ლევან ლორთქიფანიძე: „დიახ, მე პოლიტიკური მიზნები მაქვს...“

ლევან ლორთქიფანიძე: „დიახ, მე პოლიტიკური მიზნები მაქვს...“

სტუდენტური პროტესტი 16 აპრილამდე შეჩერდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდებმა სასწავლებელში ,,ოდეერის'' არსებობის მოტივით, კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი თსუ-დან ,,განდევნეს''. სტუდენტები თვითმმართველობის სრულ და რადიკალურ რეორგანიზაციას მოითხოვენ. ისინი უნდობლობას უცხადებენ აკადემიურ საბჭოს და მიაჩნიათ, რომ მასში წევრ პროფესორთა რიცხვი 50-მდე უნდა გაიზარდოს. სტუდენტები ასევე მოითხოვენ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, თსუ-ში .. ოდეერის არსებობის შესწავლის მიზნით. თვითმმართველობა და მათი მხარდამჭერები კი უფრო შორს წავიდნენ და რექტორ ვლადიმერ პაპავას გადაყენების მოთხოვნა დააყენეს, მაშინ როცა ახალი რექტორის არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება. იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულია. ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა ახალგაზრდული პროტესტი რომელიმე შიდა თუ გარე პოლიტიკური ძალის მიერ იყოს მართული, ქვეყანაში არეულობის მიზნით. ,,ვერსიის'' კითხვებს ,,აუდიტორია 115''-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და აქციების ორგანიზატორმა ლევან ლორთქიფანიძემ უპასუხა, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს რექტორის გადაყენებისთვის საუკეთესო დრო არ არის:
- რექტორის იმპიჩმენტი საფრთხე უფროა. პაპავას მხარდამჭერები არ ვართ, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ აკადემიურ საბჭოს შეუძლია, რექტორის პოსტზე უარესი კანდიდატი წარადგინოს. ჩვენი მოთხოვნა ერთი კაცის წასვლა კი არა, პირდაპირი არჩევნებია, რათა ყველა პროფესორს შეეძლოს ახალი რექტორის არჩევა. პაპავას წასვლას სტუდენტური თვითმმართველობა ითხოვს, რადგან ჩვენი ზეწოლის შედეგად, რექტორმა გამოავლინა რამდენიმე ადამიანი სისტემაში, ე.წ. ოდეერი... ასევე - ,,ოდეერის'' კავშირი კანცლერობის კანდიდატ გაფრინდაშვილთან, გაფრინდაშვილის კავშირი თვითმმართველობასთან. ეს მთელი სქემაა. 
- თვითმმართველობის კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან... ეს სქემა ასე გრძელდება? 
- რა თქმა უნდა, სწორედ ასე გრძელდება! რექტორმა კი, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და თვითმმართველობას დაარტყა. იგი გაფრინდაშვილის საწინააღმდეგო მხარეს დადგა და მისი გადაყენების საკითხიც ამიტომ დააყენეს. 
- ყველაფერი მაინც გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნითა და ,,ოდეერის'' არსებობის გაპროტესტებით დაიწყო. სად იყავით აქამდე, პრობლემაზე არჩევნების წინ რატომ ალაპარაკდით? 
- 2010 წელს ჩავაბარე ბაკალავრიატში. მქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი ხალხი უნივერსიტეტში არსებობდა, ისინი ღიად მოქმედებდნენ. 2012 წლის მერე მეგონა თსუ-ში მათი გავლენა დასრულდა, თუმცა ჭორებსა და უნივერსიტეტის რექტორის საჯარო მტკიცებას შორის დიდი განსხვავებაა. მას მერე, რაც თსუ-ში ,,ოდეერის'' არსებობა რექტორმა დაადასტურა, საკითხი გააქტიურდა. 
- 2012 წელს, პატიმრების წამების კადრების გავრცელების შემდეგ სტუდენტების აქციების ორგანიზატორი იყავით. მაშინაც სტუდენტური პროტესტი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ალბათ, ყველას ვერ დააჯერებთ, რომ ეს პროცესი მართული არ არის. 
- ბუნებრივია, ვიღაცას მსგავსი ეჭვი გაუჩნდეს. ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში ყოველთვის მეტი შანსია, ხელისუფლებამ შენი მოთხოვნები შეასრულოს, საპროტესტო გამოსვლები ყველაზე მეტად ამ დროს ხერხდება და ეს ობიექტური გარემოებაა. შესაძლოა ვიღაც, კულისებსმიღმა ცდილობს, რაღაც თემები გამოაგდოს, ვიღაცები ააჯანყოს და ჩართოს სხვადასხვა პროცესში. არ გამოვრიცხავ ამ პროცესებით პარტიებმა იხეირონ კიდეც, თუმცა ჩვენი პროტესტი საუნივერსიტეტო საკითხებს არ გაცდენილა. არც ერთი პარტიული საკითხი დღის წესრიგში არ დაგვიყენებია და ესაა ჩვენი ალიბი, რომ აქციებს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. როგორც კი ეს მოვლენები დაიწყო უნივერსიტეტში, საჯაროდ ვთქვი, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვგეგმავ. არასდროს, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და ამ გადასახედიდან, არც ვაპირებ. რაც შეეხება ამ თემის ახლა გააქტიურებას, როცა დამამტკიცებელი საბუთი გაქვს, თუნდაც საჯარო განცხადებების სახით, პროტესტის ორგანიზება და სხვების დარწმუნება იოლია. ასე იყო ციხის კადრების შემთხვევაშიც. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენს ნაბიჯებში ჩარევის უფლებას არც ერთ პოლიტიკურ ძალას მივცემთ. ახლაც არაერთმა პოლიტიკოსმა სცადა ჩვენთან ურთიერთობის დამყარება, თუნდაც დავით ბერძენიშვილმა, მაგრამ სტუდენტებმა, ფაქტობრივად, გააგდეს. 
- ასემოექცეოდით გია ჟორჟოლიანსაც - ამბობენ, სტუდენტებზე გავლენას სწორედ ის ახდენსო? 
- ის არ მოსულა, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ მოსულიყო, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც მის გაგდებაში მიიღებდა მონაწილეობას. იგი 4 წელია უნივერსიტეტში არ გამოჩენილა, პარლამენტშიც მეასეხარისხოვანი დეპუტატია და არანაირ სიმპათიებს არ იწვევს სტუდენტთა უმრავლესობაში, მაგრამ რატომღაც ,,რუხ კარდინალად'' ჩამოყალიბდა და ვიღაც ფიქრობს, თითქოს, ის მართავს პროცესს. პირდაპირ ვამბობ, ბატონ ჟორჟოლიანს არც ერთხელ არ დაუყენებია პარლამენტის დღის წესრიგში უნივერსიტეტის საკითხი და იგი შერცხვენილია სტუდენტებთან! მისი გავლენა სტუდენტებზე ნულოვანია. 
- გაჩნდა ეჭვი, რომ ერთთვიანი პაუზით აქციები უბრალოდ გადადეთ, რათა საპროტესტო მუხტი შეინარჩუნოთ და უფრო მასშტაბურ პროცესებში ჩაებათ. წინ კიდევ ერთი მძიმე თარიღი 17 მაისია. შეიძლება, თუნდაც უნებურად, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, თუნდაც სამოქალაქო არეულობაში ჩაგითრიოთ? 
- გარანტია, რა თქმა უნდა არ არსებობს. თუმცა 17 მაისზე გაცილებით მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენთვის 1 მაისია. ,,აუდიტორია 115''-ის მონაწილეთა უმრავლესობა საპირველმაისო ღონისძიებაში აუცილებლად ჩაერთვება, რადგან ჩვენი აქციების დროს, ჩვენ გვერდით იყვნენ მემანქანეები, მაღაროელები... გარდა ამისა, შესაძლოა, 16 აპრილს აქციების განახლება საჭირო საერთოდ არ გახდეს, რადგან არაერთხელ შევხვდით განათლების მინისტრს, მის მოადგილეს და მივიღეთ მტკიცე გარანტიები, რომ ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებენ. თუ სამინისტრო პირობას არ შეასრულებს, განვაგრძობთ აქციებს, თუმცა ეს სრულიად გამიჯნული იქნება სხვა პროცესებისგან. ჩვენ დავგეგმეთ ეს პროცესი და ჩვენ ვიქნებით სცენარის განვითარების რეჟისორებიც! დიახ, მე პოლიტიკური მიზნები მაქვს, ოღონდ არაპარტიული. ჩემი მიზანი რადიკალური ცვლილებების გატარება, შრომითი უფლებების დაცვა და გაუმჯობესებაა. რაც შეეხება არჩევნებს, ხაზგასმით ვამბობ, 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ, რადგან თანამედროვე ქართული პოლიტიკა დღეს ძალიან ბინძურია და მასში შესვლა მისი წესების აღიარებას ნიშნავს. ნურავის ეშინია, 2016 წელს კენჭისყრას არ ვაპირებ, არც რომელიმე პარტიაში შესვლას, ან საარჩევნო შტაბში ყოფნას. ვაპირებ დოქტორანტურაში ჩაბარებასა და უნივერსიტეტში დარჩენას, რათა ისევ სისხლი გავუშრო ზოგიერთებს!