ლარის გამყარება მინიმუმ, არჩევნებამდე გაგრძელდება

ლარის გამყარება მინიმუმ, არჩევნებამდე გაგრძელდება

ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა საკმაოდ მოყოჩაღდა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო. სპეციალისტები და ხელისფლების წარმომადგენლები ერთხმად ადასტურებენ, რომ ლარის გამყარებას წინ ვერაფერი დაუდგება და ეს პროცესი რამდენმე თვე გაგრძელდება. გარე ფაქტორების ნორმალიზებასთან ერთად, გადამწყვეტ როლს მოახლოებული არჩევნები თამაშობს.

„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსზე დადებითად იმოქმედა ტურისტების ზრდამ, რამაც უცხოური ვალუტის შემოდნება გამოიწვია. წლის დასაწყისიდან ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ქონდა ადგილი, რაც ახდენდა ზეწოლას ლარზე, ამიტომ ეს პროცესი უფრო ადრე არ დაიწყო. თუ ამიერიდან დეფიციტური ხარჯვა არ მოხდა, კურსი გამყარებას გააგრძელებს. ასევე მნიშვნელოვანია რა თანხას დახარჯავენ ტურისტები და როგორი იქნება იმპორტის მაჩვენებელი.

ადეიშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ლარის გამყარების მოლოდინი არსებობს, მაგრამ რა იქნება რეალურად, ამას მომავალი აჩვენებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი თემურ მაისურაძე ამბობს, რომ ზოგადად, იანვარი არააქტიური თვეა ეკონომიკური თვალსაზრისით, ახლა კი პროექტები იწყებს მუშაობას, თუმცა კურსის სტაბილურობისთვის ასევე მნიშვნელოვანია რამდენად სწორად დასახავს მთავრობა გეგმებს, რომლებიც ეკონომიკაშია, რამდენად დაარწმუნებს ინვესტორებს, რომ ფული ჩადონ ეკონომიკაში. რა ღონისძიებები ჩატარდება მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისთვის.

მაისურაძე ამბობს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მცირე და საშუალო სექტორის ხელშეწყობაა. რადგანაც მსხვილი ბიზნესი ისედაც ნორმალურადაა, სახელმწიფოს მხრიდან სარგებელს უნდა იღებდნენ მცირე და საშუალო კომპანიები. დღეს კი ერთი ხელით ანტიმონოპოლიური კანონზე მუშაობა მიდის, მეორე ხელით კი ბანკებისგან და სახელმწიფო პროგრამებისგან სარგებელს ისევ მსხვილი კომპანიები იღებენ. მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით სერიოზული ძვრებია საჭირო.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია კი რადიო „კომერსანტთან“ ამბობს, რომ განმარტებით არანაირი შიდა და გარე ფაქტორები არ შეცვლილა, ამიტომ ექსპერტი, ლარის დასტაბილურებას მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობის შემცირებას უკავშირებს. ექსპერტი ვარაუდობს, რომ ლარის ასე თუ ისე სიმყარე არჩევნებამდე გაგრძელდება.

„არჩვნებამდე ეროვნული ვალუტა იქნება ასე, იცურავებს ისე როგორც არის დღეს. მყარი მოძარობა არც მარცხნივ მოხდება, არც მარჯვნივ. ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერი საარჩევნო პროპაგანდის სახეს იღებს - კანონპროექტები, ცვლილებები, დაპირებები და შეხვედრები. დღეს, პროპაგანდა დიდ როლს თამაშობს ლარის ცხოვრებაში. არჩევნებამდე ალბათ, ასე იქნება და შემდეგ ცხოვრება გვაჩვენებს. არის პროგნოზები, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ლარის გამყარებაზე გავლენას იქონიებს. არა მგონია ტურისტულმა სეზონმა დიდი როლი ითამაშოს, ამის უფრო დიდი შანსი ზამთარშია, რადგან ამ დროს საქართველოში სამთო კურორტებზე უფრო მეტი უცხოელი შემოდის. ზაფხულის კურორტები კი, ჩვენთვის დიდი ფულის მომტანი არა არის“, - ამბობს ჯგერენაია.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ვაჟა კაპანაძე დარწმუნებულია, რომ დევალვაციის საფრთხემ ჩაიარა და უახლოეს ორ თვეში ლარის გამყარებას ტენდენციის სახე მიეცემა.

„ლარის გამყარება დაიწყო და ეს პროცესი ემთხვევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვის პერიოდს. გიორგი ქადაგიძესთან უამრავი შეკითხვა დაგროვდა და მან ყველას სათითაოდ უნდა გასცეს პასუხი: პირველ რიგში, თუ რატომ გაუფასურდა ლარი და რა გარიგებაში იყო იგი კომერციულ ბანკებთან? მისი დაუდევრობით უამრავი ადამიანი ჩავარდა გაჭირვებაში და ქვეყანაში ეკონომკური ზრდა შეჩერდა. ადრე თუ გვიან, ქადაგიძეს მოუწევს ამ კითხვებისთვის პასუხის გაცემა. დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ გამყარების უფრო ძლიერი ტენდენცია, სავარაუდოდ, მაისიდან გვექნება“, - აღნიშნავს კაპანაძე.

სპეციალისტთა მსგავსად ეროვნული ვალუტას კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებს ფინანსთა მინისტრიც. ნოდარ ხადური მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურებას, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში გამყარებას პროგნოზირებს.

„ლარი არ არის იზოლირებული იმ პროცესებისგან, რაც მიმდინარეობს რეგიონში. რეგიონის ქვეყნებშიც არის გამყარება ადგილობრივი ვალუტების. ნავთობის ფასების მერყეობა აღარ არის ძალიან დიდი და გარდა ამისა, როგორც შევპირდით ვასრულებთ ჩვენს სიტყვას - სახელმწიფო ბიუჯეტი კურსზე დაწოლას არ ახორციელებს. ველოდებით, რომ ლარი დასტაბილურდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.