ფინანსთა ექსმინისტრი ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ

ფინანსთა ექსმინისტრი ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ

[რუსიკო მუმლაძე]
“თავისუფალი დემოკრატები” ახალ საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვარიანტს პარლამენტის ტრიბუნიდან აკრიტიკებენ. აენთებათ თუ არა მწვანე შუქი ახალი კოდექსით იმ ბიზნესებს, რომლებიც ხელისუფლებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ, ან პირიქით, იქნებ - ვიღაცას წითელი ენთება?

ალასანიას “თავისუფალ დემოკრატებს” პარლამენტში ერთი დეპუტატი ჰყავთ. დეპუტატ გია ცაგრეიშვილის წყალობით ეს პარტია წინასაარჩევნოდ გახდა საპარლამენტო პარტია. ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ პრესა.გე-ს განუცხადა, რომ პარტია გააქტიურდება ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესების მიმართ. როგორც ჩანს, ახალი პარტია საპარლამენტო ტრიბუნასაც აქტიურად გამოიყენებს. ამჯერად, ამ ტრიბუნიდან დეპუტატ გია ცაგარეიშვილთან ერთად ახალი საგადასახადო კოდექსიდავით ონოფრიშვილმა გააკრიტიკა.

ცაგარეიშვილი: “იმ მითებს გავაქარწყლებთ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამკვიდრებს საქართველოს პარლამენტში, თითქოსდა, საგადასახადო კოდექსის სახით, ნოვაციური, ბიზნესსა და ბიზნესმენებზე ორიენტირებული კანონი შემოდის. სამწუხაროდ, პარლამენტის უმრავლესობა და უმცირესობა რეალობას არის მოწყვეტილი. 2 წელია არ იმართება ექსპერტებთან დისკუსიები, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამკვიდრა”.

ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა დავით ონოფრიშვილმა კი, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის წარდგენილ ახალ კოდექსზე განაცხადა, რომ ის სრულიადაც არ არის რევოლუციური, უფრო მეტიც, მუხლების ორმაგი წაკითხვა ისევ მოხდება.

“აცხადებენ, რომ მეწარმთა აღრიცხვა ხდება და მათი ბაზა იზრდება, მაგრამ სინამდვილეში იზრდება გადასახადები. მათ დეკლარირებული აქვთ ე.წ. “თავისუფლების ქარტია”, რომლის თანახმადაც ეკონომიკის ლიბერალიზება უნდა მომხდარიყო. ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ საგადასახადო ტვირთს არ გაზრდიდა და ამით მსოფლიოში ყველაზე ლიბერალურ გარემოს შექმნიდა.

ჩვენ მაშინვე ვეუბნებოდით, რომ იმის დაპირება არ შეიძლება, რასაც ვერ შეასრულებ. ხომ შეიძლებოდა, იმ სიტუაციაში აღმოჩენილიყვნენ, რომ გადასახადები გაეზარდათ? დღეს ხელისუფლება სწორედ ისეთ მდგომარეობაშია, რომ გადასახადების გაზრდა უწევს”, - მიაჩნია ფინანსთა ექსმინისტრს.

ფაქტია, რომ ხელისუფლების მაშინდელი პოპულიზმი ახლა გამოაშკარავდა, რადგან თავისუფალი დემოკრატების გავრცელებული პრეს-რელიზით “თავისუფლების ქარტიის” შესახებ ხმამაღლა კი განაცხადეს, მაგრამ ეს ქარტია დღემდე არათუ მიღებული, არამედ განხილულიც კი არაა. პირობა - გადასახადებს არ გავზრდითო – არ შესრულდა.

ონოფრიშვილი: “საშემოსავლო გადასახადი არის უმნიშვნელოვანესი გადასახადი, რომლითაც თქვენი ხელფასები იბეგრება. 2006 წლიდან 12%-ით იბეგრებოდით. მერე 25%-მდე გაზარდეს გადასახადი. შემდეგ 20%-ზე ჩამოვიდნენ. იყო ნათქვამი, რომ 2011 წელს საშემოსავლოს 18%-მდე დაწევდნენ, 2012-ში კი - 15%-მდე. ახლა აცხადებენ, რომ 2013 წლამდე 20%-იანი დაბეგვრა შენარჩუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე უფრო მეტს გადაიხდის თავის ჯიბიდან”.

ისე, ახალი ამბავი არ არის, “ნაცებს” თავიანთი წინასაარჩევნო დაპირებები არჩევნების შემდეგ რომ ავიწყდებათ. შესაბამისად, არც ისაა გასაკვირი, ძველი ქართული ანდაზა რომ არ ახსოვთ – პირობამ კაცს ცოლი წაართვაო.

გადასახადის შემდეგი გაზრდა, რომელიც ონოფრიშვილის თქმით, ასევე მოსახლეობის გაფხეკილ ჯიბეებზე აისახება, ე.წ. პროცენტის 5%-ით დაბეგვრაა. “ბანკში ანაბარი თუ გაქვთ და დღეს 0% გერიცხებათ, ახლა 5% დაგერიცხებათ”, - თქვა ექსმინისტრმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაზეც ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, ეს – გადასახადების გაზრდის ფისკალური მხარეა.

“დასაბუთებული უნდა იყოს ფისკალური მხარე. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა ეფექტი მოჰყვება გადასახადების გაზრდას, ანუ გაიზრდება თუ არა შემოსავლები. ალბათ, დეპუტატებსაც უნდა დაებადოთ ეს კითხვა, როცა გადასახადი იზრდება, რა შემოსავალი ემატება ბიუჯეტს. ეს უკვე უნდა იცოდეს მთავრობამ. კოდექსშიც უნდა იყოს მითითებული. სამწუხაროდ, იქ მე ვერაფერი ვიპოვნე ასეთი”, - თქვა ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობას გონივრულ ადმინისტრირებად მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს თანხმობით, გადამხდელს მიეცა უფლება ისეთი ხარჯის გამოქვითვისა, რომელიც დოკუმენტურად ვერ დასტურდება. “ფაქტია, რომ ვიღაცეებს გამოუქვითავენ, ვიღაცეებს – არა. ანდა, დაუსაბუთებელ ხარჯებს როგორ გამოქვითავენ?” – ასეთ კითხვას უსვამს ყოფილი მინისტრი მოქმედს.

ამავდროულად, “თავისუფალი დემოკრატების” ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ონოფრიშვილი აცხადებს, რომ საბაჯო და საგადასახადო კოდექსების შერწყმა მექანიკურად მოხდა, ფაქტობრივად მუხლების 95% შინაარსობრივად შეუცვლელია, უბრალოდ, მათი ნუმერაცია და თავები შეიცვალა. “მე არ ვიცი, რატომ დაერქვა ამ კოდექსს რევოლუციური”, - ამბობს იგი.

მისივე თქმით, “თავისუფალ დემოკრატებს” 20 მნიშვნელოვანი შენიშვნა აქვთ მომზადებული, რომელსაც დღესვე გადასცემენ პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და ფინანსთა სამინისტროს. ამ შენიშვნებში მითითებული იქნება ის მუხლებიც, რომელთა წაკითხვა ჭირს, ანუ ორმაგი ახსნა აქვთ.

ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ასეთ უმნიშვნელოვანეს კანონს ხელისუფლება ნაჩქარევი ტემპებით იხილავს. ექსმინისტრის აზრით, კანონის მიღებამდე კიდევ ბევრი დისკუსია უნდა გაიმართოს. ეს კი, სავარაუდოდ, ვეღარ მოესწრება, რადგან ახალი კოდექსისი მირება საკანონმდებლო ორგანოში 14 ივნისისთვის არის დაგეგმილი.

პრესა.გე: ამ ახალი კოდექსით გამოიკვეთა თუ არა სიტუაცია, რომ რომელიღაც ბიზნესებს მწვანე შუქი აენთებათ, რომელიღაც ბიზნესმენებს კი პირიქით, ცუდად წაუვათ საქმე…
დავით ონოფრიშვილი: “კოდექსის მთავარი იდეა უნდა იყოს ის, რომ ვიღაცისთვის კარგი და ვიღაცისთვის ცუდი არ იყოს. ვიღაცისთვის ხელშემწყობი და ვიღაცისთვის ნაკლებად შესასრულებელი, ან ხელისშემშლელიც არ უნდა იყოს. სინამდვილეში, მთელი დებატები ამაზე უნდა მიდიოდეს, რომ მთლიანობაში სხვადასხვანაირად იკითხება ერთი და იგივე მუხლი.

ბიზნესს სხვანაირად ესმის და საგადასახადოს თანამშრომელს – სხვანაირად, ვიღაც მესამეს - კიდევ სხვანაირად. ეს კატეგორიულად მიუღებელია. არ უნდა იყოს დატოვებული ორმაგად საკითხავი მუხლები, რომ საგადასახადოს თანამშრომლების პირადი გადსაწყვეტი არ იყოს, როგორ წაიკითხოს კანონი.

ერთი შეხედვით, ძნელია თქმა, ვის აენთება მწვანე შუქი, მაგრამ ასეთი რაღაცეები ყოველთვის არსებობდა. ამ დროს განსაკუთრებით ყურადღება იმ სფეროებს უნდა მიაქციოთ, სადაც შეღავათები კეთდება. თუ ეს სოციალურად ორიენტირებული სახის შეღავათებია, გასაგებია, მაგრამ თუ ასეთი შეღავათები არ არის, იქ შეიძლება, რაღაც გაპარებული იყოს. ყოველთვის იქნება მცდელობა, რომ ვიღაცამ რაღაცა გააპაროს”.