მოსახლეობამ 2020 წელს აბსოლუტურად სუფთა წყალი უნდა მიიღოს

მოსახლეობამ 2020 წელს აბსოლუტურად სუფთა წყალი უნდა მიიღოს

4 წელიწადში საქართველოს მოსახლეობას აბსოლუტურად სუფთა წყალი უნდა მიეწოდებოდეს. ამას ასოცირების ხელშეკრულება გვავლდებულებს. სასმელ წყალთან დაკავშირებით ეს საკითხი თითქმის მოგვარებულია, მაგრამ რთულია ვითარებაა ღია წყალსაცავებისა და გამწენდი ნაგებობების კუთხით.

„საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით, 2020 წლისთვის საქართველოს მოსახლეობას აბსოლუტურად სუფთა წყალი უნდა მიეწოდებოდეს. ამ დროს საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობები არ გვაქვს და ყველა მდინარის პირდაპირი დაბინძურება ხდება.

„სასმელი წყლის შემდეგ, ე.წ. საბანაო წყლების ხარისხის დაცვაა, რომელიც არასდროს ყოფილა დაცული საქართველოში. საქართველო ვალდებული იქნება ჩაატაროს მუდმივი მონიტორინგი, შეფასება და შესწავლა იმ საკითხების, რომლებიც ყველა ღია წყალსაცავს ეხება, სადაც ადამიანი ბანაობს. აუცილებლად დადგება ლისის ტბის, თბილისის ზღვის, კუს ტბის საკითხი.

რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით წყლების დაბინძურებას, ძალიან რთული საკითხია, რადგან ხარისხთან დაკავშირებით მონიტორინგი, როგორც ამას საბანაო დირექტივა ითხოვს, დადგენილი არ არის“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს საკანალიზაციო წყლების გამწმენდი ნაგებობების საკმარისი რაოდენობა არ გააჩნია.

„სულ სამი გამწმენდი ნაგებობა გვაქვს, რომელიც საკანალიზაციო წყალს წმენდს. ყველაფერი პირდაპირ ჩაედინება მდინარეში. იგივე ხდება ყველა ქალაქში. გამწმენდი გვაქვს თბილისში, რომელიც ბოლომდე ვერ წმენდს (ხშირად კი საერთოდ ვერ წმენდს), ბათუმში ახალი გამწმენდი ნაგებობაა აშენებული და ერთი გამწმენდი ძალიან კარგი ნაგებობა გვაქვს საჩხერეში“, - განუცხადა სააგენტო „მედიანიუსს“ ნინო ჩხობაძემ და აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია, წყლის თითოეულ ობიექტზე სრულად აღდგეს სანიტარული ზედამხედველობა და საკანალიზაციო მილებზე გაწმენდითი ნაგებობები აშენდეს.

სასმელ წყალთან დაკავშირებით საქართველოში მდგომარეობა უფრო მოწესრიგებულია. ჩვენი ქალაქები მსოფლიოს იმ იშვიათ ქალაქებს შორისაა, რომელთაც სასმელად სრულიად ვარგისი წყალი მიეწოდება. პირდაპირ ონკანიდან წყლის დალევა, ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ ნედლ წყალს ჯერ ჟინვალის წყალსაცავში აყოვნებენ, საიდანაც 42 კმ სიგრძის გვირაბული მაგისტრალით წყალი თბილისში ღრმაღელისა და სამგორის სათავო ნაგებობების გავლით ხვდება, კოაგულანტით მუშავდება, ილექება და ბუნებრივი ფილტრების სხვადასხვა შრეებს გადის. ამ წყალს უერთდება არაგვის ხეობის - ნატახტრის, ბულაჩაურის, საგურამოსა და ჭოპორტ-მისაქციელის მიწისქვეშა წყაროების წყლები, იგივე არაგვის ფილტრატები. შემდეგ, სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში ლაბორატორიულად მოწმდება და თბილისის მოსახლეობას მიეწოდება.

„როგორც წესი, თბილისელი მომხმარებლისთვის სასმელი წყლის, როგორც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტის მიწოდება მხოლოდ ლაბორატორიული კონტროლის შემდეგ ხდება. ეს უწყვეტი ციკლია და კომპანიის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების სპეციალისტების მიერ 24 საათის განმავლობაში ხორციელდება“, - აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

მტკნარი და მინერალური წყლების წარმოება კი უპირველეს პოზიციას იკავებს საქართველოს ეკონომიკაში ისეთი უპირატესობების გამო როგორიცაა: ნედლეულის ბუნებრიობა, სიუხვე, სიიაფე, სტაბილურობა, განახლებადობა, არასეზონურობა, მაღალი ხარისხი და, რაც მთავარია დაბანდებული კაპიტალის უკუგების მოკლე პერიოდი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო სასმელი წყლის მწვავე დეფიციტის მქონე ქვეყნების შუაგულში მდებარეობს და წყალზე მოთხოვნილება განუხრელად იზრდება. სასმელი წყლის რესურსებით საქართველო 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს, 2,4-ჯერ ევროპის და 1,7-ჯერ აზიის საშუალო მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე. ამასთანავე საქართველოს წყლის რესურსების 30% უმაღლესი ხარისხის მიწისქვეშა სასმელ წყალს წარმოადგენს.