ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრები გვაკვირდებიან

ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრები გვაკვირდებიან

ქართული და უცხოური მასმედიის ცნობით, ამერიკულმა სადაზვერვო თანამგზავრებმა სადღეღამისო თვალთვალი დააწესეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ვაშინგტონში შეიქმნა სპეციალური ოპერატიულ-ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც თეთრ სახლს დაუყოვნებლივ მიაწვდის დაწვრილებით ინფორმაციას, რათა აღარ განმეორდეს შარშანდელი ტრაგედია.

თუკი ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოსაა, გამოდის, რომ ვაშინგტონი, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რუსეთთან ხუმრობა და, მით უმეტეს, დემოკრატიის თამაში ძალზე სახიფათოა.

ყოველთვის არსებობდა ეჭვი, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელობა სერიოზულად არ მიიჩნევდა რუსეთის აშკარა სამხედრო აგრესიას საქართველოს მიმართ. ეს განწყობა საქართველოს ხელმძღვანელობასაც გადაედო - ომის შემდეგ გაკვირვებულნი ერთსა და იმავეს იმეორებდნენ - არ ველოდით, თუკი რუსეთი ასეთი ძალებით შემოგვიტევდაო!

დედამიწის ორბიტაზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს და პენტაგონის რამდენიმე ათეული სადაზვერვო თანამგზავრი მოძრაობს. მათი რადიოლოკაციური, ინფრაწითელი, ტელე და ფოტოაპარატურა საშუალებას იძლევა, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, უღრუბლო და ღრუბლიან ამინდში მიწაზე დააფიქსირონ და იდენტიფიკაცია მოახდინონ 30-50 სმ სიგრძის სხეულისა!

ასე რომ, აშშ-ის შესაბამის სადაზვერვო ორგანოებს თავისი ხელისუფლების კონკრეტული დავალება რომ ჰქონოდათ, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის არმიის კონცენტრაციის სულ მცირე დეტალებსაც კი აგვისტოს ომამდეც იოლად დააფიქსირებდნენ.

შეიძლება მათ ეს გააკეთეს კიდეც, მაგრამ ოფიციალური თბილისისთვის ყველაფერი არ გადაუციათ...

გეოსტაციონარულ ორბიტაზე, საქართველოს თავზე მუდმივად "ჩამოკიდებულ" ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრს თითქმის სრული ინფორმაციის მოპოვება და ოპერატიულად გადაცემა შეუძლია, მაგრამ სხვა საქმეა, საბოლოოდ სად მივა და რამდენად ეფექტიანად იქნება გამოყენებული ეს ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაცია.