„ეროვნული მოძრაობის დროს, ასე არ ვფიქრობდი!“ - ჯონდი ბაღათურიას გზა გია ჭანტურიადან რუსეთის გოსდუმამდე
ტოვებს თუ არა ნინო ბურჯანაძეს ანუ გაერთიანებულ ოპოზიციას და არჩევნებზე პატრიოტთა ალიანსთან ერთად გადის, ვის ხვდება და ესაუბრება რუსეთში ქართულ-რუსულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რატომ მიიჩნევს კრიტიკას მოსკოვური ვოიაჟების გაგრძელების დამატებით არგუმენტად და რა გზა განვლო ქართული დასის ლიდერმა ეროვნულ მოძრაობასა და გია ჭანტურიას პარტიიდან გოსდუმამდე? - ,,ვერსია'' ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა.
- ბატონო ჯონდი, საპარლამენტო არჩევნებზე ნინო ბურჯანაძესთან ალიანსში რჩებით?
- ალბათ, გახსოვთ: 2014 წელს ბურჯანაძესთან ერთად შევქმენით გაერთიანებული ოპოზიცია და მის დაშლას არ ვაპირებთ. ჯერჯერობით, ალიანსი შენარჩუნებული გვაქვს და ხვალ-ზეგ ალიანსს რა დაემატება და გამოაკლდება, ჯერ არ ვიცით. დღეს კი ინტენსიურად ვემზადებით, ხალხს პარლამენტში მხოლოდ ჩვენი თავი კი არა, ხელისუფლების რეალური ალტერნატივა შევთავაზოთ.
- ჩემი ინფორმაციით, ირმა ინაშვილსა და პატრიოტთა ალიანსთან დაგიწყიათ მოლაპარაკება. ასეა?
- ასეთი ინიციატივა ნამდვილად არსებობს და იდეა ინაშვილისგან წამოვიდა, როცა მე და ირმა პირდაპირ ეთერში ვისხედით, მან ფართო კოალიციის შექმნის იდეა გააჟღერა. ამის მერე მე და ირმა შევხვდით და დეტალები დავაზუსტეთ, თუმცა ამაზე შორს ჩვენი დიალოგი არ წასულა. არც ეს საუბარი ნიშნავს ბურჯანაძესთან ალიანსის დაშლას.
- ამ ალიანსის გაფართოებაზე თუ გიფიქრიათ ინაშვილთან ერთად?
- გაფართოებაზე ნამდვილად გვიფიქრია, გვიმსჯელია... ასეთი აზრი ოპოზიციაში ყოველთვის არსებობს. პირადად, ფართო კოალიციის მომხრე ვარ, მაგრამ ეს ალიანსში 200 პარტიის მიღებას არ ნიშნავს. დიდი მნიშვნელობა აქვს თავსებადი პოლიტიკური ძალების გაერთიანებას.
- მერე თავსებადი, თქვენი აზრით, რომელი პარტიები ხართ?
- ეს ჩემი აზრია და იმიტომაცაა პირადი, რომ საჯაროდ არ ვთქვა. ბავშვი არ დაბადებულა, აბრაამს არქმევდნენო, ასეა ჯერ ოპოზიციის გაერთიანების საქმე.
- ანუ კიდევ ერთი ვერსია, რომ 2012 წელს ჩაშლილი მოლაპარაკება 2016-ში აღდგა და ,,ოცნების'' სიაში იქნებით, მხოლოდ ჭორია?
- 2012 წელს ამის შესახებ დიალოგი იყო, დღეს ასეთი რამ არ ხდება. მაშინ ივანიშვილი თავად იყო მთავარი ოპოზიციონერი, დღეს კი მისი შექმნილი ხელისუფლების ოპოზიციაში ვართ, ამიტომ ამის სურვილი არც მე მაქვს და არც მათ ჩამოუხევიათ კალთები.
- რაც შეეხება მოსკოვში თქვენს გახშირებულ ვიზიტებს, ამდენი კრიტიკისა და აგენტის იარლიყის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იცვლება. მეტიც, ახლახან კარასინის მუქარაც მოვისმინეთ, თქვენ კი მაინც დაუღალავად დადიხართ რუსეთში. რა აზრი აქვს ამ ყველაფერ?
- ამ ვიზიტებს აქვს პერსპექტივა! მეტსაც გეტყვით, განვითარების სხვა გზა არც ჩანს. ქართულ საზოგადოებაში პოზიტიური განწყობაა რუსი ერისა და რუსეთის მიმართ და არსებობს აშკარა მოთხოვნა, აღდგეს მოკავშირეობა ორ ქვეყანას შორის. რაც შეეხება ჩემი მოქმედებების უარყოფითად შეფასებას, ეს გაკოტრებული და მომხრეების გარეშე დარჩენილი, გრანტებსგამოკიდებული პოლიტიკოსების აზრია. ჩემთვის პირში მოღალატე და აგენტი არავის უწოდებია და ამას ვერც გაბედავს, ზურგსუკან კი ვინ, რას ჩურჩულებს, არ ვიცი, მაგრამ მომწონს, როცა კრიტიკულ აზრს ვისმენ, თუნდაც უსაფუძვლოს. ეს მაძლევს საშუალებას, მუდმივად ფორმაში ვიყო, ამიტომ კრიტიკის კასკადი, რაც პროამერიკელი ოპონენტებისგან მოდის, ჩემთვის საინტერესოა, რათა დაზღვეული ვიყო შეცდომებისგან, თუმცა ჩემი ოპონენტები მაინც ზედმეტად იჭაჭებიან, რადგან ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული მეკავშირეობის აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. რადგან ამ თემაზე მეკითხებით, გაგიმხელთ, რომ კიდევ ერთხელ ვაპირებ მოსკოვში ჩასვლას - ამ საქმეს არ მოვეშვები!
- ამ სიარულის შედეგი რაში ჩანს?
- ჩვენი ერის იდენტობის შენარჩუნება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს უსაფრთხოება და გაძლიერება - ყველაფერი ამ სტრატეგიულ მოკავშირეობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ამ საქმეს გავაგრძელებ. ჯერ რა შედეგი უნდა ჩანდეს, რა გინდათ? სულ ორჯერ ჩავედი და რუსებმა უკვე უნდა თქვან, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგიბრუნებთო?
- მოსკოვში ამ თემებზე საუბრობთ?
- დიახ, სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობ.
- კონკრეტულად ვისთან, რა ძალებთან, რომელ დეპუტატებთან?
- სამოქალაქო სექტორთან იყო შეხვედრები, გოსდუმაში მქონდა შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან, საგარეო მიმართულების ექსპერტებთან. დეკემბრის შემდეგ არ ვყოფილვარ და ახლა, ალბათ, რამდენიმე დღეში წავალ. ორიოდ დღის წინ მივიღე შეტყობინება, რომ იქ ჩემთვის საინტერესო ამბავი მზადდება და ახლა თარიღს, ფორმატსა და დეტალებს ვამზადებთ, თუმცა წინასწარ არაფრის თქმა შემიძლია. შესაძლოა, მქონდეს რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის კამერების გარეშე, რადგან ასეთი სამუშაო შეხვედრები ყოველთვის უფრო ნაყოფიერია. ფაქტია, რუსებიც, მათ შორის ხელისუფლება, დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით. ამიტომ გამორიცხულია, ვიღაც სულელი, გრანტით ეგზალტირებული პირის კრიტიკამ შემაშინოს!
- მაინც რა გაძლევთ იმედს ან დეოკუპაციაზე საუბრისას წინ თუ წაიწიეთ, რომელიმე დონეზე?
- როგორ ფიქრობთ, ასეთი ლექსიკით საუბარი სუპერსახელმწიფოსთან სწორია? ბუნებრივია, იციან, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მნიშვნელოვანი პრობლემაა ორ ქვეყანას შორის. ისიც იციან, რომ აქ გადის ჩვენი წითელი ხაზები, თუმცა ყველა საქციელს თავის მიზეზი აქვს. ახლა მაქსიმალურად მაღალ ხმაზე კი არ უნდა გავკიოდეთ, ვიღაც რა ცუდად მოიქცა, არამედ უნდა ვეცადოთ, ამ საქციელის მიზეზები აღმოვფხვრათ. ყველას გვესმის, რატომ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამიტომ სწორედ დაკარგვის მიზეზი უნდა აღმოიფხვრას.
- ეს რას ნიშნავს?
- თუ რუსეთს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში თავისი ბაზების ყოლის საჭიროება არ ექნება, მაშინ ის ამ ბაზებს გაიყვანს.
- ახლა რა საჭიროება აქვს?
- რა და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ერი მართლაც ბუნებრივი მოკავშირეები და ერთმორწმუნეები ვართ, საქართველო მაინც რუსეთის მტრების ბანაკშია. ეს ბანაკი ნატო-ა, ჩვენ კი ვამბობთ, რომ მისი წევრობა გვინდა. რუსების გადმოსახედიდან, ჩვენ ვართ კარგი ხალხი, რომელიც მათი მტრების ბანაკში აღმოჩნდა.
- ჩვენ ვართ კარგი ხალხი, რომელიც ჩახოცეს, სახლიდან აყარეს და გამოაძევეს, ზამთარში გაზი გადაუკეტეს, ქვეყნის მესამედი ჩამოაჭრეს და რომელსაც ცოტა ხნის წინ კარასინმა უთხრა, ცოტა ჭკვიანად მოიქეცი, თორემ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარიო...
- ჟურნალისტი ხართ და უტრირების უფლება გაქვთ, თუმცა ვითარების ასე დამძიმება არასწორი მგონია, ყველაფერ ამის თქმა სხვანაირადაც შეიძლება. რუსეთის ობიექტური აღქმაა, რომ საქართველო მის მიმართ მტრულად განწყობილი სამხედრო ბანაკის ორბიტაზე მოტრიალე ქვეყანაა. ასეთი აღშფოთებით და გულისტკივილით რატომ ჩამოთვალეთ ყველაფერი ეს, თუ ფიქრობთ, რომ რუსეთი და საქართველო მტრები არიან? მტრულ სახელმწიფოებს შორის ასეთი ამბები ხდება ხოლმე. ამიტომ პოლიტიკოსებს მეტი სიფრთხილე გვმართებს, რათა სახელმწიფო სწორი გზით წავიყვანოთ და რუსეთს, რომელმაც სირიაში მთელი მსოფლიო დაამარცხა, აშშ-ს ჩათვლით და ყველა თავის ადგილას ,,მოსვა'', ასეთი ,,გონორით'' არ ველაპარაკოთ. ამას ბევრი ჭკუა არ უნდა, თუ პოლიტიკოსი ხარ!
რაც შეეხება თინა ხიდაშელის განცხადებებს რუსეთის მიმართ - მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს - ეს თავდაცვის მინისტრის პირიდან სამხედრო მუქარის ტოლფასია. წარმოიდგინეთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრს რომ ეთქვა, მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს საქართველოს წინააღმდეგო, რა მოხდებოდა, ხიდაშელს ვინმე იპოვიდით თუნდაც კომენტარის გასაკეთებლად? ხვალ რომ რუსეთმა საქართველოში მოქმედებები ისევ დაიწყოს, რისი რესურსიც აქვს, მერე, თქვენნაირი ჟურნალისტი ისევ გაამდიდრებს თავის ჩამონათვალს, თუ რა გაგვიკეთა ამ სახელმწიფომ. ჰოდა, ეს რომ არ მოხდეს, ხიდაშელმა და მისნაირებმა ენა არ უნდა ატლიკინონ!
- და ეს ჩამონათვალი რომ არ გამდიდრდეს, საქართველოს პოლიტიკური ფასი რა არის? გამორთულ კამერებთან შეხვედრებისას, რუს კოლეგებს რას ჰპირდებით?
- დღეს საქართველოსთან მოლაპარაკების პოლიტიკური ფასი მაქსიმალურად გაზრდილია. ამის ფასი წარმოდგენილი მაქვს, რა არის, მაგრამ ამას ჯერ შეთანხმება უნდა, წინასწარ ლაპარაკის აზრს ვერ ვხედავ. A
- ზუსტადაც, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, საქართველოს სახელით, ქართველი პოლიტიკოსი რუს კოლეგებს რას ჰპირდება და ამისთვის რა მანდატი გააჩნია!
- არ მაქვს სტატუსი, რომ იქ ვინმეს რამეს დავპირდე. ჩვენ ვესაუბრებით ადამიანებს, როგორც კოლეგებს. ეს არაა ოფიციალური საუბრები, პირადი კონტაქტების დამყარებაა პოლიტიკურ და სამოქალაქო დონეზე. ჩემი აზრით, ჩვენ მინიმუმ, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემას უნდა მივაღწიოთ და ერთმანეთის მიმართ ფარულ ძირგამომთხრელ საქმიანობას არ უნდა ვაწარმოებდეთ.
- მხოლოდ ერთი კითხვა დამრჩა, ბატონო ჯონდი: თქვენი პრიორიტეტები დღეს შეიცვალა თუ ედპ-ში რომ იყავით და გია ჭანტურიას მხარდამხარ იდექით, მაშინაც ასე ფიქრობდით?
- ჩემი პრიორიტეტები არ შეცვლილა, მაშინაც ასე ვფიქრობდი... მომისმინეთ, მუდმივი არის ღირებულებები და მას მერე, რაც მოცემულობა იცვლება, თუ პოლიტიკოსი თავის პოზიციას შექმნილ მოცემულობაში ხელახლა არ აყალიბებს, მაშინ პოლიტიკოსი კი არა, სულელია! დღეს და მაშინ სულ სხვა მოცემულობა იყო. ის, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონოდა, მაშინაც გვესმოდა. თუმცა ცოტა უფრო ადრე, ეროვნული მოძრაობის დროს, ასე არ ვფიქრობდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მაშინ რუსეთს კი არა, საბჭოთა კავშირს ვებრძოდით და ვიბრძოდით ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თან მაშინ პოლიტიკური სიმწიფეც გვაკლდა, სულ სხვა ფაზაში ვიყავით. უბრალოდ, ზოგი დღემდე ვერ მომწიფდა, ზოგიერთი კი უფრო რეალისტი გახდა.
- ე.ი. თქვენ უფრო რეალისტი გახდით?
- ჩვენ უნდა გავავლოთ ზღვარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და რუსეთთან ბრძოლას შორის.
- ახლა ამავე ქვეყანასთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის არ ვიბრძვით? არ მგონია, ჭანტურია რომ ცოცხალი იყოს, ისევ ერთად ყოფილიყავით...
- არა, ახლა რა საგარეო კურსსაც ვატარებთ, ესაა სწორი და სასარგებლო გზა ჩვენი სახელმწიფოსთვის. რაც თქვენ გგონიათ არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა ჩავდიოდე მოსკოვში, ეს ჩემთვის დამატებითი არგუმენტია იქ ჩასასვლელად, რათა რუსეთმა უარესი არ გაგვიკეთოს.