ჩვენ არ ვიცით, ეთანხმება თუ არა იგი შექსპირს, სადაც ის ამბობს, „არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ“, მაგრამ გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ, მაინცდამაინც, არც საერთაშორისო თანამეგობრობას ეთანხმება, სადაც ის ამბობს, რომ საჯარო მოხელეც ადამიანია და, ვისაც უნდა, მხარს იმას დაუჭერს (და, თუ მოესურვილება, ხმასაც მისცემს ან, სულაც, გულს აჩუქებს). „იგიში“, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ჩვენი კანონშემოქმედებითი ორგანოს ვიცე-სპიკერი ბ-ნი გიგი წერეთელი იგულისხმება. ის ერთ-ერთი პირველთაგანი გახლდათ (და, როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა, ერთადერთად დარჩა), რომელმაც საჯაროდ გაილაშქრა სახელმწიფო დასაქმებულის მიერ არა მმართველი პარტიის აქციაში მონაწილეობის წინააღმდეგ.
საქმე ეხება ერთიანი გამოცდების ცენტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის სამსახურიდან გათავისუფლების მოარულ მოტივს – ქ-ნი მიმინოშვილის ვაჟის „ქართული ოცნების“ აქციაში მონაწილეობას (რის პასუხადაც ბ-ნმა წერეთელმა დაგვმოძღვრა, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მორალური ვალდებულებაა, მხარი მხოლოდ მმართველ პარტიას დაუჭირონო). მოგვიანებით, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა განგაშის ზარები დაარისხეს (საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები ილახებაო), ხსენებულმა ბ-ნმა ბრძანა, ეს ის არ არის, რაც თქვენ გეგონათო (თუმცა, თუ გაგონილით ვიმსჯელებთ, ეს სწორედაც რომ ის იყო!).
ერთი სიტყვით, ზემოთქმულიც მოწმობს, საერთაშორისო ორგანიზაციები რომ არ არსებულიყვნენ, უნდა გამოგვეგონა, თორემ, მოგვიწევდა მარად და მარად გაპავლიკ-გამოროზოვება!