პრეზიდენტ სააკაშვილის სახიფათო მანევრები კიდევ ერთხელ გახდა მედიის განხილვის თემა. როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, ორშაბათს ზუგდიდის თავზე საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავის გამოჩენის შემდეგ, გალში რუსმა სამხედროებმა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხოება სათანადო დონეზე არაა დაცული, თუმცა, კითხვაზე - რატომ იგდებს პრეზიდენტი სააკაშვილი საფრთხეში თავს- პიარის სპეციალისტებს ერთი პასუხი აქვთ: ის გმირის მანტიით ჩანს.
თუმცა, ასეთმა კამპანიებმა, რომელიც დადებით ეფექტებზეა გათვლილი, შესაძლოა სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღოს და ქვეყნის მოქალაქეებმა თავი სრულიად დაუცველად ჩათვალონ. არსებობს კიდევ ერთი ვერსია - საფრთხე არაა რეალური, თუმცა, ამის დასაბუთება რთულია.
რამდენად არის პრეზიდენტის უსაფრთხოება სათანადო დონეზე უზრუნველყოფილი - ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ ისურვა, ისევე როგორც იყო თუ არა ინფორმირებული პრეზიდენტი გალიდან მოსალოდნელ საფრთხეზე. საუბარი სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრებთან ვცადეთ, თუმცა, მათ პრეზიდენტის უსაფრთხოების მოტივით არ ისურვეს დეტალებზე საუბარი და განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე აკრძალულია.
პრეზიდენტის უსაფრთხოებას საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებაა.
ორი დღის წინ სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გალის რაონში მყოფ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის თავზე საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავის გამოჩენის შემდეგ, გალში რუსმა სამხედროებმა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს.
წყაროს ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მობილიზება ზუგდიდის თავზე მიხეილ სააკაშვილის თვითმფრიანვის გამოჩენას მოჰყვა. დაახლოებით ანალოგიური სახის ინფორმაცია ინტერნეტ პორტალ დრონი.ჯი-ზეც გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდს ორშაბათს სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის აეროპორტის ასაფრენი ზოლი გახსნა და პირველი რეისი თავად შეასრულა. მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდს “სესნას” ტიპის თვითმფრინავით გადაუფრინა, რომელსაც პირადად მართავდა.
საგულისხმოა ისიც, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება სათანადო დონეზე არ არისდაცული. 2008 წლის 23 ნოემბერს, თბილისში პოლონეთის პრეზიდენტ ლეხკაჩინსკის სტუმრობისას კაჩინსკი და სააკაშვილი ახალგორის რაიონისკენ გაემგზავრნენ იმის შესამოწმებლად, თუ როგორ ასრულებდა რუსეთი ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვართან პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიახლოებისას, ავტომატური იარაღით ცეცხლი გახსნეს იმ ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთის ჯარები და ოსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. საგულიხმოა ისიც, რომ ამ ინციდენტის შემდეგ კაჩინსკის დაცვის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა ვერ უზრუნველყო.
კიდევ ერთ ცნობილი ინციდენტი განმუხურის უკავშირდება. 2007 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მდებარე განმუხურის პატრიოტთა ბანაკში ჩავიდა, რომელიც რუსმა სამშვიდობოებმა დილით ალყაში მოაქციეს და სამი ქართველი პოლიციელი დააკავეს.
განმუხურის პატრიოტთა ბანაკში სააკაშვილი ინციდენტიდან დაახლოებით საათ ნახევარში ჩავიდა. მას თან ახლდნენ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები. ვითარება საკმაოდ გამწვავებული იყო. შეიარაღებული რუსი და ქართველი ჯარისკაცები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ.
რუსი სამშვიდობოები სააკაშვილისა და ქართველი სამართალდამცავების შეშვებას ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე არაპირებდნენ, თუმცა ისინი, წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიდნენ.
შეხლა-შემოხლა რუს და ქართველ სამართალდამცავებს შორის მაშინ მოხდა, რაც რუსმა სამშვიდობოებმა პრეზიდენტი და მისი დაცვის წევრები ავტომატური იარაღით მიზანში ამოიღეს. ისვე როგორც წინა ინციდენტების დროს, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ნამდვილად არ იყო სათანადო დონეზე დაცული.
სააკაშვილი ხშირად ვარჯიშობს ხოლმე პრეზიდენტის სასახლის აივანზე, რომელიც მტკვარს გადმოჰყურებს. ზუსტი პირდაპირი მანძილი სასტუმრო “ამბასადორიდან” (რომელიც პრეზიდენტის სასახლის მოპირდაპირე მხარესაა) პრეზიდენტის რეზიდენციის აივნამდე 320 მეტრია. “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველის ირაკლი ალადაშვილის აზრით, 300-400 მეტრი პროფესიონალი სნაიპერისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, მით უმეტეს, თუკი ფიგურა თითქმის უძრავადაა.
ალადაშვილი საკუთარ წერილში, რომელიც “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასახლის აივანი ტყვიგაუმტარია, “კსვკ” და “ოსვ-96” ტიპის მსხვილ კალიბრიან სნაიპერულ შაშხანების საშუალებით 1000 მ სიშორიდან შეიძლება თუნდაც მსუბუქად შეჯავშნულ ავტომობილში მჯდარი ადამიანის დაზიანება. მით უმეტეს სახიფათოა, თუ დაშორება 300 მეტრია.
უსაფრთხების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმისას რისკ-ფაქტორები სათანადოდ უნდა იქნას შეფასებული, რომ კრიტიკული შედეგი არ მივიღოთ.
“ცხადია ამ კამპანიას სახელმწიფო ინტერესები ეწირება. პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაცია, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაცია და უსაფრთხოების სამსახურებმა შესაბამისი საფრთხის არსებობის შესახებ პრეზიდენტი საქმის კურსში უნდა ჩააყენონ, საფრთხეები უნდა შეფასდეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს”, - ამბობს სესიაშვილი.
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრას” მენეჯერი სოსო გალუმაშვილი ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯები უარყოფით ეფექტს იძლევა. ერთის მხრივ, შეიძლება პრეზიდენტი გმირი მანტიით წარმოვიდგინოთ, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც მოქალაქეები იგებენ, რომ არაკონტროლირებად ტერიტორაზე სამხედროები არიან მობილიზებული, ეს მოსახლეობის ფსიქოლოგიაზე ცუდად აისახება.
“ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა. რიგითი მოქალაქე, რომელიც მეორე დღეს იგებს, რომ პრეზიდენტი არ იყო სათანადოდ დაცული, ფიქრობს, რომ თუ პრეზიდენტის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე, მაშინ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება თავად?” - ამბობს გალუმაშვილი.
რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის თავისუფალი ქმედებები იმითაა განპირობებული, რომ მას დიდი ხიფათი არ ელოდება.
“როდესაც ვნახეთ გორში პრეზიდენტის რეაქცია, საქართველოშიგაჩნდა ეჭვი, რომ სხვა ინციდენტები არ იყო რეალური საფრთხის შემცველი”, - ამბობს საყვარელიძე.
მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი სცენა დადგმული იყოს. თუმცა, თუკი ასეთ ინციდენტებს გართულებები არ მოჰყვება, მოსახლეობაზე ეს დადებით გავლენას ახდენს, რადგან ყველას მოსწონს, როდესაც მისი სახელმწიფოს ხელმძღვანელი ძლიერი პიროვნებაა.