მძღოლები საპატრულო პოლიციას სასამართლოში უჩივლებენ

მძღოლები საპატრულო პოლიციას სასამართლოში უჩივლებენ

პატრულის მიერ 200-ლარით დაჯარიმებული მძღოლები საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ სასამართლოში საერთო სარჩელს შეიტანენ. ბოლო პერიოდში რეპრესიულმა ჯარიმებმა ავტოფლობელების მოთმინების ფიალა აავსო. მძღოლები მიიჩნევენ, რომ პატრულმა უსაფუძვლოდ დააჯრიმა დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, რადგან დგომისას არც საცობი და არც სხვა ტიპის საგზაო შეფერხება არ გამოუწვევიათ. ერთ-ერთი, ვინც სარჩელის შეტანას სასამართლოში აპირებს, გეგა კალმახელიძეა. მისი თქმით, პატრული უსაფუძვლოდ აჯარიმებს მძღოლებს, რისი დადასტურებაც მას საკუთარი მაგალითით შეუძლია.

„მე პირადად დამიწერეს 200-ლარიანი აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში. ვიდეო მაქვს, სადაც ჩანს, რომ არც საცობს ვქმნი და არც ვაფერხებ სიტუაციას. ეს ვიდეომასალა საპატრულოში გასაჩივრებისას დავურთე, მაგრამ არ მიიღეს, როგორც მასალა. პატრულის ჩვენება უფრო სანდოდ მიიჩნიეს, ვიდრე ჩემი ვიდეოფირი“, - აცხადებს გეგა კალმახელიძე.

2-3 დღის წინ 200-ლარიანი ჯარიმები გააპროტესტეს მძღოლებმა თბილისში. მათ დიღმიდან შინაგან საქმეთა სამინსიტრომდე მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ცვლილებებზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე, ამბობს, ხელისუფლება უკანონოდ მოქმედებს. „ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ განავითაროს ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური ტრანსპორტი, პარკირების სისტემა, აჯარიმებს მძღოლებს უკანონოდ საცობის წარმოქმნაში და ასევე შემოაქვს ისეთი რეგულაციები, როგორიც არის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის დროს მძღოლი 200 ლარით მხოლოდ იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ საავარიო ვითარებას ან საცობს ქმნის.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 10 ლარის ოდენობით.

მოქმედი კანონმდებლობით, უფრო მკაცრი ადმინისტრაციული პასუხიმგებლობაა დაწესებული, როდესაც ზემოაღნიშნული დგომა-გაჩერების წესების დარღვევას მოჰყვება საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რამაც საცობი გამოიწვია. ეს ითვალისწინებს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, დამრღვევი შეიძლება გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და უფლებამოსილი პირი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლოს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ანალიზიდან გამოიკვეთა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მძღოლთა მიერ დგომა-გაჩერების წესების უგულებელყოფის შემთხვევები, რაც გამოიხატება სატრანსპორტო საშუალების გზის სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლში გაჩერებით.

იმ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და, შესაბამისად, მოძრაობის ინტენსივობის ზრდას, ამგვარი შემთხვევები მნიშვნელოვნად აფერხებს საგზაო მოძრაობას და ქმნის მისი პარალიზების მაღალ რისკს. აღნიშნული გარემოებების გამო, შსს-ს საპატრულო პოლიცია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იძულებულია გაამკაცროს ადმინისტრირება დგომა-გაჩერების ისეთ დარღვევებზე, რომლებიც იწვევს საგზაო მოძრაობის შეფერხებასა და ე.წ. საცობის შექმნას“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არასამთავრობო ორგზანიაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ დაჯარიმების კანონიერება და მიზანშეწონილობა სასამართლოს გასარჩევია. ზოგადად, პატრულის გააქტიურება გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით მისასალმებელია.

„ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით მართლა მაღალი ჯარიმაა და ბევრ ადამიანს უჭირს ამის გადახდა. მეორე მხრივ, ისეთ შემთხვევებს ვაწყდებით ქალაქში, ისეთი უკულტურო მძღოლები არიან, ნამდვილად უნდა დაჯარიმდნენ ეს ადამიანები, რომ მეორედ არ გაიმეორენ მსგავსი რამ. ამ ადამიანებისთვის 10-ლარიანი ჯარიმა არის ძალიან დაბალი. რეალურად ჯარიმის სიდიდის გამო ატყდა ამხელა ამბავი“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ეკა ლალიაშვილი და აღნიშნავს, რომ პრეტენზიების მქონე ადამიანებმა საკუთარი უფლებები სასამართლოში უნდა დაიცვან და არა ქუჩაში აქციების მეშვეობით.