სახელმწიფო აუდიტის სკანდალურ დასკვნას პროკურატურა შეისწავლის
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისობის აუდიტი კიდებ ერთხელ განახორციელა. აუდიტის პერიოდი 2013-2014 წლებს მოიცავს და მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება. ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას და მის გამჭვირვალობას ცესკო უზრუნველყოფს. შესაბამისად, საეჭვო და უცნაურია, რომ სწორედ ამ უწყებაში გამოვლინდა ისეთი უსუსური დარღვევები, რაც საშუალო საწარმოს რიგით ბუღალტერსაც კი არ შეეშლებოდა. დარღვევები ელექტრონულ შესყიდვებში, არამიზნობრივად გახარჯული სახელმწიფო სახსრები, ინტერესთა კონფლიქტი საოლქო კომისიებში, ხელფასის ორმაგი და სამმაგი ოდენობის პრემია-დანამატები - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რაც სახელმწიფო აუდიტის შედეგად, ცესკო-ში გამოვლინდა.
სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები
2013 წელს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცესკო-სთვის დამატებით 6 388 000 ლარი, ხოლო 2014 წელს - 4 770 200 ლარი გამოიყო, თუმცა ცესკო-ს წარმომადგენლებმა აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინეს მტკიცებულება, კონკრეტულად რა მიზნებისთვის დასჭირდათ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებითი თანხების გამოყოფა.
2013 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, ცესკოს ბიუჯეტი 47 523 900 ლარით განისაზღვრა. ამავე წელს, ცესკოს ოფიციალური წერილის საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორჯერ გაიზარდა დაფინანსება, ჯერ 3 799 000 ლარით, მოგვიანებით - 2 589 000 ლარით. თუმცა აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება, კონკრეტულად რატომ მოითხოვა ცესკო-მ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეს თანხები. 2013 წლის განმავლობაში, ცესკო-ს მიერ აუთვისებელი დარჩა 1 296 800 ლარი. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დანამატის სახით, ცესკოს თავმჯდომარეზე, თავმჯდომარის მოადგილეზე, მდივანზე, ცესკო-ს წევრებზე, შტატიან და შტატგარეშე თანამშრომლებზე 2 630 700 ლარი გაიცა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორჯერ მოთხოვნილი დამატებითი თანხა სწორედ დანამატის სახით გაიცა.
2014 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, ცესკოს ბიუჯეტი 54 500 000 ლარით განისაზღვრა. თუმცა 2013 წლის მსგავსად, 2014 წელსაც ცესკო-მ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ორჯერ მოითხოვა თანხის გაზრდა. პირველი ოფიციალური წერილით - 3 000 000 ლარი, ხოლო მეორე წერილით - 1 770 200 ლარი. აუდიტის ჯგუფმა ვერც ამჯერად მიიღო საკმარისი რწმუნება იმის შესახებ, რა მიზნით მოითხოვა ცესკო-მ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეს თანხები. 2014 წლის განმავლობაში, ცესკო-ს მიერ აუთვისებელი დარჩა 1 235 200 ლარი, ამავე პერიოდში კი შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, ცესკო-ს თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილემ, მდივანმა, ცესკო-ს წევრებმა, შტატიანმა და შტატგარეშე თანამშრომლებმა დანამატის სახით 2 591 000 ლარი მიიღეს.
აუდიტის პერიოდში, საქართველოს საარჩევნო და შრომითი კოდექსების საფუძველზე, შტატგარეშე მოსამსახურეების სახით, ცესკო-ში საშუალოდ, 80 პირი იყო დასაქმებული. შტატგარეშე მოსამსახურეებთან გაფორმებული იყო ვადიანი ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა უწყვეტად გრძელდებოდა 2013-2014 წლებში. შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურეები ცესკო-ში მუდმივად იყვნენ დასაქმებულნი.
საოლქო საარჩევნო კომისიები საარჩევნო პერიოდში გასცემენ ხელფასებს შტატგარეშე მოსამსახურეებზე. ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, ისინი ცესკო-ში წარადგენენ ინფორმაციას საანგარიშო თვის მიხედვით, ამ ინფორმაციის დეკლარირებას კი ცესკო-ს აპარატი ახორციელებს. მიუხედავად ამისა, ცესკო-ს წარმომადგენლებმა აუდიტორებს ვერ წარუდგინეს საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულება, რომ ხელფასების დეკლარირება ზუსტად და სამართლიანად ხდებოდა. აუდიტის შედეგად ისეთი შემთხვევებიც გამოვლინდა, როდესაც ერთი, უნიკალური პირადი ნომრის მიხედვით, სხვადასხვა პიროვნების ხელფასი იყო დეკლარირებული!
დანამატები და წარმომადგენლობითი ხარჯები
2013-2014 წლებში, ცესკო-ს თავმჯდომარისა და სწავლების ცენტრის შესაბამისი ბრძანებებით, საარჩევნო პერიოდში ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებისთვის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის გაიცემოდა დანამატი, როგორც შტატით გათვალისწინებულ, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებზე, ცალკეულ შემთხვევებში კი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებზეც. სამწუხაროდ, ცესკო-სა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა აუდიტორებს ვერ წარუდგინეს საკმარისი მტკიცებულებები, რითაც ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის ხანგრძლივობა დადასტურდებოდა.
სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ცესკო-სა და სწავლების ცენტრის შტატიანმა და შტატგარეშე თანამშრომლებმა თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობების დანამატები მიიღეს. 2013 წლის ნოემბერში, დანამატი ორჯერ გაიცა, პირველ შემთხვევაში - თანამდებობრივი სარგოს, ხოლო მეორე შემთხვევაში - თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობით. 2014 წლის მაისსა და ივნისში, ცესკო-სა და სწავლების ცენტრის როგორც შტატიანმა, ასევე უშტატო თანამშრომლებმა ხელფასის ორმაგი, ხოლო ივლისში სამმაგი ოდენობის დანამატები მიიღეს!
წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით, ცესკო-მ 2013 წელს - 184 383 ლარის ხარჯი, ხოლო 2014 წელს - 126 907 ლარის ხარჯი გასწია. აუდიტის შედეგად, ამ ხარჯებთან დაკავშირებით კანონთან გარკვეული შეუსაბამობები გამოვლინდა, ხოლო პირველადი დოკუმენტების მიხედვით, სხვადასხვა ღონისძიებაზე დამსწრე პირთა ვინაობა გაურკვეველია.
მაგალითად, 2014 წლის 18 ივნისს, შპს ,,თბილისური მუხამბაზის'' მიერ, 6 პერსონაზე გაწეულია 406 ლარის სარესტორნე მომსახურება. ცესკოს მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეს მომსახურება სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაუწიეს, მაგრამ ამ დოკუმენტებით, მათი ვინაობა ვერ დგინდება. 2014 წლის 13 ივლისს, შპს ,,ფართი ჰაუსის'' მიერ, 100 პერსონაზე გაწეულია 5 747 ლარის მომსახურება ფურშეტით. სამწუხაროდ, ცესკო-ს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტი ან მოხსენებითი ბარათი, კონკრეტულად ვინ და რა მიზნით ისარგებლა ამ მომსახურებით.
ამ დარღვევების გარდა, ცესკო-ს წარმომადგენლებმა წარმომადგენლობით ხარჯებში გაატარეს თანამშრომელთა კვებაც, რაც კანონდარღვევად ითვლება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თანამშრომელთა კვებითი უზრუნველყოფის მომსახურება ცესკო-ს უნდა განეხილა, როგორც თანამშრომელთა სარგებელი და საშემოსავლო გადასახადით დაებეგრა, რაც არ გაუკეთებია!
დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში
2013-2014 წლებში, საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვისას, ცესკო-ს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია. კერძოდ, ცესკო-ს არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, რათა პოტენციური მიმწოდებლები გამოევლინა, ხელშეკრულების პირობები ორგანიზაციისთვის მისაღები ფორმით განესაზღვრა და შესასყიდი ბიულეტენების სავარაუდო ღირებულებაც დაედგინა.
2013 წლის განმავლობაში, საარჩევნო პერიოდში (შუალედური და საპრეზიდენტო არჩევნები), ცესკო-მ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 266 055 ლარის ბიულეტენი დაბეჭდა. 2014 წლის საარჩევნო პერიოდში (არჩევნების ორივე ტური), ცესკომ ასევე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამჯერად უკვე 904 758 ლარის ბიულეტენი დაბეჭდა. ყველა ხელშეკრულების მიხედვით, 1 ცალი ბიულეტენის ბეჭდვის ღირებულება 0.75 ლარით იყო განსაზღვრული, მაგრამ ცესკო-ს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს საკმარისი მტკიცებულება, რა გაანგარიშების საფუძველზე განსაზღვრეს ეს ღირებულება.
აუდიტის პერიოდში გამოვლინდა, რომ ცესკო-მ არაგონივრულად მაღალი, 38%-იანი და 62%-იანი ფასნამატით შეიძინა XEROX D 110 და XEROX NUEVA 288 EA-ს საბეჭდი მოწყობილობები. მრავალფუნქციური საბეჭდი მოწყობილობის შესყიდვის მიზნით, 2014 წლის 24 თებერვალს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში, გამარჯვებულად შპს ,,ესაბი'' გამოცხადდა.
შპს ,,ესაბის'' დოკუმენტებით დადგინდა, რომ ორივე საბეჭდი მოწყობილობა ცესკო-ს არაგონივრულად მაღალ ფასად მიაწოდეს. კერძოდ, XEROX NUEVA 288 EA-ს ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით 491 344 ლარია, მაგრამ ცესკომ 675 850 ლარი, ანუ 38%-ით მეტი გადაიხადა. XEROX D 110-ის ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით, 87 441 ლარია, მაგრამ ცესკო-მ ამ აპარატში 141 465 ლარი, ანუ 62%-ით მეტი გადაიხადა!
2013 წლის 17 აგვისტოს, პრინტერისა და მისი თავსებადი კვების წყაროს სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სწავლების ცენტრმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი SPA 130018083 გამოაცხადა. ტენდერში ორი პრეტენდენტი, შპს ,,ესაბი'' და ,,ფოტოპლაზა'' მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ფოტოპლაზა'' დაბალფასიანი პრეტენდენტი იყო, სატენდერო კომისიამ მაინც დისკვალიფიკაცია მიანიჭა და გამარჯვებულად შპს ,,ესაბი'' გამოაცხადა, რომლისგანაც სწავლების ცენტრმა XEROX COLOR 560 შეისყიდა. ამ პრინტერში სწავლების ცენტრმა 50 625 ლარი გადაიხადა, მაგრამ სახელმწიფო აუდიტორებს შესაბამისი მტკიცებულება ვერ წარუდგინა. მეტიც, სატენდერო დოკუმენტაციაში შესასყიდი საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები, კონკრეტულად კი ამ პრინტერის მდგომარეობა მითითებული არ არის. დაზუსტებული არ არის, შესასყიდი ობიექტი ახალი უნდა ყოფილიყო თუ ექსპლუატაციაში ნამყოფი.
2014 წლის 24 დეკემბერს, ცესკო-სა და შპს ,,კია მოტორს ჯორჯიას'' შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკო-ს კუთვნილი ავტომობილი ,,ტოიოტა ლანდკრუიზერ პრადო'', სახელმწიფო ნომრით ძQძ-608, 2014 წელს გამოშვებული, 69 000-ლარიანი ,,კიას'' მარკის ერთი ავტომობილით ჩანაცვლდა. 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცესკო-ს ბალანსზე ირიცხებოდა 2008 წელს გამოშვებული ორი ავტომობილი - ,,ტოიოტა ლანდკრუიზერ პრადო''. ცესკო-ს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს საკმარისი მტკიცებულებები ავტომანქანის ჩანაცვლების აუცილებლობის შესახებ.
2013 წელს, ცესკო-სა და შპს ,,აი ქიუ ცენტრს'' შორის, 11 500 ლარის ღირებულების ორი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ცესკო-ს აპარატის თანამშრომლებს ინგლისური ენა სწორედ ,,აი ქიუ ცენტრში'', ე.წ. ავალონის მეთოდით უნდა შეესწავლათ. თუმცა ცესკო-ს წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინეს მტკიცებულება, რატომ მიიჩნიეს ,,ავალონის'' მეთოდით ინგლისურის შესწავლა უალტერნატივოდ.
ინტერესთა კონფლიქტი საოლქო კომისიებში
საარჩევნო კოდექსის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, 2013-2014 წლებში, ცესკო-ს განკარგულებებით დადგენილი იყო საოლქო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ზღვრული ოდენობა. ამავდროულად, საოლქო კომისიებს ერთი ბუღალტრისა და იურისტის დაქირავებაც ევალებოდათ, ოღონდ მათი ხელფასი საოლქო კომისიების თავმჯდომარეების შეხედულებისამებრ იყო განსაზღვრული. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა საოლქო კომისიაში, ერთსა და იმავე სამუშაოს შესასრულებლად, ბუღალტრები და იურისტები სხვადასხვა ოდენობის ხელფასს იღებდნენ.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, საოლქო კომისიებმა დამხმარე პერსონალის სახით, კომისიის თავმჯდომარის, ან საოლქო კომისიის წევრების ახლო ნათესავები, ასევე მათ მიერ შექმნილი სამეწარმეო სუბიექტების ხელმძღვანელები დაიქირავეს. მაგალითად, ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამხმარე პერსონალის სახით, კომისიის თავმჯდომარის მეუღლე და ოლქის თავმჯდომარის მიერ დაფუძნებული საწარმოს დირექტორი დაასაქმეს. დიდუბის საოლქო კომისიაში კი დამხმარე პერსონალად თავმჯდომარის მიერ დაფუძნებული ფირმის დირექტორი და საოლქო კომისიის წევრის ძმა აიყვანეს.
საარჩევნო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საოლქო კომისიის თავმჯდომარეები საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ და შესაბამისად, მათზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' საქართველოს კანონი ვრცელდება. აუდიტის შედეგად კი დადგინდა, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეები სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ'' კანონის მე-60 და 63-ე მუხლებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, საბურთალოს საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად იყო და დღემდეა სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელი; ქუთაისის საოლქო კომისიის თავმჯდომარეც დღემდე კერძო სამეწარმეო სუბიექტის დირექტორია; ამბროლაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ინდმეწარმეა; ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ინდმეწარმეა; ნაძალადევის საოლქო კომისიის თავმჯდომარე სპს-ს ხელმძღვანელია!
ცესკო-ს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში, აუდიტორებმა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებიც გამოავლინეს. მაგალითად, 2013-2014 წლებში, ჩუღურეთის საოლქო კომისიის მიერ, 28 478 ლარის სატრანსპორტო მომსახურება ამავე ოლქის თავმჯდომარის მეუღლისგან შეიძინეს. ამავე პერიოდში, ჩუღურეთის საოლქო კომისიამ 20 175 ლარის ღირებულების ავტომობილის დაქირავებისა და საარჩევნო უბნების მოწყობის მომსახურება საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ დაფუძნებული საწარმოს დირექტორისგან შეისყიდეს. საარჩევნო უბნების მოსაწყობად საჭირო ინვენტარის დასაქირავებლად, ორ პირთან 26 000 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა, ეს პირები კი იმავდროულად, საოლქო კომისიის დამხმარე პერსონალს წარმოადგენდნენ. ჩუღურეთის საოლქო კომისიის შენობის 10 070 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოებიც ამავე ოლქის დამხმარე პერსონალისგან შეისყიდეს!
არამიზნობრივად გახარჯული თანხები
საოლქო კომისიებს ცესკო-ს მიერ გამოყოფილი თანხები მხოლოდ არჩევნების ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის უნდა გაეხარჯათ. აუდიტის პერიოდში, ანუ 2013-2014 წლებში, სხვადასხვა საოლქო კომისიების დახარჯული თანხა საარჩევნო ღონისძიებებს ნამდვილად არ უკავშირდებოდა. მაგალითად, 2013 წელს, დიდუბის ოლქში 600 ლარის გასაშლელი კიბე შეიძინეს; ბაღდათის ოლქში - 1 100 ლარის საკვები პროდუქტები; ახალქალაქის ოლქში - 1 670 ლარის სამზარეულოს ტექნიკა, რბილი ავეჯი, ჟურნალების მაგიდა და სარკე; ისნის ოლქში - 786 ლარის ღირებულების კვების მომსახურება; სამგორის ოლქში - 425-ლარიანი 8 ცალი მობილური ტელეფონი; სამტრედიის ოლქში - 450-ლარიანი ,,სამსუნგის'' მობილური ტელეფონი; საბურთალოს ოლქში - 598-ლარიანი ტელევიზორი, თავისი საკიდით; ქუთაისის ოლქში - 2 270 ლარის კედლის კონდიციონერი, დისპანსერი, ტელევიზორი თავისი სამაგრით და 2 500 ლარის ფარდა-ჟალუზები; ჩუღურეთის ოლქში - 2 236 ლარის 52 ცალი მობილური ტელეფონი.
2014 წელს, დიდუბის ოლქში 500 ლარის საბურღი მოწყობილობა შეიძინეს; რუსთავის ოლქში - 1 850 ლარის საოფისე სავარძლები და მაგიდა, 1 500 ლარის საოფისე კარადა თაროებით; ბაღდათის ოლქში - 1 080 ლარის ყავა, ჩაი და შაქარი; მესტიის ოლქში - 500-ლარიანი ტაფა, მტვერსასრუტი და მიკროტალღური ღუმელი; ისნის ოლქში - 740 ლარის ღირებულების კვების მომსახურება; ხულოს ოლქში - 479-ლარიანი ტელევიზორი; ახალქალაქის ოლქში - 1 900 ლარის რბილი ავეჯი, ტელევიზორი, ტელევიზორის სადგამი, ტუმბო და მაგიდა; სამგორის ოლქში - 1 230 ლარის ავეჯი, 410 ლარის ტელევიზორი და 419 ლარის მაცივარი; თელავის ოლქში - 790 ლარის ფარდა-ჟალუზები; ჩუღურეთის რაიონში - 1 280-ლარიანი თერმოსტატიანი კონვექტორი-ელექტრო გამათბობელი; გორის ოლქში - 480 ლარის ფოტოაპარატი მეხსიერების ბარათით, 485-ლარიანი დივანი და 380-ლარიანი გაზის გამათბობელი.
აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიებმა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები არასაარჩევნო პერიოდში განახორციელეს, რითაც საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლები დაარღვიეს. მეტიც, საოლქო კომისიებმა გადახდები წინასწარი ანგარიშსწორებით, თანაც საბანკო გარანტიების წარდგენის გარეშე განახორციელეს, რაც ასევე კანონდარღვევაა.