„კავკასუსი“ „მაგთის“ დარჩა, რუსებმა დროებით ჩრდილში გადაინაცვლეს

„კავკასუსი“ „მაგთის“ დარჩა, რუსებმა დროებით ჩრდილში გადაინაცვლეს

კომპანია „კავკასუს ონლაინმა“ და ტელეკომუნიკაციების კომპანია „მაგთიკომმა“ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ შპს „მობიტელთან“ („ბილაინი“) სავარაუდო შერწყმას გამორიცხავს. არადა, ბოლო დრომდე ყველა დარწმუნებული იყო, რომ „კავკასუსი“ რუსულ კომპანიას დარჩებოდა. ვითარება მოულოდნელად და ერთბაშად შეიცვალა.

„შპს „კავკასუს ონლაინსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მოიცავს შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) შეძენაზე ურთიერთშეთანხმების პირობებს. მემორანდუმით, შპს „კავკასუს ონლაინთან“ მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს შპს „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან ნებისმიერ სხვა, მესამე მხარესთან მოლაპარაკების შეწყვეტას“, - აღნიშნულია კომპანიების განცხადებაში.

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2016 წლის 30 მაისამდე, რის შემდეგაც საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონის მომსახურებას გასწევს შპს „მაგთიკომი“.

რაც შეეხება „ბილაინს“, მათთვის უკვე ცნობილია, რომ „კავკასუს ონლაინმა“ გადაწყვიტა ექსკლუზიურად „მაგთიკომთან“ დაიჭიროს საქმე.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ „კავკასუს ონლაინმა“ გადაწყვიტა ექსკლუზიური მოლაპარაკებები აწარმოოს „მაგთიკომთან“ მისთვის საცალო და კორპორატიული აქტივების მიყიდვის მიზნით. „ბილაინი“ გააგრძელებს არსებული სტრატეგიის განხორციელებას, რომლის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოთ ინოვაციური სატელეკომუნიკაციო სერვისი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები LTE ქსელის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი შეთავაზებები და სერვისები, გააუმჯობესებს წვდომას ახალ ტექნოლოგიებთან და ციფრულ სერვისებთან მომხმარებელთა უფრო ფართო წრისთვის“, - ნათქვამია „ბილაინის“ განცხადებაში.

იმისთვის, რომ „მობიტელთან“ „მაგთიკომის“ მოლაპარაკებები ოფიციალურად შეწყდეს, კომპანია „კავკასუს ონლაინმა“ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას განცხადებით უნდა მიმართოს და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა მოითხოვოს, რაც მათ ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ხატია ყურაშვილის ინფორმაციით, თუკი „კავკასუს ონლაინმა“ არ წარადგინა დოკუმენტაცია, რომ „მაგთიკომთან“ მიაღწია შეთანხმებას და აღარ აგრძელებს მოლაპარაკებას „მობიტელთან“, კომისია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ არის დაწყებული. შედეგად, 5 აპრილს გამოცხადდება კომუნიკაციების კომისიის დასკვნა, თუ რა გავლენა ექნება ბაზარზე „მობიტელსა“ და „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელშეკრულების გაფორმებას და შეიზღუდება თუ არა კონკურენცია. თუმცა, კომპანიების სურვილისა და თანხმობის გარეშე პროცესებს მომდევნო განვითარება ვეღარ ექნება.

რუსულ „მობიტელთან“ მოლაპარაკების ჩაშლას და ადგილობრივ „მაგთისთან“ მოლაპარაკების განახლებას, ექსპერტები ლოგიკურად მიიჩნევენ. „ბილაინის“ თამაშიდან გამოვარდნას კი, რუსული მხარის თავშეკავებით ხსნიან.

იურისტ ლევან ალაფიშვილის ვარაუდით „ვიმპელკომმა“ აგრესიული სტრატეგია აღარ გააგრძელა, მას შემდეგ რაც „კავკასუს ონლაინთან“ გარიგების დასრულება გაჭიანურდა და საზოგადოების დიდი ინტერესის ქვეშ მოექცა. ალაფიშვილი ფიქრობს, რომ კომუნიკაციების ბაზრის უმსხვილეს ოპერატორს, რომელიც უფრო დიდ და პერსპექტიულ ბაზრებზეც არის წარმოდგენილი და საპირწონედ ტრანსნაციონალური ინტერესებია, ეს გარიგება აყალმაყალად და მითქმა-მოთქმად აღარ უღირდა.

ექსპერტმა საერთაშორისო სკანდალში, სხვა მეგაოპერატიორებთან ერთად, ახლახანს „ვიმპელკომის“ მხილების ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. ოპერატორმა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან და ფასიანი ქაღალდების კომისიასთან, როგორც იქნა, მიაღწია შეთანხმებას, შელახული იმიჯის 900 მლნ დოლარით კომპენსირებაზე და ამ ფონზე ახალ-ახალ, თუნდაც მცირე სკანდალებს ერიდება.

ალაფიშვილი რუსული მხარის უკან დახევის ბოლო ფაქტებზე (ენერგობლოკების დათმობა, გაზპრომის თემა) ამახვილებს ყურადღებას, მიაჩნია, რომ ენერგეტიკის და კომუნიკაციების სექტორებიდან გასვლა ან გაფართოებაზე უარის თქმა, ერთიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია და არა ქაოსური.

თუმცა ეს დროებითი ტაიმ-აუტია და რუსეთი თავის ამბიციებზე უარს არასდროს იტყვის. საქართველოს ბაზარზე მოქმედ სხვადასხვა სტრატეგიულ კომპანიასთან დანათესავებას ის არაპირდაპირ, მფლობელი კომპანიების სტრუქტურაში შესვლითაც შეძლებს.