მთავრობამ ეკონომიკური ნახტომი 2017 წლისთვის გადასწია

მთავრობამ ეკონომიკური ნახტომი 2017 წლისთვის გადასწია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პროგნოზით, 2016 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3-3,5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2017 წელს, ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში უკვე 5,5-6 პროცენტს მიაღწევს. მთავრობა ბოლო წლებში მუდმივად ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტურ სურათს ხატავს, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ წელი პესიმისტური შედეგით დასრულდა. გამართლდება თუ არა პროგნოზი ამ შემთხვევაში მაინც?

პრემიერმა უკვე წარმოადგინა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელმაც ეკონომიკური წინსვლა უნდა მოიტანოს. მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია: ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული განათლების რეფორმა, მმართველობის რეფორმა, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. გიორგი კვირიკაშვილი დასძენს, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით დიდი ნახტომისთვის ემზადება.

პრემიერის პროგნოზთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ სპეციალისტებს. ეკონომიკის დოქტორი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მთავრობის ამ პროგნოზის განხორციელების შემთხვევაშიც კი, ეს ზრდა არ იქნება საგრძნობი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის.

„რიგითმა მოქალაქემ რომ იგრძნოს აუცილებელია მინიმუმ 7-პროცენტიანი ზრდა. ერთ სულზე გაანგარიშებული მშპ უნდა გაიზარდოს 4500-დან 5000 აშშ დოლარამდე, რომ რიგითმა, საშუალო, საქართველოს მოქალაქემ შეძლოს ბინის, მანქანის შეძენა, ცხოვრების პირობების მოწყობა. ჩვენ რასაც ვეძახით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ეს უნდა გადავიდეს და აისახოს, მოქალაქეების პირადი ცხოვრების ზრდაზე“, - აღნიშნავს ჯგერენაია.

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა პრემიერის პროგნოზს რეალისტურად აფასებს. მისი აზრით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის ზრდა და საპარტნიორო ფონდის მოდერნიზაცია, რომელიც რეგიონებში ინვესტიციების და კაპიტალდაბანდებების ზრდას გულისხმობს, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საქართველოს 2017 წლიდან ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპი ექნება.

„სოფლის მეურნეობასაც აქვს მნიშვნელობა ამ ყველაფერში, რადგან უკვე 2 წელია დაიწყო მრავალწლიანი კულტურების სტიმულირება ქვეყნის მასშტაბით, ეს საბოლოო ჯამში შესაბამის ფინანსური შედეგის მიღებას 2017 წლიდან დაიწყებს. რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ინფრასტრუქტურაში, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკის ზრდაზე დადებითად იმოქმედებს, დადებითად იმოქმედებს ტურისტული მიმართულებით შემოსულ თანხებზეც. დაგეგმილია საინვესტიციო აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია ანაკლიის პორტთან, აბრეშუმის გზასთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და როგორც პრემიერ მინისტრმა დააანონსა, ძალიან მსხვილი პროექტების დაფინანსება იგეგმება.

სხვა საინვესტიციო პროექტები ევროპაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე იქნება ორიენტირებული. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენ 3 წელიწადში ადგილობრივი წარმოების სუფთა ექსპორტის მაჩვენებელი გავაორმაგეთ. 98%-ით არის გაზრდილი 2012 წელთან შედარებით ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.

2017 წლიდან ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს თავად სავალუტო ფონდიც მიუთითებს, თუმცა ზოგადად სავალუტო ფონდის პროგნოზი პესიმისტური პროგნოზია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრემიერმინისტრის პროგნოზი რეალისტურია“, - აღნიშნა დუნდუა.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პროგნოზი 2016-17 წლებისთვის, განსხვავდება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moodys-ის პროგნოზისგან, რომელიც სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ერნესტ სერგენტიმ ინვესტორებს წინა კვირას წარუდგინა.

Moodys-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკა 3 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2017 წელს მხოლოდ 4 პროცენტით. სააგენტო აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკას აქვს კარგი პოტენციალი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე.