„მომხმარებელს მოვუწოდებ, არ შევიდნენ ამომღებ კომპანიებთან გარიგებაში“

„მომხმარებელს მოვუწოდებ, არ შევიდნენ ამომღებ კომპანიებთან გარიგებაში“

არასამთავრობოები ონლაინ სესხებზე რეგულაციების დაკისრებას ითხოვენ. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების რეგულირების მოთხოვნით კამპანია უკვე დაიწყო. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ონლაინ საკრედიტო კომპანიებზე ეროვნული ბანკის რეგულაციები უნდა გავრცელდეს.

ასოციაციის წარმომადგენლის, ზურაბ კუკულაძის განცხადებით, აუცილებელია სესხის გაცემის წესის შეცვლა და კომპანიებისთვის მეტი გამჭვირვალობის ვალდებულების დაკისრება. For.ge ზურაბ კუკულაძეს ესაუბრა.

სესხების საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, არაადეკვატურად მაღალია ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მიერ დაკისრებული სხვადასხვა სანქციაც. როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო ონლაინ სესხების აგრესიულ მარკეტინგს, როდესაც ისინი გადახდისუუნარო მსესხებელს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებენ?

- ონლაინ სესხებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია, ვინაიდან პრობლემა არის მათი საქმიანობის სამ ძირითად ფაზაში. პირველი, ეს არის მათი მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და მართვა. ამ კამპანიით მომხმარებელს ატყუებენ, რადგან ყურადღება მახვილდება მხოლოდ 0%-იან კრედიტებზე და არა შემდგომ საპროცენტო განაკვეთის სიდიდეზე. ამიტომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების რეგულაცია უნდა იყოს ისეთი, რომ საკომისიოს დაერქვას საპროცენტო განაკვეთი და რეალური საპროცენტო განაკვეთი რამდენიცაა, ამის შესახებ თავიდანვე გასცენ ინფორმაცია. მესმის, რომ ეს მათთვის მიუღებელი იქნება, რადგან საკრედიტო პროდუქტები, ხშირ შემთხვევაში, 1000%-იან ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს გულისხმობს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება. შესაბამისად, ამ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდების ვალდებულება უნდა დაეკისროს ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს.

შემდეგი რეგულაცია, ანუ მათი საქმიანობის შემდეგი ფაზა ეხება უშუალოდ კრედიტის გაცემას. მათი საკრედიტო პოლიტიკა უნდა გახდეს გაცილებით პასუხისმგებლიანი, მათ სრულად უნდა შეისწავლონ კლიენტის გადახდისუნარიანობის საკითხი, თუ რამდენად აქვს შესაძლებლობა კლიენტს, მიიღოს სესხი და ვალდებულება დაფაროს. მხოლოდ ამის საფუძველზე უნდა გაიცეს კრედიტი. უპასუხისმგებლო, მაღალრისკიანი კრედიტები უნდა შეიზღუდოს.

როგორც ვიცი, რეგულაციების მესამე ფაზა სესხის ამომღებ კომპანიებს ეხებათ, რომლებიც ხშირად კლიენტებს აშანტაჟებენ.

- ეს მართლაც ყველაზე დიდი პრობლემაა და, ხშირ შემთხვევაში, უკანონო საქმიანობას მოიცავს, როცა ამომღები კომპანიების წარმომადგენლები მოქალაქეების მიმართ შანტაჟისა და მუქარის მეთოდოლოგიას მიმართავენ. ეს აზარალებს მოქალაქეებს, როგორც ფინანსური, ასევე, მორალური, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რაც პირდაპირი კანონდარღვევაა. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, კანონი დაიცვას ამ ორგანიზაციამ პრობლემური სესხის ამოღების დროს.

სესხის გაცემის მინიმალური ასაკი 20 წელია. ხშირ შემთხვევაში, მშობლებმა არც კი იციან, რომ მათი შვილები სარგებლობენ სესხით და შემდეგ უკვე ფაქტის წინაშე დგებიან, ანუ ისევ მშობლებს უწევთ ამ სესხის გადახდა.

- ასაკის გაუკონტროლებლობის საკითხი შედის ჩვენს მეორე რეკომენდაციაში, რაც სესხის აღების პროცედურას შეეხება. აქ გარკვეული სტანდარტების შემოტანა აუცილებელია. ერთ-ერთი სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ მოხდეს მიმღები პირის იდენტიფიცირება და გაირკვეს, ვინ იღებს სესხს რეალური პირადობის მოწმობით და რეალური საკრედიტო ისტორიით. ხშირ შემთხვევაში, ისეც ხდება, რომ შვილი მშობლის პირადობის მოწმობით, ან საკრედიტო ბარათით იღებს სესხს, მათ შორის, საუბარია არასრულწლოვანზეც. ან კიდევ, უფრო ხშირია შემთხვევა, როცა ბებია-ბაბუის, პენსიონერის საკრედიტო ბარათით იღებენ კრედიტებს და ეს საერთოდ არ იცის ბებიამ და ბაბუამ. არ შეიძლება, რომ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები ყველა ტიპის კლიენტებზე გასცემდნენ სესხს. წარმოიდგინეთ, საქართველოს შემთხვევაში, რომელი ბებია უჩივლებს შვილიშვილს? ასეთი ფაქტები იჩქმალება. ჩვენი მოძრაობის მიზანია, მსგავსი საკითხები გამოვააშკარავოთ და საზოგადოების განსჯის მთავარ თემად ვაქციოთ.

ონლაინ სესხები პრობლემატურია იმ მხრივაც, რომ სულ რამდენიმე დღეში საურავების გამო ვალდებულებები 100-200%-ით იზრდება. რა მოგებას ნახულობენ ამ მხრივაც ონლაინ საკრედიტოები?

- საურავების საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია. აქ არის ორი მომენტი, თვითონ საკრედიტო ორგანიზაცია რა საურავებსაც აკისრებს, ანუ პირგასამტეხლო, და მეორე, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც სესხი გადადის ამომღები კომპანიების მეთვალყურეობის ქვეშ და ისინი გაუგებარი წარმომავლობის საკომისიო გადასახადებს აკისრებენ მოქალაქეებს. მქონია შემთხვევა, როდესაც 200-ლარიანი კრედიტის გამო, 1% -იანი საურავის პირობებში, დღეში 2 ლარი დაეკისრა ადამიანს, 60 დღის განმავლობაში დაეკისრა 120 ლარი, შემდეგ უკვე ეს სესხი წავიდა პრობლემურ განყოფილებაში და მხოლოდ იმის გამო, რომ სესხი პრობლემურ განყოფილებაში გადავიდა, მომხმარებელს კიდევ ასლარიანი საკომისიო დააკისრეს. საბოლოოდ, რადგან ვერ ამოიღეს ეს სესხი პრობლემური აქტივების მართვის გარე კომპანიაში, ამისთვის დააკისრეს 200 ლარი. ასეთი გაუგებარი საკომისიოებია. ამიტომ მომხმარებელს მოვუწოდებ, არ შევიდნენ ამომღებ კომპანიებთან გარიგებაში და, თუ პრობლემა შეექმნებათ სესხის გადახდის პროცესში და მათ დაუკავშირდებიან ამომღები კომპანიები, აბსოლუტურად ყველა მათგანი წავიდეს სასამართლოში. სასამართლო არის ერთადერთი გამოსავალი ამ სისტემიდან. სჯობს, საქმე განიხილოს სასამართლომ, ვიდრე გაუგებარი წარმომავლობის კომპანიასთან შევიდნენ გარიგებაში და ეს ყველაფერი გადაიტანონ არაფორმალურ სივრცეში.

ამომღები კომპანიები ონლაინ სესხების კომპანიებთან არიან შეკრულნი?

- ისინი თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ამას არც მალავენ. ფორმალურად, მათ სხვადასხვა დამფუძნებლები ჰყავთ, თუმცა მათი საქმიანობის სტილი და შინაარსი ერთმანეთს ავსებს. რეალურად, ონლაინ საკრედიტო სესხი ისეთი პროდუქტია, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, პრობლემატური ხდება, მისი ამოღება რთულდება. ამიტომ ამომღები კომპანიები რომ არ არსებობდეს, ვერ იარსებებდნენ ონლაინ სესხები და, პირიქით, პრობლემური სესხები რომ არ არსებობდეს, ვერ იარსებებდნენ ამომღები კომპანიები.

ონლაინ კომპანიებს შეუძლიათ შემოგვედავონ, რომ მათ საიტზე თვალნათლივ წერია - პირველი სესხი უპროცენტოა, განმეორებითი სესხის შემთხვევაში კი 8-დან 19%-მდეა გადასახადი. ამიტომ კლიენტმა აპრიორი უნდა იცოდეს, რომ ასეთი მაღალი სესხი აქვს გასასტუმრებელი.

- ეს არის აქცია. არ შეიძლება, აქციის ფარგლებში არსებული ფასი მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების მთავარი მესიჯი იყოს. მათი პროდუქტის პირველი სესხი უპროცენტოა, ხოლო შემდგომ სესხებზე მათი პროდუქტი ფასიანია. უბრალოდ, მათ სჭირდებათ მომხმარებლის შეტყუება, ამიტომაც ამბობენ, რომ პირველი სესხი უპრეცენტოა, ეს უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია. ტელევიზიაში სადმე გაგიგიათ, რომ ეთქვათ, ჩვენი სესხები 8-დან 19%-მდეაო? ამას არსად არ ამბობენ. 8-დან 19%-მდე სესხიც ტყუილია, რადგან 8-დან 19% ეს არის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. თუ ჩვენ ეროვნული ბანკის კალკულატორით დავითვლით და გამოვთვლით ისე, როგორც საფინანსო პროდუქტის ღირებულება, წესით და რიგით, უნდა ითვლებოდეს, მაშინ გამოდის, რომ ამ კომპანიების პროდუქტის რეალური ღირებულება აღწევს 700-800-900, ხშირ შემთხვევაში, 1000 და მეტ პროცენტს. ანუ, ისინი მომხმარებელს სიტყვაში ატყუებენ. გვეუბნებიან, თვეში 19%-ს გახდევინებთო, ამ დროს კი რეალურად საპროცენტო განაკვეთის ღირებულება ითვლება ყოველწლიურად და ეს სტანდარტია. ამ ადამიანებმა პირდაპირ უნდა უთხრან მომხმარებელს, რომ მათი პროდუქტის ფასი, ხშირ შემთხვევაში, 1000%-ია. მაგალითად, ვიღაც ყიდის ერთ ნაჭერ პურს ათ თეთრად, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მთელი პურიც რეალურად ათი თეთრი ღირს?

ბალტიისპირეთსა და საზღვარგარეთის ცალკეულ ქვეყნებში ონლაინ სესხების კონკრეტული ორგანიზაციები აკრძალულია. თუკი საქართველოშიც მათ მიმართ რადიკალურ ზომებს მივიღებთ, მაშინ ალტერნატივად რა დარჩება მომხმარებელს-მიკროსაფინანსოები, კომერციული ბანკები, მევახშეები?

- ვფიქრობ, საჭირო არ არის ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების აკრძალვა. ერთადერთი, ძალიან მარტივია, რომ სახელმწიფომ, სამართალდამცავმა ორგანოებმა მოსთხოვონ ამომღებ კომპანიებს კანონის დაცვა, რომ ისინი არ დაემუქრონ კლიენტებს, შანტაჟი არ მოუწყონ, არ მოატყუონ. თუკი ამას მაინც გააკეთებენ, ამომღები კომპანიები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

ანუ ამაზე ზედამხედველობა ეროვნულმა ბანკმა უნდა გასწიოს? ეროვნული ბანკი ხომ ონლაინ საკრედიტოებს არ ამოწმებს, ის კი არა, მიკროსაფინანსოებსაც მხოლოდ იმ დონეზეამოწმებს“, რომ მათგან უბრალო სტატისტიკურ ინფორმაციას იღებს. ასე რომ, ისინიც გაუკონტროლებლები არიან.

- მოგეხსენებათ, ეს მაინც არის საფინანსო მომსახურების სფერო, რასაც, ძირითად შემთხვევაში, არეგულირებს ეროვნული ბანკი. ამ შემთხვევაშიც, ონლაინ საკრედიტოები ეროვნული ბანკის რეგულაციებს უნდა დაექვემდებარონ.