მიუხედავად იმისა, რომ ლარის ახალ ბანკნოტებს საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული უამრავი დამცავი ნიშანი გააჩნია, პრეტენზიები მის მიმართ არ კლებულობს. ერთნი ლარის ახალ კუპიურაზე ტერმინ „საქართველოს“ აღნიშნვას მოითხოვენ, მეორენი იწუნებენ ბოლო დროს დამკვიდრებულ არასწორ მიდგომას, რომ ფულზე მაინცდამაინც წმინდანების გამოსახულებაა დატანილი, სხვები კი ახალ ლარს სხვა „ცოდვაშიც“ ამხელენ და ირწმუნებიან, რომ ახალი ბანკნოტები ადვილად ყალბდება.
ყალბი 20 და 50-ლარიანები უკვე აღმოაჩინეს კახეთში, გურიასა და თბილისში. გამომდინარე იქიდან, რომ განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში სულ ახლახანს შევიდა, მომხმარებელს მათი გარჩევა უჭირს და სრულიად მარტივია, ნამდვილის ნაცვლად, გაყალბებული შეაჩეჩონ.
ცოტა ხნის წინ, თელავის რაიონულმა სასამართლომ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი პირი ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს და ამოღებული კუპიურების ოდენობამ, საერთო ჯამში, 1040 ლარი შეადგინა. აღმოჩნდა, რომ ყალბი კუპიურები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ლაზერით აღჭურვილი, უცხოური წარმოების სპეციალური აპარატით დაამზადეს.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფულის გაყალბება ნებისმიერ ეპოქაში იყო შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფულს თავისი დამცავი ნიშანი გააჩნია და ქართული ეროვნული ვალუტის დამცავი ნიშნებიც არაფრით ჩამოუვარდება წამყვანი ქვეყნების ვალუტის დამცავ ნიშნებს.
რაც შეეხება უკანასკნელ პერიოდში ბანკომატებში აღმოჩენილ ყალბ კუპიურას, პაატა აროშიძე თვლის, რომ ეს არ გამოირიცხება, თუმცა ძალზე რთული დასაჯერებელია, რადგან ბანკომატებს აქვთ განმასხვავებელი ნიშნების აღმოჩენის შესაძლებლობა და იმის უნარი, რომ პირდაპირ ე.წ. შავ ყუთში გადააგდონ ყალბი კუპიურა.
„ხარისხითა და მხატვრული ღირებულებით ქართული ლარი მსოფლიოს ყველა ვალუტისაგან ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ ვალუტის ეს სახეები, გარდა ოცლარიანისა, არ გამოირჩევა არანაირი მხატვრული ღირებულებებით. პირადად ჩემთვის ახალი 50-ლარიანი არ არის ისეთი კარგი, როგორც ძველი 50-ლარიანი. ეს გემოვნების ამბავია, მთავარია ამ ლარის მსყიდველობითი უნარი. ადრე ლარი იბეჭდებოდა ფრანგულ ქაღალდზე, ახლა უკვე საქართველოში იბეჭდება. რაც შეეხება კუპონს, ის თავდაპირველად უცხოეთში იბეჭდებოდა, შემდგომ- საქართველოშიც დაიბეჭდა, თუმცა იმ პერიოდში ვის რაში სჭირდებოდა კუპონის გაყალბება?! ასე რომ, რაგინდ მაღალი დონის დაცვის მექანიზმები არ უნდა გააჩნდეთ ახალ ბანკნოტებს, მათი გაყალბების რისკი მაინც არსებობს, ვინაიდან მომხმარებლის თვალი და ხელი შეუჩვეველია ახალ კუპიურას. ჩვენთან ახლა სამი კუპიურის (ოცის, ორმოცდაათიანისა და ას-ლარიანის) ჩანაცვლება განხორციელდა, რამაც ყალბის მქმნელებს გაუხსნა გზა გარკვეულ ეტაპზე გაყალბებისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, სამართალდამცველები და თვითონ ეროვნული ბანკიც, მაქსიმალურად შეეცდებიან, მონახონ გზები ამისგან დასაცავად. პირველ რიგში, ეროვნული ბანკის ოფიციალურ სტრუქტურებში ყალბი კუპიურები ძალზე ცოტა რაოდენობით უნდა მოხვდეს. თვითონ ეროვნული ბანკის კანონი ავალდებულებს ბანკს, მათთან მოხვედრილი ყალბი ვალუტა პირდაპირ ამოიღოს მიმოქცევიდან. ამიტომ დაუჯერებელია, რომ ეს სადღაც გადავიდა რომელიღაც ბანკის ბანკომატში. რთულია ამის გაკეთება, თუ არ არსებობს კავშირი ფულის გამყალბებელსა და ოპერატორს შორის, რადგან ეს ყალბი კუპიურა გაივლის რამდენიმე ოპერატორის ხელში და, წარმოიდგინეთ, რამხელა მაფია უნდა იყოს ჩათრეული, რომ ყალბი ფული აღმოჩნდეს ბანკომატში. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.
რაც შეეხება სუპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში ყალბი ვალუტების სამომავლო გამოჩენის ფაქტებს, ამას ექსპერტი სრულიად დასაშვებად მიიჩნევს, განსხვავებით, ბანკომატისგან.
მამა დავით ქვლივიძე For.ge-სთან საუბარში კუპიურის გაყალბებაზე მეტად იმას აქცევს ყურადღებას, რომ, ზოგადად, ბანკნოტებზე წმინდანების გამოსახვა არ შეიძლება და ამ საკითხის მიმართ ანალოგიურად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ეკლესიასაც.
„წმინდანები ჩვენი ხატია, ჩვენ მათზე ვლოცულობთ და არ შეიძლება, ისინი ფულზე იყვნენ ასახულნი. არა მხოლოდ ფულის ბანკნოტებზე, არამედ დაუშვებელია ისიც, რომ აქციზებზე ჯვარი და საქართველოს დროშაა გამოსახული და ხან რომელ სანაგვეში ყრიან აქციზური მარკების გამოსახულებიან საგნებს, ხან-რომელში. საქართველოს გარდა, არსად ბანკნოტებზე მე არ შემხვედრია წმინდანების სახეები“, - გვითხრა მამა დავითმა.
ექსპერტი მიხეილ ჯიბუტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის მთავარი პრობლემაა, რომ ახალ ბანკნოტებზე სახელმწიფოს სახელი - „საქართველო“ არ არის დატანილი. ამიტომ, სანამ გვიან არ არის, უნდა ჩასწორდეს 100 ლარიანისა და სხვა ნომინალების მატრიცები.
ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ აქამდე ფულის ერთეულზე ხელს ყოველთვის აწერდა ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, ახლა კი მხოლოდ ეროვნული ბანკი აწერს ხელს.
„ის, რომ საქართველოს სახელი არ აწერია ფულის კუპიურას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნაა და, თუ დადასტურდება ისიც, რომ ახალ ბანკნოტებს დამცავი მექანიზმიც ნაკლებად აქვთ, მაშინ კიდევ უფრო გამყარდება აზრი იმის შესახებ, რომ ახალი ნორმალური და სრულფასოვანი კუპიურები უნდა გამოვიდეს“,-აღნიშნა მიხეილ ჯიბუტმა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის განახლებულ ბანკნოტებზე გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის მექანიზმები. მასზე დატანილია შემდეგი სახის დამცავი ნიშნები: წყლის ნიშანი, ვერტიკალური დამცავი ძაფი, ჰოლოგრამა, ფარული გამოსახულება, ხილული ბოჭკოები, თანმხვედრი გამოსახულება, რელიეფური ბეჭდვა, ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის, ოპტიკურად ცვალებადი საღებავი, ირისისებური დაცვა.