პედაგოგთა მოტივაციის ასამაღლებლად, როგორც ცნობილია, არცთუ დიდი ხნის წინ, მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა. მასწავლებლები პროფესიული განვითარების ახალ სქემაში ჩაერთვნენ, რითაც მათი პროფესიული განვითარების საფეხურები განისაზღვრა, ამასთანვე, სქემა პირდაპირ კავშირშია მათი შრომით ანაზღაურებასთან.
განათლების ექსპერტთა აზრით, თუნდაც შემოსავლის გაზრდის ფაქტორი მასწავლებელს მოტივაციას გაუზრდის, რომ ყველა საფეხურის გავლით, უმაღლეს საფეხურამდე ავიდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებლის შეფასება და განვითარების საფეხურების განსაზღვრა, ძირითადად სკოლაში უნდა მოხდეს, რაც სკოლის პრესტიჟსაც ზრდის და შეფასების იმ კომპონენტს დანერგავს, რასაც სკოლა წლების განმავლობაში მოკლებული იყო.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ერთიანი სისტემაა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია პედაგოგის მომზადება პროფესიისთვის და მისი შემდგომი პროფესიული განვითარება. დოკუმენტში ასახულია როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიაში შესვლის გზები და როგორ უნდა მოხდეს პედაგოგების ხელშეწყობა კარიერულ წინსვლაში.
მანამდე მოქმედი სერტიფიცირების მოდელის ძირითად ხარვეზად ექსპერტები ასახელებენ იმას, რომ, რომ მოდელი არასისტემური იყო და მასწავლებლის შეფასება ხდებოდა მხოლოდ საგამოცდო ფორმატში, არ იყო ორიენტირებული მასწავლებლის განვითარებაზე და სრულად ვერ ასახავდა მის საქმიანობას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
როგორც აფასებენ სქემაში უკვე ჩართული პედაგოგები დანერგილ სიახლეს, ამის გასარკვევად სკოლის პედაგოგებს დირექტორებს ვესაუბრეთ.
თბილისის 85-ე საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე კვირიკაშვილის თქმით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვას გარკვეული რისკები ახლავს. მეტი განმარტება, მეტი ინფორმირებულობა და სწორი აქცენტებია საჭირო. თუმცა, ღრმადაა დარწმუნებული, რომ პედაგოგების აბსოლუტური უმრავლესობა ნათლად დანახული პერსპექტივისა და საჭიროების შემთხვევაში, უკან არ დაიხევს მოსწავლეთა უკეთესი მომავლისთვის სისტემატიზაცია გაუკეთოს იმას, რასაც ისედაც აკეთებს: „არც ერთი მასწავლებელი უარს არ იტყვის ცოდნისა და უნარების განახლებაზე, საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებაზე თუ მას ეცოდინება, რომ საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობას ემსახურება და ეს აღიარებული და დაფასებული იქნება. ყველამ ერთად უნდა დავიჯეროთ ჩვენი საქმიანობის უპირატესობა და მთელი საზოგადოება უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ამქვეყნად, ყველაზე საპატიოა, გერქვას მასწავლებელი“ - აცხადებს სკოლის დირექტორი.
ქიმიის მასწავლებელი და შეფასების ჯგუფის წევრი საბუნემისმეტყველო კათედრიდან ნინელი ბეჟუაშვილი ფიქრობს, რომ სქემა, საქართველოს სკოლებში ბევრ რამეს შეცვლის უკეთესობისკენ. მისი აზრით, სქემაში არაფერია ისეთი, რაც საგაკვეთილო პროცესის მიღმაა, პირიქით, სქემა ხელს შეუწყობს იმაში, რომ ყოველდღიური საქმიანობა კარიერული წინსვლის წინაპირობად აქციოს. მისივე თქმით, სქემა მასწავლებლებს დაეხმარება პროფესიულ ზრდაში.
ციცინო არსენაშვილი, ფიზიკის მასწავლებელი: „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვა მასწავლებლის საქმიანობას მეტად სტრუქტურირებულს, სისტემურს გახდის. ასეთი სქემის დანერგვა მასწავლებლებს უბიძგებს „სარკეში ჩახედვისკენ“. გვერდიდან ვუყურებ საკუთარ თავს და ვხვდები რა მაქვს გასაუმჯობესებელი. სქემის ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები მასწავლებელს აძლევს საშუალებას ზუსტად იცოდეს სად არის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მივიდეს სასურველ შედეგამდე და როგორ შეაფასოს საკუთარი მოღვაწეობა. მასწავლებელმა ზუსტად იცის, როგორც მის მიერ განსახორციელებელი აქტივობები და მათი დადებითი შედეგები, ასევე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ აქტივობებს ვერ ან არ შეასრულებს. ეს ფაქტორი კი, პროცესებს გამჭვირვალეს ხდის და მასწავლებელს ეხმარება საკუთარი მუშაობა დაგეგმოს“.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი შორენა ბუნტური ფიქრობს, რომ სქემა ხელს შეუწყობს შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა-მართვა-შეფასებას. მისი მოსაზრებით, სქემის წარმატებით დანერგვისთვის, გადამწყვეტად აუცილებელია სკოლის ადმინისტრაციის როლი, რადგან თუ ადმინისტრაციას არ აქვს შესაბამისი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები, მასწავლებელს შესაბამისი ინფორმაცია არ ექნება, რაც ხელს შეუშლის სქემის ეფექტურად მუშაობას: „უპირველეს ყოვლისა, ადმინისტრაციამ თუ არ შეუწყო ხელი სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ცალკეული მასწავლებლების ინიციატივები, რაც არ უნდა შედეგზე ორიენტირებული იყოს, ვერ იქნება ეფექტური“ - აცხადებს პედაგოგი.
მიზნობრივი და დროში გაწერილი აქტივობების დაგეგმვით, ინგლისურის მასწავლებელს თამარ ბეჟანიშვილის სქემამ საშუალება მისცა დაედგინა საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები: „ბუნებრივია, ამას მასწავლებელი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მანამდეც აკეთებდა, თუმცა სქემამ ამ ყველაფერს დაგეგმილი სახე მისცა და, რაც მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან არის ნება დროული და კონკრეტულ საჭიროებაზე ორიენტირებული დახმარება აღმოუჩინოს მასწავლებელს“.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიკო ბოქოლიშვილიც ფიქრობს, რომ სქემა მას და მის კოლეგებს პროფესიულ ზრდაში დაეხმარება, რადგან ახალი სქერმა პროფესიული დიალოგისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო საშუალებაა. სტატუსის ცვლილებას მიბმული სახელფასო პაკეტი კი მომავალი მასწავლებლისთვის კარგი მოტივაცია გახდება.
ქიმიის მასწავლებლის თამილა აბესაძის აზრით, სქემის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები მჭიდროდ არის დაკავშირებული მათ ყოველდღიურ საქმიანობასთან, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითეული აქტივობის მიზანი მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებაა: „განსხვავებით ძველი სქემისგან, რომლის ფარგლებშიც მასწავლებელს სტატუსის შესაცვლელად რვა წელი სჭირდებოდა, ამჯერად მხოლოდ ზედა ზღვარია დაწესებული და მასწავლებელი როცა შეასრულებს მისი სტატუსისთვის განსაზღვრულ სავალდებულო და დამატებით აქტივობებს, შეუძლია გადაინაცვლოს შემდეგ სტატუსზე, რაც კარგი მოტივატორია ნებისმიერი მასწავლებლისთვის“.
მუსიკის მასწავლებელი ნაზი გოჩიაშვილი მიიჩნევს, რომ სქემის ამოქმედებამდე ყველა მასწავლებელს არ ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობა თავი წარმოეჩინა, რადგან სასერტიფიკაციო გამოცდები რიგ საგნებში გვიან დაიწყო: „სქემის ფარგლებში კი ყველას შეუძლია თავისთვის მორგებულად, დროში გაწეროს აქტივობები, მიჰყვეს ვადებს, ან დააჩქაროს კარიერული წინსვლის პროცესები, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სქემა ითვალისწინებს მასწავლებლების ინდივიდუალურ შესაძლებლობებსაც“ - აცხადებს პედაგოგი.
საბოლოოდ, მასწავლებლები ფიქრობენ, რომ სქემის დანეგვისთვის ყველა საჭირო წინაპირობა არსებობს. ისინი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ყველა მხარე, პოლიტიკის შემქმნელები თუ განმხორციელებლები, საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში თანმიმდევრულები იყვნენ. მასწავლებლებს სურთ დარწმუნდნენ, რომ სქემა იმუშავებს და თითოეულ მათგანზე იქნება მორგებული.
დაბოლოს, განათლების სამინისტროში მიიჩნევს, რომ ახალი მიდგომა საშუალებას იძლევა, საქმის კურსში იყვნენ, რამდენად ეფექტურად იყენებს პედაგოგი ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლის შედეგები გაუმჯობესდეს. ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ახალი სქემის ამოქმედების საფუძველზე, მოსწავლის სასწავლო შედეგები გაუმჯობესდება და მივიღებთ გაძლიერებულ და გადამზადებულ პედაგოგთა კორპუსს, სისტემაში თავიდანვე კვალიფიციური კადრის შედინება მოხდება.