დოლარი კიდევ უფრო დასუსტდება

დოლარი კიდევ უფრო დასუსტდება

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა პირველად ამოიღო დოლარი მიმოქცევიდან. ლარის თავბრუდამხვევი გამყარების თავიდან ასაცილებლად სებ-ი იძულებული გახდა ვაჭრობაში ჩარეულიყო. მიუხედავად ამისა, ყველა დარწმუნებულია, რომ დოლარის დასუსტებას ვერაფერი შეაჩერებს. ეს არა მარტო რეგიონული, არამედ მსოფლიო ტენდენციაა.

17 მარტს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 5 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. მიუხედავად ამისა, ლარის გამყარების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ეროვნული ვალუტა მხოლოდ მცირე ხნით გაუფასურდა და შემდეგ ისევ გამყარების გზას დაადგა. იგივე ტენდენცია შენარჩუნდა გარე სავალუტო ბაზარზე. დოლარი ლართან მიმართებაში პოზიციებს ყოველდღიურად თმობს.

რატომ დაიწყო ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვა? „საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოს გივი ადეიშვილის განმარტებით, ეროვნული ბანკის მხრიდან 5 მილიონი დოლარის შესყიდვა გაცვლით კურსზე დიდად არ იმოქმედებს. კურსის მკვეთრი ცვლილება (გამყარება ან გაუფასურება) ზრდის სავალუტო რისკს, ანუ ეს ქმნის სავალუტო ბაზრის მოთამაშეებში უნდობლობას. შედეგად, ეროვნული ბანკის მოქმედებაც აქედან გამომდინარეობს.

„როგორც წესი, ეროვნული ბანკი ერევა ბაზარზე იმ შემთხვევაში, თუ შეინიშნება მაღალი მერყეობა. იმისათვის, რომ კურსის ტენდენცია იყოს დაბალანსებული ან გამყარებისკენ ან პირიქით“, - აცხადებს ადეიშვილი.

გაცვლითი კურსის სწრაფი გამყარებაც ისეთივე პრობლემაა, როგორც გაუფასურება. ეს ფინანსურ ბაზარზე გაურკვევლობას აჩენს. შესაბამისად, გამყარების პროცესიც შედარებით თანაბარზომიერი უნდა იყოს. დღეს ყველა დარწმუნებულია, რომ ლარის გაძლიერებას წინ ვერაფერი დაუდგება.

„პირადი ბანკირის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბერძენაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მაისში კურსი 2.15-2.2 მდე გამყარდება, სექტემბერში კი 2,0-ის ნიშნულს ჩამოსცდება. ბერძენაძე ფიქრობს, რომ რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკის მხრიდან მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი და დღეს, როდესაც მანიპულაციები შემცირდა, ბაზარი დასტაბილურდა.

მისი აზრით, ჯერჯერობით სამომხმარებლო ბაზარზე ფასების კლება არა არის მოსალოდნელი, რადგან პროდუქტების საბოლოო ღირებულებაზე მოქმედებს ნავთობპროდუქტების ფასი, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მზარდია. გარდა ამისა, ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას ელოდება იმისათვის, რომ კონკრეტული ქმედება დაიწყოს.

დოლარი რომ ლართან პოზიციებს დათმობს, ამას უკვე საგარეო ფაქტორებიც ადასტურებს. მსოფლიოს ნომერ პირველმა ვალუტამ უკვე ყველა მიმართულებით დაიწყო შესუსტება. ფედერალური სარეზერვო ბანკის შეხვედრისადმი მიმართული მოლოდინისა და თავად ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოსული სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, დოლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.

პესიმისტური განწყობა კი თავისთავად მოქმედებს დოლარის კურსზე. ამერიკის კომერციული დეპარტამენტის ცნობით, ირკვევა, რომ შტატებში დაეცა საცალო გაყიდვების მაჩვენებელი. ამასთან, მოსალოდნელი ზრდის ნაცვლად, შემცირდა სამომხმარებლო ფასები. ეს კი ინფლაციის სამიზნე ნიშნულამდე გასვლას ხელს კიდევ უფრო უშლის.

ნავთობის გაუფასურების ფონზე ენერგოდამოკიდებულმა ვალუტებმაც დაღმავალი ტრენდი განავითარეს. კანადური და ახალ ზელანდიური დოლარი რამდენიმე პროცენტით გაუფასურდა. ნავთობის გაიაფება კი ირანის განცხადებას უკავშირდება, რომელმაც უარი განაცხადა ნავთობის წარმოების მაჩვენებელის გაყინვაზე, სანამ ქვეყანა არ აღიდგენს სანქციებამდე არსებულ ნავთობის წარმოების ნიშნულს.