"კავკასუსი" რეალურად, ერთი ჯიბიდან მეორეში გადავა

"ვიმპელკომი" "კავკასუსის" ვალდებულებების დაფარვას საწესდებო კაპიტალში შენატანით აპირებს. სწორედ ეს ახალი წინადადება დააყენა კომპანიამ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის გუშინდელ სხდომაზე. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მარეგულირებელმა კი აქციონერებთან შეხვედრა და აღნიშნული საკითხის განხილვა მოითხოვა, რის შემდეგაც კომისიაში მორიგი ზეპირი მოსმენა გაიმართება. "კავკასუს-ბილაინის" შესაძლო შერწყმას მარეგულირებელი უკვე 25 მარტს განიხილავს.

უკვე რამდენიმე თვეა "კავკასუს-ონლაინის" გასხვისებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არ ცხრება. მას შემდეგ, რაც კომპანიის საცალო სეგმენტის ყიდვის სურვილი რუსულმა "მობიტელმა" ("ვიმპელკომი") გამოთქვა, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილმა ეს ფაქტი გააკრიტიკა და ხელისუფლებას ქართულ ინტერნეტ-ბაზარზე რუსული კომპანიის შემოსვლის აღკვეთისკენ მოუწოდა. "კავკასუს-ონლაინსა" და "ვიმპელკომს" შორის კი მოლაპარაკება, პრაქტიკულად, დასრულებულია, გარიგებაც მალე შედგება.

"ვიმპელკომი", იგივე "მობიტელი" ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე "ბილაინის" ბრენდით 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ბაზარზე შემოსვლას წინა ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებდნენ. როგორც ორიოდე წლის წინ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებდა, მიხეილ სააკაშვილი ამ კომპანიაში 40%-იან წილს ფლობდა. ეს ინფორმაცია, მართალია, დღემდე დაუდასტურებელია, თუმცა "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სააკაშვილი "ბილაინში" ამ წილს ისევ ინარჩუნებს.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ისეთი სიბინძურე ამოტივტივდება გარკვეული დროის შემდეგ, შეიძლება, თმები ყალყზე დაგვიდგეს. თუნდაც თანხებთან დაკავშირებით. არავისთვის არის უცხო და თუნდაც ბენდუქიძის ინტერვიუ გაიხსენეთ, სადაც ის ჩიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ "მაგთის" და "ჯეოსელს" სიხშირე ჩამოაჭრეს და კომპანია "ბილაინს" გადასცეს. ეს ყველაფერი მოხდა სააკაშვილის დავალებით, იმის სანაცვლოდ, რომ სააკაშვილმა "ბილაინში" 40% მიიღო", - ეს განცხადება ორიოდე წლის წინ ირაკლი ოქრაშვილმა "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" გააკეთა.

რაც შეეხება "კავკასუს ონლაინს", კომპანია მამია სანადირაძემ დააფუძნა, თუმცა მას წინა ხელისუფლებამ კომპანია "წაართვა". ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სანადირაძემ "ოცნების" დაპირებული "სამართლიანობის" აღდგენის დაიჯერა და "კავკასუსის" დაბრუნებისთვის ბრძოლა დაიწყო, თუმცა "ნაციონალების" მმართველობის წართმეული ქონება სანადირაძეს არავინ დაუბრუნა. მეტიც, როგორც მან "რეზონანსს" რამდენიმე დღის წინ განუცხადა, პროკურატურამ მისი საქმე პრაქტიკულად, "თაროზე შემოდო".

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "კავკასუს ონლაინის" მფლობელები "ნაციონალების" ხელდასმულები არიან, "ბილაინის" 40%-იანი წილი კი სააკაშვილს ეკუთვნის, გამოდის, რომ "ვიმპელკომის" მიერ "კავკასუსის" შეძენით ფული ერთი ჯიბიდან მეორეში გადავა. აქ, პრაქტიკულად, ახალი არაფერი ხდება, მხოლოდ ის, რომ "ნაციონალური" ბიზნესი ერთიანდება", - უთხრა "რეზონანსს" წყარომ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯერ მარეგულირებელი კომისია და შემდგომ კი "კავკასუსი" და "მობიტელი", ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა 25 მარტს გაიმართება. ამასობაში კი კომპანიებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ოფიციალურ გარიგებასაც ხელი მალე მოეწერება.

გუშინდელ სხდომაზე კი, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განაცხადეს, "ბილაინმა" განაცხადა, რომ "კავკასუს ონლაინის" ვალდებულებებს საწესდებო კაპიტალში შენატანებით დაფარავს და ასევე შეიძენს კომპანიასაც.

"კომისიამ კომპანიას აქციონერების თანხმობა მოსთხოვა, რადგან გაარკვიოს, არიან თუ არა ისინიც თანახმანი, რომ კაპიტალური შენატანი განახორციელონ. საჯარო მოსმენამდე კომპანიასთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, სადაც კომპანიასთან ერთად მარეგულირებელი კომისია ამ დეტალებს განიხილავს. ამ განხილვების შემდეგ კი გაიმართება ზეპირი მოსმენა 25 მარტს", - განუცხადეს "რეზონანსს" კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში.

ამ დროისთვის "ბილაინის" აბონენტთა რაოდენობა 1 205 201-ს შეადგენს, რაც მთლიანი აბონენტების დაახლოებით 25%-ია. იმ შემთხვევშაი, თუ "კავკასუსის" საცალო სეგმენტის მფლობელიც ის გახდა, რუსული "მობიტელი" საქართველოს ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო ბაზრის საკმაოდ დიდ ნაწილს გააკონტროლებს. "ვიმპელკომი" გახდება ინტერნეტის 32,4%-ის, მაუწყებლობის ტრანზიტის - 14%-ის და ფიქსირებული კავშირგაბმულობის 0,4%-ის მფლობელი. ეს კი, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ რუსები საქართველოში კიდევ ერთ სტრატეგიულ ბიზნესს ჩაიგდებენ ხელში.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, დღეს "კავკასუსის" ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა 158 146 აბონენტს შეადგენს, რაც მთლიანი აბონენტების 32,4%-ია. სამაუწყებლო სივრცეში "კავკასუს ონლაინის" წილი დაახლოებით 13,8%-ია, ანუ "კავკასუსის" ტელევიზიით 53 361 აბონენტი სარგებლობს, მთლიანად ინტერნეტ-ტელევიზიას 384 268 აბონენტი ჰყავს.