დიდი კანონი მცირე ბიზნესისთვის

დიდი კანონი მცირე ბიზნესისთვის

მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებმა, როგორც იქნა, ხელისუფლების ყურამდეც მიაღწია. ფინანსთა სამინისტროში უკვე მზადდება კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის“ შესახებ. მისი მეშვეობით მკაფიოდ განისაზღვრება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ცნება, გამარტივდება ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო შემოწმება. მიკრობიზნესმენის სტატუსის მისაღებად ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 30 ათასი ლარიდან 1 მილიონ ლარამდე გაიზრდება, მცირე ბიზნესის სტატუსისთვის ზღვარი - 10 მილიონ ლარამდე განისაზღვრება, ხოლო საშუალო ბიზნესისთვის - 50 მილიონ ლარამდე. პროექტი აშკარად რევოლუციურია.

სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში 70 ათასი მცირე საწარმო დაიხურა, ხოლო 2011 წლიდან 2013 წლამდე - 27 ათასმა მცირე საწარმომ შეწყვიტა არსებობა. ეს საგადასახადო სამსახურის მონაცემებია. როგორც „საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძე აცხადებს, თუ ორ წელიწადში ამდენი საწარმო დაიხურა, ესე იგი, სახარბიელო მდგომარეობა არ არის და კანონი, რომელიც მოქმედებს, რეალობას არ შეესაბამება.

„ეს არ არის ჩვენი კანონი, ეს ევროპული კანონია და უნდა შეიცვალოს. ჩვენი კანონი იქნება მხოლოდ ის, რომელსაც სერიოზული კვლევისა და დაკვირვების შედეგად მიიღებენ და რომელიც ქართულ სინამდვილესთან იქნება მისადაგებული.

ჩვენთან კი, ყველაფერი მეწარმის და სამოქალაქო საზოგადოების გარეშე კეთდება, არავის აზრს არ ეკითხებიან და მერე იწყება კამათი იმის გამო, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. და ბოლოს, ერთი რამ უნდა აღვნიშნო: მცირე ბიზნესს იმიტომ ჰქვია მცირე, რომ მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობს, წლიური ბრუნვა და თანამშრომლების რაოდენობა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია: მთავარი სწორედ ეს შეღავათებია - როგორც ჩანს, ეს საქართველოში ყველამ არ იცის“, - აცხადებს ვაშაკიძე.

დღეს მცირე ან საშუალო ბიზნესის წამოწყება საკმაოდ დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ექსპერტი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ მომავალმა მეწარმეებმა ბევრი რამ უნდა გაითვალისწინონ.

„მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყება სოციალური ფენების გაუმჯობესების მთავარი იარაღია. დღეს ალბათობა იმისა, რომ ახალი საქმე შედგეს, არის მცირე, განსაკუთრებით, რეგიონებში. ნებიმიერ წამოწყებულ საქმეს სჭირდება დაკვირვება და გათვლა. მცირე ბიზნესის გასამართად აუცილებელია ბანკების თანადგომა, მაგრამ დოლარის გამყარების შემდეგ, კრედიტის დაფარვაც უჭირს ხალხს. სახელმწიფოს როლს რაც შეეხება, ამ მხრივ მხარდაჭერა არ იგრძნობა. მოკლედ, დღეს ვინც ბიზნესს დაიწყებს, ეს იგივეა, თაგვმა ბედნიერება სათაგურში ეძებოს“, - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

ბოლოს და ბოლოს დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობით მთავრობაც დაინტერესდა. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ მათი პრობლემების მოგვარება საქართველოს მთავრობის წევრებმა გადაინაწილეს.

„ამ ადამიანებმა დააყენეს ძალიან კონკრეტული, კარგად მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხები, რომლებიც ჩვენ გადავინაწილეთ და ძალიან მალე ამ საკითხებს გადავწყვეტთ. კერძო მეწარმეობის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ის ძირითადი ამოცანაა, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სწორედ მცირე და საშუალო მეწარმეობამ უნდა შექმნას ის ძირითადი სამუშაო ადგილები, რომელიც ქვეყანაში უნდა შეიქმნას და სწორედ მათზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს ქვეყანა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.