ჯერჯეერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამას წელსაც გადახარჯვა ექნება. წლის პირველ 2 თვეში ეს ტენდენცია უკვე გამოიკვეთა. ამიტომ მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება, შესაძლოა, წელსაც დასჭირდეს.
სახელმწიფო პროგრამისთვის 2016 წლის პირველი კვარტალში გამოყოფილი 161 მილიონიდან ორი თვის განმავლობაში 122 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯულია. სპეციალისტები ამბობენ, რომ შარშანდელის მსგავსად, წლის დასაწყისში უკვე ფიქსირდება რამდენიმე მილიონიანი გადახარჯვა, რაც არაეფექტური მონიტორინგის შედეგია. ექსპერტთა ნაწილი მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზნობრიობაში კორექტივების შეტანასაც ურჩევს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ პროგრამას თანხები წელსაც დააკლდეს.
ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ 2016 წლის პირველ 2 თვეს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გადახარჯვა გაცილებით მეტია.
„2015 წლის პირველ კვარტალზე გამოყოფილი იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 110 მილიონი ლარი და აქედან 2 თვეში დაიხარჯა 82 მილიონ ლარზე მეტი - გამოყოფილი თანხის 75%-ზე მეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად, გადახარჯვა იყო დაახლოებით 4,5 მილიონი ლარი. წელს პირველ კვარტალზე გამოყოფილია გაცილებით მეტი თანხა - 161 მილიონი ლარი. გასული 2 თვის მონაცემებით, ამ თანხიდან დახარჯულია უკვე 122 მილიონ ლარზე მეტი, ანუ კვლავ 75%-ზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიური გადახარჯვა არის კიდევ უფრო დიდი - 7 მილიონ ლარზე მეტი.
სპეციალისტთა ნაწილი, უკვე ორ წელიწადზე მეტია, ვურჩევთ მთავრობას, რომ გადახედოს ამ პროგრამის მიზნობრიობასა და ხარჯვის ეფექტიანობას. წინა წელს, ხელისუფლებას გაუმართლა და მოიძებნა დამატებითი 100 მილიონი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური გარღვევა შევსებულიყო და ეს მოხდა ისევ და ისევ სხვა სამინისტროების უნიათობის ხარჯზე, რომლებმაც ვერ აითვისეს მათთვის კუთვნილი საბიუჯეტო სახსრები. წელს კი, ვეჭვობ, ამის რესურსი ჰქონდეს მთავრობას, რადგანაც არჩევნების წელია და წლის ბოლოს აუთვისებელი თანხები ნამდვილად არ იქნება ბიუჯეტში, რომ მოხდეს მათი გადმოსროლა ჯანდაცვაში“, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარისას ჩიხლაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი, მიმდინარე წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან თანხის დამატების საჭიროებას ვერ ხედავს. მისი აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ხარჯი, სავარადუდოდ, გრიპის ეპიდემიასთან დაკავშირებით გაიზარდა.
„წელს, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემისთვის თანხის დამატების საჭიროებას ვერ ვხედავ. სავარაუდოდ, ხარჯი გაზრდილი იქნებოდა გრიპით ავადობის ეპიდემიასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველდღიური მონიტორინგი გვაქვს და იმ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც ადმინისტრირებისთვის არის უკეთესი“, – აღნიშნა სერგეენკომ.
ექსპერტები კი ხელისუფლებას ურჩევენ სანამ დროა, დაძლიონ თავიანთი სიხისტე და სიჯიუტე და გადადგან ნაბიჯები, რომ საყოველთაო ხარჯები გახდეს ეფექტური და მოხდეს ფინანსური სახსრების ხარჯვის მონიტორინგი.
„კიდევაც რომ გააორმაგონ ან გაასამმაგონ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, ეს ვერ გადაჭრის პრობლემას, რადგანაც პრობლემა არის არა თანხაში, არამედ მის მიზნობრივ ხარჯვაში და სწორი პრიორიტეტების დასახვაში. როგორც ჩანს, ზოგადად, ჯანდაცვის სამინისტროში არის პროგრამების დაგეგმვის, პრიორიტეტების დასახვისა და ეფექტური მენეჯმენტის სერიოზული დეფიციტი“, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგელე ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ სამინისტრო აპირებს კონტროლის გამკაცრებას და ამ მიმართულებით ისინი უკვე მუშაობენ.
„დარღვევები არსებობს. სწორედ ამიტომ ხდება კლინიკების მიერ გაწეული სამუშაოს მუდმივი კორექტირება. ვაპირებთ კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწოს ის საკითხები, რომლებიც პრობლემურია და რომლებიც სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.