რატომ დატოვა ნაციონალები და საკრებულო, როგორ გახდა ალასანიას გუნდის წევრი კოდუასა და უგულავას მეგობარი

რატომ დატოვა ნაციონალები და საკრებულო, როგორ გახდა ალასანიას გუნდის წევრი კოდუასა და უგულავას მეგობარი

...სპორტულ წრეებში თინეიჯერობიდან იცნობენ - ზედიზედ, ექვსი წლის განმავლობაში, საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ აღიარეს; ფართო საზოგადოებამ კი 2010 წელს ანუ მაშინ გაიცნო, როცა თბილისის საკრებულო დატოვა. არადა, დეპუტატის მანდატი სულ ერთი თვის მიღებული ჰქონდა. ჰოდა, როგორც იტყვიან, ჭორი-ჭორზე გავრცელდა, რა აღარ თქვეს, ესაო, ისაო, რესტორანში იჩხუბა, დასახმარებლად მეგობარმა კოდუამ ხალხი გამოუგზავნა და ამის მერე მიშამ ბრძანა, ეგ ბიჭი თვალით აღარ დამანახოთო... ისე, ადასტურებს, რომ ერეკლე კოდუასა და გიგი უგულავას მეგობარია, თუმცა ამბობს, რომ სააკაშვილს არასოდეს შეხვედრია და დეპუტატობაზეც უარი საკუთარი სურვილით, პროტესტის ნიშნად თქვა; აქვე განმარტავს, მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით არ ვირჩევ და მეგობრები ,,ოცნებაშიც'' მყავსო... არც კლასიკური ,,აზიატია'' და არც - კლასიკური ევროპელი ანუ სულაც არ აღიზიანებს, რომ მისი მეორე ნახევარი გვანცა დარასელია ტელევარსკვლავია, თუმცა ირწმუნება, საარჩევნო კამპანიაში მეუღლეს არ ჩავრთავო. ერთი სიტყვით, რა არის სიმართლე და რა ჭორი? - ,,ვერსია'' ირაკლი ალასანიას გუნდის ახალი წევრის, თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და, სავარაუდოდ, ამავე რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ვახტანგ მჭედლიძის არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს წარმოგიდგენთ.
 
- როგორ მოგმართოთ - ,,ბატონო ვახტანგ'' თუ ფამილარულად? 
- თავისუფლად ჯობია... 
- რამდენი წლის ხართ? 
- 33-ის. 
- ვახტანგ, პოლიტიკაში ძალიან უცნაურ დროს დაბრუნდით... 
- უცნაური დრო რატომაა? 
- რატომ და, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები კოკისპირული წვიმასავით მოდის და მოდის... თქვენ კი, ასე თუ ისე, ნაციონალური ბეგრაუნდი გაქვთ და დავიჯერო, არ გეშინიათ, რამე გამოგიქვეყნონ? 
- შიშით, არაფრის მეშინია! 
- ზუსტად იცით, რომ არსად არაფერი ,,მიგიქარავთ''? 
- (იღიმება) დიახ, ზუსტად ვიცი. 
- კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მაინც არ მეუბნებით, პოლიტიკაში დაბრუნება ახლა რატომ გადაწყვიტეთ და არჩევანი მაინცდამაინც თავისუფალ დემოკრატებზე რატომ გააკეთეთ? 
- პარტიის სახელიდან გამომდინარე, თავისუფალ დემოკრატებში თავს თავისუფლად ვგრძნობ! აქ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ - ვიკრიბებით და ყველაფერს ერთად ვწყვეტთ! 
- თქვენ მოძებნეთ თუ თავისუფალმა დემოკრატებმა მოგძებნეს? 
- თბილისი პატარაა - ყველა ყველას იცნობს. თავისუფალი დემოკრატებიდან ძალიან ბევრს ვიცნობდი. ჩვენი აზრების გაცვლა-გამოცვლა მოხდა და გადავწყვიტე, ამ გუნდს შევერთებოდი. 
- მას მერე, რაც თბილისის საკრებულო დატოვეთ, შემოთავაზება სხვა პარტიებიდან გქონდათ? 
- საკრებულოში სულ ერთი თვე ვიყავი. 
- კი, მაგრამ თქვენი პოლიტიკური ბიოგრაფიიდან საზოგადოებას ყველაზე მეტად სწორედ ეს დეტალი ახსოვს... 
- ძალიან კარგი, თუ ახსოვს და ისიც უნდა ახსოვდეს, რომ საკრებულოში ერთ თვეზე მეტი არ ვყოფილვარ. სპორტსმენი, კერძოდ, მორაგბე ვარ - საქართველოს ჰიმნზე ბევრჯერ მიტირია. 8 წელი ჩეხეთში ვთამაშობდი და სამშობლოში გულანთებული დავბრუნდი, რადგან მინდოდა, ქვეყნის მშენებლობაში ჩემი წვლილი შემეტანა. დიდი სამეგობრო მყავს და გადავწყვიტე, საკრებულოში შევსულიყავი, ბევრი კარგი საქმე გამეკეთებინა, მაგრამ არ გამოვიდა და საკრებულო დავტოვე... 
- ისე, სპორტსმენებსა თუ მსახიობებს გაპოლიტიკოსების სურვილი რატომ გიჩნდებათ ხოლმე? 
- რაგბი ისეთი სპორტია, გულში, ალბათ, უფრო მეტი ქართველობა გვაქვს, თან წასული რომ ხარ, უფრო კარგად ხედავ, რა ხდება. მგონი, სწორედ სპორტმა გადამარჩინა, თუმცა მნიშვნელობა არ ჰქონდა, სპორტსმენ ვიქნებოდი თუ არა, მაინც გადავწყვეტდი, ქვეყნისთვის რამე კარგი გამეკეთებინა. 
- ვერ მივხვდი, სპორტმა რისგან გადაგარჩინათ? 
- ქუჩისგან... 90-იანი წლების სიბინძურემ ბევრი ჩემი მეგობარი ჩაითრია... 
- საქართველოში რომ დაბრუნდით, არ გერჩივნათ, კარგი საქმეები თუნდაც სპორტის კუთხით, დამოუკიდებლად გაგეკეთებინათ და არა ოდიოზურ პარტიასთან ერთად ანუ ამ შემთხვევაში, ნაცმოძრაობას ვგულისხმობ? 
- პოლიტიკურ ამბებში ჩართული არ ვიყავი და ის პარტია ავირჩიე, სადაც დავინახე, რომ საქმის გაკეთებას უფრო შევძლებდი. 
- აირჩიეთ თუ ნაციონალებისკენ მეგობრობამ გადაგძალათ? 
- მეგობრობამ - არა... მეგონა, თუ საკრებულოში ამ პარტიის სახელით შევიდოდი, საქმის კეთების უფრო მეტი საშუალება მექნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. 
- შეგიძლიათ, დეტალურად მიამბოთ, ისეთი რა მოხდა, რომ იძულებული გახდით, ერთ თვეში არათუ პარტია, საკრებულოც დაგეტოვებინათ? 
- მთავარი ის იყო, რომ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდნენ. 
- ანუ თქვენს ინიციატივებს არ იზიარებდნენ? 
- დიახ, სპორტისა თუ სოციალური დახმარების კუთხით მქონდა ინიციატივა, მაგრამ რაღაცას რომ იტყოდი, არ ითვალისწინებდნენ. 
- წინააღმდეგობას ვინ გიწევდათ? 
- ძალიან ბევრი... 
- მაინც? 
- პიროვნულად არ დავასახელებ... წამოსვლას სხვა მიზეზიც ჰქონდა და, ალბათ, ეს მიზეზი იცით... 
- ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ჩხუბს გულისხმობთ? 
- დიახ... 
- ვახტანგ, რაკიღა ამ თემას შეეხეთ, გაგახსენებთ: მაშინდელ მედიაში დაიწერა, დასახმარებლად თითქოს ერეკლე კოდუას დაურეკეთ, რომელმაც ,,დამხმარე ძალა'' გამოგიგზავნათ... 
- ტყუილია! 
- ისიც ითქვა, ამ ჩხუბის მერე მიშამ მჭედლიძეს შეუთვალა, თვალით აღარ დამენახოო და საკრებულოც, თურმე, ამიტომ დატოვეთ... 
- სიმართლე არც ესაა! 
- მაშინ მითხარით, სიმართლე, რა მოხდა? 
- ისეთი არაფერი - ქართველები ვართ და ჩხუბი ყველგან ხდება. ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ატყდა და დამთავრდა, თემაში არც კოდუა იყო და არც სხვა ვინმე. 
- შეიძლება, მაგრამ ერეკლე კოდუასთან ხომ მეგობრობთ? 
- დიახ, კოდუას მეგობარი მანამდეც ვიყავი და ახლაც ვარ! 
- ზოგისთვის დღეს კოდუასთან მეგობრობა ერთგვარი კომპრომატია... 
- პოლიტიკასა და მეგობრობას ერთმანეთში არ ვურევ! თბილისი და საერთოდ, საქართველო ძალიან პატარაა. ბევრი პოლიტიკოსი და არაპოლიტიკოსი მეგობარი მყავს. 
- კოდუა თქვენზე გაცილებით უფროსია და საიდან, როგორ დაუმეგობრდით? 
- კოდუას გაცილებით ადრე ვიცნობდი, ვიდრე ჟურნალისტებს გგონიათ, მაშინ არც პოლიტიკაში ვიყავი, არც საქართველოში და არც კოდუა იყო იმ თანამდებობაზე. 
- ანუ, ერთმანეთი ,,ვარდების რევოლუციამდე'' გაიცანით და დაახლოვდით? 
- დიახ... 
- რაღაცებს რომ ამბობდნენ, კოდუასთვის არ გიკითხავთ, მართალი იყო თუ არა? 
- ჩემთვის პირველი მეგობრობაა და მით უმეტეს, მაშინ, როცა აქ არ ვცხოვრობდი, მისი პოლიტიკური წარსული და მომავალი საერთოდ არ მაინტერესებდა! სამეგობროდ ისე არ ამირჩევია, როგორც პოლიტიკოსი ან თანამდებობის პირი! ამიტომ არაფერი მიკითხავს, რადგან თავისი საქმე ჰქონდა და ამ საქმეს აკეთებდა! 
სხვათა შორის, ,,ოცნებაშიც'' ბევრი მეგობარი მყავს! 
- ,,ოცნებაში'' ვისთან მეგობრობთ? 
- ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა თბილისელი ბიჭი ვარ და დიდი სამეგობრო მყავს. 
- ნათქვამია, რაც მეტი მეგობარი გყავს, მით უფრო მდიდარი ხარო, მაგრამ ვახტანგ, ისევ რესტორნის ინციდენტს დავუბრუნდეთ... 
- ჩვეულებრივი ჩხუბი მოხდა... 
- და მიშამ მართლა ამის გამო აგითვალწუნათ? 
- მიშა რა შუაშია?.. 
- აბა, ეს ჭორი რატომ გავრცელდა? 
- არ ვიცი... დღესაც ბევრი ჭორია, მაგრამ ჭორი სიმართლე ხომ არაა?! ვიჩხუბეთ, შევრიგდით და მორჩა. მორჩა ჩხუბი და მორჩა ნაციონალურ მოძრაობასთან ჩემი თანამშრომლობაც... იქ არც კოდუა იყო და არც - კოდუას ხალხი. სხვათა შორის, რესტორანში საკრებულოს მაშინდელი დეპუტატებიც იყვნენ და შეგიძლიათ, ჰკითხოთ. მას, ვისთანაც ჩხუბი მოხდა, საკრებულოსთან შეხება არ ჰქონდა, რესტორნაში ისე იყო შემოსული... 
- ჩხუბი რაზე დაიწყო? 
- არ მახსოვს... 
- პირადად თქვენ აგიხირდათ თუ თქვენი სუფრის წევრებს? 
- მეც და სუფრის წევრებსაც... 
- ვის არ უჩხუბია, მაგრამ ამის გამო პოლიტიკიდან არ წასულა. ვახტანგ, ეს ჩხუბი იმის საბაბ-მიზეზი რატომ გახდა, საკრებულო დაგეტოვებინათ? 
- აშკარა იყო, რომ ერთად მუშაობა არ გამოგვივიდოდა, საქმიანი და პირადი ურთიერთობების აწყობა ამ პოლიტიკურ გუნდთან, ჩხუბის მერე, წარმოუდგენელი იყო, თან ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და გადავწყვიტე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. იმ ეტაპზე უფრო სხვა თემები მქონდა გასაკეთებელი... 
- დღევანდელი გადასახედიდან, ხომ არ გეჩვენებათ, რომ თუნდაც ეს ჩხუბი ვიღაცებმა მოგიწყვეს? 
- არ ვიცი... ყველაფერი შესაძლებელია 
- ამის შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაგირთულდათ? 
- რა თქმა უნდა. როცა გუნდიდან შენი ინიციატივით მიდიხარ, თან წასვლამდე ვიღაცებს სცემ, ცხადია, ურთიერთობა ფუჭდება, თუმცა დაძაბულობა არავისთან მქონია... 
- ითქვა, თითქოს ბიზნესი ,,დაგაწერეს''... 
- არა, არა... მაგ დროს ბიზნესი საქართველოში კი არა, პრაღაში მქონდა... 
- პრაღაში, როგორც გავიგე, სახლიც გაქვთ... 
- (იღიმება) არ მაქვს... 
- პრაღაში რა ბიზნესი გქონდათ? 
- რესტორანი და მშენებლობები... თბილისში კი სავაჭრო ცენტრი ავაშენე. 
- თბილისში სავაჭრო ცენტრი ხელისუფლების შეცვლის მერე ააშენეთ? 
- დიახ... 
- ბიზნესში პრობლემებს ახალი ხელისუფლება ხომ არ გიქმნით? 
- ყველაფერს კანონით ვაკეთებ და პრობლემები რატომ უნდა შემიქმნას? 
- პრაღაში ბიზნესი დღესაც გაქვთ? 
- თითქმის დავამთავრე. საერთოდ, ბიზნესი იქ უნდა გქონდეს, სადაც ხარ... 
- საქართველოსთან ერთად, ჩეხეთის მოქალაქეობაც გაქვთ? 
- არა... მართალია, 8 წელი ვცხოვრობდი, მაგრამ ჩეხეთში სამუშაო ვიზით ჩავდიოდი ხოლმე... 
- სხვათა შორის, თავის დროზე ისიც ითქვა, ვენაში გიგი უგულავას მეუღლის მშობიარობას თითქოს თქვენც დაესწარით... 
- გიგის ცოლის მშობიარობა ჩემს ქორწილს დაემთხვა და თბილისში ვიყავი. ჩემს ქორწილში გიგიც არ ყოფილა... შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ პრაღაში წავსულიყავით. პრაღიდან ვენა 250 კილომეტრშია, თავისთავად, ვენაში ჩავედი და ვნახე... 
- გიგი უგულავა უფრო ახლო მეგობარია თუ ერეკლე კოდუა? 
- როგორ შეიძლება, მეგობრებზე ასეთი კითხვა დასვათ? - ორივე ჩემი მეგობარია, მაგრამ ვიმეორებ: მეგობრობასა და პოლიტიკას ერთმანეთს არ ვუკავშირებ! 
- ,,ოცნებელი'' მეგობრებისთვის თუ გიკითხავთ, ვთქვათ, უგულავას წინასწარი პატიმრობა 9 თვე რატომ გაიწელა? 
- არა, რადგან პოლიტიკაში ამ მხრივ არ ვერევი. ყველას თავისი წარსული აქვს... ამ პიროვნებებთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს და აქედან გამომდინარე, არც ვიცი, რა თემებზე არიან დაჭერილები. ამის შესახებ მხოლოდ ტელევიზიით ვგებულობ... 
- ასეა თუ ისე, ვახო, დღეს პოლიტიკაში ხართ და, როგორც ვიცი, თავისუფალი დემოკრატებიდან ლაგოდეხის მაჟორიტარობასაც გეგმავთ... 
- ვნახოთ... ჯერ ლაგოდეხში თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ვარ...
- ჰოდა, საქმეც მაგაშია, რომ ბევრმა შეიძლება, არ დაიჯეროს, პოლიტიკასა და მეგობრობას ერთმანეთისგან რომ მიჯნავთ... პოლიტიკაში დაბრუნებისას, მზად იყავით, რომ თუნდაც ჩემნაირი ტვინგაცხელებული ჟურნალისტი ცუდ რაღაცებს გკითხავდათ? 
- კი, მზად ვიყავი, მაგრამ სუფთად ვცხოვრობ და პოლიტიკურ საქმეებს ისე გადავწყვეტ, სამეგობრო შუაში არ იქნება! 
- თუ დაინახავთ, რომ თქვენი პოლიტიკოსი მეგობრები ცუდად იქცევიან, ამხელთ? 
- თუ ეს ქვეყანას ეხება, აუცილებლად ვამხელ, რადგან პირველი სამშობლოა! 
- ...ვახტანგ, რა განათლება გაქვთ? 
- ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების განხრით... 
- თავს შემდგარ პოლიტიკოსად თვლით თუ დამწყებად? 
- ჯერ პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, არ ვარ, თუმცა ლაგოდეხისთვის ბევრი უნდა გავაკეთო. არ მინდა, ისეთი პოლიტიკოსი ვიყო, მარტო რომ ლაპარაკობენ ხოლმე! ლაგოდეხში არაფერია გაკეთებული და მინდა, ჩემს კუთხეში ტურიზმი განვითარდეს, ბევრი ხალხი დავასაქმო და ბევრი სპორტსმენი აღვზარდო!.. სხვათა შორის, ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში დავიბადე და 10 წლამდე იქ ვიზრდებოდი. 
- ლაგოდეხელებს მაინც რას ჰპირდებით? 
- დასაქმებას... ადამიანს, ვთქვათ, პომიდორი რომ მოჰყავს, თბილისიდან გადამყიდველი ჩადის, 10 თეთრად ყიდულობს და თბილისში 60-ად ყიდის. მინდა, ინვესტორები მოვიძიო და ლაგოდეხში შემნახავი და შესაფუთი ქარხანა ავაშენო, სადაც ხალხი მოსავალს 10 კი არა, მაგალითად, 30 თეთრად ჩააბარებს და ამით თითოეული ოჯახის შემოსავალი გაიზრდება. ამ ქარხანაში შეფუთულ პროდუქციას დაეწერება, რომ ლაგოდეხშია წარმოებული... 
- ამის გაკეთება, მგონი, პოლიტიკაში ჩართვის გარეშეც შეგიძლიათ! 
- თუ გინდათ, ლაგოდეხში ერთად ჩავიდეთ და ნახავთ, ადგილობრივი ხელისუფლება ხელს შეგვიწყობს თუ არა... ამის გაკეთების მცდელობა ბევრჯერ მქონდა, მაგრამ უარი მივიღე. 
- უარი ,,ოცნების'' დროს მიიღეთ? 
- ,,ოცნების'' დროსაც და მანამდეც... 
უარს რა მიზეზით გეუბნებიან? 
- ალბათ, წილში უნდათ ,,ჩაჯდომა''... 
- ამაზე ღიად გითხრეს? 
- არა, მინიშნება იყო... 
- კონკრეტული თანამდებობის პირისგან? 
- (იღიმება) იქ თანამდებობის პირებს არ ვიცნობ, მაგრამ ასეთი შემოთავაზება იყო, ამიტომ მექრთამეები სახლში უნდა წავიდნენ და საქმე ისეთმა ხალხმა გააკეთოს, ვისაც ლაგოდეხი უყვარს! 
- სხვათა შორის, დეპუტატს ბიზნესის კეთების უფლება არ აქვს! 
- ბიზნესის კეთებას არც ვაპირებ. უბრალოდ, ბიზნესისთვის გარემოს შევქმნი და ინვესტორებს მოვიზიდავ... 
- ვახტანგ, რა ამის პასუხია და, ნატო თუ რუსეთი? 
- რა თქმა უნდა, ნატო! 
- ისე, შინაგანად დემოკრატი ხართ თუ კლასიკური ქართველი? 
- ორივე ერთად. 
- ეგ როგორ? ბევრი ქართველი მამაკაცისთვის მიუღებელია, რომ მისი მეორე ნახევარი, მაგალითად, ვარსკვლავი იყოს. თქვენი მეუღლე, გვანცა დარასელია კი ტელევარსკვლავია. ამას როგორ ეგუებით? 
- მშვენივრად! 
- ხომ არ გაღიზიანებთ, რომ გვანცა თქვენზე ცნობადია? 
- არა! 
- მოდით, თქვენი სიყვარულის ისტორია მიამბეთ... 
- საქართველოში ვიყავი ჩამოსული, გვანცა კონცერტზე მღეროდა, მომეწონა და ტელეფონის ნომერი გავიგე... იმ ღამეს პრაღაში წავედი და იქიდან დავუმესიჯე, მაგრამ პასუხი არ გამცა... მერე, ჩამოვედი და გავიცანი, დავმეგობრდით და ცოლადაც შევირთე... 
- საზოგადოების ნაწილი ,,რუსთავი 2''-ის მიმართ ანტაგონისტურადაა განწყობილი... 
- დიახ, მაგრამ ჩემს მეუღლეს პოლიტიკური გადაცემა არ მიჰყავს და აქედან გამომდინარე, ეს მასზე არ ვრცელდება... 
- ,,საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'' ეკა მიშველაძე იმ მოტივით გაუშვეს, რომ თქვენი პარტიის გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე გათხოვდა. ვთქვათ, გვანცა დარასელიასაც რომ უთხრან, ,,რუსთავი 2''-დან უნდა წახვიდე, რადგან შენი ქმარი თავისუფალი დემოკრატი გახდაო, კარიერაზე უარს იტყვით? 
- ჯერჯერობით ასეთი არაფერი ყოფილა და არც ვუშვებ, რომ ჩემს გამო გვანცას შეიძლება, სამსახური დაატოვებინონ, მაგრამ თუ ასეთი რამ იქნება, კარიერაზე უარს არც მე ვიტყვი და არც - გვანცა, სხვა ტელევიზიებიც არსებობს... 
- ...ვახტანგ ევროპაში რომ წახვედით, რამდენი წლის იყავით? 
- 21-ის. 
- ვიღაცები ,,ტკარცალებენ'', ევროპა გვრყვნის და ქართველობს გვართმევსო. ჩეხეთმა ქართველობა ხომ არ წაგართვათ? 
- (იღიმება) არა, პირიქით, ევროპამ მასწავლა, დამოუკიდებლად როგორ ვიცხოვრო და რა უნდა გავაკეთო, რომ საქართველოშიც, მაგალითად, სიტყვის თავისუფლება იყოს. ისე, გარყვნილება, რაღაც დოზით, აქაცაა, ევროპაში კი ისეთ სამეგობროში ვტრიალებდი, რომ გარყვნილება არ შემხებია. 
- ესე იგი, ევროპული ღირებულებების არ უნდა გვეშინოდეს, არა? 
- რა თქმა უნდა! 
- ძალიან კარგი, მაგრამ რუსეთუმეები ლაგოდეხშიც იქნებიან და მათ როგორ დაუმტკიცებთ, რომ ერთმორწმუნე დათვს დასავლეთი სჯობს? 
- ავუხსნი, რუსეთმა ტერიტორიები რამდენჯერ წაგვართვა და, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, როგორ გვებრძვის. ევროპაში კი თავისუფლება და დემოკრატიაა!.. 
სხვათა შორის, მთელი ლაგოდეხი წყლითაა სავსე, მაგრამ ელემენტარულად, მილებია გამოსაცვლელი და წყალს ვერ დალევთ. მთელი რაიონში ერთი სასტუმრო არაა, რომ ტურისტი გაჩერდეს. არც სპორტული კომპლექსია, არადა, შეგვიძლია, სპორტი განვავითაროთ და ამით ტურისტები მოვიზიდოთ. ლაგოდეხში ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს და უნდა, რაღაც გააკეთოს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება არაფერს აკეთებს! 
- არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლებაც ისეთია, როგორიც - ხალხი. გარდა ამისა, რა გარანტიაა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თქვენც ისე არ მოიქცევით, როგორც სხვები იქცევიან? 
- ამის გარანტია ისაა, რომ ბევრი მიცნობს, იცის, რა გამიკეთებია, აქამდე როგორ მოვედი და აქედან გამომდინარე, იციან, ის პოლიტიკოსი არ ვარ, ტყუილად ვილაპარაკო! 
- მაინც, რა გაგიკეთებიათ? 
- ყველაფერი ნულიდან დავიწყე... 
- ფულში შოვნაში სპორტი დაგეხმარათ? 
- რაგბით ფულს ვერ იშოვი. ეს ფეხბურთი არაა, დიდი ფინანსები ჰქონდეს... 
- წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: პრაღაში ქართული რესტორანი გქონდათ? 
- არა, ჩეხური... 
- მოკლედ, ფული უცხოეთში იშოვეთ და გინდათ, საქართველოში დახარჯოთ? 
- დიახ... 
- თუ ფულის შოვნას არ გააგრძელებთ, ერთ დღესაც, აღმოაჩენთ, რომ აღარ გაქვთ... 
- ამიტომ, საქართველოში დავაბანდე - ხომ გითხარით, საქართველოში სავაჭრო ცენტრი ავაშენე-მეთქი... 
- მეუღლეს საარჩევნო კამპანიაში ჩართავთ? 
- ალბათ, არა... გვანცა ჟურნალისტია და თავის პროფესიას უნდა მიხედოს... 
- საარჩევნო კამპანია ჟურნალისტების გარეშე წარმოუდგენელია, ვახტანგ! ისე, გვანცა თქვენს საქმიანობაში ერევა?
- არა, თუმცა რაღაც რჩევებს მაძლევს ხოლმე. 
- ...ვახო, ყველაზე ძალიან ნერვებს რა გიშლით? 
- ის, რომ ერთმანეთს ჭამენ, ის ამისიანია, ეს იმისიანი, ის ნაციონალია, ეს - ,,ოცნებაო''. ეს უნდა დამთავრდეს, თორემ ქართველი ერი წინ ვერ წავა. ორივე მხარეს ბევრი მეგობარი მყ¬ავს და ვიცი, რომ ცუდი არც იმათ გაუკეთებიათ და არც - ამათ. 
- თუკი ცუდი არც იმათ გაუკეთებიათ და არც - ამათ, აბა, ეს ქვეყანა ვიღამ დააქცია? 
- ქვეყანა მათ დააქციეს, ვინც ლიდერები არიან და ცუდსაც ისინი აღვივებენ. რამდენი პროფესიონალია, მაგრამ ვთქვათ, სამსახური იმიტომ არ დააწყებინეს, რომ ძველ მთავრობაში წარმატებული იყო. 
- ...,,ბორჯღალოსნებში'' არასოდეს გითამაშიათ? 
- არა... ახალგაზრდულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე მაქვს ნათამაშები. 
- ეროვნული ნაკრებიდან შემოთავაზება არ გქონიათ? 
- მქონდა, მაგრამ ტრავმა მივიღე - ლავიწის ძვალი გავიტეხე და ამით ჩემი სპორტული კარიერა დამთავრდა. 
- მაშინ რამდენი წლის იყავით? 
- 21 წლის ასაკში დიდ სპორტს შევეშვი, პრაღაში წავედი და ,,სპარტაში'' ვთამაშობდი. 
- და ტრავმის გამო პრობლემები პრაღის ,,სპარტაში'' არ გქონდათ? 
- იქ ის დონე არაა, რაც საქართველოშია. სხვათა შორის, ტრავმამდე, გადაბმულად 6 წელი საუკეთესო 8 ნომერი ვიყავი. 
- ისე, ქართული რაგბი მართლაც, მწვერვალებს იპყრობს. ჩვენი მორაგბეების წარმატების საიდუმლო რა არის? 
- ის, რომ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და შეკრულები ვართ. მორაგბეემა სხვანაირი ძმაკაცობა ვიცით, მორაგბეობა ქართულ სულსა და გულში ზის - ერთი გოჯი მიწისთვის ვომობთ! 
რომელ ქართულ სულსა და გულზეა ლაპარაკი, როცა ქართველები ერთმანეთს ვჭამთ! 
- ჰოდა, მინდა, რომ ეს ჭამა აღარ იყოს! 
- მტრები გყავთ? 
- ალბათ, არა... ყოველ შემთხვევაში, ცუდი არავისთვის მაქვს გაკეთებული... 
- ვახტანგ, ერეკლე კოდუასთან ურთიერთობა დღესაც გაქვთ? 
- არა... 
- გეშინიათ, რომ ხალხმა არაფერი თქვას? 
- ვინც რა უნდა, ის თქვას, უბრალოდ, დიდი ხანია, ევროპაში აღარ ვყოფილვარ... ტელეფონითაც ერთი-ორჯერ დავუკავშირდი... 
- ტაბუდადებული ანუ ისეთი თემები არსებობს, რაზეც ლაპარაკი არ გინდათ ან არ შეგიძლიათ? 
- არა! თავისუფალი ადამიანი ვარ და ისეთი წარსული არ მაქვს, რაზე ლაპარაკიც არ უნდა მინდოდეს... 
- თქვენი აზრით, პარტია თავისუფალი დემოკრატები ბოლო დროს შტურმის ობიექტი რატომაა? 
- ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი რეიტინგი იზრდება... 
- ...ოცნება გიყვართ? 
- მეოცნებე არ ვარ, რეალისტი ვარ! 
- თქვენს ყველაზე დიდ ნაკლად ან ღირსებად რას თვლით? 
- ისე არ მიცხოვრია, ვინმესთვის რამე გამეფუჭებინა. ასე რომ, შემიძლია თამამად ვთქვა, დიდი ნაკლი არ მაქვს! შემეძლო, უფრო ბევრი გამეკეთებინა, მაგრამ ალბათ, რაღაცის გამო ვერ გავაკეთე... 
- ვახო, თქვენი თავისუფლება სად მთავრდება? 
- იქ, სადაც ვინმეს რამეს დავუშავებ! 
- მშვენიერი პასუხია!.. მიშას იცნობთ? 
- არა, არასოდეს შევხვედრივარ! 
- საარჩევნო კამპანიაში ბევრი ფულის დახარჯვას აპირებთ? 
- იმდენის, რაც კანონითაა განსაზღვრული! 
- ისე, ,,ფულიანი ტიპი'' ხართ? 
- არა... გააჩნია, ,,ფულიან ტიპში'' რას გულისხმობთ... 
- არ გეუბნებით, ბიძინა ხართ-მეთქი, მაგრამ თქვენი ქონება რამდენადაა შეფასებული? 
- ჯერ მაგხელა ბიზნესმენი არ ვარ, ჩემი ქონება შევაფასო! 
- ეწევით? 
- ხანდახან... 
- ჭამა გიყვართ? 
- (იღიმება) კი... 
- ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძურია... გაბინძურების არ გეშინიათ? 
- არა! პოლიტიკას პიროვნებები ქმნიან და პიროვნებაზეა დამოკიდებული, გაბინძურდება თუ არა! დარწმუნებული ვარ, არ გავბინძურდები! 33 წლის ვარ და არ მინდა, 4 წლის შემდეგ ანუ 37 წლის რომ ვიქნები, ვინმემ თქვას, ბინძური პოლიტიკოსიაო! პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, ბევრი კარგი საქმე გავაკეთო! 
- ლაგოდეხში ნაკრძალია. ჰოდა, ხეების წინ და უკან ,,სეირნობის'' სურვილი თქვენც ხომ არ გაგიჩნდებათ? 
- (იცინის) არა, არა!.. 
- ვახო, ხომ არ ნანობთ, რომ შემხვდით? 
- არა, პირიქით, ბევრი ჭორია და საშუალება მომეცა, სიმართლე მეთქვა! ვაღიარებ: ვიყავი და ვიქნები ირაკლი კოდუასა და გიგი უგულავას ძმაკაცი, რადგან ეს ხალხი პოლიტიკის მიხედვით არ ამირჩევია! 
- ბოლო კითხვა, ტრადიციულად, თქვენ უნდა დამისვათ... 
- ჩემზე რას ფიქრობთ? 
- პირველი, თითქმის საათია ვსაუბრობთ და თქვენი პროვოცირება ვერ მოვახდინე, შესაბამისად, ვერ ვიჯერებ, რომ იჩხუბეთ! მეორეც, პოლიტიკაში ასეთი სიწყნარე არ შეიძლება - არ მინდა, დაიჩაგროთ! 
მოკლედ, ვახტანგ, წარმატებებს გისურვებთ! 
P.S. მე და თავისუფალი დემოკრატების ახალი სახე ზუსტად 47 წუთი ვმუსაიფობდით. ამ ხნის განმავლობაში, ჩემი მეგობარი ნინო ჯაჯანიძე ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა და აჩხაკუნებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი არა-ჩვეულებრივი ინტერვიუ ,,ციფრულად'' სწორედ ნინომ აღბეჭდა. ჰოდა, ამისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის!