ევროკავშირში ექსპორტი ვერა და ვერ გაიზარდა. საერთოდაც ბოლო 1 წელიწადში ყველა მიმართულებით საექსპორტო კლება გვაქვს. სავალუტო კრიზისმა თავისი სიტყვა აქაც თქვა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2%-ით შემცირდა და 1,413 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 281 მლნ აშშ დოლარია, იმპორტი 1,132 მლრდ აშშ დოლარი.
ერთი წლის განმავლობაში ექსპორტი 13%-ით შემცირდა, იმპორტი კი 1%-ით გაიზარდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.
ეს ნიშნავს, რომ სავალუტო კრიზისმა, პირველ რიგში, სწორედ ექსპორტის მიმართულებით გააუარესა ვითარება და საუბარი თითქოს ლარის გაუფასურება ექსპორტს წააახალისებდა, სრული სიცრუე აღმოჩნდა.
ეკონომისტი გიორგი ღაღანიძე მიიჩნევს, რომ საქართველში წარმოების ზრდის გარეშე შეუძლებელია საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. ამ მხრივ კი, ქვეყანაში მატება არ შეინიშნება. ასევე სერიოზული პრობლემაა მთავარი ნედლეული ან ნედლეულთან მიახლოებული სხვა პროდუქტებიც.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ევროკავშირის მიმართულებით. ამ მხრივ სასურველი შედეგი ღრმა და ყოვლისმომცველმა ხელშეკრულებამაც ვერ მოიტანა. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2016 წლის იანვარ-თებერვალში 532 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 38%-ით მეტია, მაგრამ მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 77 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 454 მლნ აშშ დოლარი. საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 28%-ით არის შემცირებული, იმპორტი კი - 63%-ით გაზრდილი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 38 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28 პროცენტი და იმპორტში 40 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 27, 33 და 25 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 44 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში 22 პროცენტი).
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედებიდან წელიწადნახევრის შემდეგ ევროკავშირში ექსპორტის კუთხით კლება გვაქვს, ექსპორტის ჯამური ღირებულება კი დსთ-ს სივრცეში ექსპორტს მხოლოდ 3 მილიონი დოლარით აღემატება.
გიორგი ღაღანიძე ამბობს, რომ დასავლეთის ბაზრების ასათვისებლად გაცილებით მეტი მუშაობა გვმართებს.
„დსთ-ს რაც შეეხება, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით - კულტურული, ტერიტორიული სიახლოვის, მენტალობის და ა.შ. გაცილებით უფრო მარტივია იმიტომ, რომ ეს ბაზრები ჩვენთვის გაცილებით კარგად არის ცნობილი. მარტივია, მაგრამ არა საიმედო, როგორც კი პრობლემა გაჩნდა, უკრაინასა და სასომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში ექსპორტი შემცირდა. ეს არის დსთ-ში ჩვენი ძირითადი ბაზრები. ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება.
სახემწიფო მიდგომას რაც შეეხება, მესმის სურვილი, რომ ყველას დაეხმარო და რაღაც კარგი გააკეთო, მაგრამ სწორად უნდა გავიგოთ. ჩვენ იმდენი რესურსი არ გვაქვს, რომ ყველაფერზე დავხარჯოთ. რაღაც უნდა განისაზღვროს, როგოც ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ორიენტირებული უნდა ვიყოთ ისეთი პროდუქტი და მომსახურება შევქმნათ, რომელიც გარეთ გაიყიდება. ეს არის საფუძველი, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის. ამიტომ ჯობია ნაკლები ინიციატივა იყოს, მაგრამ ამ ინიციატივებში უფრო მეტი რესურსი, მიზნობრიობა და კონცენტრირება იყოს“, - აცხადებს ღაღანიძე.