იმ დროს, როდესაც ვაშინგტონში გამართულ მსოფლიო ფორუმზე ანაკლიის პორტმა წლის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის გაიმარჯვა, საქართველოში მკვეთრი შეფასება გაისმა - „ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი პროექტი აღმოჩნდეს“.
„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი For.ge-სთან საუბარისას აცხადებს, რომ ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის აშენებას გეგმავს, რომლის გეგმაც, შესაძლოა, საქართველოში ტვირთების მომსახურების მოთხოვნილების დაფარვა იყოს. ამდენად, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ანაკლიის პორტს, როგორც ფინანსური რესურსების მოზიდვის, ასევე, გადაზიდვების კუთხით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.
„APM Terminals-ს მონიშნული აქვს კიდეც ფოთის ახალი ნავსადგურის უზარმაზარი ტერიტორია, ეს გახლავთ უზარმაზარი სივრცე არსებული ნავსადგურიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ფოთის გეზის გაგრძელებაზე. აპირებენ კიდეც ახალი საკონტეინერო ნავსადგურის აშენებას. რამდენად განახორციელებენ ამ გეგმას, არ ვიცი, მაგრამ, თუკი მართლაც განავითარებენ ამ პროექტს, მაშინ დააკმაყოფილებენ საქართველოს მოთხოვნას, განსაკუთრებით, მშრალ ტვირთებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ანაკლიის განვითარების პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ. ისეთი გამოცდილი საზღვაო კომპანია, როგორიც არის „მაერსკი“ და მისი მფლობელი იაპი მიოლერი, ვფიქრობ, მაინც უპირატესობით ისარგებლებენ.
20 წელიწადია, ამ ინდუსტრიაში ვარ და მხოლოდ კლების დინამიკა შეიმჩნევა. თანაც, არ დაგავიწყდეთ, ირანს მოეხსნა ეკონომიკური სანქციები, შესაბამისად, ირანის ნავსადგურებიც გათავისუფლდა სანქციებისგან. რეგიონში ახალი რეალობა შეიქმნა და ახლა ძალიან დიდი ტვირთნაკადია ირანის ნავსადგურების მიმართულებით. ფაქტობრივად, ჩვენ დაგვემშვიდობა ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოხვდეს შორეულ აღმოსავლეთში - ჩინეთში, ბანგლადეშში, ინდოეთში. ამიტომაცაა დეპრესია ჩვენი მიმართულებით, რადგან ჩვენი მიმართულება არ განიხილება ყველაზე მთავარ სტრატეგიულ მიმართულებად აბრეშუმის გზის პროექტში. იქ არის სხვა მიმართულებები არა მარტო ირანის მიმართულებით, არამედ ლაოსშიც შენდება რკინიგზა, პაკისტანშიც შენდება რკინიგზა ჩინეთიდან ინდოეთის ზღვის მიმართულებით. ასე რომ, ჩვენ ვართ მე-10-15 ადგილას პრიორიტეტში. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე გაჩვენებთ, რომელი ტვირთები შემოვა საქართველოში და საიდან, მეც კმაყოფილი ვიქნები.
ჩვენ დღეს გვაქვს მოგებაზე მომუშავე ორი ნავსადგური. თუ ამ მასშტაბის პორტი აშენდება, ჩვენ მივიღებთ სამ ნავსადგურს, რომელიც აუცილებლად წამგებიანი იქნება, რადგან აუცილებლად დაიწყება კონკურენცია ერთმანეთში არსებული ტვირთების გადანაწილებაზე. ტვირთის მოზიდვა ნავსადგურით შეუძლებელია, ტვირთს ქმნის ეკონომიკა“,-გვითხრა ირაკლი იაშვილმა.
ჩვენს შეკითხვაზე, მაშინ რის საფუძველზე ცხადდება, რომ ანაკლიაში 100 მილიონი ტონის ტვირთბუნვა მოხდება, ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ 100 მილიონი ტონა ტვირთის ბრუნვა შეუძლებელია, რადგან საქართველოს პოლიტიკურ რუკას თუ დავხედავთ, ჩვენი მეზობლები არ აწარმოებენ ამდენ ტვირთს, მეზობლების არც ერთ ეკონომიკაში არ წარმოიქმნება ამდენი ტვირთი. ფაქტობრივად, ასი მილიონი ტონა ტვირთი 150 მილიარდი დოლარის ღირებულების ტვირთია და რომელი ეკონომიკა აწარმოებს ამას?! ასე რომ იყოს, მაშინ ყველა ნავსადგური, ყველა მიმართულება, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა გაჩერდეს, მაშინ ჩინეთმა უნდა შეაჩეროს ყველა მიმართულების რკინიგზის მშენებლობა და მხოლოდ ერთი ნავსადგურის მიმართულებით უნდა იმუშაოს, თანაც, რაც კი რამ საექსპორტოა, ყველაფერი ანაკლიაში უნდა გაუშვას. ამდენად, წარმოუდგენელია, კასპიის ზღვაზე უამრავმა ბორანმა იმოძრაოს, ეს ყველაფერი ირაციონალური სფეროა.
For.ge დაინტერესდა, მაშინ რის საფუძველზე გაიმარჯვა ანაკლიის პორტმა წლის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ვაშინგტონში? ამის შესახებ ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ, ალბათ, მსოფლიო ფორუმზე ანაკლიის პორტი იმგვარად შეაფასეს, რომ რაღაც კონტექსტით მიაბეს ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის პროექტს.
ამ ლოგიკიდან გამომდინარე, არის თუ არა ანაკლიის პორტში ფულის ჩადება თანხების უაზროდ ფლანგვა? ამის საპასუხოდ ირაკლი იაშვილმა გვითხრა, რომ ამაში სახელმწიფო ფული არ იდება, ამიტომ სახელმწიფო არაფერს კარგავს. ეს იქნება კერძო ფული და, თუ ამ ფულს მოიზიდავენ, ე.ი. ინვესტორები ჩათვლიან, რომ ანაკლიის პროექტი პერსპექტიულია, ხოლო თუ ფული ვერ მოიზიდეს, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორებმა არ ჩათვალეს ანაკლიის პროექტი პერსპექტიულად.
„ამაში ფულს სახელმწიფო რომ ხარჯავდეს, მაშინ უფრო მკაცრ განცხადებებს გავაკეთებდი. თორემ ისე, ღმერთმა ხელი მოუმართოთ“, - აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარისას აცხადებს, რომ ანაკლიის პორტთან შედარებით ფოთის პორტი ვერასდროს გახდება კონკურენტი. უბრალოდ, ირაკლი იაშვილს, როგორც გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელს, საკუთარი ბიზნესინტერესი აქვს, მაგრამ მისი გალაშქრება ანაკლიის საერთაშორისო პროექტის წინააღმდეგ დიდი სიბრძნის მაუწყებელი არ უნდა იყოს.
„შესანიშნავად ვიცნობ ანაკლიის პროექტს, ძალიან კარგად ვიცი ფოთის პორტის შესაძლებლობებიც. ვერც ერთი გონებათმყოფი ფოთის პორტში ღრმა მისადგომებიანი ნავსადგურის გაკეთებას ვერ შეძლებს, ეს ტექნიკურად შეუძლებელია, ვერანაირი მაღალი წყალწყვის გემები ფოთში ვერასდროს ვერ შევა. ამიტომ ამ ხმაურის ატეხვა წმინდა წყლის პროვოკაციაა, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, ხელი შეუშალოს ანაკლიის პორტს. პირველად გავიგონე, რომ ვიღაცას გააჩნია რაიმე პროექტი, ისიც ფოთში. ფოთში არ შეიძლება ამ პროექტის გაკეთება და, თუ მაინც გაკეთდება, არანორმალური ფასი შეიძლება დაჯდეს, რადგან ვერანაირი დიდი გემი ფოთს ვერ მიადგება მისი რელიეფის გამო. ფოთის ნავსადგური აბსოლუტურად უპერსპექტივოა დიდი მიზნებისათვის, პატარა მიზნებს კი იგი შესანიშნავად ასრულებს. ამიტომ აქ რაღაც ფარული ბრძოლის ელემენტები ჩანს, რომ როგორმე ჩვეულებრივი ქართული საქციელით გაუფუჭონ საქმე ანაკლიის პროექტს, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ბატონმა იაშვილმა არ იცის, რა პროექტზეა საუბარი, მას არ ესმის, საიდან წარმოიქმნება ტვირთნაკადები და რა ფუნქციას შეასრულებს. დიახ, ეს ძალიან დიდი ოდენობის ტვირთია, მაგრამ იგი მხოლოდ საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების უშუალო წარმოებას არ მოემსახურება. ისინი თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ ტვირთბრუნვაში, მაგრამ აქ გაცილებით სხვა მიზნის პორტზეა საუბარი. ეს არის ევროპა-აზიის მომცველი ტვირთბრუნვის პროექტი, ამით საქართველო უმნიშვნელოვანეს პორტს შეიძენს, რომელიც ხიდის როლს შეასრულებს ტვირთბრუნვაში“,-აღნიშნა დემურ გიორხელიძემ და განმარტა, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნა არანაირად არ დააკნინებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას, ვინაიდან ანაკლიის პროექტის ავტორებმა დეტალურად შეისწავლეს ევრაზიის სრული მდგომარეობა, აქაური ეკონომიკების, ტვირთბრუნვის განვითარების პერსპექტივა და ეს პროექტი სულაც არ არის გათვლილი ლოკალური 5 ან 6 ქვეყნის ინტერესზე. უფრო მეტიც, აქ ნამდვილად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა საუბარი და ეს ევროპა-აზიის მომცველი ტვირთბრუნვის პროექტი იქნება. ამიტომაც ბატონი იაშვილი ამის გამო ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
For.ge-მ ფოთის პორტის მფლობელ კომპანია- APM Terminals-თანაც სცადა დაკავშირება, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. ამის მიუხედავად, ცნობილი ხდება, რომ ფოთის მეგა-პორტის მშენებლობაში აღნიშნული კომპანია 250 მილიონის ინვესტირებას გეგმავს და აპირებს ორი ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის აშენებას, სადაც შესაძლებელი გახდება 9 000 TEU-ს მოცულობის მქონე გემების მიღება, რომელთა წლიური გამტარუნარიანობაც 1 მილიონი TEU-ა. კომპანია პროექტის დასრულებას 2018 წლისთვის გეგმავს. გარდა ამისა, APM Terminals–ში განმარტავენ, რომ „ეს იქნება ინფრასტრუქტურული ინვესტიციის გრძელვადიანი სარგებელი ფოთის მრავალ მიზნობრივ, ღრმაწყლიან ნავსადგურში, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მომსახურებას“.
ამის საპირისპიროდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2016 წლის ზაფხულიდან უნდა დაიწყოს. ანაკლიის პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, საქართველოს მთავრობის გათვლით, 100 მლნ ტონა უნდა იყოს.
ცნობისთვის, დღემდე ფოთისა და ბათუმის პორტებს მხოლოდ მცირე გემების მიღება შეეძლოთ, მაქსიმუმ, 1700 კონტეინერით. უფრო დიდი მოცულობის ტვირთს კი რეგიონის სხვა პორტები იღებდნენ, ძირითადად საუბარია სტამბოლზე, სადაც დიდი კონტეინერები უფრო მცირე ზომის გემებზე იტვირთებოდა და ამის შემდეგ ხდებოდა ბათუმისა და ფოთისკენ მათი ტრანსპორტირება. ბათუმისა და ფოთის პორტების საერთო გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 500 000 ოცფუტიანი კონტეინერის ექვივალენტი იყო ყოველწლიურად.