფინანსური პროდუქტების მომხმარებლებს ვალდებულებების არ გადახდისკენ, მაგრამ გადაუხდელობის შემთხვევაში პრობლემურ მსესხებლებთან ცივილურ ფარგლებში ურთიერთობა უაღრესად მნიშნელოვანია. არ შეიძლება ადამიანის შანტაჟი და მუქარა იმის გამო, რომ მან რაიმე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა, რადგან ეს უკვე ცდება ფინანსურ ურთიერთობებს და საერთოდ კანონიერ ჩარჩოებს, რაც იწვევს მომხმარებლის არა მხოლოდ მატერიალური, ისე მორალურ ზიანს და ხშირ შემთხვევაში პირადი რეპუტაციის შელახვასაც, რაც სწორედ ზემოაღნიშნული კომპანიების დამსახურებაა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში და მაგალითად მოჰყავთ ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის გადასახადის გადაუხდელობა, რის გამოც დაუშვებელია ციხეში ჩასმის ან ქონების დაყადაღების მუქარა.
„კომუნალური მომსახურებები ისეთივე პროდუქტია, როგორც კრედიტები და თუ კლიენტი ვერ იხდის, მას უწყდება აღნიშნულ პროდუქტზე ხელმისაწვდომობა და მომწოდებელი კომპანია მიდის სასამართლოში მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით. ეს არის ცივილური ურთიერთობა. ამ დროს რა ხდება კრედიტის შემთხვევაში? კლიენტს უწევს გაურკვეველი წარმომავლობის მოძალადე კომპანიებთან ურთიერთობა, რომელებიც უამრავ პირგასამტეხლოსა და ჯარიმის გადახდას აკისრებენ.
ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემას სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე მიექცეს სათანადო ყურადღება და დროულად დაინტერესდეს პროკურატურა „ამომღები კომპანიების“ საქმიანობით. გააკონტროლოს მათ მიერ განხორციელებული ზარები მომხმარებლებთან და შანტაჟის შემთხვევაში დროული რეაგირება მოახდინოს. საქმე ეხება მოქალაქეების კეთილდღეობას, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ როგორც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც“, - აცხადებენ აფბა-ში.