„ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მომხმარებლის მიერ პროდუქციის დაბრუნება ჩვენს მცირე და საშუალო მეწარმეებს ტვირთად დააწვება“

„ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მომხმარებლის მიერ პროდუქციის დაბრუნება ჩვენს მცირე და საშუალო მეწარმეებს ტვირთად დააწვება“

ახალი კანონი მომხმარებელს შეძენილი ნივთის 14 დღეში დაბრუნების უფლებას მისცემს. თუმცა „მომხმარებელთა უფლებების დაცვის“ შესახებ კანონპროექტის აღნიშნულ ნაწილს უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენი.

„ბიზნესასოციაციის“ ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ნანუაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიების ნაწილი იძულებული იქნება, ბაზრიდან გავიდეს, პროდუქცია კი გაძვირდება. 

გარდა ამისა, ნიკა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ევროდირექტივებს უნდა შეესაბამებოდეს, დღეს არსებული ვერსია კი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მოთხოვნებთან, რადგან ევროკავშირის მოთხოვნებში არ გვხვდება, რომ მომხმარებელმა 14-დღიან ვადაში ყოველგვარი მიზეზის გარეშე პროდუქციის დაბრუნება უნდა მოითხოვოს.

„ზუსტად ვფლობ ინფორმაციას ევროდირექტივის შესაბამისი პუნქტების თაობაზე და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მომხმარებლის მიერ პროდუქციის დაბრუნების უფლებას ევროდირექტივა მხოლოდ ორად-ორ შემთხვევაში აწესებს: ერთი, როცა ეს არის დისტანციური ვაჭრობა, ანუ ონლაინშოპინგი (ინტერნეტის მეშვეობით შეძენა) და, მეორე, ქუჩაში დადებული ხელშეკრულება, ანუ, როცა პროდუქციის შეძენა ხდება არა მაღაზიაში, არა მოვაჭრის ადგილ-სამყოფელზე, არამედ ქუჩაში. ამისთვის სავაჭრო პრაქტიკაში ასეთი გამოთქმაც გამოიყენება „დორ სელინგ“. სხვა შემთხვევაში, ევროდირექტივა ნივთის 14 დღეში დაბრუნების უფლებას არც ევროკავშირის ქვეყნებს ავალდებულებს, არც-ჩვენ. ჩვენს ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც იყიდება ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, ისედაც არის მოსინჯვის საშუალება, არსებობს ზომები. თუ მაინც არ მოერგო ესა თუ ის ზომა მომხმარებელს ან მისი ოჯახის წევრს, რომელიც მაღაზიაში ყიდვის მომენტში არ იმყოფება, მყიდველს პროდუქცია ხშირად გადაუცვლია, მიუხედვად იმისა, რომ მოვაჭრეს კანონი არ ავალდებულებს, უკან დაიბრუნოს საქონელი. ბრენდულ მაღაზიებში ცოტა სხვა რეგულაციაა. თუ არ მოგვეწონა საქონელი, ბრენდული მაღაზიები ათი დღის ვადაში გვიბრუნებენ თანხას. ახლა კი, თუ ნივთის დაბრუნებას კანონით გავხდით სავალდებულოს, ამით წვრილ და საშუალო მეწარმეს უზარმაზარ ვალდებულებას ავკიდებთ“, - აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.

ამასთან, განმარტა, რომ ეს არ იქნება უბრალოდ მექანიკური პროცესი - კი ბატონო, მომიტანე პროდუქცია, დავიბრუნებ და ფულს დაგიბრუნებო, არამედ მოვაჭრემ უნდა შეამოწმოს, უკან დაბრუნებული ნივთი არის თუ არა უხმარი, დაზიანებული, გახსნილი. თუ საქმე ტექნიკურ მოწყობილობას ეხება, ამას მთელი პროცედურა, ექსპერტიზა სჭირდება. ე.ი. გამოდის, ყველა მოვაჭრეს ცალკე სპეციალისტი უნდა ჰყავდეს ადგილზე.

გარდა ამისა, პრობლემას შექმნის ჩეკის დაბრუნების, შეცვლის, ჩანაცვლების პროცესიც, რასაც სპეციალური აღრიცხვა სჭირდება და ეს ცალკე თავის ტკივილია ქართველი მოვაჭრისთვის. ამისგან განსხვავებით, ევროკავშირში ვაჭრობა ძირითადად უკვე მეგასავაჭრო ცენტრების, დიდი შოპინგმოლების დონეზეა, იქ ჯიხურს ვერსად შეხვდებით. ჩვენთან კი ვაჭრობა ჯიხურების დონეზეა, 80% ძირითადად მინიმარკეტებია, ამიტომ უბრალო ხალხს არ უნდა ავკიდოთ ეს ტვირთი.

„ჩვენი კანონმდებლობით, ონლაინშოპინგი არ არის მოწესრიგებული, ამიტომ სწორედ ონლაინშოპინგის სფერო მოაწესრიგონ, ჩაამატონ გარკვეული მუხლები, როგორც ამას გააკეთებდნენ გონიერი ადამიანები, რომლებიც გაითვალისწინებდნენ ეკონომიკურ მიზანშეწონილობასაც, ევროკავშირის მოთხოვნასაც და მომხმარებლის უფლებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვილი ბიზნესი ამ რეგულაციებს კიდევ როგორმე გადაიტანს, გააძვირებს პროდუქციას, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდება, გავა ბაზრიდან და მომხმარებელი ამით ვერაფერს მოიგებს“, - გვითხრა ნიკა ნანუაშვილმა.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლია თოდუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევროკავშირის ერთმნიშვნელოვანი დირექტივით, ინტერნეტში ნაყიდ ნივთზე მისი მიღების მომენტიდან 14 დღის განმავლობაში შეგვიძლია, ყოველგვარი მიზეზის გარეშე უარი ვთქვათ. რაც შეეხება ჩვეულებრივად ნაყიდ სხვა ნივთებს, როცა ზომა არასწორია, ან ფერის გადაცვლაა საჭირო, მომხმარებელს უნდა შეეძლოს, გაუხსნელი და უხმარი ნივთი გადაცვალოს ან დააბრუნოს. მართალია, ეს ევროკავშირის დირექტივებით არ არის დარეგულირებული, მაგრამ უმეტეს ქვეყნებში ასეთი წესები მოქმედებს და ეს წესები საზღვარგარეთის ქვეყნებისა და იქაური კომპანიების დონეზეა.

„არა მგონია, შეძენილი ნივთის დაბრუნების გამო ჩვენი კომპანიების ნაწილი ბაზრიდან გავიდეს და პროდუქცია გაძვირდეს. მე მგონი, ეს შიში მოგონილია. დაბრუნების დღეებთან დაკავშირებით თუ აქვთ ამხელა პრობლემა, გვითხრან, რამდენი დღე აწყობთ, რომელი ტიპის საქონელზე არ ექმნებათ პრობლემა. თორემ ძალიან ბევრი ტიპის საქონელთან დაკავშირებით კანონში პირდაპირაა ჩადებული, რომ ეს წესი არ გავრცელდება. საუბარია წამლებზე, საჭმელზე, ჰერმეტულად შეფუთულ პროდუქციაზე“.