ფილმი, რომლის გამოც ოთარ იოსელიანს კინემატოგრაფში დარჩენა აუკრძალეს

ფილმი, რომლის გამოც ოთარ იოსელიანს კინემატოგრაფში დარჩენა აუკრძალეს

„აპრილი”, „იყო შაშვი მგალობელი”, „პასტორალი”, „მთვარის ფავორიტები”, „და იყო სინათლე”, „გიორგობისთვე”, „ნადირობა პეპლებზე”, „საქართველო, ეული”, „ყაჩაღები”, „მშვიდობით, მშობლიურო მიწავ!”, „ორშაბათი დილა”, „შემოდგომის ბაღები…” – მისი ფილმები, რომელთა დიდი ნაწილი საფრანგეთშია გადაღებული, ქართული საზოგადოებისთვის არც ისე ცნობილია. ისინი აგებულია იმაზე, თუ როგორ ამონებს ნებისმიერი სოციალური სტრუქტურა პიროვნებას და როგორი ბედნიერი ხდება ადამიანი, როგორც კი თავს აღწევს ამ მონობას.

ოთარ იოსელიანი ერთ-ერთია იმ რეჟისორთა შორის, რომლის ფილმებიც საბჭოთა რეჟიმის დროს ყველაზე დიდ ზეწოლას განიცდიდა – არ აღიარებდნენ და მაქსიმალურად ზღუდავდნენ მის ხელოვნებას. დღეს ამ გენიალური შემოქმედის დღიურებს წაიკითხავთ, რომელიც, ვფიქრობ, კინოს თვალთახედვით უფრო საინტერესოა. აგერ უკვე 30 წელზე მეტია, რაც ბატონი ოთარი პარიზში ცხოვრობს. ის ერთნაირად უყვართ ქართველებსაც, რუსებსაც, ფრანგებსაც და ყველა თავის რეჟისორად მიიჩნევს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოთარ იოსელიანს საბჭოთა კავშირში მუშაობა ძალიან უჭირდა „თავიდანვე  პარადოქსულ ფილმებს ვიღებდი, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებდა. რასაკვირველია, საქართველოს  ხელმძღვანელობა ემორჩილებოდა ცენტრალურ მთავრობას და, გაირკვა, რომ „პასტორალის” შემდეგ, კინემატოგრაფში ჩემი ადგილი აღარ იყო. ეს არ იყო ანტისაბჭოთა ფილმები, მაგრამ, ისეთ განწყობას ქმნიდნენ, თითქოს საბჭოთა ხელისუფლება საერთოდ არ არსებობდა. „გიორგობისთვე”, „იყო შაშვი მგალობელი”, „პასტორალი” აბსოლუტურად სისტემის გარეთ იდგა. გამომდინარე იქიდან, რომ უპირატესობას მსუბუქ ქართულ კომედიებს ანიჭებდა, ამ ფილმებმა მოსკოვი ძალიან გააღიზიანა და მითხრეს, თქვენ კინოს აღარ გადაიღებთო. მაშინ ედუარდ შევარდნაძეს ვთხოვე, რომ უცხოეთში მუშაობის უფლება მაინც მოეცათ. წავედი და გადავიღე „მთვარის ფავორიტები”. როცა დავბრუნდი, ეგრეთ წოდებული პერესტროიკის ხანა დამხვდა... პრაქტიკულად, ჩვენი კინემატოგრაფის ნგრევაც აქედან დაიწყო. მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის სტუდიები თვითდაფინანსებაზე გადავიდნენ”...

ოთარ იოსელიანი იძულებული გახდა, სამუდამოდ დაეტოვებინა საქართველო. მან მოღვაწეობა საფრანგეთში განაგრძო – ეგონა, თავისუფალ ქვეყანაში ჩავიდა, სადაც გააკეთებდა იმას, რაც უნდოდა, მაგრამ… საფრანგეთში ადვილი არ აღმოჩნდა საკუთარი თავის რეალიზება. კინოკომპანიებს მიაჩნდათ, რომ მის ფილმებს პუბლიკა აითვალწუნებდა. იყო გარკვეული სირთულეები მანამ, სანამ ოთარ იოსელიანი არ შეხვდა ადამიანებს, რომლებსაც, უბრალოდ, უყვარდათ კინო და კარგი ფილმების შესაქმნელად ყველაფერზე მიდიოდნენ. აგერ უკვე ათეული წლებია, რაც იოსელიანი ფილმებს იღებს საფრანგეთში, მაგრამ, ფრანგულ კინემატოგრაფიას არ  აქვს თანხები და სანახევროდ რუსეთი აფინანსებს – ის სახელმწიფო, რომლის უაზრო რეჟიმსაც თავის დროზე რეჟისორმა პროტესტი გამოუცხადა, თუმცა, ეს რომ არა, ძალიან გაუჭირდებოდა მას თავისი საქმის კეთება. ახლა უკვე ხშირად მართავს მოსკოვი ზეიმებს ოთარ იოსელიანის პატივსაცემად, რადგან ქართველი რეჟისორი იქ ძალიან უყვართ, მიუხედავად თავისი დამოკიდებულებისა და, მასაც ჰგონია, რომ რუსეთსა და საქართველოს ბევრი აქვს საერთო ხელოვნებისა და კულტურის კუთხით.

კინო – ეს  ძვირად ღირებული სამუშაოა. მას უნდა ემუშავა, რადგან, უბრალოდ, არ შეეძლო უსაქმოდ ყოფნა; არ შეეძლო, ყოფილიყო იმის მოლოდინში, რომ ოდესღაც ვინმე გაიმეტებდა ფულს და რეჟისორიც ფილმს წარმოებაში გაუშვებდა. ის ხომ არ არის რეჟისორი, რომელიც წლობით იღებს ფილმს – ის მხოლოდ ორ თვეს ანდომებს ერთი ფილმის გადაღებას. მოიფიქრებს თუ არა სიუჟეტს, მაშინვე უნდა გადაიღოს, ძალიან სწრაფად. მას მოჰყავს ელდარ  შენგელაიას და ლანა ღოღობერიძის მაგალითები და ამბობს – ისინი პოლიტიკაში იმიტომ წავიდნენ, რომ ვეღარ იღებდნენ ფილმებსო. მას არ უნდა, პოლიტიკით დაკავდეს და პროფესია შეიცვალოს და, სადაც არ უნდა იღებდეს ფილმს – პარიზსა თუ მოსკოვში, იღებს ისე, როგორც გადაიღებდა საკუთარ ქვეყანაში. იოსელიანი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სცენარს, გადაღებასა და მონტაჟს. საკუთარ სამშობლოში დაბრუნების სურვილს კი ჯერჯერობით არ გამოთქვამს. ის ამბობს, რომ, თუ სამშობლოში დაბრუნდება, მაშინ უნდა გაყიდოს ვაშლი და არა საკუთარი საქმე აკეთოს, თუმცა, ის დიდი გულისტკივილით იხსენებს ძველ დროს და აღიარებს, რომ საქართველოს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ამიტომ, თავისუფალ დროს საქართველოში ჩამოდის. „ჩემი ნამუშევარი „შანტრაბა” (წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე, – ავტორი) მუდმივი შემოსევების შესახებ მოგვითხრობს. რუსეთის შემოსევებმა გაანადგურა ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით დრამატული კი ეს საქართველოსთვისაა. რუსები არასდროს მოქცეულან ცივილიზებულად. ისინი არ ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას. პუტინის, მედვედევის, ბრეჟნევის, სტალინისა და ლენინის მსგავსი მეზობლების გვერდით ცხოვრება კოშმარს ჰგავს, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ქართველებს რუსები მაინც არ სძულთ,” – ამბობს რეჟისორი. 

ოთარ იოსელიანმა 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრით. 1953 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ვგიკი), ალექსანდრ დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის კლასი; მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში” რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ – მემონტაჟედ და დოკუმენტური ფილმების რეჟისორად, 1961 წლიდან კი იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი. 80-იანი წლებიდან მოღვაწეობს საფრანგეთში. არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი; მიღებული აქვს რუსეთის დამოუკიდებელი პრემია „ტრიუმფი”, ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი.