ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო  დეპარტამენტს საქართველოსათვის იარაღის მიწოდებაზე “ფაქტობრივი ემბარგო” აქვს დაწესებული

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსათვის იარაღის მიწოდებაზე “ფაქტობრივი ემბარგო” აქვს დაწესებული

 

საქართველო დაქირავებული ლობისტური კომპანიების დახმარებით ცდილობს აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის განახლებას. მარტო გასულ წელს ოფიციალურმა თბილისმა 4 ლობისტურ კომპანიას 1,5მილიონი დოლარი გადაუხადა, თუმცა ვაშინგტონის თანხმობას იარაღის მიწოდებაზე ვერ მიაღწია. ეს გაცილებით მეტია, რასაც მისი მსგავსი ქვეყნები ხარჯავენ. ამერიკული იარაღის მიღების სურვილს პრეზიდენტი სააკაშვილი რუსული საფრთხის არსებობით ხსნის. ამ შინაარსის წერილს აქვეყნებს ჟურნალი “ატლანტიკი”.

წერილში ნათქვამია, რომ ამ კამპანიაში აქტიურად მონაწილოებს სენატორი ჯონ მაკკეინი, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც “უზრუნველყოფს ფაქტიურ ემბარგოს, ჩუმად ბლოკავს საქართველოსთვის იარაღის მიწოდების მცდელობებს”.

როგორც “ატლანტიკი” წერს, იმის გამო, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩმა ამის საკითხის მოგვარება ვერ შეძლო, იგი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. მათივე ცნობით, გაურკვეველია საქართველო აშშ-საგან იარაღის ყიდვას აპირებს, თუ დახმარების სახით მიღება სურს. ამ საკითხზე საქართველოს ოფიციალური პირები პასუხს თავს არიდებენ.

ის, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ში თავისი ინტერესების ლობირებისათვის ადგილობრივი საკონსულტაციო ფირმების მომსახურებით სარგებლობს, ახალი ამბავი არაა. შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებობეს ის რეზოლუცია, რომელსაც ორიოდე კვირაში აშშ-ის სენატი განიხილავს. მასში სენატი რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანისაკენ მოუწოდებს.

ქართული მხარის განცხადებით, დოკუმენტში, სადაც ფიგურირებს ტერმინი “ოკუპაცია” და “ოკუპირებული ტერიტორიები”, ხაზაგსმულია, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომ მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ეს ოკუპაცია უნდა დამთავრდეს.

რა შანსები აქვს საქართველოს მიიღოს თანხმობა აშშ-დან იარაღის შესყიდვის თაობაზე; რამდენად წაადგება ქვეყანასლობისტური კომპანიების მიერ გაწეული სამსახური, თუნდაც სენატის მიერ განსახილველ დოკუმენტთან მიმართებაში - “რეზონანსი” ქართველ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა.

დიპლომატიური აკადემიის რექტორის სოსო ცინცაძის თქმით, ლობირება, რეკლამა, ლობისტური ფირმების დაქირავება ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ მეთოდს მთელი ცივილიზებული მსოფლიო მიმართავს.

“რაც შეეხება მილიონნახევარი დოლარის დახარჯვას, დღევანდელი ძვირადღირებული ფირმების ტარიფებით ეს მიზერული თანხაა. ჩვენგან განსხვავებით წარმატებული ქვეყნები ამ სფეროში მილიარდებს ხარჯავენ. მთავარი აქ არის  შედეგი. შეიძლება ამის ეფექტი მყისიერი არ იყოს, მაგრამ შედეგს მაინც გამოიღებს, რომელიც ფულით არ გაითვლება.

“შედეგი შეიძლება იყოს ამერიკელი და ევროპელი გავლენიანი პოლიტიკური წრეების მხარდაჭერა, რაც გამოიხატება დახმარებებში, ქვეყნისათვის იმიჯის შექმნაში და ა.შ., რასაც მილიონებით ვერ შეაფასებ, ის გაცილებით მეტია, რომლის ეფექტსაც ვერანაირი კალკულატორი ვერ დაითვლის.

“ამ ინფორმაციაში ხელმოსაჭიდი არაფერია, თუმცა ყოველთვის არსებობს დემაგოგიის საბაბი. ბუნებრივია, რომ ოპოზიცია და ან ხელისუფლების ნებისმიერი მოწინააღმდეგე ატეხს განგაშს: რა შეიძლება ამ თანხით ქვეყანისთვის გაკეთებულიყო, რომელიმე სოფელში გადაწყდებოდა წყლის პრობლემა, რომელიღაც ქუჩაზე დაიგებოდა ასფალტი, მაგრამ ეს პოპულიზმი და დემოაგოგიაა. თუ ამ რეკლამაზე, ლობისტურ ფირმებზე გამოყოფილი თანხა მიზნობრივად იქნება დახარჯული, მაშინ ეფექტი ერთი სოფლის და ერთი ქუჩისათვის კი არა მთელი ქვეყნისთვის იქნება.

“ამ ბიზნესში, რასაც სახელმწიფო ინტერესების ლობირება ჰქვია, მილიონნახევარი მიზერული თანხაა. უბრალოდ, ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და მილიონნახევარი ძალიან ყვირის.

მიიღებს თუ არა საქართველო აშშ-საგან თავდაცვითი ირაღის მიწოდების თაობაზე თანხმობას, დღევანდელი ობამას კურსის -გადატვირთვის გათვალისწინებით ეს გამორიცხულია. დღეს ეს კურსი ამას გამორიცხავს. მაგრამ თავად თემა - საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, იმიტომ, რომ მომხრეთა რაოდენობა იზრდება. ალბათ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს თავდაცვის უნარიანობისგაძლიერება თვითონ ობამას ადმინისტრაციისთვის გახდება ერთ-ერთიპრიორიტეტი”, - განაცხადა “რეზონანსთან” სოსო ცინცაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ ლობისტური კომპანიებისათვის ეს საკმაოდ სერიოზული თანხაა.

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკიდან იარაღის შეძენა ხელისუფლებას უფრო პიარ კამპანიისათვის ჭირდება, ვიდრე ტექნიკური თვალსაზრისით. რადგან იმ ულტრათანამედროვე ირაღის შეძენას, რომელიც ჩვენ გვჭირდება, თუნდაც ჰაერ საწინაღმდეგო სისტემების,კოლოსალური თანხები უნდა, რისი საშუალებაც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. ამიტომ ვფიქრობ, ეს წყალში გადაყრილი ფული არ აღმოჩნდეს, თანაც ამ თანხებს ჩვენს ხელისუფლებას არავინ უკონტროლებს.

“არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ნაბიჯით შეიძლება რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს, ანუ დამატებითი ძალები შემოიყვანოს იმ საბაბით, თითქოსდა საქართველო ამერიკიდან ირაღს კონტრშეტევისთვის იძენს.

“მოხდება თუ არა აშშ-საგან ირაღის შეძენა? - შეიძლება რაღაც მომენტში მცირე კონტრაქტები, მცირე შესყიდვებზე გაფორმდეს და მისი განხორციელება მესამე ქვეყნის მეშვეობით მოხდეს, არა უშუალოდ ამერიკიდან, არამედ მისი კონტრაქტორებიდან”, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.