რა პლუსები და მინუსები აქვს რესპუბლიკელების ყოფნას „ოცნებაში“ და შეძლებენ თუ არა პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას
კოალიცია ,,ქართული ოცნება'' არ იშლება! ამის შესახებ რესპუბლიკელმა მინისტრებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სათითაოდ მას შემდეგ განაცხადეს, რაც თავად შექმნეს მოლოდინი, რომ გაერთიანებას ტოვებენ. გასულ შაბათ-კვირას პარტიის წევრები არჩევნებზე ცალკე გასვლა-არგასვლაზე ბჭობდნენ და კულუარებიდან ინფორმაციამ გამოჟონა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბედის მოსინჯვას დამოუკიდებლად აპირებდნენ. თუმცა პარტიამ 3 დღის განმავლობაში დრო გაწელა, რადგან რეალური გადაწყვეტილების გახმოვანებას მხოლოდ სესიებზე სადეპუტატო გამოსვლების დროს დაგვპირდნენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, გაჩნდა არაჯანსაღი მოლოდინი, რომ კოალიცია დღესვე დაიშლება და სხვათა შორის, ვიწროპარტიული თუ სუბიექტური მოსაზრებების გამო, ეს ამბავი ვიღაცებს, მათ შორის კოლეგა დეპუტატებსაც ძალიან გაუხარდათ. კოალიცია არჩევნებამდე რომ არ უნდა დაიშალოს, ამაში ორი აზრი არაა. ჯერ ერთი, ასე თუ ისე, მაინც კოალიციური მთავრობა გვაქვს, ოპოზიციაში გადასულ მინისტრებს კი, როგორც ალასანიას მაგალითმა აჩვენა, პოსტებზე არავინ დატოვებს და მონასტერი აირევა. გარდა ამისა, ოპოზიციაში გადასული ან მყოფი პარტიები საპარლამენტო ტრიბუნას ისედაც მხოლოდ თვითრეკლამისა და სხვისი ლანძღვის მიზნით იყენებენ, ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არაა, რა მოხდება, თუკი კოალიციის ,,ნაშალი'' ყველა პარტია თავის სადეპუტატო დროს სხვის გალანძღვაში დახარჯავს. ჯამში, ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ, უპირობოდ, ქაოსს გამოიწვევს. ამიტომ კოალიციის არჩევნებამდე დაშლა, როგორც არაერთმა ექსპერტმა თუ დეპუტატმა დაგვიდასტურა, დესტრუქციული ძალების გარდა, არავის აწყობს. რაც შეეხება ,,ქართული ოცნების'' დაშლას უშუალოდ არჩევნების მიჯნაზე _ ამას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც. იმიჯის თვალსაზრისით, ,,ოცნება'' ერთი უნიათო კოალიცია გამოდის, რომლის სახეებად გოგი თოფაძე, თამაზ მეჭიაური და დავით ლორთქიფანიძე რჩებიან; ასევე, თუკი კოალიციას ირაკლი ალასანიას მკვეთრად პროდასავლური პარტიის შემდეგ, ასევე მკვეთრად პროდასავლური რესპუბლიკელები დატოვებენ, ეს მინიმუმ, კითხვისნიშნებს გააჩენს და ოდესღაც, ალასანიას მიერ დასმულ საკითხს გაააქტუალურებს, ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილების შესახებ. ეს ისევ და ისევ საგარეო თვალსაზრისითაა ცუდი მესიჯი, რომ კოალიციაში ევრაზიული კავშირის მოტრფიალე სუბიექტები მომძლავრდნენ და დასავლური პარტიები გაყარეს, თორემ რეალურად, კურსი ქვეყანამ და არა კოალიციამ, უკვე დიდი ხანია აირჩია. მინუსებში იწერება ისიც, რომ მიუხედავად ხელისუფლებაში ყოფნის 4-წლიანი შანსისა, ივანიშვილსმიტმასნილმა პარტიებმა ძალიან ცოტა იფიქრეს საკუთარი პარტიული სტრუქტურების განვითარებაზე, რაიონული ორგანიზაციების ამუშავებაზე, რეალური, რეგისტრირებული წევრების მობილიზებაზე და ა.შ. არც ის აზრია სწორი, რომ არჩევნებს მხოლოდ ფული იგებს და აქ მარტივი კითხვაც შეიძლება დავსვათ _ რატომ ეძახიან ყველა დროის ყველა წინასაარჩევნო პოლიტიკურ გაერთიანებაში რესპუბლიკელებს, რომელთაც მართლაც არასახარბიელო რეიტინგი აქვთ? პირველ რიგში, მათ რატომ უხმო ივანიშვილმა? ამის მიზეზი სწორედ იმ ძლიერ პარტიულ სტრუქტურებში, შიდაპარტიულ დისციპლინაში უნდა ვეძებოთ, რაც რესპუბლიკელებს ნამდვილად აქვთ და ამის აწყობაში მათთვის ხელი ურეიტინგობას არც ერთ ეტაპზე არ შეუშლია. თუნდაც 2012 წელს, ,,ქართულ ოცნებას'', ახლადშექმნილ პარტიას ფული ოხრად ჰქონდა, მაგრამ თითქმის ვერაფერში გამოიყენა, რადგან მაშინდელი ხელისუფლება თითო ოფისის აღებაზე თითო რაიონში კუდში დასდევდა და ოფისების აღების, ბილბორდების, რეკლამების, ბანერების, პროკლამაციების ბეჭდვის საშუალებას არ აძლევდა, არსებობდა სიები, ვინ უნდა ყოფილიყო ,,ოცნების'' დაფინანსებული პარტაქტივისტი და ყველა ამ ადამიანს მოსყიდულ ამომრჩეველს ეძახდნენ. დიახ, მაშინ ივანიშვილმა ეს პარტიები ჩაიბა და ,,გაათრია'', მაგრამ თავის მხრივ, ამ პარტიებმა ,,ოცნებას'' თავისი ოფისებითა და ადამიანური თუ ინტელექტუალური რესურსებით სარგებლობის საშუალება მისცეს. მათ შორის ერთ-ერთი გამოკვეთილი კი სწორედ რესპუბლიკური პარტია იყო. ამიტომ დღეს, როცა მათი ან თუნდაც ,,ფორუმის'' გარეშე არჩევნებში მონაწილეობაზეა საუბარი, ისევ იგივე კითხვა ისმის _ არიან დანარჩენი პარტიები ან თავად ,,ოცნება'' სტრუქტურულად მზად და ქვეყნის მასშტაბით აქვთ თუ არა სრული დაფარვა, რათა არჩევნების დღეს ხალხის მობილიზება რაიონებში არ გაუჭირდეთ. ,,ვერსიამ'' კოალიციაში სათითაოდ ყველა პარტიასთან გაარკვია, ვის რა რესურსი აქვს, გააჩნია თუ არა ოფისები, გამართული ცენტრალური და რაიონული ორგანიზაციები და ა.შ. პირველად ეს კითხვა სწორედ რესპუბლიკელების წევრ დავით ზურაბიშვილს დავუსვით: ,,თითქმის არაა ისეთი რაიონი, სადაც არათუ გვაქვს პარტიული ორგანიზაცია, არამედ წარმომადგენლობაც გვყავს საკრებულოში. სტრუქტურული პრობლემების წინაშე არ ვდგავართ და არჩევნების პროცესი ამას გამოაჩენს. გინდ კოალიციურ რეჟიმში გავიდეთ, გინდ მარტო, ჩვენს პარტიულ სტრუქტურებს მაინც მოუწევთ ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა''. ოფიციალური მონაცემებით კი რესპუბლიკელებს აქვთ თბილისის საქალაქო ორგანიზაცია, სადაც 12 წევრია. ჰყავთ 4 200 რეგისტრირებული წევრი, აქვთ 58 რაიონული და საქალაქო ორგანიზაცია, ასევე 5 რეგიონული ორგანიზაცია და 10 საინიციატივო ჯგუფი.
მოვიკითხეთ ,,კონსერვატორების'' პარტიული მდგომარეობაც და აღმოჩნდა, რომ ოფიციალური მონაცემებით მათ 63 რაიონული ორგანიზაცია აქვთ. ჰყავთ ეროვნული კომიტეტი, სადაც 12 წევრია და ჰყავთ ქალთა ორგანიზაცია, 1000-მდე ქალით რიგებში. თუმცა ეს რიცხვები საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბიძინა გუჯაბიძემ გაზარდა, მაგრამ რამდენჯერმე საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ კონსერვატორებს კოალიციის დაშლა არ სურთ:,,73-ვე რაიონში გვაქვს ოფისი, დასაყრდენი და გვყავს ორგანიზაციის წევრები. ასევე, გვყავს საკრებულოს 130-მდე წევრი სხვადასხვა რაიონში და მათგან 30-მდე სხვადასხვა თანამდებობას იკავებს... ერთგული ვართ კოალიციის ერთიანობისა და ყველა გაერთიანებაში ბოლომდე ვრჩებით. ასეა ახლაც, მაგრამ, თუ კოალიცია დაიშალა, ესეც არაა დიდი ტრაგედია, რადგან მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას ცალკეც შევძლებთ. თანაც, ცესკო-შიც გვყავს კომისიის წევრი''.
,,ფორუმის'' მდგომარეობაზე ანი მიროტაძე გვესაუბრა, რომლის თქმით, პარტიას 12 000-მდე წევრი ჰყავს. თბილისში აქვთ 11 ოფისი, 10 რაიონული და 1 ცენტრალური. რაიონებში აქვთ 35 დაფუძნებული ორგანიზაცია და კიდევ 10 3 აპრილს, ყრილობის შემდეგ ოფიციალურად დაფუძნდება.
ამ თემაზე ბევრი საუბარი არ ისურვეს მრეწველებმა და ზურაბ ტყემალაძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ 7-8 გამონაკლისის გარდა, რაიონული ოფისები და დასაყრდენი ძალა ყველგან აქვთ.
რაც შეეხება ,,ოცნებას'', მისი წევრების თქმით, 73-ვე რაიონში აქვთ საოლქო ორგანიზაცია და სრული დაფარვა ქვეყნის მასშტაბით. თუმცა მათ სიტყვაზე უნდა ვენდოთ, რადგან კოალიციის მთავარ პარტიას ამ დრომდე საკუთარი საიტიც კი არ გააჩნია, საერთო კოალიციურ ვებ-გვერდს თუ არ ჩავთვლით. როგორც გედევან ფოფხაძემგვიამბო, აპრილის ბოლოს დაგეგმილ ყრილობაზე დელეგატები ყველა რაიონიდან იქნებიან წარმოდგენილნი და ყველა რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მათ შორის გედის ძმა, ბესო ფოფხაძე ბორჯომში, ოფიციალურად იქნებიან წარდგენილნი და პარტმუშაობა სწორედ ამ წარდგინების მერე გააქტიურდება. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა კომიტეტის მეორე პირის პოლიტიკურ შეფასებას კოალიციის დაშლის შესახებ, ასეთია: ,,ოცნებას'' ყველა რაიონში ჰყავს ყველაზე დიდი წარმომადგენლობა საკრებულოში, ასევე ყველა გამგებელი ,,ოცნებისაა'', ამიტომ არჩევნებზე გასასვლელად სხვა პარტია ნამდვილად არ გვჭირდება. ,,ოცნება'' წამყვანი ძალაა, მისი პარტნიორები კი ამ არჩევნებზე მხოლოდ დამხმარე და არა ძირითადი ძალა შეიძლება იყვნენ. რაიონი, სადაც გამწევი ძალა სხვა პარტია იქნება, არ არსებობს''. დანარჩენი პარტიების რეანიმაციის შეწყვეტის საჭიროებაზე საუბრობს თამაზ მეჭიაურიც: ,,სწორი და მიღებულია არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის და შემდეგ გაერთიანების პრაქტიკა. უბრალოდ, უხერხულია, როცა ამომრჩეველს ვაიძულებთ, სხვისი ხათრით ისეთი პოლიტიკური ძალაც გაიყვანოს, ვისი არჩევაც არ უნდა. როცა გარანტირებული რეიტინგის მქონე პარტიას ემატებიან გაურკვეველი რეიტინგის მქონე ძალები, არასწორია. რა თქმა უნდა, ,,ოცნებას'' აწყობს და შეუძლია არჩევნებში ცალკე გასვლა და ამ აზრის მომხრეთა რიცხვიც ნელ-ნელა იზრდება, ადრე კი უმცირესობაში ვიყავი. დღეს იმის ფუფუნება გვაქვს, ამომრჩეველს უფრო ფართო არჩევანი მივცეთ. ,,ოცნებამ'' უკვე შეასრულა თავისი მისია 2012 წელს, დანარჩენი პარტიების რეანიმაციის მიზნით''.
,,ვერსიამ'' აზრი ექსპერტებსაც ჰკითხა, რომლებმაც არჩევნებში ცალკე გასვლის პრაგმატულობასა და ცალკეული პარტიების შანსებზე ისაუბრეს. მაგალითად, თორნიკე შარაშენიძე რესპუბლიკელების ცალკე გასვლას საერთოდ არ განიხილავს და მიაჩნია, რომ თუ ასე მოხდა, ე.ი. ისინი კოალიციიდან გაყარეს: ,,რესპუბლიკელებმა კენჭი ცალკე რომ იყარონ, მართლა 1,5%-ს აიღებენ, ,,ოცნებაში'' კი ფრთები გაშალეს. რატომ გაუხდათ ახლა საქმე კოალიციიდან წამოსასვლელად, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. ჩემი აზრით კი, ამის მთავარი მიზეზი ხიდაშელის ინტერვიუა ,,რუსთავი 2''-თან. თუმცა, ზოგადად, ეჭვი მაქვს, დარჩებიან და ბოლომდე შეეცდებიან ვაჭრობას. ჯამში, რესპუბლიკელებს უფრო არ აწყობთ კოალიციიდან წამოსვლა, ვიდრე ,,ოცნებას''. ,,ოცნება'' არჩევნებს როგორმე, რაღაც პროცენტით, რესპუბლიკელების გარეშეც მოიგებს, შესაძლოა, მეტი ხმაც კი მიიღოს, რადგან მის ტიპურ ამომრჩეველს ,,რესპები'' ისედაც არ მოსწონს. თავის მხრივ, რესპუბლიკელები ასე ადვილად არ წავლენ და თუ წავიდნენ, იცოდეთ, რომ ისინი გაყარეს''. კოალიციის დაშლას პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების მიზნით ემხრობა საზოგადოებრივი კომუნიკაციების ექსპერტი არჩილ გამზარდიაც, ოღონდ მხოლოდ არჩევნებისთვის და არა დღეს ან ხვალ: ,,არჩევნებამდე კოალიციის დაშლის საჭიროება არ არის. არჩევნების დროს კი ბევრად მომგებიანი იქნება, ყველა პარტია ცალ-ცალკე წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე. ისინი კოალიციურადაც რომ გავიდნენ, ვფიქრობ, თითქმის ასპროცენტიანი ალბათობაა იმისა, გასვლის მერე, უკვე პარლამენტში მაინც დაიშალონ, რაც ხელისუფლების მდგრადობას შეასუსტებს. ამიტომ აჯობებს, თუ ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას. რეალურად, ოპოზიციაში გადასვლით, ალასანიას არაფერი მოუგია. ზოგადად, ჩვენთან ოპოზიციამ ნიშა ვერ იპოვა, ამიტომ პარტიები, რომლებიც ხელისუფლებიდან მოდიან, ავტომატურად მინუსებში გადადიან. თუმცა როცა ეს ძალები ერთ კოალიციაში არიან, ერთმანეთის ამომრჩეველსაც ავტომატურად აბრკოლებენ. მაგალითად, ვისაც რესპუბლიკელებისთვის სურს ხმის მიცემა, ის თოფაძესთან მათი ერთ კოალიციაში ყოფნის გამო ბრკოლდება და პირიქით. დღეს კოალიციის პარტიები, რეალურად, ერთმანეთს ბლოკავენ. პარტია ,,ოცნებისთვის'' კი, პრაგმატულად, ცალკე გასვლა, რა თქმა უნდა, ჯობია. ისინი მკვეთრად მეტ ხმას მიიღებენ და განვითარების მეტი პერსპექტივაც ექნებათ. რესპუბლიკელებისთვის ცალკე ყოფნა გამოწვევა იქნება. ეს დიდი ხნის, კონსტრუქციული, დახვეწილი პარტიაა და ნამდვილად არაა ჩამოსაწერი. ამიტომ ცუდია, რომ მუდმივად ვიღაც დონორზე არიან დამოკიდებულნი და ეს მათთვისაც მომაბეზრებელი უნდა იყოს. ,,მრეწველებში'' განახლება არ ხდება და ვერც მათ ფასეულობებსა და იდეოლოგიას ვხედავ გამოკვეთილად. საინტერესო პარტიაა ,,ფორუმიც''. ვფიქრობ, მანაც ცალკე უნდა მოსინჯოს ბედი, თუმცა ალბათ, ნაკლები პერსპექტივა აქვს. ასევეა, ძიძიგურიც. ამიტომ ქვეყნისა და მათი პარტიული განვითარებისთვისაც ჯობია, არჩევნებზე ცალ-ცალკე გავიდნენ, თუკი არ სურთ, მუდმივად მეორეხარისხოვანი პარტიები ეძახონ''.